გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1125-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–ი“;
წარმომადგენელი: თ----ა გ--------ე;
მოპასუხე: ლ----ი ჩ--------ე;
წარმომადგენელი: ი-–---------–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ----ი ჩ--------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 638.37 აშშ დოლარის გადახდა;
- 2017 წლის 18 აპრილიდან ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 5000 აშშ დოლარის 2.5 %-ის ანუ 125 აშშ დოლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
- 2017 წლის 18 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ძირი თანხის - 5000 აშშ დოლარის 0.07 % ანუ 3.5 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. ვალდებულების დაფარვის მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ლ----–--ე შესახვევი V N61 (ყოფ. N55ა), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N 1-295.87 კვ.მ დამხმარე ნაგებობა N 2-21.70 კვ.მ, საკადასტრო კოდით N0----------- იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით.
- იპოთეკის უზრუნველყოფილი უძრავი ქონების რეალიზაციის შემდგომ, ამოღებული თანხა თუ არ ეყოფა ვალდებულების შესრულებას, აღსრულება მიექცეს მოპასუხე ლ----ი ჩ--------ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ მოძრავ ქონებაზე.
1.3 მოპასუხე ლ----ი ჩ--------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1360 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 500 ლარის გადახდა.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2014 წლის 14 ივლისს შპს მისო „ბ------–სა“ და ლ----ი ჩ--------ეს შორის გაფორმდა N14_14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–მა“ მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 5000 აშშ დოლარი. 2014 წლის 14 ივლისს მხარეებს შორის დაიდო სესხის N164 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ისესხა 5000 აშშ დოლარი, 60 თვით. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად: საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა, ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 2.5%. სესხის ხელშეკრულების 2.11 პუნქტის თანახმად მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%.
სესხის, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებისა და ლ---- ჩ--------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 8 ივლისს გაფორმდა N14-N2 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ლ----ი ჩ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ლ----–--ე, შესახვევი V N61 (ყოფ. N55ა), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1-295.87 კვ.მ დამხმარე ნაგებობა N2-21.70 კვ.მ, საკადასტრო კოდით N 0-----------
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. ლ----ი ჩ--------ემ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ მთავარ სასამრთლო სხდომაზე, 8000 აშშ დოლარის ფარგლებში. სარგებელთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და ითხოვა შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 14 ივლისს შპს მისო „ბ------–სა“ და ლ----ი ჩ--------ეს შორის გაფორმდა N14_14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–მა“ მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 5000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 14 ივლისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26).
3.1.2. 2014 წლის 14 ივლისს მხარეებს შორის დაიდო სესხის N164 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ისესხა 5000 აშშ დოლარი 60 თვით. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად: საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა, ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 2.5%. სესხის ხელშეკრულების 2.11 პუნქტის თანახმად მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 14 ივლისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-30).
3.1.3. სესხის, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებისა და ლ---- ჩ--------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 8 ივლისს გაფორმდა N14-N2 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ლ----ი ჩ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ლ----–--ე, შესახვევი V N61 (ყოფ. N55ა), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1-295.87 კვ.მ დამხმარე ნაგებობა N2-21.70 კვ.მ, საკადასტრო კოდით N 0-----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 08 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება (ს. ფ. 31-33).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 36-37).
3.1.4. ლ----ი ჩ--------ემ იკისრა ვალდებულება სესხის ხელშეკრულების დანართის სახით თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად 60 თვის განმავლობაში ყოველი თვის 15 რიცხვში გადაეხადა 161 აშშ დოლარი და 77 ცენტი, რომლითაც დაიფარებოდა როგორც საპროცენტო სარგებელი ასევე მოაკლდებოდა ძირ თანხას. მსესხებლის მხრიდან დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკი, ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 30 ნოემბერს. მსესხებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა 2017 წლის 18 აპრილს. 2017 წლის 18 აპრილის მდგომარეობით მსესხებელ ლ---- ჩ--------ის დავალიანება შპს მისო „ბ------–ის“ მიმართ შეადგენს 10638 აშშ დოლარსა და 37 ცენტს. საიდანაც ძირი თანხა არის 5000 აშშ დოლარი, დარიცხული და გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი 2981.87 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2656.50 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 14 ივლისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-30).
- 2014 წლის 14 ივლისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26).
3.1.5. მსესხებლის მხრიდან დარღვეულ იქნა სახელშეკრულებო ვალდებულება, 2015 წლის 20 ნოემბრიდან არ განუხორციელებია გადახდა, მოპასუხეს არაერთხელ მიმართეს თანხის დაბრუნების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ, მსესხებლის მიერ ქმედითი ნაბიჯების განხორციელება ვალდებულების შესრულების მიზნით არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 34-35).
- გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 42)
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე სადავოდ ხდის სარგებელის დარიცხვას, მის მოცულობას და კანონიერებას. დადგენილია, რომ სარგებლის დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის სარგებელი არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას. სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად უნდა გამოიყენოს აღნიშნული უფლება და უნდა იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ შპს მისო ,,ბ------–სა“ და ლ----ი ჩ--------ეს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2014 წლის 14 ივლისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა თანხა 5000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 2.5 %-ს. მსესხებელი ვალდებული იყო 60 თვის ვადაში გადაეხადა სესხის ძირიცა და სარგებელიც, ან ყოველთვიურად გადაეხადა სარგებელი. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ლ----ი ჩ--------ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ლ----ი ჩ--------ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ლ----ი ჩ--------ემ დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა თანხა 5000 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ლ----ი ჩ--------ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს სესხის ძირი თანხის დაფარვამდე სარგებელის სახით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხად გაცემული თანხის 2.5 %. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ლ----ი ჩ--------ემ სარგებლის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს 2981.87 აშშ დოლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო დავალიანების 0.07 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ ლ----ი ჩ--------ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა სარჩელის აღძვრამდე შეადგენს 2656.50 აშშ დოლარს.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია თანაბრად იქნას გათვალიწინებული ხელშემკვრელი მხარეების ინტერესები. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის 2656.50 აშშ დოლარი. იგი დაანგარიშებულია 2015 წლის 30 ნოემბრიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს სახით 0.07 %-ის დადგენა ამ კონკრეტული შემთხვევისათვის გონივრულია. შესაბამისად არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით ,,მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ხელშეკრულება დადებული იყო 60 თვის ვადით. თუ 60 თვეში სესხს არ დაფარავდა, მაშინ მისი ვადა გაგრძელდებოდა მანამ სანამ არ დაფარავდა ძირ თანხას. საბოლოო ჯამში მოპასუხემ შეწყვიტა პროცენტის გადახდა, რამაც მოსარჩელეს მიანიჭა ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ სარგებელი გადაიხადოს მანამ, სანამ მოპასუხე არ დაუბრუნებს სესხის თანხას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სარგებელის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. საქ. 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ზუსტად ის სარგებელია, რაც წინამდებარე საქმეში მხარეებს აქვთ შეთანხმებული სარგებელის გადახდის სახით. საქ. სკ-ის 403-ე მუხლი არის საგამონაკლისო ნორმა და მიუთითებს იმ გამონაკლისზე, რაც კანონითაა დადგენილი სესხზე სარგებელის გადახდისათვის. დასახელებული ნორმის მიხედვით თუ მოპასუხეს შესასრულებელი აქვს ვალდებულება, შესრულების ვადა გადაცილდა და მხარეებიც შეთანხმებული არიან, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოხდეს სარგებელის გადახდა, მაშინ მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს გადაუხადოს ურთიერთ შეთანხმებული სარგებელი სესხის სრულ დაბრუნებამდე.
მხარეები ხელშეკრულების 4.1.10. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელს სესხის სრულად დაბრუნებამდე მსესხებელი გადაუხდის საპროცენტო სარგებელს და პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07% ოდენობით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სესხის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებელის გადახდაზე შეთანხმება არაა კანონსაწინააღმდეგო შეთანხმება. ასეთი შეთანხმება გამომდინარეობს საქ. სკ-ის 403-ე მუხლიდან. თუ მხარეები მსგავს პირობაზე შეთანხმდებიან, მაშინ მსესხებელი ვალდებული იქნება სესხის დაფარვამდე გადაიხადოს სარგებელი. როგორც აღინიშნა მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სესხის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებელის და პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე მოპასუხე მოვალეა მოსარჩელეს სარგებელი და პირგასამტეხლო გადაუხადოს მანამ, სანამ მთლიანად არ შეასრულებს თავის ძირითად ვალდებულებას. ამდენად, მოთხოვნა მოპასუხემ სარგებელი და პირგასამტეხლო გადაუხადოს სესხის სრულად დაბრუნებამდე, საფუძვლიანი მოთხოვნაა და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
დადგენილია ის გარემოება, რომ სესხის ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ: იპოთეკით დატვირთულია ლ----ი ჩ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ლ----–--ე, შესახვევი V N61 (ყოფ. N55ა), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა N1-295.87 კვ.მ დამხმარე ნაგებობა N2-21.70 კვ.მ, საკადასტრო კოდით N 0-----------.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და მისი რეალიზაციით მიიღოს ის, რაც მას ერგებოდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და დავალიანებული თანხის ამოღების მიზნით უნდა განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
6.10. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2014 წლის 14 ივლისის შპს,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ლ----ი ჩ--------ეს შორის დადებული საკრედიტო ხაზს ხელშეკრულება N14-14 7.9 პუნქტის, 2014 წლის N164 სესხის ხელშეკრულების 8.10 პუნქტის და 2014 წლის 08 ივლისის N14-N2 იპოთეკის ხელშეკრულების 7.12 პუნქტების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სსსკ-ის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 1360 ლარს. მოპასუხემ სარჩელი მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ცნო 8000 აშშ დოლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამიტომ ლ----ი ჩ--------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1073.32 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 286.68 ლარი.
7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ასევე აანაზღაურებს იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება.
დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულობისა და საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სრულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ლ----ი ჩ--------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 10 638,37 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხე ლ----ი ჩ--------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 18 აპრილიდან ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 5000 აშშ დოლარის 2.5%-ის ანუ 125 აშშ დოლარის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. მოპასუხე ლ----ი ჩ--------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 2017 წლის 18 აპრილიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 5000 აშშ დოლარის 0,07% ანუ 3,5 აშშ დოლარის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. ვალდებულების დაფარვის მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქუთაისი, ლ----–--ის ქუჩა მე-5 შესახვევი N61 (ყოფ. N55ა) (ს/კ 0-----------) იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით. იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების რეალიზაციის შემდგომ, ამოღებული თანხა თუ არ ეყოფა ვალდებულების შესრულებას, აღსრულება მიექცეს მოპასუხე ლ----ი ჩ--------ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
6. მოპასუხე ლ----ი ჩ--------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1073,32 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 500 ლარის გადახდა.
7. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,,ბ------–ს“ 2017 წლის 02 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1360 ლარიდან) - 286,68 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TEBAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------.
8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა