გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.10.2018
საქმის ნომერი
330310017002195510
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N3/8098-17 30 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - თ------------–---–ი

წარმომადგენელი - ი-----–-------ე

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ს---–-----------ე

მესამე პირი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი - გ---------------ე

მესამე პირი - გ-------------–---–ი

წარმომადგენლები - ბ------------–---–ი, ს---------–--ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

გ-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-----------------ის N1-2--- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა;

3.2. მესამე პირი გ-------------–---–ი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. საჯარო რეესტრის 2015 წლის 20 დეკემბრისა და 2016 წლის 15 იანვრის მონაცემის მიხედვით, ქალაქ თბილისში, წ-–------ის ქუჩა N23-ში მდებარე N01.----0---0-- საკადასტრო მიწის ნაკვეთზე განთავსებული N1 შენობის პირველი სართულის 115.18 კვ.მ ფართისა და 63.20 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ ა------------–---–ი ფიქსირდება, ხოლო ამავე შენობის მე-2 სართულის 161.74 კვ.მ ფართის, აქედან 40.17 კვ.მ მიშენების ფართის მესაკუთრედ - თ------------–---–ი. აღნიშნული უძრავი ქონების მომიჯნავედ, ქალაქ თბილისში, წ-–------ის ქუჩა N25-ში მდებარე N01.----0---0-- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გ-------------–---–ის, თ------–-----–---–ისა და გ----------------–---–ის საკუთრებაშია.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრების ამონაწერები, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 131-132, 133, 129-130), ორთოფოტო (ს.ფ. 134).

 

4.2. 2016 წლის 10 ნოემბერს თ------------–---–მა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს NA-------- განცხადებით მიმართა, რომლითაც მის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, ნაძალადევში, წ-–------ის ქუჩის N23-ში მდებარე, N01.----0---0-- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ამოშენებული და უნებართვოდ მიშენებული 29.29 კვ.მ ფართის ლეგალიზება მოითხოვა.

მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------ის N2------ ბრძანება (ს.ფ. 11-12); გეგმა, აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 114-118), ფოტოები (ს.ფ. 112, 113).

 

4.3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------ის N2------ ბრძანებით თ------------–---–ის 2016 წლის 10 ნოემბერის NA-------- განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, ნაძალადევში, წ-–------ის ქუჩის N23-ში მდებარე N01.----0---0-- მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ამოშენებული და უნებართვოდ მიშენებული 29.29 კვ.მ ფართი ლეგალიზებულად ჩაითვალა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარდგენილი საინვენტარიზაციო გეგმით არქიტექტურის სამსახურმა დაადგინა, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი უნებართვოდ ამოშენებული ფართის ადგილზე არსებობდა ღია აივანი. მითითებული ბრძანებით ობიექტს მიენიჭა შეუსაბამო უძრავი ობიექტის სტატუსი.

მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------ის N2------ ბრძანება (ს.ფ. 11-12).

 

4.4. 2017 წლის 12 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს გ-------------–---–ის N1--------------01 ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------ის N2------ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 98-99); ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ს.ფ. 100-101).

 

4.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-----------------ის N1-2--- ბრძანებით გ-------------–---–ის 2017 წლის 12 აპრილის N1--------------01 ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------ის N2------ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი საპროექტო შენობის 2-1 ფასადზე ამოშენებული 13.03 კვ.მ ფართის ლეგალიზების ნაწილში. ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში, წ-–------ის ქუჩა N23-ში მდებარე N01.----0---0-- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე არსებულ N1 შენობას გააჩნია სამეზობლო საზღვარი საჩივრის ავტორის თანასაკუთრებაში არსებულ, N01.----0---0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, სალეგალიზაციო ობიექტი განთავსებულია მიჯნის ზონაში, სადაც 2-1 ფასადზე, ღია აივნის ამოშენების შედეგად მოწყობილია ღიობები და სწორედ საპროექტო შენობის 2-1 ფასადზე არსებული ფართის ლეგალიზებით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების 30-ე მუხლის მოთხოვნები. საქმის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 20-- წლის 29 ნოემბრის N138 დადგენილებისა და საინვენტარიზაციო გეგმის არსებობის მიუხედავად, რომლებიც ღია აივნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტებია, აივნის ღიობებით ამოშენების საკითხი წინააღმდეგობაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებთან“.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-----------------ის N1-2--- ბრძანება (ს.ფ. 13-19).

 

4.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-----------------ის N1-2--- ბრძანებით არ ირკვევა, თუ რა ინტერესი გააჩნდა საჩივრის ავტორ გ-------------–---–ს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------ის N2------ ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ. მერის 2----–-–-----------------ის N1-2--- ბრძანებით დადგენილია, რომ სადავო ლეგალიზებას დაქვემდებარებული ფართი წარმოადგენდა ღია აივანს და ლეგალიზება შეეხო აივნის ღიობებით ამოშენებით შექმნილ ფართს. როგორც აღინიშნა, მითითებული ბრძანებით მიჩნეულ იქნა, რომ აივნის ღიობებით ამოშენება შეუსაბამობაში იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებთან“, რამეთუ მითითებული წესების 30-ე მუხლი დაუშველად მიიჩნევდა მიჯნის ზონაში შენობაზე ღიობების არსებობას (პუნქტი 4.5). ამდენად, მერის 2----–-–-----------------ის N1-2--- ბრძანება სალეგალიზაციოდ წარდგენილი ობიექტის მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს მიჯნის ზონაში ღიობის არსებობის დაუშვებლობის დადგენით იცავს, თუმცა ლეგალიზებაზე უარის პირობებში ღიობებიანი ამოშენების დემონტაჟით რჩება ღია აივანი. შესაბამისად, სადავო ბრძანებით არ არის დასაბუთებული, რა უპირატესობა ენიჭება საჩივრის ავტორის მდგომარეობას ღიობიანი ამოშენების ნაცვლად ღია აივნის არსებობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ .

 

7. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - გ-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-----------------ის N1-2--- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

დასახელებული ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი შეფასებისათვის უნდა იქნეს გამორკვეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------ის N2------ ბრძანებაზე გ-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას იყო თუ არა საქმის გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული და არსებობდა თუ არა არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------ის N2------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი საპროექტო შენობის 2-1 ფასადზე ამოშენებული 13.03 კვ.მ ფართის ლეგალიზების ნაწილში - დასტურდებოდა თუ არა მითითებულ ნაწილში ამ ბრძანების კანონმდებლობის დარღვევით გამოცემა ან/და ამით მესამე პირთა უფლებების არსებითი შეზღუდვა.

,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცდა. აღნიშნული წესის მიხედვით, ლეგალიზება დაიშვება მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ან დაწყებული მშენებლობების მიმართ (წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი). ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას (წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი).

ამავე წესის მიხედვით, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო (წესის მე-2 მუხლი).

ამავე წესის მიხედვით, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი (ხოლო ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი მიშენება-დაშენებება, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას) – მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა; გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში - ობიექტის აზომვითი ნახაზი; ე) ფოტოსურათები; ვ) ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი მიშენება-დაშენებება, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას) - დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ (წესის მე-3 მუხლი).

ამავე წესის მიხედვით, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა). შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიე ქტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა); ბ) განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა შესაბამისი ორგანოს მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიცემული დავალება ან/და არ წარმოადგინა ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები).

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-----------------ის N1-2--- ბრძანებით არ ირკვევა, თუ რა ინტერესი გააჩნდა საჩივრის ავტორ გ-------------–---–ს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------ის N2------ ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ (პუნქტი 4.6). ამდენად, სადავო აქტი საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის ინტერესს მისი კუთვნილი ფართის ლეგალიზებაზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-----------------ის N1-2--- ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოსცეს დასაბუთებული აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 36-37). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-----------------ის N1-2--- ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და მოპასუხეს დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოსცეს დასაბუთებული აქტი;

3. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია