გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/37557-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–ოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ე------ კ-------ა
წარმომადგენელი - ი-----–- ნ----ა
მოპასუხე - სს „ს----------–ოს ბ---ი“
წარმომადგენელი - ი------ ა----------ე
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 15000 ლარის გადახდის დაკისრება;
1.2. მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით 5000 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 3 ნოემბერს შეიძინა პ---------ის ჯიშის ლეკვი, სახელად ,,კ-----ი’’. 2017 წლის 11 აპრილს მას შემდეგ, რაც ლ-------–ა კ-----–---ომ სასეირნოდ გაიყვანა მოსარჩელის ე------ კ-------ას ძაღლი („პ---------ის“ ჯიშის), ა--–--ის ქუჩის №------ში მდებარე სს „ს----------–ოს ბ---ის“ სერვისცენტრის ბ---ომატთან მიახლოებისას ძაღლს მოულოდნელად დაეწყო კრუნჩხვები, აღმოხდა კვნესა და გადავარდა რამდენიმე მეტრის მანძილზე.
ლ-------–ა კ-----–---ო ზემოაღნიშნული ინციდენტის შემდეგ დაუყოვებლივ დაუკავშირდა თავის ნაცნობს, ვეტერინარ გ------- ბ-------ეს და შეატყობინა მომხდარი ფაქტის შესახებ. გ------- ბ-------ემ, შემთვევის ადგილზე მისვლის შემდეგ, გამოიძახა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ ადგილზე გამოცხადდნენ სს „თ--–--ის“ ელექტრიკოსები, რომლებმაც დაადასტურეს სს „ს----------–ოს ბ---ის“ შენობაში დამონტაჟებული ბ---ომატიდან დენის გარეთ გადმოდინების ფაქტი. შედეგად მათ შეწყვიტეს აღნიშნული ბ---ომატისთვის დენის მიწოდება შესაძლო საფრთხეების პრევენციის მიზნით. სავარაუდოა, რომ ფატალური შეხების წერტილი შენობის გარეთ გამავალი არმატურის სახის რკინა იყო, რომელსაც უნდა შეესრულებინა ე.წ. „დამიწების“ ფუნქცია და რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა, თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა.
2017 წლის 12 აპრილს, ძაღლის ლეშის სსიპ ს----------–ოს სოფლის მეურნეო სამინისტროს ლაბორატორიაში გაკვეთის ჩასატარებლად გადატანის შემდგომ. ექსპერტის გ--- ო---–---–ის მიერ გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ძაღლის ლეშს აღენიშნიშებოდა თავის ტვინის შეშუპება, ფილტვის ემფიზემა, გულის ყველა გარსზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები, გულში ჰისის კონების ნაწილის ჩაწყვეტა და სხვა სახის პათოლოგიური ცვლილებები, პათანატომიური გაკვეთის მონაცემების თანახმად, ცხოველის სიკვდილის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს თავის ტვინის შეშუპება და ფილტვების ემფიზემა, რაც გამოწვეული იყო ძლიერი დენის დარტყმით.
ე------ კ-------ას ძაღლის სიკვდილამდე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სს „ს----------–ოს ბ---ის“ ა--–--ის ქუჩაზე მდებარ სერვისცენტრის ადმინისტრაცია და სს „თ--–--ი“ არაერთგზის იყვნენ გაფრთხილებული და ინფორმირებულნი გაუმართავი ბ---ომატის თაობაზე, ვინაიდან იმავე ადგილას სხვადასხვა დროსაც დაფიქსირდა დენის დარტყმის რამდენიმე ფაქტი. მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან არავითარი რეაგირება არ მომხდარა.
ბუნებრივია, რომ ზემოხსენებული განვითარებული მოვლენების შედეგად მოსარჩელე ე------ კ-------ამ გადაიტანა უდიდესი სულიერი ტრავმა, რაც გამოწვეული იყო ოჯახის საყვარელი ოთხფეხა მეგობრის ამგვარი მოულოდნელი და უსამართლო დაკარგვით. შემთხვევის შემდეგ მნიშვნელოვნად შეირყა ე------ კ-------ას როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს „ს----------–ოს ბ---ის“ წარმომადგნელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, შესაგებელში განმარტებულია, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არის სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, უსაფუძვლოა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაც.
მოპასუხე სს ,,თ--–--ის’’ მიმართ მოთხოვნაზე მოსარჩელემ უარი თქვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე. შესაბამისად, მოპასუხე სს ,,თ--–--ის’’ მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. „პ---------ის ჯიშის“ ძაღლი ეკუთვნოდა (ლეკვის მოწმობის ნომერი: 1--------, დაბადებული 2--------- წელი) მოსარჩელე ე------ კ-------ას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
მოწმობა (ს.ფ. 18-19).
3.1.2. ე------ კ-------ას კუთვნილი ძაღლი 2017 წლის 11 აპრილს თბილისში, ა--–--ის №---ში მდებარე სს „ს----------–ოს ბ---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაიცვალა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
2016 წლის 11 აპრილის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 31-32).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ე------ კ-------ას საკუთრებაში არსებული ძაღლის გარდაცვალების მიზეზია სს „ს----------–ოს ბ---ის“ მფლობელობაში არსებული ბ---ომატის გაუმართაობა.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი კი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების პრინციპებს. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სადავო არ არის გარემოება, რომ თბილისში, ა--–--ის ქუჩის N------ის მიმდებარედ მდებარე ბ---ომატი არის სს „ს----------–ოს ბ---ის“ მფლობელობასა და სარგებლობაში.
2017 წლის 11 აპრილის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის თანახმად, ე------ კ-------ას საკუთრებაში არსებული „პ---------ის ჯიშის“ ძაღლი 2017 წლის 11 აპრილს თბილისში, ა--–--ის №---ში მდებარე სს „ს----------–ოს ბ---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოკვდა სავარაუდოდ დენის დარტყმით.
საქმეში წარმოდგენილია ასევე სსიპ ს----------–ოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 2017 წლის 11 აპრილის გაკვეთის ოქმი, რომლის თანახმად პათანატომიური გაკვეთის მონაცემების საფუძველზე, ცხოველის სიკვდილის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს თავის ტვინის შეშუპება და ფილტვების ემფიზემა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ზემოაღნიშნული დასკვნის გამცემი პირი გ--- ო---–---–ი. ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ გ------- ბ-------ე, ლ-------–ა კ-----–---ო და სს ,,თ--–--ის’’ თანამშრომელი ე------ კ------–---–ი (იხ. სასამართლოს 2019 წლის 21 მარტისა და 2 მაისის სხდომის ოქმები).
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კუთვნილი ძაღლის გარდაცვალების მიზეზია სს „ს----------–ოს ბ---ის“ მფლობელობაში არსებული ბ---ომატის გაუმართაობა.
3.2.2. მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა უნდა განისაზღროს 500 ლარით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ შედეგთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
მოსარჩელე მატერიალური ზიანის ოდენობას განსაზღვრავს 5000 ლარით, 1,5 წლის მანძილზე ძაღლის მოვლა-პატრონობისათვის გაწეული ხარჯების გათვალისწინებით (იხ. ს.ფ. 29; ასევე, 2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი 14:53:39).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს არა ძაღლის მოვლა-პატრონობისათვის გაწეული ხარჯების ღირებულებით, არამედ ძაღლის ღირებულების მიხედვით, ვინაიდან მოპასუხის ქმედების გამო მოსარჩელემ განიცადა დანაკარგი ძაღლის სახით. ძაღლის ღირებულების განსაზღვრისას სასამართლო ეყრდნობა მოწმე გ------- ბ-------ის ჩვენებას. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ გ------- ბ-------ემ (რომელიც არის ვეტერინარი და კინელოგი) განმარტა, რომ პ---------ის ჯიშის ძაღლის ღირებულება შეადგენს 500 ლარს (იხ, 2019 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:02:33). ამდენად, ე------ კ-------ასათვის ძაღლის გარდაცვალებით მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს 500 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ ე------ კ-------ას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის მე-7-ე, 147-ე, 408-ე, 409-ე, 413-ე, 992-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის მე-7-ე მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის მიხედვით, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლი შეიცავს კერძო სამართლის ობიექტების ლეგალურ დეფინიციას და მას მხოლოდ საორიენტაციო ფუნქცია აქვს. მე-7 მუხლი განხილული უნდა იქნას 147-ე მუხლთან ერთად, ამ შემთხვევაში „ობიექტი“ და „ქონება“ იდენტური ცნებებია. კერძო სამართლის ობიექტი (ქონება) მე-7 და 147-ე მუხლების თანახმად, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა, განკარგვა და შეძენა შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით და არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს.
სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს კონკრეტული ობიექტების ჩამონათვალს. შესაბამისად, მოქმედებს პრინციპი - ბრუნვაუნარიანია ყველაფერი, რაც კანონით არ არის ბრუნვიდან ამოღებული. ობიექტი არის ყველაფერი, რისი ფლობაც შეუძლიათ ადამიანებს და რაც მართლწესრიგის მიერ კონკრეტულ ადამიანებს შეიძლება მიეკუთვნოს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ცხოველები სამოქალაქო კოდექსის სამართლებრივი რეგულირების მიღმაა დარჩენილი, თუმცა შესაძლებელია ცხოველის ფლობა და გასხვისება. ცხოველებს სამოქალაქო კოდექსი არ მიიჩნევს ნივთებად, თუმცა მათი გათანაბრება ნივთებთან შესაძლებელია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ცხოველზე უნდა გავრცელდეს ნივთებთან გათანაბრებული სამართლებრივი რეჟიმი.
6.2. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით მოწესრიგებას ექვემდებარება.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინაააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მოპასუხის მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა, სახეზეა: 1. ზიანი - დადგენილია, რომ ე------ კ-------ას მიადგა მატერიალური ზიანი 500 ლარის ოდენობით; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ ე------ კ-------ას საკუთრებაში არსებული ძაღლის სიკვდილი გამოიწვია სს „ს----------–ოს ბ---ის“ მფლობელობასა და საკუთრებაში არსებული ბ---ომატის გაუმართაობამ; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა სს „ს----------–ოს ბ---ის“ მფლობელობასა და საკუთრებაში არსებული ბ---ომატის გაუმართაობა, ე------ კ-------ას არ მიადგებოდა ზიანი.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
შესაბამისად, სარჩელი მატერიალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში დასაბუთებულია ნაწილობრივ, რის გამოც სს „ს----------–ოს ბ---ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 500 ლარის ანაზღაურება.
6.3. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
გარდა კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევებისა, სსკ-ის 413.2 მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია ხელყოფა არამატერიალური სიკეთისა (ჯანმრთელობისა). ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს მორალური ზიანის ცნებას. ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს, ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში და გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია (იხ, სუსგ, №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი).
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს მის საკუთრებაში არსებული ძაღლის გარდაცვალების შემდეგ ე------ კ-------ასათვის მიყენებულ სულიერ ტრავმაზე და მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად შერყევაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სსკ-ის 413-ე მუხლის კვალიფიკაციის საფუძველს, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის 15 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნვლეყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე------ კ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სს „ს----------–ოს ბ---ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება.
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის 15 ლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარზე ი-----–- ნ----ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რომელიც გადახდილია 0---------; საგადახდო დავალება #-.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე