გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
330210019002946502
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8217-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ს----------ი“

წარმომადგენლები - მ-----------------ი

 

მოპასუხე - გ------------------ე

წარმომადგენელი - ნ----------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გ------------------ეს შპს „ს----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5084 ლარის ანაზღაურება

 

მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს „ს----------ი“ არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც სავაჭრო აგენტების (დისტრიბუტორების) მეშვეობით ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სხვადასხვა პროდუქციის მიწოდებას. მოსარჩელესთან 2016 წლის 23 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით მოპასუხეს ევალებოდა პროდუქციის მესამე პირებზე გაყიდვა. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მის ვალდებულებას შეადგენდა მისი მიზეზით არსებული ფინანსური დანაკლისის ანაზღაურება. მოპასუხე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 2016 ივნისში წავიდა სამსახურიდან. მოპასუხის წასვლის შემდგომ გადამოწმდა ორგანიზაციაში შეტანილი თანხები, შედარდა ზედნადებებთან და დავალიანება 5084 ლარი აღმოჩნდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება, ვინაიდან არ გააჩნდა მოსარჩელის სასარგებლოდ რაიმე თანხა გადასახდელი. ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ხდებოდა საგარანტიო თანხის დაკავება. თუკი მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ არსებობდა რაიმე სახის დავალიანება, ავტომატურად მოხდებოდა საგარანტიო თანხიდან ჩამოწერდა და მოსარჩელის ბალანსზე ასახვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით მოსარჩელეს აღარ გააჩნდა მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, ხელშეკრულება ავალდებულებდა მას ზედნადებების გამოწერას, კომპანიასთან ყოველდღიური ანგარიშსწორების განხორციელებას და წარმოუდგენელი იყო აღნიშნული ქმედება მას არ განეხორციელებინა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 23 თებერვალს შპს „ს----------ს“ (მოსარჩელე) და გ------------------ეს (მოპასუხე) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე დასაქმდა სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

 

ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად სავაჭრო აგენტი არის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის გაყიდვას მესამე პირებზე.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად სავაჭრო აგენტი ვალდებულია:

 

- მიაწოდოს მესამე პირს პროდუქცია დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ფასში;

- სწორად აწარმოოს საბუღალტრო დოკუმენტაციის (ელექტრონული სასაწონლო ზედნადები სალაროს ქვითარი და ა.შ.) გამოწერა;

- პროდუქცია გაყიდოს ნაღდი ანგარიშსწორებით და გამოიყენოს სალარო აპარატი;

- მესამე პირის მიერ კონსიგანციით მიყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდის ერთი თვით დაგვიანების შემთხვევაში, თანხის მიღებამდე, სავაჭრო აგენტი ვალდებულია კომპანიას თავის შემოსავლიდან დაუფაროს გაყიდული პროდუქციის ღირებულება;

- აანაზღაუროს მისი მიზეზით არსებული ფინანსური დანაკლისი;

- პირადი მოხმარებისათვის არ გამოიყენოს პროდუქციის რეალიზაციით მიღებული თანხა.

 

ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით - 2016 წლის 23 მაისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხელშეკრულება.

 

3.1.2. ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს გადაეცა ავტომანქანა „მერსედეს სპრინტერი“ და მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტი

- მოძრავი ქონების მინდობის და მატერიალური პასუხისმგებლობის შეთანხმება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხელშეკრულება მხარეებს შორის ავტომატურად გაგრძელებულად ითვლება ერთი წლის ვადით. ამასთან, გ------------------ე 2016 წლის ივნისიდან აღარ ახორციელებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მან ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება მეორე მხარისთვის შეტყობინების გარეშე შეწყვიტა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ (2016 წლის 23 მაისიდან) აღარ გაგრძელებულა.

 

ხელშეკრულების 7.4 პუნქტი ითვალისწინებს დათქმას, თუ მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 1 კვირით ადრე არ გამოთქვამენ მისი შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ითვლება ავტომატურად გაგრძელებულად ერთი წლის ვადით. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ 2016 წლის 23 მაისამდე ერთი კვირით ადრე ან ერთმა ან მეორე მხარემ გამოთქვა ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი. გარდა ამისა, 23 მაისის შემდგომ შედგენილი სასაქონლო ზედნადებებით ადასტურებენ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას. ამდენად, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოპასუხე საქმიანობას აგრძელებდა საკუთარი სურვილით, რაც ხელშეკრულების გაგრძელებაზე მიუთითებს. რაც შეეხება მის შეწყვეტას, ბოლო ზედნადები ივლისის თვეშია შედგენილი (12.07.2016 წელს), რაც იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ხელშეკრულება მოპასუხემ ცალმხრივად 2016 წლის ივლისის თვეში შეწყვიტა.

 

სასამართლო ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე გაამახვილებს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად სავაჭრო აგენტი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დააბრუნოს მიღებული ავტომანქანა და მობილური ტელეფონი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც გადასცა კომპანიამ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ ისე შეწყვიტა საქმიანობა, რომ მიღება-ჩაბარების აქტით არ დაუბრუნებია გადაცემული ქონება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015).

 

მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო.

 

3.2.2. მოპასუხემ კონსიგნაციის წესით მესამე პირებს მიჰყიდა საქონელი, საიდანაც 5084 ლარი მოსარჩელისათვის ანაზღაურებული არ არის.

 

თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს ამყარებს. მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია არა მხარის პროცესუალურ როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძვლებზე. როგორც წესი, მხარემ, რომელიც ითხოვს ვალდებულების შესრულებას უნდა დაადასტუროს ამ ვალდებულების არსებობა, ხოლო მეორე მხარემ უნდა დაადასტუროს მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა.

 

საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის სახელით მოპასუხე მესამე პირებს და ასევე საკუთარ თავს აწვდიდა სხვადასხვა პროდუქციას. ზედნადებების საფუძველზე მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან ანაზღაურებული არ არის 5084 ლარი.

 

სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაშვებული მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით (სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი). მოცემული შემთხვევა განსხვავდება მტკიცების სპეციალური სტანდარტის არსებობის აუცილებლობისაგან [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი], გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები მოძრავ ნივთებთან რაიმე მითითებას სპეციალური მტკიცებულების არსებობაზე არ შეიცავს. მაშასადამე, რელევანტურ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნული გამყიდველის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები. სადავო სამართალურთიერთობა მოიცავს საქონლის მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც საქონლის მესაკუთრე (გამყიდველი), ისე სასაქონლო ზედნადების გამომწერი (სავაჭრო წარმომადგენელი, დისტრიბუტორი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ზედნადების მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან პროდუქცია მიიღო, ვინაიდან ზედნადები იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ზედნადების გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას (ამავე საკითხზე იხ. სუსგ Nას-381-381-2018, Nას-599-558-2017).

 

ხელშეკრულებით ნებადართული იყო დისტრიბუტორის მხრიდან მესამე პირებისთვის პროდუქციის კონსიგნაციის წესით გადაცემა, რა დროსაც, დისტრიბუტორს ევალებოდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ერთი კვირის განმავლობაში მიღება. ამავდროულად პროდუქციის გაყიდვა სალაროს აპარატის გამოყენებით (სათანადო ჩეკით) უნდა მომხდარიყო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თუ სავაჭრო წარმომადგენელი (დისტრიბუტორი) მოსარჩელესთან ხელშეკრულებას წყვეტდა, ხდებოდა ინფორმაციის მოძიება მის მიერ კონსიგნაციით გაცემულ საქონელთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ხდებოდა საქონლის მყიდველთან მონაცემების გადამოწმება. თუ საქონლის მყიდველი დაადასტურებდა, რომ მას არ ჰქონდა ანაზღაურებული მიღებული საქონლის საფასური, დგებოდა შედარების აქტი, რის შემდეგაც მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ექნებოდა საქონლის მყიდველის მიმართ, ხოლო თუ აქტი ვერ შედგებოდა, ან მყიდველი არ დაადასტურებდა დავალიანებას, ხელშეკრულების მე-2 მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას სავაჭრო წარმომადგენლისაგან ითხოვდა.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მისი სამსახურიდან წამოსვლის დროისთვის მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო შედარების აქტის შედგენა და იქნებოდა კიდეც შედგენილი, თუმცა მტკიცებულება, რომ ასეთი აქტი შედგა, მას არ წარმოუდგენია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით (კრედიტორმა უნდა დაამტკიცოს ვალდებულების არსებობა, ხოლო მოვალემ ვალდებულების არსებობის დადასტურების შემთხვევაში - მისი შესრულება), აღნიშნულის მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 51-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ხოლო 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელის მიერ გადაცემულ საქონელს მოსარჩელის მიერვე განსაზღვრული ფასით მიჰყიდდა მესამე პირებს. დასაშვები იყო პროდუქციის კონსიგნაციის წესით ნასყიდობაც, რა დროსაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ მესამე პირის მიერ კონსიგნაციით მიყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდის ერთი თვით დაგვიანების შემთხვევაში, თავისი შემოსავლიდან დაფარავდა გაყიდული პროდუქციის ღირებულებას და აანაზღაურებდა მისი მიზეზით არსებულ ფინანსურ დანაკლისს.

 

სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის ერთი წლის ვადით გაგრძელდა. მისი მოქმედების პერიოდში მოპასუხემ ცალხმრივად შეწყვიტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეტყობინების გარეშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მესამე პირებს კონსიგნაციის წესით მიჰყიდა საქონელი, საიდანაც 5084 ლარი მოსარჩელისათვის ანაზღაურებული არ არის. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომ გაყიდული პროდუქციის ღირებულება მას კომპანიისთვის სრულად აქვს ანაზღაურებული. შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხისაგან მოითხოვოს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, გ------------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 152,52 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 0,01 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ს----------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გ------------------ეს შპს ,,ს----------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 5084 ლარის გადახდა.

 

3. გ------------------ეს შპს ,,ს----------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 152.52 ლარი.

 

4. შპს ,,ს----------ი"-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 01.04.2019 წელს სს ,,საქართველოს ბანკში” (საგადახდო დავალება N2) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 152.53 ლარიდან, (გადამხდელი - შპს ,,ს----------ი" ს/ნ 4--------, გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველო ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 0.01 (ერთი თეთრი) ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე