გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8949-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ნ--------------ი
წარმომადგენელი - შ--–---–-------
მოპასუხე - შპს ,,რ---------"
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „რ---------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ავეჯის ღირებულების საფასურის 4700 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელემ 2017 წლის 15 ივნისს მოპასუხისგან შეიძინა 4700 ლარის ღირებულების დივანი, რომელიც მისი ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში, შეძენიდან მოკლე პერიოდში დაზიანდა. აღნიშნული მის უხარისხობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, შემძენის მიერ დივანზე არავითარი ზემოქმედება მჭრელი და მჩხვლეტავი საგნების გამოყენებით არ მომხდარა, არც რაიმე თერმულ ან ქიმიური ხსნარების გამოყენებას არ ჰქონია ადგილი, რასაც შესაძლოა ზიანი გამოეწვია.
მოსარჩელემ პრეტენზიით მიმართა მოპასუხეს, თუმცა საპასუხოდ არანაირი რეაგირება არ მომხდარა.
ექსპერტიზის დასკვნით ცალმხრივად დგინდება, რომ დივანის დაზიანება გამოწვეულია ქსოვილის დაჭიმვის შედეგად, რაც გამორიცხავს შემძენის ყოველგვარ ბრალეულობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული განმარტებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა რეალობას და არ იყო დადასტურებული მტკიცებულებებით. კომუნიკაცია მოპასუხესთან, მოსარჩელემ მხოლოდ 2018 წლის 24 დეკემბერს მოახდინა, ანუ დაზიანების სავარაუდო ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდგომ და აღნიშნული ფაქტი არ იწვევდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ნივთს შეძენის დროს რაიმე ქარხნული ნაკლი გააჩნდა. გარდა ამისა, ექსპერტის დასკვნაშიც არ იყო პირდაპირ მითითება, რომ ნივთი თავიდანვე ნაკლიანი იყო. ამასთან, მოსარჩელე თავის წერილში თვითონვე მიუთითებდა, რომ ხარვეზი ქსოვილის უხარისხობით არ იყო გამოწვეული. აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს ნაკლის გამოსწორება არასდროს მოუთხოვია, მას პირდაპირ თანხის დაბრუნებას სურს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ--------------მა მოპასუხე შპს „რ---------“-ისგან 2017 წლის 15 ივნისს შეიძინა ყავისფერი ქსოვილის ზედაპირის მქონე დივანი. ნასყიდობის საფასური შეადგენს 4700 ლარს, რაც მოსარჩელის მიერ ანაზღაურებულია.
ნასყიდობის საგანი მოსარჩელეს გადაეცა საგარანტიო ფურცელთან ერთად, სადაც საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს, 2019 წლის 15 ივნისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი;
- საგარანტიო ფურცელი (პროდუქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია)
3.1.2. საგარანტიო ფურცელი ითვალისწინებდა შემდეგ პირობებს: ნაწარმის დაზიანებასთან დაკავშირებით მომხმარებელმა პირველ რიგში უნდა მიმართოს იმ სასერვისო განყოფილებას, რომელშიც მომხმარებელი იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში, თუ სასერვისო განყოფილება ვერ დაეხმარება დაზიანების გამოსწორების საკითხში, საჩივარი უნდა გაიგზავნოს ბოლო გვერდზე მოცემულ მომხმარებლის მომსახურების სასერვისო განყოფილებას და დაზიანება გამოსწორებული იქნება უმოკლესი დროის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგარანტიო ფურცელი (პროდუქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია)
3.1.3. ნასყიდობის საგანი - დივანი დაზიანდა, ზიანი დადგა საგარანტიო ვადის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მყიდველისთვის ნაკლის მქონე ნივთის გადაცემას. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ დივანის დაზიანება გამოწვეულია ექსპლუატაციის პერიოდში ქსოვილის დაჭიმვის შედეგად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ექსპერტისთვის დასმულ კითხვებსა და დასკვნის კვლევით ნაწილში მოცემულ მსჯელობას. მოსარჩელის დაინტერესებას წარმოადგენდა, დაზიანება ხომ არ იყო გამოწვეული მჭრელი და მჩხვლეტავი საგნების გამოყენების, ამ ქიმიური საშუალებების ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, და მისი ექსპლუატაციის წესების დაცვის პირობებში ადგილი თუ ექნებოდა მსგავსს დაზიანებას. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ დაზიანებათა მორფოლოგიური ნიშან-თვისებები დამახასიათებელია ხევისთვის და განვითარებულია ექსპლუატაციის პერიოდში ქსოვილის დაჭიმვის შედეგად.
ამდენად, დასკვნით გამორიცხულია რაიმე ისეთი ზემოქმედება, რაც მისი ნორმალური ექსპლუატაციისგან განსახვავებულ ქმედებასთან იქნებოდა დაკავშირებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო ნაკლიანი ნივთის გადაცემის მტკიცების ტვირთის რეალიზება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტის დასკვნა.
3.2.2. მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეს მოპასუხისთვის ნაკლის გამოსწორების შუამდგომლობით არ მიუმართავს.
საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მხრიდან ავეჯის მწარმოებელი კომპანიისადმი განხორციელებული ელექტრონული მიმოწერა, ასევე მოპასუხე ორგანიზაციისადმი გაგზავნილი წერილი. არცერთი მათგანით არ დასტურდება, რომ ნასყიდობის საგნის ნაკლთან დაკავშირებით მოპასუხისადმი დაფიქსირებულ პრეტენზიაში მყიდველი ითხოვდა ნაკლის გამოსწორებას. სასამართლოს ამ მსჯელობას ის ფაქტიც ამყარებს, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ცალსახად დააფიქსირა პოზიცია აღნიშნულთან მიმართებით. მისი განმარტებით, მის ინტერესს ნასყიდობის საფასურის დაბრუნება წარმოადგენდა, რადგან შესაძლოა ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში იგივე ხარისხის პროდუქცია ვერ მიეღო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელექტრონული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია;
- წერილი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეებს შორის არსებობს ნასყიდობის-სამართლებრივი ურთიერთობა, ნასყიდობის საფასური მყიდველს სრულად აქვს გადახდილი და ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას და ნასყიდობის საფასურის დაბრუნებას.
5.2. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.
ამავე კოდექსის 488-ე მუხლის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
ამავე კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.
ნაკლიანი შესრულების სამართლებრივი მოცემულობა გულისხმობს, როგორც ნივთის თვისებრივი შეუსაბამობის განსაზღვრას, ასევე, პროცედურულ ნაწილს. კერძოდ, მყიდველის უფლებას, განსაზღვროს სამოქალაქო წესრიგით სანქცირებული შედეგი, თუმცა მყიდველის აღმჭურველი უფლება, როგორც მისი დაცვის საშუალება, უნდა განხორციელდეს ერთობლივად ყველა წინაპირობის დაცვით.
კანონიდან გამომდინარე, ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რაც გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლით. ამასთან, დამატებითი შესრულების მოთხოვნა უპირატესია სხვა მოთხოვნის უფლებებთან მიმართებით, როგორიცაა სამოქალაქო კოდექსის 491-ე, 405-ე მუხლის პირველი ნაწილით და 352-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ან კონკრეტული დავის პირობებში - ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამართლებრივი მდგომარეობის განვითარება დროში არარის თვითნებური და მათი თავისუფალი რეალიზაცია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იფარგლება. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ კონტრაჰენტთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებების ცალმხრივად ცვლა, იქნება ეს ხელშეკრულებიდან გასვლა - უარი, თუ ხელშეკრულების მოშლა - შეწყვეტა, უპირობოდ ვერ განხორციელდება და მხარეს უფლება აქვს გამოიყენოს აღნიშნული უფლება მხოლოდ გარკვეული პირობებითა და წესით.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ვერ წარმოეშობოდა ნასყიდობის სამართლებრივი ბუნების გამო, რომელიც გულისხმობს პირვანდელი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას, ანუ მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ის, რაც ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს ერთმანეთისგან პირვანდელი მდგომარეობით და მოცულობით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ისე ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას და ნასყიდობის საფასურის დაბრუნებას, რომ მას მოპასუხისთვის არ მოუთხოვია ნაკლის გამოსწორება. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ შესაძლოა ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში იგივე ხარისხის ნივთი ვერ მიეღო, აღნიშნული არ უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობას, როცა კრედიტორი დარჩენილი შესრულების მიმართ ინტერესს კარგავს.
მის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა ნაკლის გამოსწორება, ორმხრივი რესტიტუცია ვერ შედგება და მოსარჩელის მიერ მტკიცების მიხედვით ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის დადასტურების შემთხვევაშიც მას წარმოეშობოდა უფლება, მოეთხოვა ვალდებულების შესრულება ან ზიანის ანაზღაურება და არა ხელშეკრულებიდან გასვლა და შესაბამისად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი 70.5 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი 136.77 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ამავე საფუძვლით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას იურიდიული მომსახურების ხარჯისა და ექსპერტიზის ღირებულების ანაზღაურებაზე.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 70.5 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
3. ნ--------------ს (პ/ნ 2----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2019 წლის 19 მარტს სს ,,თიბისი ბანკში” (საგადასახადო დავალება N0) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 207.27 ლარიდან (გადამხდელი - შ--–---–-------, პ/ნ 0----------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 136.77 (ასოცდათექვსმეტი ლარი და 77 თეთრი) ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე