განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
080100119002850248
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/95-19 (N-------------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 ივნისი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ა-–---------- ს-----–--ე

მამის სახელი: ა---------–-

დაბადებული: 2--0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, კ. გ-------------ს ქუჩა N1----

 

ადვოკატები - ე--------------, მ------------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე ქუთაისში, კ. გ-------------ს ქუჩა N1-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-–---------- ს-----–--ემ, არასრულწლოვან შვილს ლ-----ა ს-----–--ეს მოქაჩა თმებში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

 

2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე ქუთაისში კ. გ-------------ს ქუჩა N1-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-–---------- ს-----–--ე, არასრულწლოვან შვილს ლ-----ა ს-----–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, ასევე სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ა-–---------- ს-----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-–---------- ს-----–--ის ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის პირველი ოცეულის პატრულ ინსპექტორის ბ---–---- ე----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 2019 წლის 17 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ არასრულწლოვნები, ბრალდებულ ა-–---------- ს-----–--ის შვილები, რომლებიც ითხოვდნენ შემაკავებელი ორდერის გამოცემას. გამოიცა შემაკავებელი ორდერი ა-–---------- ს-----–--ის მიმართ, რაც გაეცნო ბრალდებულს. ბავშვებს მამის დანახვის ეშინოდათ და რადგან ერთ-ერთს მამის დანახვაზე გული წაუვიდა, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. თავად ა-–---------- ს-----–--ე იყო მშვიდად და აგრესიას არ გამოხატავდა. მოწმის განმარტებით ბავშვებს გარეგნულად რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის ბ----- ე-–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ შეტყობინების საფუძველზე ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხული იქნა სავარაუდო დაზარალებული ლ-----ა ს-----–--ე და მისი და ს--–---- ს-----–--ე. ს--–---- ს-----–--ე ამბობდა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს მამის ა-–---------- ს-----–--ის მხრიდან, რისი დადასტურებაც მას შეეძლო, წინა დღით განხორციელებული მიმოწერით, რომელიც შენახული ჰქონდა. მოწმის მიერ დათვალიერდა მობილური ტელეფონი, სადაც მას ნამდვილად ჰქონდა მოკლე ტექსტური შეტყობინებები დასთან ლ-----ა ს-----–--ესთან, სადაც აღწერდა, რომ 2019 წლის 16 იანვარს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა მამასთან ა-–---------- ს-----–--ესთან, რა დროსაც მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თმებში მოქაჩა და ამის გამო ის გახდა შეუძლოდ და საჭირო გახდა სასწრაფო დახმარება. აღნიშნული მიმოწერა დათვალიერდა და გაკეთდა მიმოწერის ,,სქრინი’’, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ბ----- ე-–----ს მიერ გამოკითხული იქნა ბრალდებულის დედა ზ---- ს-----–--ე, რომელიც ადასტურებდა მამასა და შვილს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას. მოიძიეს სხვადასხვა ინფორმაცია ა-–---------- ს-----–--ის მიმართ, რის შემდეგ მოხდა მისი დაკავება ბრალდებულის სახით. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლის ლ---- ც----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 17 იანვარს დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების საფუძველზე, მის მიერ გამოიკითხა ბრალდებულის მეუღლე გ--------ა ს-----–--ე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 13 თებერვალს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: 2019 წლის 17 იანვარს 19:48 საათიდან - 20:05 საათამდე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლ-----ა ს-----–--ეს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

დაზარალებულმა ლ-----ა ს-----–--ემ, მოწმეებმა ს--–---- ს-----–--ემ, გ--------ა ს-----–--ემ და ზ---- ს-----–--ემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, რომლის თანახმად მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო 2019 წლის 17 იანვარს. 2019 წლის 16 იანვარს ქ. ქუთაისში, კ. გ-------------ს ქუჩა N1-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მამის ა-–---------- ს-----–--ის მიერ შვილის ლ-----ა ს-----–--ისა და ს--–---- ს-----–--ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

 

2019 წლის 17 იანვრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ ბ----- ე-–----ს მიერ დათვალიერდა ს--–---- ს-----–--ის მიმოწერა დასთან - ლ-----ა ს-----–--ესთან სადაც ეს უკანასკნელი წერს მამის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და აღნიშნულის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. დათვალიერების შემდეგ გაკეთდა მიმოწერის სქრინი და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით, 2019 წლის 18 იანვარს 16:15 საათზე ქუთაისში, ა------–-----–-- ქუჩა N3-ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–---------- ს-----–--ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ა-–---------- ს-----–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ; 2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 1. 2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე ქუთაისში, კ.გ-------------ს ქუჩა N1-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-–---------- ს-----–--ემ, არასრულწლოვან შვილს ლ-----ა ს-----–--ეს მოქაჩა თმებში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; 2. 2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე ქუთაისში კ.გ-------------ს ქუჩა N1-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-–---------- ს-----–--ე, არასრულწლოვან შვილს ლ-----ა ს-----–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება ა-–---------- ს-----–--ის ბრალდების დასადასტურებლად. აღნიშნულთან დაკავშრებით სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულმა ლ-----ა ს-----–--ემ, მოწმეებმა ს--–---- ს-----–--ემ, გ--------ა ს-----–--ემ და ზ---- ს-----–--ემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქმეზე დაკითხული მოწმეების - ბ----- ე-–----ს, ლ---- ც----ს და ბ---–---- ე----------ს ჩვენებებს, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ იმ დაზარალებულისა და მოწმეებისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელთაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. სხვა მტკიცებულება, რაც ა-–---------- ს-----–--ის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ა-–---------- ს-----–--ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–---------- ს-----–--ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქნტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ა-–---------- ს-----–--ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---------- ს-----–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ა-–---------- ს-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ა-–---------- ს-----–--ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ ა-–---------- ს-----–--ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური