გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/2406-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ე-–---------------–---–ი
წარმომადგენლი - ლ-------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
წარმომადგენლი - ზ-------------–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენლი - ს--–-------------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N2-0------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის N----- ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ე-–---------------–---–ის საკუთრებაში არსებულ, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის ტერიტორიაზე მდებარე, N81.10.39.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამრეცხაო პუნქტის მოსაწყობად დროებითი კონსტრუქციის განთავსებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ში მდებარე, N8--1--3--0-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ქონება ე-–---------------–---–ის საკუთრებაშია.
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33-34).
3.2. 2018 წლის 16 თებერვალს ელ-----რ კ------–---–ის წარმომადგენელმა დ-----------–--ემ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს განცხადებით მიმართა, რომლითაც მის კუთვნილ, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის ტერიტორიაზე მდებარე, N8--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამრეცხაო პუნქტის მოსაწყობად დროებითი კონსტრუქციის განთავსებაზე ნებართვის გაცემა მოითხოვა.
მტკიცებულება: განცხადება (ს.ფ. 63).
3.3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N2-0------ წერილით ელ-----რ კ------–---–ის წარმომადგენელს დ-----------–--ეს განემარტა, რომ მისი განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც ე-–---------------–---–ს სურდა ავტოსამრეცხაოს განთავსება, მდებარეობდა ,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულებით გათვალისწინებულ თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე, თბილისი - საგარეჯოს მონაკვეთზე, რომლის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყებაც იგეგმებოდა და შესაბამისად, მითითებული განკარგულების თანახმად, საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა მიზანშეუწონელი იყო, ვინაიდან მოსალოდნელი იყო მიწების გამოსყიდვისა და ახლადგანთავსებული ობიექტების დემონტაჟის საჭიროება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან იქნებოდა დაკავშირებული.
მტკიცებულება: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N2-0------ წერილი (ს.ფ. 19-20).
3.4. 2018 წლის 28 თებერვალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ე-–------- კ------–---–ის წარმომადგენელის დ-----------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N2-0------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ში მდებარე, N8--1--3--0-- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სამრეცხაო პუნქტის (დროებითი კონსტრუქციის) მოსაწყობად ნებართვა/თანხმობის გაცემის მოთხოვნით. საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულება არ კრძალავდა გზის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ინფრასტუქტურის სხვადასხვა ობიექტების განთავსებას, პირიქით, იგი შესაძლებლობას ანიჭებდა პირებს განეთავსებინათ სხვადასხვა სახის ობიექტები შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ. საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული იყო ე-–---------------–---–ის ავტოგასამართი სადგური, რომელიც კვლავ ფუნქციონირებდა და გაუგებარი იყო, რატომ ეთქვა უარი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ავტოსამრეცხაოს განთავსებაზე. საჩივრის ავტორმა, ასევე, აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ავტოსამრეცხაოს დემონტაჟს თავად განახორციელებდა საამისოდ სახელმწიფოს ხარჯის თავიდან ასაცილებლად.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 125-127); ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ს.ფ. 137-140).
3.5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2----–-–------------ის N----- ბრძანებით ე-–------- კ------–---–ის წარმომადგენელის დ-----------–--ის 2018 წლის 28 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N2-0------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბრძანების თანახმად, სადავო აქტი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულების შესაბამისად იქნა გამოცემული და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
მტკიცებულება: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2----–-–------------ის N----- ბრძანება (ს.ფ. 24-28).
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულება.
6. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N2-0------ წერილისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2----–-–------------ის N----- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N2-0------ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მისი ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა იქნეს შეფასებული, ჰქონდა თუ არა საავტომობილო გზების დეპარტამენტს გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის ტერიტორიაზე მდებარე, N8--1--3--0-- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამრეცხაო პუნქტის მოსაწყობად დროებითი კონსტრუქციის განთავსებაზე თანხმობის გაცემის საფუძველი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის შესაბამისი ტექნიქნიკური პირობების მომზადებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს (საქართველოს ეკონომიკური განვითრების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს N1-1/75 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების მე-7 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი).
საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი მოთხოვნებს ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს. კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.
მითითებული კანონის თანახმად, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია: ნებისმიერი სამშენებლო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო, გეოლოგიური ძიების სამუშაოები, კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვა კომუმუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება (მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების ავარიის შემთხვევაში აღდგენა-შეკეთების სამუშაოების გარდა, რასაც დაუყოვნებლივ ატყობინებენ საგზაო ორგანოებს); მოძრავი გასამართი პუნქტების, ჯიხურების, პავილიონების და სხვა ნაგებობების განლაგება; სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა (მუხლი 22).
,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულების თანახმად, „იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის და ჩუმათელეთი-ნახშირღელეს მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის მონაკვეთის, თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის და თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება, აღნიშნული საავტომობილო გზების მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა, რადგან რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულებადე, შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს მიწების გამოსყიდვა და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან იქნება დაკავშირებული.
მითითებული განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ თბილისის, ქალაქ ქუთაისის, ქალაქ რუსთავის, ქალაქ მცხეთის, ქალაქ გორის, მარნეულის, გარდაბნის, საგარეჯოს, კასპის, ქარელის, ხაშურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს ეთხოვათ, რომ ზემოაღნიშნული საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციით გათვალისწინებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე შეაჩერონ გზის ღერძიდან 100- მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვების გაცემა.
ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, საავტომობილო გზების პერსპექტიულ განვითარებასთან ერთად გზისპირა ზოლში ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახის ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები) განთავსების საკითხისა და მათი არქიტექტურულ-ესთეტიკური იერსახის განხილვა უნდა განხორციელდეს კომპლექსურად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლობისა და შეთანხმების გზით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სამრეცხაო ობიექტის განთავსებაზეც ე-–---------------–---–ს სადავო აქტით ეთქვა უარი, თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 22-ე კმ-ში თბილისი - საგარეჯოს მონაკვეთზე მდებარეობს. მითითებული მონაკვეთი წარმოადგენს რა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულებით გათვალისწინებულ მონაკვეთს და მასზე ნაგებობის განთავსება შეზღუდულია ხსენებული დადგენილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N2-0------ წერილი შეესაბამება კანონმდებლობას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.2. ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2----–-–------------ის N----- ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული ბრძანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N2-0------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტთან დაკავშირებული დასკვნები მიუთითებს (პუნქტი 6.1).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე - საქმეს ერთვის 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 43-44).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–---------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია