გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 351210019002894128
საქმე №2-85-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
18 ივნისი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
წარმომადგენელი - თ----------- მ---------–ი
მოპასუხე - თ--- დ---------ე
წარმომადგენელი - ზ------- ს--------–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაეკისროს მოპასუხე თ--- დ---------ეს მოსარჩელე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სასარგებლოდ 4044,22 ლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით, მხარეებს შორის 31.07.2017 წელს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #გეტ-52, რომლის თანახმად, თ--- დ---------ეს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის 01.11.2017 წლამდე პერიოდში ეტაპობრივად უნდა მიეწოდებინა თივა და ქერი, ღირებულებით 40442,22 ლარი. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში, შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. მოსარჩელემ ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მოსთხოვა მოპასუხეს განეხორციელებინა საქონლის მიწოდება ეტაპობრივად, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად. 14.09.2017 წელს სააგენტოს განცხადებით მიმართა მოპასუხე თ--- დ---------ემ, სადაც მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებას და მოთხოვნებს და ითხოვა მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10 %-ის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 2017 წლის 15 სექტემბერის წერილით მიმართა თ--- დ---------ეს მოთხოვნით, რომ გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 4044,22 ლარის ოდენობით, რაც არ იქნა შესრულებული.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობითი შესაგებლით მოპასუხე თ--- დ---------ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით და პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
2019 წლის 18 ივნისს სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა - ზ------ ს--------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და თ--- დ---------ეს შორის 31.07.2017 წელს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #გეტ-52, რომლის თანახმად, თ--- დ---------ეს უნდა მიეწოდებინა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის საქონლის საკვები თივა და ქერი, ღირებულებით 40442,22 ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 31.07.2017 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #გეტ-52 (ს.ფ. 15-19 ).
3.1.2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდში, შემსყიდველის მიერ მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 31.07.2017 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #გეტ-52 (ს.ფ. 15-19 ).
3.1.3. მოსარჩელემ ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მოსთხოვა მოპასუხეს განეხორციელებინა საქონლის მიწოდება ეტაპობრივად, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შეტყობინებები, მოთხოვნა (ს.ფ. 22-25).
3.1.4. თ--- დ---------ის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სააგენტოს წერილი (ს.ფ. 25, 27);
- თ--- დ---------ის წერილი (ს.ფ. 26)
3.1.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #გეტ-52 ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 40442,22 ლარს. ხოლო ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო საერთო ღირებულების 10 %-ის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #გეტ-52 (ს.ფ. 15-19).
3.1.6. მოსარჩელემ მოპასუხეს 15.09.2017 წლის წერილით მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სააგენტოს წერილი #2879 (ს.ფ. 27).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება, ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელმა მთავარ ეტაპზე ცნო სარჩელი, თუმცა მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, 31.07.2017 წელს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თ--- დ---------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #გეტ-52, რომლის საფუძველზე თ--- დ---------ეს ეტაპობრივად უნდა მიეწოდებინა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის საქონლის საკვები თივა და ქერი, ღირებულებით 40442,22 ლარი, შემსყიდველის მიერ მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს, 24 აგვისტოს და 11 სექტემბერს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიწერა წერილები თ--- დ---------ეს. თუმცა თ--- დ---------ეს არ მიუწოდებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი სააგენტოსთვის. ასევე დადგენილია, რომ 14.09.2017 წლის განცხადებით, თ--- დ---------ემ აცნობა სააგენტოს, რომ ვერ ასრულებდა 31.07.2017 წლის #გეტ-52 ხელშეკრულების პირობებს და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
31.07.2017 წლის #გეტ-52 ხელშეკრულების 14.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: მხარეთა შეთანხმება მიმწოდებლის მიერ 10 სამუშაო დღის განმავლობაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.
ამავე ხელშეკრულების 13.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10 %-ის ოდენობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის, კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია - განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა, იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო, ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო. აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს.
სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (10 %) წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1000 (ათას) ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ვინაიდან მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ მთავარ სხდომაზე, მოსარჩელეს უნდ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟიდან 7 ლარი და 50 თეთრი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 49-ე, 243-244-ე, 248-251-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე - თ--- დ---------ეს მოსარჩელე - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1000 (ათასი) ლარის გადახდა;
3. მოსარჩელე - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ბაჟის სახით გადახდილი 60,66 ლარიდან 7 ლარი და 50 თეთრი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადახდო დავალება - #02460, თარიღი - 01/03/2019, მიმღები - ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, გარდაბანი, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, მიმღების კოდი - 300113150, მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი