გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8670-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.05.2-19 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: სს ,,ს----------–---------------------------–ია“
წარმომადგენლები: ი-----------–--ე, რ------------------–ი, ქ-------------–---ა
მოპასუხეები: შპს ს-----–----–--------------------------“, ე------------ე
წარმომადგენელი: თ---------------–---–ი
დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დადგენილად იქნეს მიჩნეული ის ფაქტი, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს შემდეგი გარემოებები: სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მფლობელია უ-------–-–---–ი და გ-------------–---–ი და რომ ამ ორგანიზაციას უძრავი ქონება გადაეცა მხოლოდ 1 ლარად;
1.2. დაევალოთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოახდინონ გავრცელებული ცნობების უარყოფა, კერძოდ არ შეესაბამება სინამდვილეს ის რომ:
- სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მფლობელია საქართველოს თ-------------------------ის მმართველი კომპანია შპს ,,ჯ-----------------------ი“, რომლის 50-50%-ს ბ-----------–---–ის დეიდაშვილი უ-------–-–---–ი და თ-------------------------ის გენერალური დირექტორი გ-------------–---–ი ფლობენ;
- სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მიერ უძრავი ქონების შეძენა მოხდა მხოლოდ 1 ლარად, არამედ ქონების გადაცემა განხორციელდა 9 800 000 ლარის ღირებულების საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პირობით;
1.3. ცნობების გამოქვეყნება მოხდეს მაუწყებლობის იმავე საშუალებებით, პრაიმ-ტაიმის (19:00-24:00სთ) მონაკვეთში, ე------------ის საავტორო გადაცემის ,,კ---------–------ის“ ან სხვა ექვივალენტური გადაცემის ფარგლებში.
საბოლოო დაზუსტებული მოთხოვნა იხილეთ ს.ფ. 223.
სარჩელის საფუძვლები
2-1- წლის 21 მარტს, ტ--–-------------------------“-ს ეთერში გადაცემა ,,გ------------–----–------ი“ გაკეთდა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები საქართველოს თ-------------------------ის ერთ-ერთ მიმდინარე საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, გადაცემაში გაკეთდა განცხადება, რომ სს ,,ს----------–---------------------------–იას“, რომელიც მოხსენიებული იყო, როგორც მმართველი კომპანიის შვილობილი კომპანია, 1 ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 350.000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოს 2 450 000 ლარად ჰქონდა შეფასებული. გადაცემის ავტორმა დაასკვნა, რომ ვინაიდან მმართველი კომპანიის წილის 50%-ის მფლობელს წარმოადგენს უ-------–-–---–ი, შესაძლოა ითქვას, რომ მას სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 1 ლარად თითქმის 2.5 მილიონი ლარის უძრავი ქონება დაუკნონდა. საავტორო გადაცემის წამყვანმა გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომ სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მფლობელია თ-------------------------ის მმართველი კომპანია ,,ჯ-----------------------ი“, რომლის 50%-ს ბ-----------–---–ის დეიდაშვილი უ-------–-–---–ი და თ-------------------------ის გენერალური დირექტორი გ-------------–---–ი ფლობენ“.
იგივე სახის ინფორმაცია განმეორებით გავრცელდა ტ--–---------ის საინფორმაციო გამოშვებებში ,,კ--------ი“ მომდევნო დღეს 22 მარტს. 2-1- წლის 24 მარტს, ს-----–----–---------------------------“-ს საინფორმაციო გადაცემაში ,,კ--------ი“ გაკეთდა განცხადება, რომ გ---------ში მდებარე 2 500 000 ლარის ღირებულების ფართობი ერთ ლარად გადეცა ბ-----------–---–ის დეიდაშვილის კომპანიას. ასევე გაკეთდა განცხადება, რომ სს ,,ს----------–---------------------------–იის“ წილის 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს საქართველოს თ-------------------------ი/ სიუჟეტის დასრულებისას ნაჩვენები იყო ძველი, საბჭოთა პერიოდში აშენებული, ფაქტობრივად განადგურებული სათბური, რომელიც არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მიუხედავად ამისა, სიუჟეტით ეს ამგვარად წარმოჩინდა, თითქოსდა იმის დასტურად, რომ ს----------------------–-ას არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებია. ამ სათბურამდე მისასვლელად ტ--–---------ის წარმომადგენლებს უნდა გაევლოთ ის ადგილი, სადაც კ----------–-ის კუთვნილი სათბურებია განთავსებული და სადაც მრავალმილიონიანი ინვესტიცია უკვე განხორციელდა და კიდევ ხორციელდება. ასეთი ქმედება ტ--–---------ის არაკეთილსინდისიერების და არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელების განზრახვას ააშკარავებს.
2-1- წლის 25 მარტს თ-------------------------მა გაავრცელა ,,ს----------------------–-ის“ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების საპასუხოდ ჩაატარა სააქციო საზოგადოების მიერ განხორციელებული რეალური საქმიანობის, ინვესტიციების თაობაზე საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც ყოველი ბრალდება საფუძვლიანად, შესაბამისი მტკიცებულებებით იყო უარყოფილი. გავრცელდა შესაბამისი პრეს რელიზიც. უტყუარად დასაბუთებული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შემდეგ ,,რ----------“ 25 მარტს იძულებული გახდა ეს ინფორმაცია გაევრცელებინა, თუმცა 5 აპრილს ს-----–----–-----------ის, აგრეთვე საავტორო გადაცემის ავტორისა და წამყვანის ე------------ის მიერ კვლავ განხორციელდა ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მოსარჩელის შესახებ, რითაც მოპასუხეებმა მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანეს მაყურებელი და რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვა.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ს-----–----–--------------------------“-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები:
მოპასუხის განმარტებით, მისი განცხადება წარმოადგენს მის აზრს, შეფასებას, მსჯელობას და არა მოსარჩელის მიმართ გავრცელებულ ცილისმწამელბლურ, პატივისა და ღირსების შემლახველ განცხადებას;
მოპასუხე ე------------ემ შესაგებელი წარმოადგინა ვადის დარღვევით, რის გამოც წარმოდგენილი შესაგებელი დარჩა განუხილველი, თუმცა ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნები იმდაგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ერთი და იგივე შინაარსის განცხადებების უარყოფა, სასამართლომ ამ მოპასუხის მიმართ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განიხილა არსებითად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2-1- წლის 21 მარტს, ტ--–-------------------------“-ს ეთერში გადაცემა ,,გ------------–----–------ში“ და საინფორმაციო გამოშვებაში ,,კ--------ი“ გაკეთდა განცხადება, რომ 2--- წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის 1--- დადგენილებით პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ გ---------ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 350 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოს 2 450 000 ლარად ჰქონდა შეფასებული, პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა სს ,,ს----------–---------------------------–იას“, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის შექმნის მიზნით. ,,ს----------–---------------------------–იის“ მფლობელია თ-------------------------ის მმართველი კომპანია ,,ჯ-----------------------ი“. რომლის 50-50%-ს ბ-----------–---–ის დეიდაშვილი უ-------–-–---–ი და თ-------------------------ის გენერალური დირექტორი გ-------------–---–ი ფლობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- CD დისკი (ს.ფ. 23);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. უდავოა, რომ ტ--–-------------------------“-ს ეთერში გადაცემა ,,გ------------–----–------ი“ აღარ გადის იმავე სახით და იმავე ფორმატით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარეს იურიდიული პირი წარმოადგენს, მოპასუხეთა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტამდე კი, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამატებით რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილოს ყურადღება, კერძოდ;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით აღიარებულია გამოხატვის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ ამ ნორმის სუბიექტად აღიარებულია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მე-10 მუხლი ვრცელდება „ყველაზე“, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე (იხ. Autronic AG v Switzerland, 1990, §47). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც შეეხებოდა გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე დავას ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირს შორის (იხ. Steel and Morris v. the United Kingdom) არ გაიზიარა მოდავე მხარის მტკიცება, რომ ისეთ ძლიერ მრავალეროვნულ კომპანიას, როგორიც „მაკდონალდსია“, პრინციპულად უნდა ჩამორთმეოდა დიფამაციური ბრალდებებისაგან თავდაცვის საშუალება, ანდა მოპასუხეებს არ უნდა დაკისრებოდათ გაკეთებული განცხადებების სიმართლის დამტკიცების ვალდებულება. სიმართლეა ის, რომ ძლიერი კომპანიები შეგნებულად და აუცდენლად იყენებენ თავს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათი ქმედებები ღიაა ყოველმხრივი კრიტიკული განხილვისათვის... დასაშვები კრიტიკის ფარგლები ასეთ კომპანიებთან მიმართებაში გაცილებით უფრო ფართოა(იხ. Fayed v. the United Kingdom, 1994 წ.). თუმცა, ბიზნესის პრაქტიკის თაობაზე ღია დებატების საზოგადოებრივ ინტერესთან ერთად, არსებობს კომპანიების კომერციული წარმატებისა და სიცოცხლისუნარიანობის დაცვის კონკურენტული ინტერესიც, ამასთან, არა მარტო ამ კომპანიების აქციონერებისა და თანამშრომელთა ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ფართო ეკონომიკური სიკეთის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, სახელმწიფო სარგებლობს შეფასების თავისუფლებით შიდა კანონმდებლობის საფუძველზე საშუალებების უზრუნველყოფისას, რომელიც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს საკამათოდ გახადოს იმ განცხადებების სიმართლე, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მის რეპუტაციას, და შეამციროს ზიანი (იხ.markt intern Verlag GmbH and Klaus Beermann v. Germany, 1989 წელი). ამდენად, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით რეპუტაციის დაცვაზე სათანადო მხარედ შეიძლება მოგვევლინონ იურიდიული პირებიც, თუმცა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფლება, შიდა კანონმდებლობით დაარეგულირონ სამართლის სუბიექტის რეპუტაციის დაცვის საკითხი, როდესაც სადავო ხდება ცილისწამებიდან გამომდინარე ზიანი.
იურიდიული პირის მიმართ დიფამაციური განცხადების გავრცელების საკითხის შეფასებისას უნდა გაიმიჯნოს მოდავე სუბიექტის კანონით დაცული ის არაქონებრივი უფლებები, რომელთა ხელყოფამაც შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, იურიდიული პირი გათანაბრებულია ფიზიკურ პირთან ყველა იმ უფლებაში, რომელიც თვისობრივად არ უკავშირდება ადამიანს. პიროვნულ უფლებათაგან ნაწილი იურიდიულ პირს შეიძლება მხოლოდ მოდიფიცირებული ფორმით გააჩნდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2-01 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით (იხ.სუსგ N3კ/924-01) განმარტა შემდეგი: „იურიდიულ პირს არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული ისეთი სიკეთე, როგორიცაა პირადი ხელშეუხებლობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, ასევე, მორალურ განცდებთან დაკავშირებით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანი არ შეიძლება მიადგეს იურიდიულ პირს, რადგან მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა, და სხვა). ამდენად, იურიდიული პირის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ იურიდიულად უსაფუძვლოა“.
უდავოა, რომ იურიდიული პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საქმიანი რეპუტაცია, რომლის შელახვის გამო, შესაძლოა, განხილულ იქნას მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხი. იმისათვის, რათა გადაწყდეს საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ სარჩელის საფუძვლიანობა, პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას: რა არის საქმიანი რეპუტაცია?
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი თვისებები, რომელთაც საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს, გააჩნიათ მათ, ვინც მონაწილეობს ეკონომიკურ (კომერციულ) საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის. ასეთი ხელყოფით პირს შეიძლება მიადგეს მატერიალური ზიანიც, ე.ი ხელიდან გაუშვას მოგება, დაე.რგოს კლიენტი და სხვა“ (იხ. სუსგ N3/კ376-01, 18 ივლისი, 2-01 წელი). მითითებული განმარტების იურიდიული პირის მიმართ მოდიფიცირებისას შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმიანი რეპუტაციის შელახვა სახეზეა მაშინ, თუ გავრცელებული ცნობები ზეგავლენას ახდენს და ეწინააღმდეგება პირის მიერ შერჩეულ საკუთარ „საბაზრო სახეს“, ანუ კომერციულ შეხედულებას, რომლის დამკვიდრებაც იურიდიულ პირს სურს საზოგადოებაში და გავრცელებული ინფორმაცია მას მესამე პირებთან საქმიან ურთიერთობებში განაცდევინებს მარცხს.
ამდენად, სს ,,ს----------–---------------------------–ია“ უფლებამოსილია იდავოს მისი საქმიანი რეპუტაციის დარღვევის გამო.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციებს, სს ,,ს----------–---------------------------–იის“ განცხადებით, მოპასუხის მიერ ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებას მოჰყვა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვა.
მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებს მათ, როგორც ცილისწამებას. სასამართლომ კი უნდა დაადგინოს, გავრცელებული ცნობები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა ,,აზრის“ - შეფასებითი მსჯელობის ნაწილს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: ,,აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამებაა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელეების შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი.
უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს „კერძო პირს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიზნებისათვის.
სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.
მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის თანახმად, შეზღუდვის ინიციატორს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას.
მოსარჩლეები სადავოდ ხდიდნენ შემდეგ გამონათქვამებს:
სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მფლობელია საქართველოს თ-------------------------ის მმართველი კომპანია შპს ,,ჯ-----------------------ი“, რომლის 50-50%-ს ბ-----------–---–ის დეიდაშვილი უ-------–-–---–ი და თ-------------------------ის გენერალური დირექტორი გ-------------–---–ი ფლობენ“; ,,სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მიერ უძრავი ქონების შეძენა მოხდა მხოლოდ 1 ლარად“.
უდავოა, რომ სადავო გამონათქვამები ნამდვილად გავრცელებულია ტ--–-------------------------“-ს ეთერში გადაცემა ,,გ------------–----–------ში“ და საინფორმაციო გამოშვებაში ,,კ--------ი“. ,,გ------------–---–------ში“ გაკეთდა განცხადება, რომ 2--- წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N1--- განკარგულებით პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ გ---------ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სახელმწიფოს 2 450 000 ლარად ჰქონდა შეფასებული პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა სს ,,ს----------–---------------------------–იას“, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის შექმნის მიზნით.
,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე (აქვე უდა აღნიშნოს, რომ მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, ასეთი დავებისას მოპასუხეა თვითონ ინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია და არა დამფუძნებელი). ამის გამო ე------------ე ვერ ჩაითვლება იმ პირად, ვინც სპეციალური კანონის შესაბამისად, უნდა იყოს მოპასუხე და უნდა უარყოს გავრცელებული ინფორმაცია.
რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილესთან შესაბამისობას, სადავო განცხადებას საფუძვლად დაედო 2--- წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N1--- განკარგულება. ამ საჯარო დოკუმენტის თანახმად, განკარგულება გამოცემულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------------------------–იისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ამ განკარგულების 1 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 30 მაისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 და 28-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გ---------ში, კ-------ში მდებარე 350000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 8--1-.2-.3--) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს ,,ს----------–---------------------------–იას“ (ს/კ 4--------). თუმცა ამავე განკარგულებით განისაზღვრა გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობები, კერძოდ, საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში; ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 9800000 (ცხრა მილიონ რვაასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით: ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში; ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში; დ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის მოცულობის (წელიწადში არანაკლებ 1-00 (ათას ხუთასი) ტონა ბოსტნეული კულტურის წარმოება) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით: დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 1-00 (ათას ხუთასი) ტონა ბოსტნეული კულტურის არანაკლებ 25%-ის წარმოება; დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში არანაკლებ 1-00 (ათას ხუთასი) ტონა ბოსტნეული კულტურის 50%-ის წარმოება. ეს განკარგულება წარმოადგენს ერთან დოკუმენტს და შესაბამისად მისი შეფასება უნდა მოხდეს არა ცალკეული მუხლებით და პუნქტებით, არამედ მთლიანობაში, რომლის შეფასებისას ცხადი ხდება, რომ სს ,,ს----------–---------------------------–იამ“ უძრავი ქონების გადაცემისას აიღო ვალდებულება განეხორციელებინა არანაკლებ 9 800 000 ლარის ინვესტიცია, ამდენად განცხადება, რომ მოსარჩელემ ერთ ლარად შეიძინა თითქმის 2.5 მილიონი ლარის უძრავი ქონება, არ შეესაბამება სინამდვილეს. სასამართლოს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა გახდა გავრცელებული ინფორმაციის წყარო (1 ლარის თემაზე), მოპასუხემ ცალსახად განმარტა, რომ წყარო გახლდათ მთავრობის განკარგულება. შესაბამისად, ნათელია, რომ ინფორმაციის გავრცელებისას, მოპასუხეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა ენახა, რომ ქონება იყო პირობადადებული და მის გადაცემას უკავშირდებოდა მნიშვნელოვანი ფულადი ვალდებულებები.
სიუჟეტის გასვლისას ნაჩვენები იყო ძველი, ფაქტიურად განადგურებული სათბურის კადრები ტექსტით: ,,ეს არის სათბური, რომელზეც თ-------------------------ის ხელმძღვანელი საუბრობდა, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მასზე უკვე დაიხარჯა 10 მილიონი ლარი“, აღნიშნული ფაქტი არ ყოფილა გასაჩივრებული, რის გამოც სასამართლო არ იმსჯელებს ამ კადრების რეალობასთან შესაბამისობაზე.
რაც შეეხება სადავოდ გამხდარ მეორე გამონათქვამს: ,,სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მფლობელია საქართველოს თ-------------------------ის მმართველი კომპანია შპს ,,ჯ-----------------------ი“, რომლის 50-50%-ს ბ-----------–---–ის დეიდაშვილი უ-------–-–---–ი და თ-------------------------ის გენერალური დირექტორი გ-------------–---–ი ფლობენ“.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა. მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად კი, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ამდენად, ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა შეამოწმოს იურიდიული პირის, მისი მესაკუთრეებისა და დირექტორის შესახებ ინფორმაცია. საქმეს ერთვის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები, რომლის თანახმადაც 2--- წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მესაკუთრე არ არის მითითებული. 2--- წლის 3 სექტემბერს გაცემული სს ,,ს----------–---------------------------–იის“ ფასიანი ქაღალდების რეესტრის შესაბამისად, განთავსებული კაპიტალიდან 100%-იანი წილის მფლობელი არის შპს ,,ჯ-----------------------–--------ი“, 2--- წლის 4 ივნისის ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ჯ-----------------------–--------ის“ მესაკუთრე არის შპს ,,ჯ-----------------------ი“, 24 ივნისის ამონაწერით კი მესაკუთრეა შპს ,,ჯ--------“. 2--- წლის 4 ივნისის ამონაწერით შპს ,,ს----------–---------------------------–იის“ მესაკუთრეა შპს ,,ჯ-----------------------ი“. 2-1- წლის 16 თებერვლის ამონაწერით შპს ,,ჯ-----------------------ის“ გენერალური დირექტორია გ-------------–---–ი, მესაკუთრეები, 50-50%-იანი წილის მფლობელები გ-------------–---–ი და უ-------–-–---–ი; ამდენად, ჟურნალისტებს საჯარო დოკუმენტების ურთიერთშედარების შედეგად შეეძლოთ გამოეტანათ ასეთი დასკვნა, რის გამოც გავრცელებული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება ცილისწამებად.
ამავე დროს, მოსარჩელის წარმომადგენელმა, სხდომაზე განმარტა, რომ წარმოდგენილი არ ჰქონდა კიდევ უფრო ახალი ამონაწერი, რომელიც სხვა სურათს გვაძლევდა; თუმცა, სასამართლო რათქმაუნდა ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ მტკიცებულებებით, რაც წარმოდგენილია მხარეების მიერ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი;
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (CASE LAW): CASTELS VS. SPAIN; HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; LINGENS VS AUSTRIA; AUTRONIC AG VS SWITZERLAND; STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM; GORELISHVILI VS GEORGIA; JERSILD VS DENMARK; OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM; SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM; MALONE VS THE UNITED KONGDOM; WINGROWE VS THE UNITED KONGDOM; CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA; KYPRIANOU VS CYPRUS; PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK; RADIO FRANCE VS FRANCE; SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM; HRICO VS SLOVAKIA; BARFORD VS DANMARK; FRESSOZ AND ROIRE VS FRANCE; BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY; MCVICAR VS THE UNITED KINGDOM; ALVES COSTA VS PORTUGAL; OTTO PREMINGER INSTITUT VS AUSTRIA; BLADET TROMSO AND STENSAAS VS NORWAY; DICHAND AND OTHERS VS AUSTRIA; JANOWSKI VS POLAND; BUSUIOC VS MOLDOVA; MULLER AND OTHER VS SWITZERLAND; WHITE VS SWEDEN; THOMA VS LUXEMBURG;
წინამდებარე სამართალწარმოებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება საქმეზე PETRENCO v. MODLOVA (2-10 წლის 30 მარტი).
საქართველოს კონსტიტუცია;
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას;
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.
ძნელია არ დაეთანხმო სხვადასხვა მეცნიერთა მიერ განვითარებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ „გამოხატვის“ მოთხოვნილება იმანენტურად ახასიათებს ადამიანს, როგორც მოაზროვნე არსებას. იგი განპირობებულია იმით, რომ გონება ადამიანის ბუნებრივი მონაპოვარია, ხოლო შემეცნების შესაძლებლობა - ამ გონების განუყოფელი ატრიბური. სწორედ აქედან წარმოდგება ადამიანის ბუნებითი უფლება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, რომელსაც მას გონება კარნახობს ჭეშმარიტების სახით (თუნდაც ის ცდებოდეს). გამოხატვის თავისუფლება, როგორც საჯარო ინტერესის მიღწევის საშუალება, ნათლად დაასაბუთა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ - უენდელ ჰოლმსმა. მან შექმნა მეტაფორა - „იდეათა თავისუფალი ბაზარი“. ჰოლმსი, ყველაზე უფრო გააფთრებული და მცდარი შეხედულებების გამოთქმის დასჯადობის წინააღმდეგ გამოდიოდა.
მეორეს მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას, მისი ონტოლოგიური ბუნების გამო, სხვა ინტერესებში და უფლებებში შეჭრის დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც თავისთავად გამორიცხავს მის „აბსოლუტურ“ და თუნდაც სავსებით შეუზღუდავ ბუნებას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ როგორც აღვნიშნეთ გამოხატვის თავისუფლება ერთდროულად ორმაგი ბუნებისა და ღირებულების მატარებელია და ის სხვა ძირითადი უფლებების რეალიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტია, თავისთავად უკიდურესად რთულდება მისი შეზღუდვის, მასში ჩარევის გამართლების ლეგიტიმური გზების მოძებნა და გამოყენება. ამიტომაც, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა თავისთავად გულისხმობს რეალური, ჯანსაღი თავისუფლების დამკვიდრებას, რომელსაც არ ახლავს შიშის გრძნობა და ერთგვარი მოლოდინი იმისა, რომ გამოხატული შეხედულების გამო ადამიანი შეიძლება დაექვემდებაროს რეპრესიას, დევნას, შევიწროებას. ანდა ამან დააბრკოლოს მისი პროფესიული წინსვლა თუ კარიერული წარმატება.
არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ინგლისელი ფილოსოფოსისა და იურისტის - ჯ. ს. მილის ტრაქტატს „თავისუფლების შესახებ“. მილმა დაასაბუთა, რომ დაშვებული უნდა ყოფილიყო საზოგადოების მიერ საყოველთაო აღიარებული და გამართლებულად მიჩნეული ნებისმიერი დებულების კრიტიკის შეუზღუდავობა. მან განმარტა, რომ რომელიმე აზრის გამოთქმის აკრძალვა იგივეა, რაც საზოგადოების მხრიდან თავისი უცოდველობის, შეუმცდარობის აღიარება. მილის აზრით, როდესაც განსხვავებული შეხედულებანი მცდარია, ის მაინც შეიძლება სხვა შეხედულებებთან შეჯერების შედეგად ახალი, უფრო გონივრული ჭეშმარიტების მიზეზად მოგვევლინოს. მისი აზრით (რასაც ცალსახად იზიარებს სასამართლო), როდესაც საზოგადოებრივი აზრი აღარ დაექვემდებარება კრიტიკას, ეს ე.წ. „საზოგადოების მიერ აღიარებული ერთადერთი ჭეშმარიტება“, დაემსგავსება აკვიატებულ აზრს და ის დაკარგავს სიცოცხლისუნარიანობას. სასამართლოს აზრით, ასეთი საზოგადოება, არაფრით იქნება განსხვავებული აბსოლუტური მონარქიის პერიოდის საზოგადოებისაგან და შესაბამისად, ის მოკლებული იქნება იმ საზოგადოებრივი სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ცივილიზებულ სამყაროში დაკავშირებულია რეფორმაციის, სხვადასხვა რევოლუციების მონაპოვართან - ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან.
სასამართლო ძალიან მოკლედ აღწერს გამოხატვის თავისუფლების ისტორიული განვითარების პერიპეტიებს:
ბეჭდვის გამოგონებამდე, გამოხატვის თავისუფლების ისტორია ევროპაში მჭიდროდ უკავშირდებოდა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების ისტორიას. აბსოლუტური მონარქიების დროს ევროპაში ეს თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდა და გამონაკლისი იყო მხოლოდ ინგლისი. საფრანგეთში, ე.წ. ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ პირველად დადგინდა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.
საკუთრივ პრესის თავისუფლების ისტორია 3 ძირითად ეტაპად შეიძლება დაიყოს: მკაცრი წინასწარი ცენზურისა და რეპრესიული რეჟიმის ერთდროულად არსებობის პერიოდი; წინასწარი ცენზურის გაუქმების შემდეგ მკაცრი რეპრესიული სისტემის პერიოდი (რეპრესიული სისტემა გამორიცხავს პუბლიკაციის წინასწარი აკრძალვებს და შემოიფარგლება მხოლოდ აზრის გამოხატვის შემდგომი იურიდიული შედეგებით); ლიბერალური რეპრესიული სისტემის ჩამოყალიბება. ამ მხრივ ინოვაციური მიდგომებით ისევ ევროპული ქვეყნები - ძირითადად ინგლისი და მოგვიანებით საფრანგეთი გამოირჩეოდნენ. პირველი - 1695 წელს სწორედ ინგლისში გაუქმდა წინასწარი ცენზურა (ის ასევე გაუქმდა შვედეთში - 1766 წელს, დანიაში - 1770 წელს, საფრანგეთში - 1789 წელს და სხვა). შესაბამისად, ევროპული ქვეყნები მეთოდურად მიდიოდნენ გამოხატვის თავისუფლების გამარჯვების იდეისაკენ. ამ გზაზე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია, რომლის მე-11 მუხლითაც, პირველად ევროპაში გაცხადდა, რომ „იდეებისა და შეხედულებების გავრცელება ადამიანის ერთერთი უძვირფასესი უფლებაა. დაუშვებელია ადამიანზე ზეწოლა აზრის გამო, თუკი არ ირღვევა საჯარო წესრიგი“. აღნიშნულ დეკლარაციაზე თავის მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 1776 წლის ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციამ და 1791 წლის უფლებათა ბილმა.
მეორე მსოფლიო ომში, ადამიანის უფლებათა მასობრივმა და ძალიან უხეშმა დარღვევებმა დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საჭირო იყო ადამიანის უფლებათა (მათ შორის გამოხატვის თავისუფლების) დაცვისათვის აუცილებელი ქმედითი რეგულაციებისა და მექანიზმების შექმნა. ადამიანის უფლებათა დაცვა ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, ხოლო ადამიანი, თავად გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი (ჩამოყალიბდა ე.წ. „სპეციფიკური სუბიექტუნარიანობის“ ცნება, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის სრულყოფილი სუბიექტი არის მხოლოდ ისეთი სუბიექტი, რომელიც ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის - სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები). უპირველესი ნაბიჯი ამ კუთხით 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ანსამბლეას მიერ მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გახლდათ. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ადამიანის და ხალხის უფლებათა აფრიკული ქარტია, ევროპის კავშირის ქარტია ძირითადი უფლებების შესახებ და სხვა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ამ საერთაშორისო ხასიათის მქონე სამართლის წყაროს მე-19 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას გააჩნდეს საკუთარი აზრი ჩარევის გარეშე, აგრეთვე, თავისუფლებას, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი მედიის საშუალებით და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი ასევე შეიცავს აზრის, ინფორმაციის, იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების უსაზღვრო თავისუფლებას და მხოლო ვიწროდ განსაზღვრულ და კონკრეტულ პირობებში მიიჩნევს დასაშვებად ამ თითქმის უკიდეგანო თავისუფლების შეზღუდვას (სხვათა უფლებების დასაცავად და სხვა).
სასამართლო აქვე აღნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებს, რომლებითაც, საერთაშორისო სამართლის წყაროების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, აღიარებულია აზრის, სინდისის, სიტყვის, აღმსარებლობისა და რწმენის, ასევე მათი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია მათში ჩარევა, თუ მათი განხორციელება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ამ თავისუფლებათა შეზღუდვა კი, დასაშვებია მხოლოდ კანონით (მუხლი 24) და მხოლოდ ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად და სხვა (იხ. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
გარკვეულწილად, კონსტიტუციის აღნიშნული რეგულაციები და მასში მოცემული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალი, ნასულდგმულებია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფორმულირებით. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს განსახილველი სამართალურთიერთობის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანეს ნორმას და სწორედ მას დაუთმობს სასამართლო ყველაზე დიდ ყურადღებას (შესაბამის პრეცედენტულ სამართალთან ერთად) და მიაკუთვნებს უმნიშვნელოვანეს როლს ასეთი ღირებულებათა კონფლიქტის გადაწყვეტის ჭრილში.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს და თანაც ეროვნული კანონმდებლობის ზემდგომი სამართლის წყაროა (საქართველოს კონსტიტუციის გარდა), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული საერთაშორისო სამართლის წყაროს მიერ არის დადგენილი ევროპაში გამოხატვის თავისუფლების (FREEDOM OF EXPRESSION) არსისა და ფარგლების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი - მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც:
1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების, კონვენციის სხვა მუხლების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (ე.წ. CASE LAW). სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, აღქმულ უნდა იქნეს სამართლის პირდაპირ წყაროდ, თანაც ისეთ წყაროდ, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას სამართლის წყაროთა იერარქიაში. აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებანი და გადაწყვეტილებანი ხსნიან და განმარტავენ კონვენციის ტექსტს, ისინი, სავალდებულო პრეცედენტებია და ამდენად, მოახდენენ თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფონი (მათ შორის საქართველოც) კონვენციის რატიფიცირებას, სახელმწიფოს ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა, ევროპის სასამართლოს სამართალი უნდა აღიაროს სავალდებულოდ შესასრულებლად.
კონვენცია, ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ“ და „შეზღუდვად“ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს. თუმცა, როგორც ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული მიდგომებიდან გამომდინარეობს, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თეზები უნდა განიმარტოს ძალიან ვიწროდ. საქმეში - OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM, სასამართლომ განმარტა, რომ „გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება რიგ გამონაკლისებს, რომლებიც განმარტებული უნდა იყოს ვიწროდ. ამა თუ იმ „შეზღუდვის აუცილებლობა სარწმუნოდ უნდა იყოს დადგენილი“. მთავარი კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც ევროპის სასამართლომ შეიმუშავა, მდგომარეობს იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, და ის წარმოადგენს დემოკრატიის საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების წინაპირობას. აღნიშნული ფუძემდებლური დეფინიცია სასამართლომ ყველაზე უფრო სრულყოფილად გადმოსცა საქმეში -HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; მასში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა გამოხატვის თავისუფლების ორმაგი დატვირთვა და მისი დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობა (აღნიშნული განჩინება ევროპის სასამართლოს ყველაზე უფრო ციტირებად განჩინებას წარმოადგენს). ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა - ლუციუს ვილდჰაბერმა მას „ზარის რეკვასავით ხშირად განმეორებადი დეკლარაცია“ უწოდა (იხ. „გამოხატვის თავისუფლება“; ევა გოცირიძე; თბილისი 2-08წ.).
სწორედ ჰენდისაიდის საქმეში გამოიყენა ევროპის სასამართლომ ცნობილი ფრაზა - “offend, shock or disturb”; აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“. ევროპის სასამართლო, საზოგადოდ შემწყნარებელია ისეთი იდეებისა და ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ზიანს აყენებენ იმ პირთა უფლებებს, რეპუტაციას ვისკენაც არის ისინი მიმართული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული პრესა და ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული ცნება - „საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსია“ (განსახილველ დავაშიც ხომ ამ ორი უმნიშვნელოვანესი აქტორის მონაწილეობა გვაქვს სახეზე). თუმცა, ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით, კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში „ჩარევა“ სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფორმულა - offend, shock, disturb, გაგებული უნდა იქნას არა ისე, რომ შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია თუ იდეა ყოველთვის და აბსოლუტურად დაცულია, არამედ ისე, რომ ასეთი ინფორმაციაც და იდეაც, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული.
იმისათვის, რომ შეზღუდვა, ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია რომ ასეთი შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული - ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით. ანუ, გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტის მაღალი დაცვისათვის, აუცილებელია გარკვეული შემუშავებული რეგულაციები სახელმწიფოს მიერ, რომელიც პირს ნათლად დაანახებს რა წესითაა გათვალისწინებული ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი თავისუფლების შეზღუდვა. საქმეში - SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა, ვერ ჩაითვლებოდა გამართლებულად, თუ ის კანონზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმის საფუძველზე განხორციელდა. ნათელი და განჭვრეტადი კანონის თაობაზე რეგულაციას ასევე შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი საქმეებია CASE OF MALONE VS THE UNITED KONGDOM და CASE OF WINGROWE VS THE UNITED KONGDOM და სხვა.
ასევე, იმისათვის, რომ შეზღუდვა გამართლებულად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია რომ ეს „კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში; ესენია: სახელმწიფო უშიშროება, დანაშაულის თავიდან აცილება, სასამართლოს ავტორიტეტი, სხვათა რეპუტაცია, სხვა უფლებები და ა.შ.
თუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდა შესაბამისი კანონის გარეშე, ასევე ეს ჩარევა არ ემსახურება ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს, სასამართლო თავისთავად ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (ისე რომ აღარც გადადის ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე).
რაც მთავარია, ამ ორი ასე ვთქვათ - წინარე ეტაპების გადალახვის შემთხვევაში (სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, რომ უმრავლესობა საქმეებისა გადალახავს ხოლმე ამ ორ მოცემულობას), ევროპული სასამართლო უკვე მსჯელობს თუ რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში (necessary in the democratic society). აღნიშნული, ასევე გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ევროპის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, სწორედ ამა თუ იმ ჩარევის შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ - „აუცილებლობასთან“ იქცევა ხოლმე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის განმაპირობებელ ძირითად ასპექტად. მოპასუხე სახელმწიფოები - ხელშემკვრელი მხარეები, სწორედ მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებაში განხორციელებული ჩარევის დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობას ვერ ასაბუთებენ იმ შემთხვევებიდან უმრავლესობაში, რომლებშიც სტრასბურგი ადგენს მე-10 მუხლის დარღვევას. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა შემთხვევებში, ევროპის სასამართლოს მიერ არ არის ხოლმე შეწყნარებული სახელმწიფოთა მითითებანი შეზღუდვის აუცილებლობასთან (დემოკრატიულ საზოგადოებაში) მიმართებაში.
თავის მხრივ, შეფასება - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, მოიცავს ორ კომპონენტს: უფლებაში ჩარევის „აუცილებობისა“ და ჩარევის „თანაზომიერების“ შეფასებას.
სასამართლო, განსახილველ საქმეში თავს შეიკავებს ზემოაღნიშნული მე-2 კომპონენტის - „ჩარევის თანაზომიერების“ კრიტერიუმის ზოგად განხილვასა და ამ კონკრეტულ სამართალურთობასთან მიმართებაში შეფასებაზე, რამეთუ ამ საქმეში მოთხოვნილია მხოლოდ დიფამაციური განცხადების საჯაროდ უარყოფა და არ არის მოთხოვნილი ამა თუ იმ ოდენობის მატერიალური ანაზღაურება. ევროპის სასამართლო, ჩარევის თანაზომიერების საკითხის უარყოფით გადაწყვეტას, როგორც წესი გამოხატვის თავისუფლებისათვის შეუსაბამოდ მაღალი სანქციით, ან სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყების არაპროპორციული ხასიათით ხსნის; მაგ: საქმეში CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო მოხელეთა დიფამაციას, ევროპულმა სასამართლომ აღიარა უფლებაში ჩარევის აუცილებლობა და მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება, თუმცა ასევე მიიჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება და გამოყენებული სანქციები (თავისუფლების აღკვეთა და სხვა), ნამდვილად არ იყო პროპორციული და შესაძლოა მათ ექონიათ „მსუსხავი ეფექტი“ პრესის თავისუფლებაზე. აღნიშნული გამო, სტრასბურგმა მე-10 მუხლის დარღვევა სცნო (მსგავსი მიდგომებია გამოყენებული საქმეებში - KYPRIANOU VS CYPRUS, PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK, RADIO FRANCE VS FRANCE და სხვა).
სასამართლო, ზემოაღნიშნული ფორმულიდან - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ყურადღებას გაამახვილებს სწორედ პირველ კომპონენტზე: უფლებაში ჩარევის „აუცილებობა“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმის სათანადოდ შეფასება წყვეტს ხოლმე ევროპის სასამართლოში, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართებულობის საკითხს და ასევე ეს ცნება იქნება განმაპირობებელი წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე მსჯელობისას.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თავისთავად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად უნდა განიხილებოდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ამა თუ იმ გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფის დავალება, როგორც ამას ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული მიდგომის საფუძვლიანობას ადასტურებს თუნდაც ევროპის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება საქმეში - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ სამეფოში გამართული „დიფამაციური პროცესი და მისი შედეგები“ (იგულისხმება სასამართლო სამართალწარმოება და ამის შედეგად განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს მიერ), წარმოადგენდა მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რისთვისაც სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო. შესაბამისად, ნათელია, რომ სანამ სასამართლო ასეთი ფორმით „ჩაერევა“ და „შეზღუდავს“ გამოხატვის თავისუფლებას (განსახილველ შემთხვევაში - მედიის გამოხატვის თავისუფლებას), მან უნდა შეაფასოს და გაიაროს ის ტესტი, რომლითაც აფასებს ევროპის სასამართლო სწორედ ჩარევისა და შეზღუდვის აუცილებლობას.
ევროპის სასამართლოს მიერ, პრეცედენტული სამართლით შემუშავებულია გარკვეული მიდგომები და კრიტერიუმები, გარკვეული გამოკვეთილი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზემოაღნიშნული „ჩარევის აუცილებლობის“ შეფასებაზე; ასეთი ფაქტორები, იმის გათვალისწინებით თუ რომელი ფაქტორი რა მიმართებაშია სხვა ფაქტორთან, ხშირად წარმოქმნილი ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის სხვადასხვა ბალანსს სვამენ:
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია საკითხი, შეეხება თუ არა ესა თუ ის გამოხატვა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს (როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული გარემოება, უმეტესად გამოხატვის სასარგებლოდ ბალანსის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს); ევროპის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის გაგება ძალიან ფართოა. მასში იგულისხმება მრავალი სფერო, რაც საზოგადოების მხრიდან ზრუნვისა და ინტერესის საგანია: საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, მორალი, ეკონომიკური საკითხები და სხვა. სტრასბურგი ამბობს, რომ ის რაც ნამდვილად არ იგულისხმება მასში, ეს არის ადამიანთა პირადი თუ ოჯახური ცხოვრება, თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისი და მიჩნეულია, რომ პოლიტიკოსისა და მაღალი თანამდებობის პირის, ასევე რიგ შემთხვევაში საზოგადოდ ცნობადი პირის პირადი ცხოვრება შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. სწორედ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების თაობაზე საჯარო დებატებში მონაწილეობა არის ის კრიტერიუმი, რომლის გამოც ღირებულებათა კონფლიქტში უპირატესობა გამოხატვის თავისუფლებას ენიჭება. ზემოაღნიშნულ საქმეში - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კ----------–-ის რეპუტაციის შელახვის საკითხებს შეეხებოდა, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ კ----------–-ის საწინააღმდეგოდ გავრცელებული ინფორმაცია, წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს და ასეთ საკითხებზე თავისუფალი და ღია საჯარო განხილვის უზრუნველყოფა უარსებითესი იყო დემოკრატიული საზოგადოებისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებაში გამოთქმული თითოეული ეპიზოდის ზედმიწევნით დამტკიცების მოთხოვნა, არ შეესაბამებოდა დემოკრატიისა და პლურალიზმის ღირებულებებს. აღნიშნული მიდგომების დასტურად გამოდგება ევროპის სასამართლოს მიერ განხილული სხვა არაერთი საქმე (მათ შორის, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული უმრავლესი საქმე).
ასევე მნიშვნელოვანია, რა სფეროს შეეხება გამოხატვა და ვის მიმართ არის ის გამოთქმული (პოლიტიკის სფერო და პოლიტიკოსთა მიმართ გამოთქმული თუნდაც შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მასმედიის თავისუფლების სფერო და სხვა); აქ სტრასბურგის სასამართლო აყალიბებს გარკვეულ გრადაციებს და შეიმუშავებს ე.წ. „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებს: დასაშვები კრიტიკის ფარგლები ყველაზე ფართოა ხელისუფლებისა და მის წარმომადგენელთა (პოლიტიკური თანამდებობის პირები) მიმართ. აქ სტრასბურგის სასამართლო, არ მოითხოვს, რომ ფაქტების აბსოლუტური სიზუსტით იყოს დამტკიცებული და საკმარისად მიიჩნევს, თუნდაც მცირედი ფაქტობრივი წინაპირობის არსებობას. საქმეში - CASTELS VS SPAIN, ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ მთავრობის მოქმედებათა გაკრიტიკების უფლება წარმოადგენს არჩეული წარმომადგენლის სიტყვის თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს. ამ მხრივ, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესოა - CASE OF LINGENS VS AUSTRIA; ამ საქმეში, სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული კანონი, რომელიც ჟურნალისტისაგან მოითხოვდა დაემტკიცებინა თავისი აზრის სისწორე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს აზრი პოლიტიკურ ფიგურებს შეეხებოდა, უმართებულოდ ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას და არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ასევე მნიშვნელოვანია საქმეა - DICHAND AND OTHERS VS AUSTRIA; ამ საქმეში (რომელიც ეხებოდა პარლამენტის საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარის - ბატონის გრაფის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს), ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ მართალია სტატია სუსტ ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობოდა და პოლიტიკური ხასიათის იყო, მაგრამ ის არ არღვევდა დასაშვების კრიტიკის ფარგლებს და ამიტომაც მან სცნო კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა ამ სტატიის შეზღუდვის გამო. ამ საკითხზე ასევე „კერძო“ და „საჯარო“ პირის ცნებებს შემოიღებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები და ამ ორი პირის მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების მიმართ დაცვის სხვადასხვა საფეხურებს აწესებს (მუხლები მე-13 და მე-14). დასაშვები კრიტიკის ფარგლები ასევე შედარებით ფართოა საჯარო მოსამსახურეთა მიმართ (თუმცა, რათქმაუნდა უფრო ვიწრო, ვიდრე პოლიტიკოსების მიმართ); საჯარო მოსამსახურეები, იმის გამო, რომ მათ შეგნებულად არ აურჩევიათ ღია პოლიტიკური კარიერა და შესაბამისად, შედარებით ნაკლებად დააყენეს თავიანთი თავი საზოგადოებრივი სამსჯავროს წინაშე, რათქმაუნდა მცირედით მეტი დაცვით სარგებლობენ. გარდა ამისა, ევროპის სასამართლო ხელმძღვანელობს მიდგომით, რომ რაც უფრო დაუცველია პირი, მით მეტია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება მისი დაცვისა; სასამართლო ასევე ანიჭებს მნიშვნელობას, თუ კრიტიკაზე პასუხის გაცემის რა საშუალებები გააჩნია ამ კრიტიკის ადრესატს. თუ კრიტიკის ადრესატი, აღჭურვილია თავის დაცვის ქმედითი ბერკეტებით, მაშინ რთულდება მისი სახელმწიფოს მიერ დაცვის სტანდარტის დარღვევის დადგენა. საქმეში - JANOWSKI VS POLAND, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ შეიძლებოდა სახელმწიფო მოხელეთა გათანაბრება პოლიტიკოსებთან, ვინაიდან საჯარო მოხელეები, სამოხელეო ეთიკის ფარგლებში შეზღუდულნი არიან საჯარო განცხადებების გზით დაიცვან თავიანთი თავი და მათ არც პასუხის გაცემის ადეკვატური საშუალება უპყრიათ ხელთ. შესაბამისად, სახელმწიფოს მეტი ლეგიტიმური საფუძველი აქვს დაიცვას მათი უფლებები. აღნიშნული მიდგომა კიდევ უფრო ძლიერდება მოსამართლეებთან მიმართებაში. გარდა ამისა, მოსამართლეთა პირად უფლებას - მათი რეპუტაციის დაცვის შესახებ რიგ შემთხვევებში ემატებათ მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების საჯარო ინტერესიც, რაც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მნიშვნელოვან იარაღს ქმნის ღირებულებათა კონფლიქტში (მაგ: CASE OF SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM, HRICO VS SLOVAKIA, BARFORD VS DANMARK და სხვა). ყველაზე უფრო შეზღუდული არის დასაშვები კრიტიკის ფარგლები კერძო პირთა მიმართ, თუმცა, არც ამ შემთხვევაში გვაქვს ცალსახა მიდგომები. საინტერესოა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ევროპის სასამართლო კერძო პირის მიმართ კრიტიკის მიუხედავად, სასწორს მაინც გამოხატვის თავისუფლების სასარგებლო გადახრის ხოლმე; განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც საკითხი ეხება საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსიებში მონაწილეობას და ასევე ღირებულებათა კონფლიქტში ჩართულია პრესის თავისუფლება. ასევე ჯეროვანი ყურადღება მიექცევა ზიანს, რომელიც პირმა განიცადა; მაგალითად საქმეში - FRESSOZ AND ROIRE VS FRANCE, რომელშიც კრიტიკა მიმართული იყო საფრანგეთის ავტომანქანების მწარმოებელი ერთერთი მსხვილი კომპანიაში არსებულ დავაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან საკითხი მიმართული იყო გარკვეული სამუშაოებისა და გადასახადებისაკენ, ის იპყრობდა დიდ საზოგადოებრივ ყურადღებას და ამიტომაც, „საზოგადოებრივი ინტერესი ყოფილიყო ინფორმირებული, გადასწონიდა სხვა საკითხებს“. ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლება საქმეში - BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ საზოგადოებისათვის მაღალი აქტუალობის მქონე საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების ჭრილში არ უარყო და არ დასაჯა პრესა ისეთი სტატიებისათვის, რომლითაც უკიდურესად შეიძლებოდა, რომ შელახულიყო ერთ-ერთი ცნობილი პლასტიკური ქირურგის რეპუტაცია უხარისხო მომსახურებაში მისი დადანაშაულების გამო. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კერძო პირთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ვიწრო ფარგლები, თავის რეალურ შინაარსს მაშინ იძენს, როდესაც საქმე ეხება ძალიან მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან უკიდურესად სერიოზულ და ამავე დროს სავსებით უსაფუძვლო ბრალდებას. ამ მხრივ საინტერესოად საქმე - MCVICAR VS THE UNITED KINGDOM; საქმეში, ჟურნალისტმა უკიდურესად მძიმე ბრალი წაუყენა ცნობილ სპორტსმენს - ამხილა რა იგი აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ასეთ დიფამაციურ განცხადებას, რეალურად შეეძლო მძიმე შედეგები მოეტანა ამ სპორტსმენისათვის და შესაბამისად, აქ უკვე ამ განცხადების ნამდვილობის და დასაბუთების მოთხოვნა ჟურნალისტის მიმართ გამართლებული იყო. ასევე ცნობილია საქმეა - ALVES COSTA VS PORTUGAL. აღნიშნული საქმე ეხებოდა პრესაში გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომლითაც ავტორი ბრალს დებდა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების დირექტორს სამედიცინო ცენტრში დაბალი დონის მკურნალობის გამო საკუთარი (იგულისხმება სტატიის ავტორი) ქალიშვილის გარდაცვალებაში. აქ ევროპის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ დიფამაციის ავტორი ვალდებული იყო ასეთი მძიმე ბრალდების (ადამიანის სიკვდილი) გარკვეული ფაქტობრივი საფუძველის მაინც წარმოედგინა. ზემოაღნიშნული - BERGENS TIDENDE საქმისაგან განსხვავებით, აქ ბრალდება იყო ბევრად უფრო მძიმე და სერიოზული. ამიტომაც ევროპის სასამართლომ არ დაიცვა ასეთი გამოხატვის თავისუფლება.
კერძო პირების დასაშვები კრიტიკის ფარგლების თაობაზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ როდესაც ეს კერძო პირები თუ ასოციაციები მოღვაწეობენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხების სფეროში, მათ მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები ფართოვდება და მიჩნეულია, რომ ასეთ დროს კრიტიკისადმი მათ მეტი მოთმენა მართებთ. ზემოაღნიშნული საქმე - STEEL AND MORRIS VS THE UNIED KINGDOM, სწორედ რომ ისეთ სუბიექტს შეეხებოდა, რომელიც თითქოს - ერთი შეხედვით კერძო სამართლის სუბიექტს და შესაბამისად „კერძო პირს“ წარმოადგენდა. თუმცა, ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი „კერძო პირები“, თავიანთი გავლენიანი მდგომარეობის გამო, ვერ იქნებიან ისევე დაცულები, როგორც რიგითი მოქალაქეები. ამ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ ის საფუძველი, რის გამოც დასაშვებია ხელისუფლების ორგანოთა კრიტიკა, თანაბრად შეესატყვისებოდა ძლიერ კ----------–-ებს, მათ შორის იმის გამოც, რომ მათი საბაზრო ძალაუფლება იყოს დაბალანსებული მაღალი ანგარიშვალდებულებით (აღნიშნული მსჯელობა უაღრესად მნიშვნელოვანია წინამდებარე სამართალურთიერთობისათვისაც). საბოლოოდ, ევროპული სასამართლოს მიდგომით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიების მიმართ, ე.წ. „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლების გაცილებით ფართოა. კერძო პირების კრიტიკის დასაშვებობისა და შემწყნარებლობის მაგალითია ასევე საქმე - BUSUIOC VS MOLDOVA; ამ საქმე სასამართლო ასევე მჭიდროს დააკავშირებს მიმდინარე სამართალწარმოების შინაარსთან. საქმე ეხებოდა სახელმწიფო აეროპორტის ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც, შეფასებითი მსჯელობის გარდა, ფაქტებსაც გადმოსცემდნენ. ევროპულმა სასამართლომ, ამ საქმეში, მართალია სცნო, რომ არასწორი და დაუსაბუთებელი ფაქტების გადმოცემა არ შეესაბამებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მაგრამ აღნიშნული დასკვნა გაკეთდა რამდენიმე გარემოების გამო: ბრალდება იყო უკიდურესად სერიოზული და ეხებოდა ქრთამის აღების თაობაზე მსჯელობას; გარდა ამისა, კრიტიკა მიმართული იყო უშუალოდ პიროვნებების (და არა უწყების - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აეროპორტის) მიმართ და კონფლიქტში ჩართული იყო მათი პირადი რეპუტაცია; ეს პირები არ წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს და თანაც კრიტიკა არ იყო დასაბუთებული მცირედი ფაქტობრივი საფუძვლითაც კი. ამ საქმისაგან განსხვავებით, მიმდინარე სამართალწარმოებაში, კრიტიკა არ შეიცავს მძიმე (საუბარი არ არის კანონდარღვევებზე) და ამავე დროს პიროვნულ ბრალდებებს; თანაც კრიტიკა გამოთქმულია უწყების და არა პიროვნების მიმართ.
ასევე მნიშვნელოვანია ვის მიერ არის გამოთქმული კრიტიკა; როგორია ინფორმაციისა და იდეების შინაარსი; ჩართულია თუ არა ღირებულებათა კონფლიქტში მედია; როგორია ის აუდიტორია, ვისთვისაც გახდა ინფორმაცია ხელმისაწვდომი (CASE OF MULLER AND OTHER VS SWITZERLAND), როგორია კანონიერი ინტერესებისათვის (მაგ: რეპუტაციისათვის) მიყენებული ან პოტენციური ზიანი და სხვა. სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელობა ენიჭება აზრისა და ფაქტის დეფინიციებს. აზრი, რომელიც არის შეფასებითი კატეგორია და ნაკლებად ექვემდებარება მტკიცებას, შედარებით უფრო დაცულია. თუმცა არც ეს დაცვაა აბსოლუტური: ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ რაც უფრო უხეში და სერიოზული ბრალდების შემცველია აზრი, და ამავე დროს რაც უფრო დაუცველი პირის მიმართ არის ის გამოთქმული, მით მეტია ალბათობა ასეთი გამოხატვის შეზღუდვისა. მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული ფაქტების გავრცელება. თუმცა აბსოლუტური და ერთობლივი მიდგომა არც აქ არსებობს; ევროპის სასამართლო. მოწოდებულია შეიწყნაროს გარკვეული - თუნდაც მცირე ფაქტობრივი მონაცემების შემცველი ინფორმაცია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი აქტორები როგორებიცაა „საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები“ და პრესის თავისუფლება; ასევე როდესაც გამოხატვა მიმართულია ნაკლებად დაცვადი (ანუ სახელმწიფოს დაცვის ნაკლები მოთხოვნილების მქონე) პირისადმი - ხელისუფლების ორგანოს, ძლიერი ეკონომიკური სუბიექტის, პოლიტიკოსის მიმართ (აღნიშნულზე ზემოთ დეტალურად უკვე ვისაუბრეთ).
კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბალანსის სწორედ გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ გადახრას იწვევს, არის პრესა და მისი მონაწილეობა ღირებულებათა კონფლიქტში. საქმეში - LINGENS VS AUSTRIA, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ პრესა უნდა ეცადოს და არ გადააბიჯოს იმ ზღვარს, რასაც სხვათა რეპუტაციის დაცვა ჰქვია, მას უპირველეს ყოვლისა ევალება ინფორმაციისა და იდეების გავრცელება როგორ პოლიტიკურ, ასევე საზოგადოების ინტერესების სფეროში შემავალ სხვა საკითხებზეც. ასეთი ინფორმაციისა და იდეების გავრცელება არა მხოლოდ პრესის ვალდებულებაა, არამედ საზოგადოებასაც აქვს უფლება მათი მიღებისა“. ჩვენ, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ გამოხატვის თავისუფლება, როგორც საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსიის გამართვის საშუალება, იმავდროულად თვითონ წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს. ეს დებულება ათმაგ დატვირთვას იძენს, როდესაც საქმე პრესის თავისუფლებას შეეხება. „გამოხატვის თავისუფლების პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს პრესისათვის, რომლის წამყვანი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს“ (CASE OF CASTEL VS SPAIN); „კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ პრესის თავისუფლებას, მოამარაგოს საზოგადოება ინფორმაციით, არამედ საზოგადოების უფლებასაც - იყოს სათანადოდ ინფორმირებული“ (CASE OF SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM). საგულისხმოა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის „დეკლარაცია მედიაში პოლიტიკური დებატების თავისუფლების შესახებ“; დეკლარაცია მოიაზრებს პრესის უფლებას, გაავრცელოს ნეგატიური და კრიტიკული შეხედულებები, ისევე როგორც საზოგადოების უფლებას - მიიღოს ისინი. სასამართლო მოიშველიებს ევროპის სასამართლოს განმარტებას საქმეზე FRESSOZ ET ROIRE VS FRANCE: „პრესის თავისუფლებაში ჩარევა, მხოლოდ მაშინ შეესაბამება კონვენციის მე-10 მუხლს, თუ ეს ჩარევა გადამწყვეტია საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“. პრესის მიერ, თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულების უზრუნველყოფას ემსახურება ე.წ. „მსუსხავი ეფექტის“ (CHILLING EFFECT) კონცეფციაც. აღნიშნულში იგულისხმება პრესის თავისუფლების ისეთი შეზღუდვა, რომელიც დააშინებს პრესას და ნებაყოფლობით ხელს ააღებინებს დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისი როლის შესრულებაზე. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ე.წ. „კვალიფიციური პრივილეგიის“ დოქტრინაზე, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ პრესა დიდი ალბათობით მიიღებს დაცვას, თუ საკითხი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონეა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პრესა, მედია, თავისი არსობრივი ბუნებით (მისი ვალდებულება მოამარაგოს საზოგადოება ინფორმაციით), უკვე ბუნებრივ და თავისთავად კონფლიქტშია სხვა ღირებულებებთან. კიდევაც რომ დავუშვათ საწინააღმდეგო მსჯელობა, ეს თავად პრესას გამოაცლის თავის ძალასა და ღირებულებას; ასეთი პრესა კი, ვერასოდეს შეასრულებს „მოდარაჯე ნაგაზის“ (WATCHING DOG) როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლო, მსჯელობს რა პრესის თავისუფლების მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე მოხსენიებული საქმეების გარდა, ასევე მოიხსენიებს საქმეს - WHITE VS SWEDEN; აღნიშნულ საქმეში, პრესა, შვედეთის პრემიერ-მინისტრის - ულოფ პალმეს მკვლელობაში ადანაშაულებდა განმცხადებელს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ინფორმაციის გადაცემისას მედიას არ ჰქონდა დარღვეული შესაბამისი მოვალეობანი და პასუხისმგებლობანი, რამეთუ მათი ინფორმაცია ემყარებოდა გარკვეულწილად სანდო მონაცემებს. სასამართლო ასევე მოიხსენიებს ორ საქმეს - JERSILD VS DENMARK და THOMA VS LUXEMBURG; აღნიშნულ ორ საქმეში, ევროპულმა სასამართლომ არ შეიწყნარა პრესის გამოხატვის თავისუფლებაში იმ მოტივით ჩარევა, რომ ჟურნალისტები მკვეთრად არ გაემიჯნენ, გადაცემაში სხვა პირის მიერ გამოთქმულ ინფორმაციებსა და იდეებს. განსაკუთრებით საინტერესოა იერსილდის საქმე, რომელშიც ჟურნალისტი დაისაჯა იმის გამო, რომ ის არ გაემიჯნა უაღრესად შეურაცხმყოფელ, რასისტულ და ძალადობაზე ორიენტირებულ განცხადებებს რესპოდენტისა. მიუხედავად ასეთი მძიმე ბრალდებისა, ევროპის სასამართლომ გამართლებულად არ მიიჩნია ჟურნალისტის დასჯა რასისტული იდეების გავრცელების ხელშეწყობისათვის.
საბოლოოდ, ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორი განაპირობებს გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა უფლებათა შორის ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიანად გადაწყვეტის შედეგებს და იმის გააზრებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არის თუ არა სახეზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება. ღირებულებათა ეს კონფლიქტი, თავისი ბუნებით გარკვეულწილად ერთ-ერთი ცნობილი ქართული ნაწარმოებიდან ამოღებულ ფრაზას გავს - „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“;
მთავარია კარგად გავიაზროთ, რომ მცდარია ხშირ შემთხვევაში ქართული სამართალწარმოების მიერ გამოყენებული თეზა, რომ ასეთი კონფლიქტის მართებულად გადაჭრისათვის მხოლოდ, აზრისა თუ ფაქტის დიფერენცირებას აქვს მნიშვნელობა. სტრასბურგის სასამართლოს CASE LAW-ს მიხედვით, არ არსებობს აბსოლუტურად დაცული, ან აბსოლუტურად დაუცველი სფერო. ხშირად მცდარი და დაუსაბუთებელი ფაქტის გავრცელებაც კი არ არის საკმარისი გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. აუცილებელია გააზრებულ იქნეს, რომ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - შეზღუდვისათვის შესაფერისი და საკმარისი საფუძვლები, რომლებიც განაპირობებენ ამ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ და შესაბამისად შეზღუდვის აუცილებლობის ცნებამდე მიყვანას, უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. სასამართლო მოიხმობს ევროპის სასამართლოს მითითებას საქმეში - GORELISHVILI VS GEORGIA; ამ საქმეში, ევროპის სასამართლომ მიუთითა, რომ ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებაა შეზღუდვის საჭიროების საკითხის გადაწყვეტისას, შეაფასოს არსებობს თუ არა შეზღუდვის „სოციალური აუცილებლობა“. ოლსონის საქმეში, სასამართლომ განმარტა, რომ ზედსართავი - „აუცილებელია“ გულისხმობს, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა, უნდა შეესაბამებოდეს გადაუდებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და, რაც მთავარია, უნდა იყოს ერთადერთი ეფექტიანი საშუალება კანონიერი მიზნის მიღწევისა. სასამართლო, აქვე მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან განმარტებას, რომელიც ფაქტიურად იზიარებს გამოხატვის თავისუფლების პრიმატს (ხშირ შემთხვევაში, თუმცა რათქმაუნდა არა ყოველთვის) სხვა უფლებებთან მიმართებაში. გადაწყვეტილებაში Nას-378-359-2-13 (1- ნოემბერი 2-13 წელი, ქ. თბილისი), საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ ექიმის ინტერესებისა და პროფესიული რეპუტაციის დაცვა, ვერ აღემატება მედიის თავისუფლების მაღალ მნიშვნელობასა და, კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას. ეს საქმე, შეეხებოდა ექიმის რეპუტაციას; მას ამხელდნენ არაკვალიფიციურობაში და „ექომბაშობაში“. უზენაესმა სასამართლომ, განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასაშვები კრიტიკის ფარგლები კერძო პირთა მიმართ ყველაზე ვიწროა, მას მაინც აფართოებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ისეთ საკითხზე წარმოებული საჯარო დისკუსია, როგორიცაა ჯანმრთელობა (აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დააყრდნო ზემოთ აღნიშნულ ევროპულ საქმეს - BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY).
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პრაქტიკაც დაახლოებით ანალოგიური მიდგომების გამოყენებით ხასიათდება და მეტიც, აშშ-ში უფრო მეტადაც კი არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პრესის თავისუფლებას. თუ, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით ამომწურავად არის ფორმულირებული ის ლეგიტიმური მიზნები, რომლებსაც უნდა ემსახურებოდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, აშშ-ში ასეთი ამომწურავი თეზა არ არსებობს და იქაური სამართალწარმოება, ინდივიდუალური საქმის მოცემულობიდან თვითონ ადგენს ლეგიტიმური მიზნის არსებობისა თუ არარსებობის გარემოებებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობის დასაბუთება კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. სასამართლო მიუთითებს საქმეზე - TEXAS VS JOHNSON 1989; დალასში, რესპუბლიკური პარტიის საერთო-ამერიკული ყრილობს დროს, ბატონმა ჯონსონმა, რომელიც მონაწილეობდა პრეზიდენტ რ. რეიგანის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში, საჯაროდ დაწვა აშშ-ს დროშა, რისთვისაც მას 1 წლით პატიმრობა და ჯარიმა - 2-00 აშშ დოლარის ოდენობით მიუსაჯეს. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტეხასის შტატის ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება სისხლისსამართლებრივი დევნა აღეძრა მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც გამოავლინა პოლიტიკური პროტესტი, თუნდაც ასეთი ფორმით. სასამართლომ აღნიშნა, რომ „დროშის შეურაცხყოფის კონსტიტუციური დაცვა, არის დადასტურება სწორედ იმ თავისუფლების პრინციპისა, რომელსაც დროშა განასახიერებს“. მოსამართლე ბრენანმა, თავის თანმხვედრ აზრში აღნიშნა: „ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება კი არ დააკნინებს, არამედ პირიქით, გააძლიერებს და აამაღლებს იმ რანგს, რომლითაც დროშა სარგებლობს ამერიკულ საზოგადებაში. ეს გადაწყვეტილება დაადასტურებს შემწყნარებლობისა და თავისუფლების პრინციპს და დაამტკიცებს ფაქტს, რომ ასეთი კრიტიკული შინაარსის მქონე გამოხატვის დაშვება, წარმოადგენს ქვეყნის ძლიერების წყაროს“.
ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დიფამაციის თაობაზე განხილულ საქმეზე - GERTZ VS ROBERT WELCH, რომელშიც ამერიკულმა სასამართლომ განმარტა, რომ „დიფამაციის თითოეული მსხვერპლისათვის დაცვის პირველი და საუკეთესო საშუალება - თვითშველაა, ანუ არსებული შესაძლებლობის გამოყენება სიცრუის უარსაყოფად, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შესაძლო ზიანი“.
სასამართლო ასევე გაამახვილებს ყურადღებას აშშ-ს უზენაესის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეზე - NEW YORK TIMES VS SULLIVAN; აღნიშნულ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ „ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის სიცრუე არ აბრკოლებს მის დაცვას; თავისუფალი კამათის მსვლელობის დროს, მცდარი განცხადებები გარდაუვალია და ისინი დაცულნი უნდა იყვნენ სარჩელებისაგან, რათა გამოხატვის თავისუფლებას ქონდეს საჰაერო სივრცე, რომელიც მას ესაჭიროება გადარჩენისთვის“. ასევე მნიშვნელოვან თეზას შეიცავს საქმე - FCC VS LEAGUE OF WOMEN VOTERS; ამ საქმეში, სასამართლომ განმარტა, რომ :ცნობების მიწოდება ისეთ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანსა წარმოადგენს, იმსახურებს უაღრესად მკაცრ და თანმიმდევრულ დაცვას“.
ყოველი ზემოაღნიშნული მსჯელობა და მათში გაკეთებული დასკვნები, თავისთავად განაპირობებს წინამდებარე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ლეგალურ საფუძვლებს და სასამართლო, ამ საქმის კონკრეტული პერიპეტიების თაობაზე მსჯელობისას, რათქმაუნდა აღარ გაიმეორებს ყველა იმ მიდგომებსა თუ კონკრეტულ საქმეებს (CASE LAW), რაც ზემოთ უკვე ჩამოვაყალიბეთ.
6.2. მოცემულ საქმეში, სარჩელის ასეთი ფორმულირების დაკმაყოფილებით, სასამართლო თავისთავად განახორციელებს „ჩარევას“ პრესის გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, გადმოვიტანოთ ჩარევის დასაბუთებულობის ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებზეც ზემოთ ვიმსჯელეთ და მივყვეთ თანმიმდევრობით:
სასამართლო მოიშველიებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციაში მოხსენიებული ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით ვრცელდება იურიდიულ პირებზეც. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. ნათელია, რომ პატივისა და ღირსების სამართლებრივი ბუნება, ვერ მიესადაგება იურიდიულ პირებს. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს, უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი და სასამართლოს აზრით, ის აღჭურვილია საქმიანი რეპუტაციის დაცვის და შესაბამისად, ამ მიზნით სასამართლო სამართალწარმოების წამოწყების უფლებით. სასამართლო მოიშველიებს ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ დავას - AUTRONIC AG VS SWITZERLAND; ეს საქმე, ისევე როგორც ზემოთ უკვე აღნიშნული საქმე - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, სწორედ იურიდიული პირის უფლებების ხელყოფას ეხებოდა. შესაბამისად, სასამართლო ადასტურებს, რომ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლებების სუბიექტი იურიდიული პირიც შეიძლება იყოს. ანალოგიურია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც (იხ. საქმე Nას-1084-1034-2---; 11 მაისი 2-1- წელი).
სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული - მე-18 მუხლი, ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები ითვალისწინებენ ამა თუ იმ სუბიექტის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სასამართლო სამართალწარმოების გზით. შესაბამისად, კონვენციის მე-10 მუხლის ასე ვთქვათ „ფორმულის“ (რომელიც გათვალიწინებულია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით) პირველი ელემენტი - „ ჩარევა გათვალისწინებულია კანონით“, სახეზე გვაქვს და ეს სადავო არ არის.
სასამართლო ასევე თვლის, რომ ამ „ფორმულის“ მე-2 ელემენტი - „ჩარევა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს“, ასევე გვაქვს სახეზე. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით რეგლამენტირებული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს სწორედ საქმიანი რეპუტაციის შელახვა წარმოადგენს და განსახილველი სარჩელიც სწორედ ამ საკითხის ირგვლივ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს ორი ასე ვთქვათ „პირველადი კრიტერიუმები“, როგორც ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ უმრავლესობა საქმეებში, აქაც გადალახულია.
აქვე სასამართლო, ისევ აღნიშნავს, რომ ის თავს შეიკავებს - „ჩარევის თანაზომიერების“ კრიტერიუმის ზოგად განხილვასა და ამ კონკრეტულ სამართალურთობასთან მიმართებაში შეფასებაზე, რამეთუ ამ საქმეში მოთხოვნილია მხოლოდ დიფამაციური განცხადების საჯაროდ უარყოფა და არ არის მოთხოვნილი ამა თუ იმ ოდენობის მატერიალური ანაზღაურება.
განსახილველი სარჩელის მოპასუხე ე------------ის ნაწილში უარყოფითად გადაწყვეტის უმთავრეს წინაპირობას მისი არასათანადო მოპასუხეობა წარმოადგენს, ასევე გასათვალისწინებელია ის უდავო გარემოება, რომ ტ--–-------------------------“-ს ეთერში გადაცემა ,,გ------------–----–------ი“ აღარ გადის იმავე სახით და იმავე ფორმატით. შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სადავო ცნობას: ,,სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მფლობელია საქართველოს თ-------------------------ის მმართველი კომპანია შპს ,,ჯ-----------------------ი“, რომლის 50-50%-ს ბ-----------–---–ის დეიდაშვილი უ-------–-–---–ი და თ-------------------------ის გენერალური დირექტორი გ-------------–---–ი ფლობენ“, სასამართლოს აზრით ამ ნაწილში სწორედ „ჩარევის აუცილებლობის“ არარსებობა წარმოადგენს. როგორც უკვე აღნიშნა სასამართლომ, წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერების გაცნობით, ინფორმაციის გამავრცელებელს შესაძლოა გაჩენოდა მსგავსი წარმოდგენა და ეს ვერ ჩაითვლება ცილისწამებად. ამავე დროს, კვლავ განვმარტავთ, რომ მოსარჩელისვე განმარტებით მან არ წარმოუდგინა სასამართლოს ის ამონაწერები, რომელიც განსხვავებულ სურათს გვაჩვენებდა ჩვენც და ასევე განსხვავებულ სურათს შეუქმნიდა ინფორმაციის გამავრცელებელს სადავო განცხადების გავრცელების დროს.
შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც იგი ითხოვს შემდეგი სახის ინფორმაციის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებას: ,,სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მიერ უძრავი ქონების შეძენა მოხდა მხოლოდ 1 ლარად“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისთავად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად უნდა განიხილებოდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ამა თუ იმ გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფის დავალება, როგორც ამას ითხოვს მოსარჩელეები. აღნიშნული მიდგომის საფუძვლიანობას ადასტურებს თუნდაც ევროპის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება საქმეში - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ სამეფოში გამართული „დიფამაციური პროცესი და მისი შედეგები“ (იგულისხმება სასამართლო სამართალწარმოება და ამის შედეგად განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს მიერ), წარმოადგენდა მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რისთვისაც სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო. შესაბამისად, ნათელია, რომ სანამ სასამართლო ასეთი ფორმით „ჩაერევა“ და „შეზღუდავს“ გამოხატვის თავისუფლებას (განსახილველ შემთხვევაში - მედიის გამოხატვის თავისუფლებას), მან უნდა შეაფასოს და გაიაროს ის ტესტი, რომლითაც აფასებს ევროპის სასამართლო სწორედ ჩარევისა და შეზღუდვის აუცილებლობას.
ევროპის სასამართლოს მიერ, პრეცედენტული სამართლით შემუშავებულია გარკვეული მიდგომები და კრიტერიუმები, გარკვეული გამოკვეთილი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზემოაღნიშნული „ჩარევის აუცილებლობის“ შეფასებაზე; ასეთი ფაქტორები, იმის გათვალისწინებით თუ რომელი ფაქტორი რა მიმართებაშია სხვა ფაქტორთან, ხშირად წარმოქმნილი ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის სხვადასხვა ბალანსს სვამენ. ევროპული სასამართლოსათვის, მნიშვნელოვანია რა სახის ინფორმაცია გავრცელდა - ფაქტი თუ მოსაზრება (ე.წ. - VALUE JUDGEMENT). ვის წინააღმდეგ გავრცელდა ინფორმაცია - პოლიტიკური პირის, თუ სხვა პირი წინააღმდეგ და ა.შ. ქვემოთ ჩვენ ფართოდ ვიმსჯელებთ მოცემული საქმის თავისებურებებზე.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადებების საჯაროდ გავრცელების ფაქტი მხარეთა მიერ სადავო არ არის.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. აზრი, არის შეფასებითი კატეგორია და ნაკლებად ექვემდებარება მტკიცებას, შედარებით უფრო დაცულია. თუმცა უკვე ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, არც ეს დაცვაა აბსოლუტური: ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ რაც უფრო უხეში და სერიოზული ბრალდების შემცველია აზრი, და ამავე დროს რაც უფრო დაუცველი პირის მიმართ არის ის გამოთქმული, მით მეტია ალბათობა ასეთი გამოხატვის შეზღუდვისა. მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული ფაქტების გავრცელება. თუმცა აბსოლუტური და ერთობლივი მიდგომა არც აქ არსებობს; ევროპის სასამართლო. მოწოდებულია შეიწყნაროს გარკვეული - თუნდაც მცირე ფაქტობრივი მონაცემების შემცველი ინფორმაცია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი აქტორები როგორებიცაა „საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები“ და პრესის თავისუფლება; ასევე როდესაც გამოხატვა მიმართულია ნაკლებად დაცვადი (ანუ სახელმწიფოს დაცვის ნაკლები მოთხოვნილების მქონე) პირისადმი - ხელისუფლების ორგანოს, ძლიერი ეკონომიკური სუბიექტის, პოლიტიკოსის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ფრაზების მოპასუხის მიერ გავრცელების ფაქტი სადავო არ არის. მოპასუხის მითითებით, ეს გამონათქვამები იყო შეფასება და მსჯელობა. სასამართლო არ იზიარებს ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სადავო გამონათქვამები ისეთ კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავს, რომელთა დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია. ხშირად აზრისა და ფაქტის გამიჯვნა რთულია, თუმცა როგორც სპეციალური კანონის, ისე ევროპის ადამიანთა უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზით მათი განსხვავება შესაძლებელია.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ცილისწამება კი არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამ განმარტებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისთვის. ,,აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს, იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ერთმანეთისგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ევროსასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს (Lingens v. Austria; Jerusalem v. Austria; Dichand and Others v. Austria).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ, #ას-1----1489-2-11, 3.04.2-12). მოცემულ შემთხვევაში, სადავო გამონათქვამებში გავრცელებული ინფორმაცია: ,,სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მიერ უძრავი ქონების შეძენა მოხდა მხოლოდ 1 ლარად“. არის მტკიცებითი და არა შეფასებითი ფორმის, ანუ, განცხადებების დროს გამონათქვამები ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ მსმენელზე დადასტურებული ფაქტის შთაბეჭდილებას ტოვებს. რამე მსჯელობა ან იმაზე მინიშნება, რომ ეს მხოლოდ მოსაზრებაა, არ გვხვდება.
ცილისწამების შემადგენლობის უმთავრესი ელემენტია სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. სასამართლომ, უკვე იმსჯელა დავის ფაქტობრივ გარემოებებში და დაადგინა, რომ მითითებული სადავო გამონათქვამები არ შეესაბამება სინამდვილეს.
მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის თანახმად, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს
ამდენად, ეს გარემოებები ცხადყოფს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელდა ფაქტები, რომლებიც არ ასახავს სინამდვილეს და შესაბამისად, ზიანს აყენებს მოსარჩელის ღირსებას.
წინამდებარე საქმეში გავრცელებულია ისეთი ცნობები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ლახავენ მოსარჩელის საქმიან რეპუტაციას.
შესაბამისად, ვიღებთ ასეთ მოცემულობას:
1. გასაგებია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლსა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონს; შესაბამისად, ევროპული კონვენციის მოთხოვნა, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, დაცულია.
2. ასევე გასაგებია, რომ მოთხოვნილი შეზღუდვა ემსახურება იმ ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით - "გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს ... სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად". ნათელია, რომ გავრცელებულა ინფორმაციამ ხელყო მოსარჩელის უფლებები.
3. სასამართლო თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით, რომლითაც ნაწილობრივ კმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა, ხდება ჩარევა მოპასუხის გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა ასეთი ჩარევა სწორედ რომ აკმაყოფილებს კრიტერიუმს "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში". უდავოა, რომ სადავო ინფორმაცია, მართლაც მოპასუხემ გაავრცელა; დადგენილია, რომ გავრცელებული ინფორმაცია საქმიანი რეპუტაციის შემლახველი და დადასტურებადი ფაქტის შემცველია; გასაგებია, რომ ასეთი ინფორმაცია ზიანს აყენებს ინფორმაციის ადრესატს; მოპასუხეს არაფერი წარმოუდგენია და საპირისპიროდ - მოსარჩელემ კი წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებანი, რომელიც უარყოფს მოპასუხის განცხადების შინაარსს და არასრულად ასახავს გარიგების პირობებს.
შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია. ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უძრავი ქონება მოსარჩელეს გადაეცა ერთ ლარად, არ ასახავს რეალობას და წარმოაჩენს ამ უკანაკნელს საკმაოდ უარყოფითად. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი რეგულაციები (მუხლები 10, 2- და სხვა) ითვალისწინებენ სიმბოლურ ფასად სახელმწიფო ქონების გადაცემას მნიშვნელოვანი საინვესტიციო პირობებით. ამიტომაც ის მთავრობის განკარგულება, რომლითაც იხელმძღვანელა მოპასუხემ, სავსებით გასაგებად იძლეოდა ინფორმაციის სწორად გადაცემის საშუალებას.
ამავე დროს, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მე-2 მოპასუხის მიმართ, ასევე უდავოა ის გარემოება, რომ ე------------ის გადაცემა აღარ არსებობს მავე ფორმატით, სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას რომ განუსაზღვროს მოპასუხეს თუ რომელი გადაცემის ფარგლებში უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება. ასევე გაურკვეველია მითითება ე.წ. „პრაიმ-ტაიმზე“, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით განისაზღვრება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ს-----–----–--------------------------“-ს სს ,,ს----------–---------------------------–იის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი დარჩენილი 50 ლარი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,ს----------–---------------------------–იის“ სარჩელი შპს ს-----–----–--------------------------“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შპს ს-----–----–--------------------------“-ს დაეკისროს ცნობის გამოქვეყნება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი სახით: ,,არ შეესაბამება სიმართლეს, რომ სს ,,ს----------–---------------------------–იის“ მიერ უძრავი ქონების შეძენა მოხდა მხოლოდ 1 ლარად“.
2. მოსარჩელეს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი;
3. შპს ს-----–----–--------------------------“-ს სს ,,ს----------–---------------------------–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი