გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
190210019002854029
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/259-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივნისი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს “ნ--------------ი”

წარმომადგენელი გვანცა კიკაბიძე

მოპასუხეები გ------- ო-------ა

ს------ მ--------ა

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამატეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გ------- ო-------ასა და ს------ მ--------ასათვის 7655,49 ლარის სოლიდარულად დაკისრება;

1.2. გ------- ო-------ასა და ს------ მ--------ასათვის სოლიდარულად ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 9,10 ლარის დაკისრება 2019 წლის 15 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა (3 299,96 ლარის ფარგლებში).

 

სარჩელის საფუძვლები

 

2018 წლის 2 აგვისტოს გ------- ო-------ასა და შპს ნ--------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N 081876868, რომლის საფუძველზე გ------- ო-------ამ მიიღო სესხი 4 500 ლარი. სესხის ვადაა 90 დღე. პროცენტი ყოველდღიურად დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.186%. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ სესხისა და პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო კვირაში სამჯერადი გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს თანხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ვადაგადაცილებული დავალიანების 0.5%-ს, ხოლო მთლიანი ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ძირითადი თანხის და მიუღებელი სარგებლის ჯამის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ დაფარვამდე, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობისა.

 

სესხის ხელშეკრულება ასევე შეიცავს სოლიდარული თავდებობის განაცხადს, რომლითაც ს------ მ--------ამ იკისრა გ------- ო-------ას მიერ ნაკისრი სასესხო ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 18 000 ლარით.

 

მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. არასრულად იხდიდა თანხას. გადასახდელი დავალიანებაა 10 785,03 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 4286,33 ლარი, საპროცენტო დავალიანება 239,62 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 6259,08 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ სესხის დაბრუნების ვალდებულება გარკვეული დროის განმავლობაში სრულდებოდა. მსესხებელს ფინანსური პრობლემების გამო ვალდებულების შესრულება გაუჭირდა, რის გამოც თავდებმა 2018 წლის 24 დეკემბერს გადაიხადა 1000 ლარი, რომლითაც დავალიანება არ შემცირდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 2 აგვისტოს გ------- ო-------ასა და შპს „ნ--------------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N 081876868, რომლის საფუძველზე გ------- ო-------ამ მიიღო სესხი 4 500 ლარი. სესხის ვადაა 90 დღე. პროცენტი ყოველდღიურად დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.186%. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ სესხისა და პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო კვირაში სამჯერადი გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს თანხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ვადაგადაცილებული დავალიანების 0.5%-ს, ხოლო მთლიანი ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ძირითადი თანხის და მიუღებელი სარგებლის ჯამის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ დაფარვამდე, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობისა. სესხის ხელშეკრულება ასევე შეიცავს სოლიდარული თავდებობის განაცხადს, რომლითაც ს------ მ--------ამ იკისრა გ------- ო-------ას მიერ ნაკისრი სასესხო ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 18 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-25. ტომი 1)

 

3.2.2. მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. არასრულად იხდიდა თანხას. სულ გადახდილია 2090 ლარი, საიდანაც 213,67 ლარი არის ძირითადი თანხა, 159,43 ლარი სარგებელი, 1716,9 ლარი პირგასამტეხლო. ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის 24 დეკემბერს, თავდებმა გადაიხადა 1000 ლარი, რითიც მოსარჩელის განმარტებით შემცირდა დარიცხული პირგასამტეხლო. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი დავალიანებაა 10 785,03 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 4286,33 ლარი, საპროცენტო დავალიანება 239,62 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 6259,08 ლარი. პირგასამტეხლოს თანხა დარიცხულია 2017 წლის 3 თებერვლიდან 2019 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება:

- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1);

- შესაგებელი (ს.ფ. 41-44. ტომი 1);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 26. ტომი 1 )

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 463-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 316-ე, 364-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

2018 წლის 2 აგვისტოს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე.

5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

 

მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია, ხოლო მოპასუხეების ვალდებულება სოლიდარულია, რადგან ს------ მ--------ამ იკისრა გ------- ო-------ას სასესხო ვალდებულების დაფარვის ვალდებულება მსესხებელთან თანაბარწილად, რის გამოც მოპასუხეებს სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულების შესრულება სოლიდარულად ეკისრებათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის მიხედვით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სადაო სამართლებრივ ურთიერთობაში მსესხებელია გ------- ო-------ა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად, თავდებებს მსესხებელთან ერთად ფულადი ვალდებულების შესრულება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც. პროცენტი სესხს ერიცხება საკრედიტო ვალდებულების წარმოშობიდან, ხელშეკრულების დადებიდანვე იმ ვადაში, რა ვადითაც გაცემულია კრედიტი და მსესხებლის უპირობო ვალდებულებაა ძირითად თანხასთან ერთად გადაიხადოს სესხის სარგებელი.

 

ხელშეკრულების 3,6 მუხლის მიხედვით, მსესხებლის მიერ ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი თანხიდან პირველ რიგში იფარება გამსესხებლის მიერ გაღებული ხარჯები, შემდგომ პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომ სარგებელი და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა. მოპასუხეები სარჩელის საწინააღმდეგოდ იმ გარემოებას მიუთითებენ, რომ გადახდილი 1000 ლარით მოსარჩელემ არ შეამცირა სესხის თანხა. სესხის ხელშეკრულება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიდო 90 დღის ვადით, ამდენად, სესხის ვადა ამოიწურა 2018 წლის 2 ნოემბერს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის დასაბრუნებლად გადახდილია სულ 1090 ლარი, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ერთჯერადად 2018 წლის 24 დეკემბერს გადახდილია 1000 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა კვირის განმავლობაში სამჯერადი გადახდით, რაც მსესხებელმა არ შეასრულა. მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დააბრუნა ძირითადი თანხიდან 213,67 ლარი, პროცენტი 159,43 ლარი და გადაიხადა ჯარიმა 716,9 ლარი.

 

ამდენად, მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, სრულად არ გადაიხადა სესხად მიღებული თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი. ამასთან, ხელშეკრულებით დადგენილი წესის მიხედვით, გადახდილი თანხიდან პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო. გადახდების ისტორიით დასტურდება ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, რის გამოც ხელშეკრულების პირობების საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია სესხს დაარიცხოს პირგასამტეხლო. 2018 წლის 24 დეკემბერს გადახდილი 1000 ლარით სრულად პირგასამტეხლო შეამცირა კრედიტორმა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესს არ ეწინააღმდეგება და ამ თანხით სესხის ძირითადი თანხის შემცირების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ძირითადი თანხის 4286,33 ლარის და პროცენტის 239,62 ლარის გადახდა, რაც ჯამურად არის 4525,95 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ, რადგან უკვე გადახდილი პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის გარემოებების თანაზომიერია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია სესხის სრულად დაუბრუნებლობის და სესხის ნაწილობრივ დაბრუნების შემთხვევებისათვის და შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით დავალიანების სრულად დაფარვამდე.

 

მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს 3129,54 ლარის დაკისრებას, ასევე 2019 წლის 15 თებერვლიდან აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა ყოველდღიურად 9,10 ლარის ოდენობით დაკისრებას, რაც ჯამურად არის 3 299,96 ლარი. საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 6702,5 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა დროულად შეასრულოს ვალდებულება და აირიდოს მომავალში პირგასამტეხლოს დარიცხვა, კრედიტორისათვის დამატებითი თანხის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას. ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“ მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ შემცირებას შეიძლება დაექვემდებაროს ისეთი პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა აშკარად და თვალსაჩინოდ მაღალია სადაო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან და ვალდებულების შეუსრულებლობის ხასიათთან. ამდენად, შემცირებას ექვემდებარება არ მარტო ოდენობის თვალსაზრისით მაღალი თანხის პირგასამტეხლო, არამედ ისეთი თანხა რომელიც თვალსაჩინოდ შეუსაბამოა კონკრეტული ვალდებულების დარღვევის გარემოებებთან.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

განსახილველ საქმეში სესხის დაბრუნების ვადა დარღვეულია 2018 წლის 2 ნოემბრიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2019 წლის 18 თებერვალს. სარჩელი აღძრულია ვალდებულების დარღვევიდან 3 თვეში, რა დროშიც დარიცხულია პირგასამტეხლო 3129,54 ლარი, ხოლო ჯამურად მოთხოვნილია პირგასამტეხლო 6429,5 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდის, სესხის დავალიანების და სესხად გაცემული ძირითადი თანხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა არაგონივრულად მაღალია. ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე გასულ მცირე პერიოდში პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად დარიცხულია სესხის გადაუხდელი ნაწილის დაახლოებით 80%, ხოლო დამატებით მოთხოვნილია 9,10 ლარის გადახდა ყოველდღიურად სარჩელის აღძვრის დღიდან 1 წლის ფარგლებში. საერთო ჯამში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა სესხის დავალიანების 1,5ჯერ მეტი ოდენობისაა. ამ ოდენობის პირგასამტეხლო არ ემსახურება კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას და უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების შემთხვევაში სახეზე იქნება ისეთი ვითარება, რომ ვალდებულების შესრულებაზე უფრო ხელსაყრელი მოსარჩელისთვის აღმოჩნდება ვალდებულების დარღვევა, რადგან პირგასამტეხლოს დარიცხვის შედეგად მოსარჩელე იმაზე მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე სესხის ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების პირობებში მიიღებდა.

 

სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, გრაფიკის შესრულების შემთხვევაში მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამი 5899,05 ლარი. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 6429,5 ლარი.

 

პირგასამტეხლოს ერთერთი ფუნქცია ვალდებულების შეუსრულებლობით კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის, ფინანსური დანაკარგის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, 1. კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. 2. კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან".

 

ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს პრევენციული დანიშნულების გარდა აქვს ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურების ფუნქცია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა ამავდროულად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაცაა. ისინი დამოუკიდებელი მოთხოვნებად რჩებიან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პირგასამტეხლოს მოთხოვნისგან დამოუკიდებლად შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად კრედიტორისათვის ფინანსური დანაკარგს იწვევს. პირგასამტეხლოთი ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციის მიზანია, კრედიტორმა სწრაფად აინაზღაუროს ის ზიანი, რასაც ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად იწვევს. ამდენად, პირგასამტეხლო თავის თავში არ მოიცავს განცდილი ზიანის სრულად ანაზღაურების შესაძლებლობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის სიმძიმის პროპორციული არ არის, რადგან ჯამურად მოთხოვნილი პირგასამტეხლო სესხის დავალიანებაზე 1,5-ჯერ მეტია.

 

მოპასუხისათვის სარჩელით მოთხოვნილი თანხით ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება აშკარად გაჭარბებული სანქცია იქნება, რაც პირგასამტეხლოს მიზანი არ არის, რადგან პირგასამტეხლო მხოლოდ მოვალის დასჯის მექანიზმი არ არის.

 

დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მოვალემ ერთჯერადად 1000 ლარი გადაიხადა, რაც კრედიტის ოდენობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი თანხაა, ხოლო ჯამურად გადახდილი პირგასამტეხლოა 1716,9 ლარი. სესხის გაცემიდან სამი თვის ვადაში პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელეს მიღებული აქვს სესხად გაცემული თანხის თითქმის ნახევარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა შემოსავლის მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეესაბამება ვალდებულების დარღვევის ხასიათს და პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, ხოლო მოპასუხის მიერ გადახდილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის ხასიათის შესაბამისია, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდევინების საფუძველი.

 

სასამართლო უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს გონივრულობის შესახებ აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო გადახდევინება ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რითიც ერთგვარად კრედიტორის ინტერესია დაცული რათა მინიმალურად აინაზღაუროს შემოსავლის შემცირებით განცდილი ზიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ 1716,9 ლარი სესხის დავალიანებასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი თანხაა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია და მოთხოვნილია პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ამ პირობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დროში განგრძობადი პრინციპით პირგასამტეხლოს გადახდა, რის გამოც ამ ოდენობის პირგასამტეხლო როგორც სარჩელის აღძვრამდე, ისე ვალდებულების სრულად შესრულებამდე გონივრულობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გადახდევინებას უზრუნველყოფს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელე მოითხოვს 10 955,45 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეებს დაეკისრათ 4525,95 ლარის გადახდა, შესაბამისად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნის 41,3%. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 328,66 ლარი, რომლის 41,3% 135,73 ლარი უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე,367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ნ--------------ის“ სარჩელი;

1.1. გ------- ო-------ას და ს------ მ--------ას სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ნ--------------ისათვის“ 4525,95 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ;

 

2. გ------- ო-------ას და ს------ მ--------ას სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ნ--------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 135,73 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი