გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019002903078
საქმე №2/591 -19წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მაისი 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ე-----ი ვ---------ე;
წარმომადგენელი - ნ----- ჩ-------ი;
მოპასუხე - გ---- ფ------–---–ი;
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გ---- ფ------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილების ლ---- ფ------–---–ის და ნ-----–---- ფ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა, თითოეულზე 200 ლარის ოდენობით, ჯამში - 400 ლარი .
მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 2 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე გ---- ფ------–---–თან, ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ნ-----–---- ფ------–---–ი და 2016 წლის 4 მაისს დაბადებული ლ---- ფ------–---–ი. ცოლ-ქმარს შორის ინტერესთა სრული შეუთავსებლობისა და მოპასუხის უაღრესად აგრესიული დამოკიდებულების გამო, ფაქტობრივად თანაცხოვრება შეწყვეტილია და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს სასამართლოს გარეშე განქორწინების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. მოპასუხე მხარე ასევე არავითარ მატერიალურ დახმარებას არ უწევს მცირეწლოვან შვილებს, თავად კი ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად გადასულია მშობლების სახლში, კერძოდ, წ---–--------------------------–----------თში. მოპასუხე დასაქმებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ N-- პენიტენციალურ დაწესებულებაში, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 900 ლარს, რაც საფუძველია იმისა, რომ მცირეწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით, ჯამში 400 ლარი ყოველთვიურად, სარჩელის სასამართლოში აღძვრის დღიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ 2019 წლის 24 თებერვალს მოსარჩელემ თავისი ნებით დატოვა საცხოვრებელი სახლი, არასრულწლოვან შვილებთან ერთად. მიუხედავად თხოვნისა, იგი კატეგორიულ უარს აცხადებს დაბრუნებაზე და არ აძლევს საშუალებას ინახულოს შვილები. არ შეესაბამება სინამდვილეს მითითება, თითქოსდა აგრესიულ დამოკიდებულებას იჩენდა ე----- ვ---------ის მიმართ და არავითარ მატერიალურ დახმარებას არ უწევს ბავშვებს. მოსარჩელე ე-----ი ვ---------ე არ აძლევს მას უფლებას ურთიერთობა ქონდეს შვილებთან, მას კი არ სურს შევიდეს კონფლიქტში მეუღლესთან, რადგან უნდა შერიგება და ოჯახის აღდგენა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ალიმენტის ნაწილში სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, განაცხადა თანხმობა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, ალიმენტის 100 ლარის გადახდაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ე-----ი ვ---------ე 2012 წლის 02 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე გ---- ფ------–---–თან, მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ნ-----–---- ფ------–---–ი და 2016 წლის 4 მაისს დაბადებული ლ---- ფ------–---–ი. ბავშვები ამჟამად ცხოვრობენ დედასთან ერთად, წ---–--------------------------–----------თში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ. 14);
- ნ-----–---- ფ------–---–ის დაბადების მოწმობის ასლი (იხ.ს.ფ. 22);
- ლ---- ფ------–---–ის დაბადების მოწმობის ასლი (იხ.ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2 გ---- ფ------–---–ი დასაქმებულია N-- პენიტენციურ დაწესებულებაში და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 900 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მეუღლეებს განესაზღვრათ ორი თვის ვადა შესარიგებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საოქმო განჩინება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2019 წლის 11 მარტის მდგომარეობით გ---- ფ------–---–ის მიერ სს „საქართველოს ბანკის“ წინაშე შესასრულებელი ვალდებულებები შეადგენს 6124.37 ლარს, 465.86 ლარს და 7290.07 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „საქართველოს ბანკის“ ცნობა და გრაფიკები (იხ. ს.ფ. 46);
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გარდა ხელფასისა, აქვს სხვა შემოსავალი, კერძოდ, მას ჰყავს ავტომანქანა და მუშაობს ტაქსის მძღოლად, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეს გარდა ხელფასისა, სხვა შემოსავალი გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებას სასამართლო ვერ გაიზიარებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, ზემოთმოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, კერძოდ ესაა გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რაც თავის მხრივ გულისხმობს, ერთის მხრივ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის შეფასებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს აქვს ხელფასი 900 ლარის ოდენობით, თუმცა იგი იხდის კრედიტის თანხას 600 ლარამდე, რომლის დიდი ნაწილი ემსახურება იმ ბინის ღირებულებას დაფარვას, რომლის თაობაზეც (მხარეთა განმარტებით) მიმდინარეობს დავა, მეუღლეთა თანასაკუთრებად აღრიცხვის შესახებ. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის საალიმენტო ვალდებულება შვილების სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს 100 ლარით თითოეულ ბავშვზე, სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 20 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, ანუ ჯამში 200 ლარი. მოპასუხემ ამ ნაწილში სარჩელი ცნო მოსამზადებელ სტადიაზე. შესაბამისად, ორივე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-----ი ვ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გ---- ფ------–---–ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა შვილების ნ-----–---- ფ------–---–ის, დაბადებულის 2013 წლის 18 მაისს და ლ---- ფ------–---–ის, დაბადებულის 2016 წლის 04 მაისს სასარგებლოდ, თითოეულზე 100 ლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 20 მარტიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3. მხარეები გათავისუფლებულია სხელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე