გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #150210019002983272
№2/104-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი 2019 წელი ქ.ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - არარატ ესოიან
სხდომის მდივანი - არმენ ქოსიან
მოსარჩელე - ლ--- მ-------იან (პ/ნ 0----------);
მოპასუხე - ჰ-----– ხ--–---იან (სომხეთის რესპუბლიკის პასპორტის ნომერი A--------);
წარმომადგენელი - ვ----– ბ--–-----;
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ჰ-----– ხ--–---იანს დაეკისროს ლ--- მ-------იანის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 3291 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ მოპასუხე ჰ-----– ხ--–---იანს მართებს მისი 1635 ლარი, ასევე მის მეუღლეს ს------ ნ-------იანს მართებს მისი 2036 ლარი, რომელიც ჰ-----– ხ--–---იანმა გამოართვა მისი მეუღლისთვის ვალის სახით. მან აღნიშნული თანხიდან გადაუხადა მხოლოდ 380 ლარი და დარჩა 1255 ლარი, ხოლო მეუღლისთვის აღებული ვალი სრულად აქვს დასაფარი. აღნიშნულთან დაკავშირებით 2016 წლის 28 ოქტომბერს მათ შორის შედგა ვალის აღიარების განცხადება, რომლის თანახმადაც ვალი უნდა დაეფარა 2016 წლის 31 დეკემბერს. შეთანხმების მიუხედავად მოპასუხე დღემდე არ უხდის ვალს და არღვევს შეთანხმების პირობას.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ დავალიანება შეადგენს 3291 ლარს, უარყო, რომ მოპასუხემ ვალის აღიარების შემდეგ მას გადაუხადა რამე თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მართალია მას ჰქონდა მოსარჩელის ვალი 1635 ლარი, მაგრამ აქედან ნაწილი დაფარა და გადასახდელი დარჩა მხოლოდ 640 ლარი, რაც შეეხება სხვა დავალიანებას, მას მოსარჩელის არანაირი ვალი არა აქვს, ვალის გადახდის ფაქტს მოსარჩელე თვითონაც აღიარებს ნაწილობრივ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს ერთმანეთთან ჰქონდათ ფულადი ურთიერთობა, რამაც გამოიწვია დავალიანება, კერძოდ მოპასუხემ არ უარყო ვალის არსებობა მოსარჩელის წინაშე, სადავოდ ხდის მხოლოდ ვალის ოდენობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. მხარეები სადავოდ არ ხდიან ასევე 2016 წლის 28 ოქტომბერს სანოტარო წესით დამოწმებული მოპასუხის მიერ გაცემული ვალის აღიარების განცხადებას, მასზედ, რომ მოპასუხემ აღიარა ვალი 1635 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაეფარა 2016 წლის 31 დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- აღნიშნული სანოტარო განცხადება (ს.ფ. .14).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხემ განაცხადა რომ აღიარებული ვალიდან ნაწილი დაფარა და გადასახდელი დარჩა მხოლოდ 640 ლარი, რაც უარყო მოსარჩელე მხარემ, მოსარჩელის განმატებით მოპასუხემ ვალის აღიარების შემდეგ არაფერი არ დაფარა და მოპასუხეს მის წინაშე გააჩნია ვალი 3291 ლარის ოდენობით.
შესაბამისად მოცემულ დავაზე ერთადერთი მთავარი გარემოება არის ვალის ოდენობის დადგენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად მის მიერ აღნიშნული მოსაზრებები და გარემოებები არანაირად არ მტკიცდება. მითუმეტეს მოსარჩელემ უარყო, რომ მოპასუხემ ვალის აღიარების შემდეგ მას გადაუხადა რამე თანხა.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს: მის მიერ წარმოდგენილია ზემოთაღნიშნული სანოტარო განცხადება მოპასუხის მიერ ვალის აღიარების შესახებ, ასევე მისი 18.12.2018 წ. და 11.01.2019 წ. განცხადებები ახალქალაქის შს სამმართველოს უფროსისადმი და ახალქალაქის შს სამმართველოს უფროსის 18.02.2019 წ. წერილი.
აღნიშნული მასალების გამოკვლევის შედეგად დადგენილია რომ:
ახალქალაქის შს სამმართველოს უფროსისადმი 11.01.2019 წ. განცხადებას საერთოთ კავშირი არა აქვს მოცემულ საქმესთან (დავასთან), ვინაიდან ეხება ვინმე ეთერი კურღინიანს.
11.01.2019 წ. განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე ჰ-----– ხ--–---იანს მართებს მისი ვალი 1635 ლარი, ასევე ჰ-----– ხ--–---იანის მეუღლეს ს------ ნ-------იანს მართებს მისი ვალი 2036 ლარი, ხოლო ჰ-----– ხ--–---იანის შვილს მართებს მისი ვალი 305 ლარი, და ითხოვდა რეაგირებას.
ახალქალაქის შს სამმართველოს უფროსის 18.02.2019 წ. წერილიდან მხოლოდ ირკვევა, რომ მოსარჩელეს გადაეცემა მისივე განცხადებების ასლები.
შესაბამისად მოსარჩელის მიერ მითითებული ვალიდან მხოლოდ 1635 ლარის ოდენობით ვალზე არის წარმოდგენილი მტკიცებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ახალქალაქის შს სამმართველოს უფროსის 18.02.2019 წ. წერილი (ს.ფ. 16);
- აღნიშნული 18.12.2018 წ. და 11.01.2019 წ. განცხადებები (ს.ფ. 17-18);
- აღნიშნული სანოტარო განცხადება (ს.ფ. .14).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ლ--- მ-------იანის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, 427-ე, 429-ე, 430-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
ამასთან ამავე კოდექსის 429-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების მიღებას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება.თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვალის არსებობის ვალდებულება წარმოიშვება წერილობითი ფორმით ვალის აღიარებით ან ვალდებულებითი ხელშეკრულებით, ხოლო წარმოშობილი ვალის (ნაწილის) დაფარვა დასტურდება შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით ან ვალის დამადასტურებელი დოკუმენტის დაბრუნებით. ანუ თუ ვალის წარმოშობის ფაქტი დასტურდება წერილობითი დოკუმენტით, მოვალე ვალის დაფარვისას უფლება აქვს მოითხოვოს შესრულების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი ან უკან მოითხოვოს გაცემული ვალის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ურთიერთობის ერთმა მხარემ უარყო ვალის (ნაწილის) დაფარვის ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში ვალის (ვალდებულების) დამადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ 2016 წლის 28 ოქტომბერს სანოტარო წესით დამოწმებული მოპასუხის მიერ გაცემული ვალის აღიარების განცხადება, მასზედ რომ მოპასუხემ აღიარა ვალი 1635 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაეფარა 2016 წლის 31 დეკემბრამდე.
შესაბამისად დგინდება მოპასუხის ვალი მოსარჩელის წინაშე მხოლოდ 1635 ლარის ოდენობით. ამასთან არ დასტურდება, რომ ამ ვალიდან მოპასუხემ რაიმე თანხა დაფარა, ვინაიდან მოპასუხის მიერ არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ხოლო მოსარჩელემ უარყო ვალის დაფარვის ფაქტი.
6.2. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
შესაბამისად, ვალდებულების ძალით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1635 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელე გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 1635 ლარის ოდენობით, რომელზეც სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს.
ამდენად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--- მ-------იანის სარჩელი ჰ-----– ხ--–---იანის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ჰ-----– ხ--–---იანს სასარგებლოდ დაეკისროს - 1635 (ათას ექვსას ოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (სახაზინო კოდი 300603150, სახელმწიფო ხაზინა 220101222, ანგარიშის #200122900).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან