1. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის განხორციელების მიზნით, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, უძრავი ქონების, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით მეწარმე სუბიექტისთვის გადასაცემად.

2. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული უძრავი ქონების ნუსხა პერიოდულად ახლდება ქონების სააგენტოს მიერ აღნიშნული ნუსხისათვის უძრავი ქონების დამატების ან/და ნუსხიდან უძრავი ქონების ამოღების გზით.

3. პროგრამის ბენეფიციარს, ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ქონება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, უძრავი ქონების გადაცემა ხორციელდება სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, შემდეგი პირობებით:

ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინდუსტრიის დარგში საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს 2 (ორი) წლისა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ქ. თბილისში შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე - არანაკლებ ოთხმაგი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ბ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

ბ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

გ) წარმოების დაწყებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის მოცულობის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

გ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

გ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.

5. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის განხორციელებისა და პროგრამის ბენეფიციარის სტატუსის მოსაპოვებლად, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი განაცხადითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 10%-ის ოდენობის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით მიმართავს ქონების სააგენტოს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას), გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტის მიერ ქონების სააგენტოში წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 10%‑ს, მისი მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 30 თვისა და უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) საბანკო გარანტია, მისი მოქმედების პირველი 4 (ოთხი) თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას;

ბ) საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას), გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა.

8. ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენისას, უპირატესობა მიენიჭება იმ მეწარმე სუბიექტს, რომლის მიერაც აღნიშნული დოკუმენტები ქონების სააგენტოში წარდგენილ იქნა უფრო ადრე.

9. მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის შემთხვევაში, წარდგენილი საბანკო გარანტია უბრუნდება მეწარმე სუბიექტს.

10. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 (სამი) თვეში ნასყიდობის ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

11. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისა