გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2019
საქმის ნომერი
330310019002859990
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/1246-19

31 მაისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - აბ------------–-ა

წარმომადგენლები - ანა----------–-ა, ზა------------ი, ან--------–----ე

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თა----------ა

მესამე პირი - შპს „ჟიუ-–--–---------------–---------–---–------------------ი“

წარმომადგენელი - ზა-----------ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ერ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 21 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება შპს „ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ აბ------------–-ას სახელზე Z---- №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და

 

განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - შპს „ჟიუ-–--–---------------–---------–---–------------------ის“ წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით (№1------) საქართველოს განათლების სამინისტრომ, 1996 წლის 20 თებერვალს, შპს „მა------ე“ თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის სტატუსით, გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0----------- ლიცენზია.

 

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 სექტემბრის დადგენილებით შპს „მა-----“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „უნ------------------–--------–-“.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 იანვრის №2--------------- ბრძანებით, შპს „უნ--------------------–--------–ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „მა-----“.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 13 ივნისის №5-- ბრძანებით, შეტანილ იქნა ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 02 ივნისის №----------------- ბრძანების საფუძველზე, შპს „მა-----“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ჟი---–--–---------------–----------------------“.

 

შპს „ჟი---–--–---------------–----------------------ს“ 2011 წლის 22 მარტის №- კრების ოქმით შპს „ჟი---–--–---------------–---------------------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ახალ სახელწოდებად მიენიჭა „ჟიუ-–--–---------------–---------–---–------------------ი.“

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 20 დეკემბრის NM---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 96-97);

- შპს „ჟი---–--–---------------–----------------------ს“ 2011 წლის 22 მარტის კრების ოქმი №- (ს.ფ. 46).

 

4.1.2. ჟი---–--–---------------–-----------–--------------------–------------------------------ს 2004 წლის 25 აგვისტოს #----- ბრძანებით აბ------------–-ა ჩაირიცხა აღნიშნული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე.

 

ჟი---–--–---------------–-----------–--------------------–------------------------------ს 2006 წლის 28 ივნისის ბრძანებით იურიდიული ფაკულტეტის II, III, IV კურსის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2005/06 ს/წლის გეგმით გათვალისწინებული ჩათვლები და გამოცდები გადაყვანილ იქნენ III, IV და V კურსებზე. მათ შორის, მესამე კურსზე გადაყვანილ იქნა აბ------------–-ა.

 

ჟი---–--–---------------–-----------–--------------------–------------------------------ს 2007 წლის 16 ივნისის №0-- ბრძანებით იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2006-2007 სასწავლო წლის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამოცდები გადაყვანილ იქნენ მეოთხე კურსზე, მათ შორის აბ------------–-ა.

 

ჟი---–--–---------------–----------------------ს 2008 წლის 07 ივლისის №0---- ბრძანებით ჟი---–--–-------------------------------ს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს მიენიჭათ სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მათ შორის აბ------------–-ას, ხოლო 2009 წლის 22 ივნისს აბ------------–-ას სახელზე გაიცა დიპლომი Z---- №0-----.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ჟი---–--–---------------–-----------–--------------------–------------------------------ს 2004 წლის 25 აგვისტოს #----- ბრძანება (ს.ფ. 21);

- ჟი---–--–---------------–-----------–--------------------–------------------------------ს 2006 წლის 28 ივნისის ბრძანება (ს.ფ. 22);

- ჟი---–--–---------------–-----------–--------------------–------------------------------ს 2007 წლის 16 ივნისის №0-- ბრძანება (ს.ფ. 23);

- ჟი---–--–---------------–----------------------ს 2008 წლის 07 ივლისის №0---- ბრძანება (ს.ფ. 24);

- დიპლომი Z---- №0----- (ს.ფ. 18);

- დიპლომის დანართი (ს.ფ. 28-44).

 

4.1.3. 2018 წლის 20 დეკემბერს აბ------------–-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს „ჟი---–--–---------------–----------------------ს“ მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 21 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილებით აბ------------–-ას უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული ბაკალავრის Z---- №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ შპს ჟი---–---–---------------–---------------------–ი 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდეგ აბ------------–-ას სწავლის პერიოდი, მიღებული განათლება და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის Z---- №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 20 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 49-50);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 21 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 51-54).

 

4.1.4. ჟიუ-–--–---------------–---------–---–------------------ის 2019 წლის 20 თებერვლის №0--- წერილით დგინდება, რომ აბ------------–-ა (პირადი ნომერი- 1----------) ნამდვილად სწავლობდა ჟი---–--–---------------–-----------–--------------------–------------------------------ს იურიდიულ ფაკულტეტზე. 2004 წლის 25 აგვისტოს #----- ბრძანების საფუძველზე, აბ------------–-ა ჩაირიცხა აღნიშნული ინსტიტუტის პირველ კურსზე. 2008 წელს კი ჟი---–--–---------------–----------------------ს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის 07.07. გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, ბრძანება #0----.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ჟიუ-–--–---------------–---------–---–------------------ის 2019 წლის 20 თებერვლის №0--- წერილი (ს.ფ. 19-20).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული

 

საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება;

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 21 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ხოლო მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას

 

უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

 

ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

 

7.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობები და პროცედურა.

 

ხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი

 

კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ჟი---–--–---------------–----------------------ს 2008 წლის 07 ივლისის №0---- ბრძანებით ჟ.-–------------------------------ის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს მიენიჭათ სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მათ შორის აბ------------–-ას, ხოლო 2009 წლის 22 ივნისს აბ------------–-ას სახელზე გაიცა დიპლომი Z---- №0-----.

 

მოპასუხე მოსარჩელის კვალიფიკაციის აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შპს ჟი---–---–---------------–---------------------–ი 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდეგ აბ------------–-ას სწავლის პერიოდი, მიღებული განათლება და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის Z---- №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2007 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ხოლო რაც შეეხება ამავე მუხლის მე-3 პუნქტს, აღნიშნული პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ, 1996 წლის 20 თებერვალს, შპს „მა------ე“ (დიპლომის გაცემის დროს არსებული შპს „ჟი---–--–---------------–----------------------“) თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის სტატუსით გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0----------- ლიცენზია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ინსტიტუტის მხრიდან პროგრამული აკრედიტაციის შემდგომი

 

განუხორციელებლობის მიუხედავად, 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებამდე ინსტიტუტის პროგრამა, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, ითვლებოდა აკრედიტებულად, რაც მას ამ პერიოდში აძლევდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები, შესაბამისად უარის თქმით, ფაქტობრივად ხდება წარსულში მიღებული სწავლების შედეგების გაბათილება.

 

7.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა აბ------------–-ას კანონიერი ნდობა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე (CASE OF CATAN AND OTHERS v. MOLDOVA AND RUSSIA): იმისათვის, რომ უფლება ქმედითი იყოს, აუცილებელია, მათ შორის, რომ, უფლებით მოსარგებლე ინდივიდს გააჩნდეს მიღებული განათლებიდან სარგებლობის მიღების შესაძლებლობა,ანუ უფლება, სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოიპოვოს ოფიციალური აღიარება განათლებისა, რომლის მიღება დაასრულა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შპს „ჟი---–--–---------------–---------------------ში“ სწავლება და სრული კურსის დამთავრება წარმოადგენდა საკმარის საფუძველს, რათა ადმინისტრაციულ ორგანოს მიეჩნია, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელდა ყველა საჭირო მოქმედება კვალიფიკაციის დამადასტურებლად შესაბამისი დიპლომის მისაღებად. დიპლომის გაცემას საფუძვლად არ უდევს მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული პირის უკანონო ქმედება.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 21 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. შესაბამისად,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 21 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აბ------------–-ას სასარგებლოდ Z---- №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - აბ------------–-ას სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აბ------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 21 იანვრის №M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „ჟი---–--–---------------–----------------------ს“ მიერ აბ------------–-ას სახელზე 2009 წლის 22 ივნისს გაცემული Z---- №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

4. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს აბ------------–-ას სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა აფციაური