გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
140210118002633737
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210118002633737

საქმე № 2/1790-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - თ----–----------ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - თ----------–-–--ე

მოპასუხე - გ---–-------------ე (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ტ-------------ე

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს გაცემული № 171323443 სააღსრულებლო ფურცლის მე-8 პუნქტი, კერძოდ სესხის ძირი თანხის 8500 აშშ დოლარის ნაწილში და სესხის ძირითად თანხად განისაზღვროს 7316.8 აშშ დოლარი.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს გაცემული № 171323443 სააღსრულებლო ფურცლის მე-8 პუნქტი, პირგასამტეხლოს 3621 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს გაცემული № 171323443 სააღსრულებლო ფურცლის მე-8 პუნქტი, სარგებლის, 1564 აშშ დოლარის განსაზღვრის ნაწილში.

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს გაცემული № 171323443 სააღსრულებლო ფურცელი იპოთეკის საგნის: ქ-----------------------------------------------------------, ს/კ: №6--0--1--0---0--0--

 

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 23 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეზე 06 თვის ვადით გაიცა სესხი 8500 აშშ დოლარის ოდენობით, თვეში 3.68% სარგებლით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 0.2%. მოთხოვნის უზრუნვესაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის უძრავი ქონება მისამართი: ქ-----------------------------------------------------------, ს/კ №6--0--1--0---0--0--. მოსარჩელემ აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით მ--------------–---–ის (მოპასუხის მამამთილი) გადასცა სესხის სარგებელი სრულად- 1876.8 აშშ დოლარი, ასევე სესხის ძირითადი თანხის ნაწილი 1183.2 აშშ დოლარი. ავადმყოფობის გამო მოსარჩელემ ვეღარ შეძლო ვალდებულების სრულად და დროულად შესრულება, რის გამოც ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის ბათილობასაც ითხოვს მოსარჩელე მის უკანონობასა და უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 23 იანვარს მართლაც გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცელი. აგრეთვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხემ, როგორც მოსამზადებელ, ისე მთავარ სხომაზე აღიარა მოსარჩელის მხრიდან სარგებლის გადახდის ფაქტი 1564 აშშ დოლარიდან 1000 აშშ დოლარის ნაწილში. (იხ. 19.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 23 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეზე გაიცა სესხი 8500 აშშ დოლარის ოდენობით, 06 თვის ვადით, თვეში 3.68% სარგებლით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულს დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა- განმარტება;

- ხელშეკრულება № 150057187

 

3.1.2. ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს გაიცა სააღსრულებლო ფურცელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- № 171323443 სააღსრულებლო ფურცელი;

 

3.1.3. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს გაცემული № 171323443 სააღსრულებლო ფურცლი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა - 8500 აშშ დოლარი, სარგებელი - ხუთი თვის 1564 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 3621 აშშ დოლარი. აგრეთვე იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- № 171323443 სააღსრულებლო ფურცელი.

 

3.2.1. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის სარგებელი გადახდილია ნაწილობრივ, კერძოდ 5 თვის სარგებელი 1564 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- № მოპასუხე მხარის აღიარება;

- მოწმე მ--------------–---–ის ჩვენება.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე აღიარა მსესხებლის მხრიდან 1564 აშშ დოლარიდან 1000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი (იხ. 19.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე მ--------------–---–მა, რომელიც არის მოპასუხის, გ---–-------------ის მამამთილი, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი დაეხმარა თავის რძალს, როგორც ფულის გასესხებაში, ისე მისი სარგებლის აღებაში ეხმარებოდა და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარისგან (მსესხებლისგან) მიღებული აქვს 4 ან 5 თვის სარგებელი (იხ. 25.02.2019წ სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 23 იანვრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც გათვალისწინებული იყო ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 3.68% - 312.8 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 0.2%.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას

 

6.4. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დაარღვია თ----–----------მა და კრედიტორის მოთხოვნით ნოტარიუს ლ------------–---–ის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს გაიცა სააღსრულებლო ფურცელი, სადაც მითითებულია მოვალის მიერ გადასახდელი თანხის ძირი - 8500 აშშ დოლარი, ხუთი თვის სარგებელი - 1564 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 3621 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელემ თავის სარჩელში მიუთითა, რომ მის მიერ გადახდილია თანხის ძირი 1183.2 აშშ დოლარის ოდენობით და აგრეთვე სარგებელი სრულად 1876.8 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთ დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

6.6. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც გადაწყვეტილებას ედება საფუძვლად. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, თ----–----------სა და გ---–-------------ეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორმხრივი ვალდებულების არსებობის ფაქტი, ერთის მხრივ, სესხის თანხის გადაცემა მსესხებლისათვის და მეორეს მხრივ, ამ თანხის სარგებლით დაბრუნების ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ძირი თანხის ნაწილის გადახდას ადასტურებს მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რასაც სასამართლო ვერ მიიჩნევს თანხის გადახდის დამდასტურებელ საკმარის მტკიცებულებად და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარგებლის გადახდას, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელესწერილობითი მტკიცებულება არც ამ ნაწილში წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს მიერ დაკითხული იქნა მოწმეები ლ--–----------ი და დ--------------–---–ი, რომლებიც არიან მოსარჩელის ოჯახის წევრები და ასევე მ--------------–---–ი - მოპასუხის ოჯახის წევრი. შესაბამისად, სასამართლო მხარეთა ახსნა - განმარტების გარდა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე მ--------------–---–ის ჩვენებაზე, რომელიც არის მოპასუხის მამამთილი და როგორც აღნიშნა თავად მიჰყავდა რძალი მანქანით სარგებლის ასაღებად, რადგან რძალს - გ---–-------------ეს მარტო ვერ გაუშვებდა ფულის ასაღებად, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს ხუთი თვის სარგებელი.

 

ამდენად, სასამართლო აფასებს რა მოწმეთა ჩვენებებს, პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არცერთ მხარეს სადავო არ გაუხდია ის გარემოება, რომ მხარეთა ოჯახის წევრები მონაწილეობას იღებდნენ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების გადახდის პროცესში და მოპასუხე მხარის ოჯახის წევრი, მ--------------–---–ი იღებდა უშუალოდ მსესხებლის მხრიდან გ---–-------------ისათვის (კრედიტორისათვის) გადასაცემ თანხებს, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმე საქმის კურსში იყო მოცემულ სესხთან დაკავშირებით და მისი ჩვენება მნიშვნელოვანია საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად და მისი ჩვენების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია ხუთი თვის სარგებელი და მას გადასახდელი აქვს 312.8 აშშ დოლარი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ აღიარა სარგებლის სახით მოსარჩელის მხრიდან 1000 აშშ დოლარის გადახდა. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოწმეთა მიერ მითიტებულ გარემოებებს, სხვა მტკიცებულებით მათ მიერ მითითებული გარემოებები ვერ დადასტურდა, შესაბამისად, მხოლოდ მათ ჩვენებები გარკვეული გარემოებების დასადასტურებლად ვერ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებებად.

 

6.7. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში სააღსრულებლო ფურცლის ბათილობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

6.8. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენს 3621 აშშდოლარს, რაც შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 362 აშშ დოლარით. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში.

 

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე დასაბუთებელია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის გუქმების ნაწილში, სასამართლო ვერ დაეთანხმება ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა), ხოლო ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია იპოთეკის საგნის აუქციონის წესით რეალიზაცია თუ მოვალე დაარღვევს ნაკისრ ვალდებულებას, ამასთან ხელშეკრულებაში იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით სხვა წესი არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცელი გაცემულია კანონის სრული დაცვით და სასარჩელოს მოთხოვნა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის ნაწილში საფუძველს მოკლებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განახილველ შემთხვეაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 550 ლარი სარჩელზე 500 ლარი, უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი). შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 78.5 ლარი, ხოლო 421.5 ლარიდან 182 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს გაცემული №171323443 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო ბიუროში დაწყებული სააღსრულებო წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარცელი დაკმაყოფილდა, უნდა დარცეს ძალაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ----–----------ის სარჩელი მოპასუხე გ---–-------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №171323443), კერძოდ მე-8 პუნქტში, თ----–----------ისათვის დაკისრებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის - სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და სარგებელი განისაზღვროს 312.80 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო განისაზღვროს 362 აშშ დოლარით, ხოლო დანარჩენ ნაწილში თ----–----------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

3. მოსარჩელე თ----–----------ს (პ/ნ: 5----------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 17 სექტემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარიდან (საგადასახადო დავალება №0) 78.5 ლარი, დანარჩენი 421.5 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე გ---–-------------ეს მოსარჩელე თ----–----------ის სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელსა და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 182 ლარის გადახდა.

 

5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, დარჩეს უცვლელად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: გორი, ჯორბენაძის ქ. №30).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი