გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8284-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ივლისი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე - გ----------–-----–---–ი
წარმომადგენელი - ე----------------ე
მოპასუხე - თ-----------–---–ი
წარმომადგენელი - გ--–------–--–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დაეკისროს მოპასუხე თ-----------–---–ს 2500 ლარის გადახდა მოსარჩელე გ---------–-----–---–ის სასარგებლოდ.
2. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა
2.1. ბათილად იქნას ცნობილი, თ-----------–---–ის მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს დაწერილი ხელწერილი, რომლითაც ამ უკანასკნელს ნაკისრი აქვს გ---------–-----–---–ისათვის 2500 ლარის დაბრუნების ვალდებულება.
3. სარჩელის საფუძვლები
2018 წლის 26 ნოემბერს დაწერილი ხელწერილით, მოსარჩელის, გ---------–-----–---–ის მიმართ წარმოიშვა ვალდებულება, რომ შეუსრულებელი სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, უკან დაუბრუნებდა მის მიერ ადრე აღებული თანხის ნაწილს 2500 ლარის ოდენობით. კერძოდ 2018 წლის 26 დეკემბრამდე 2000 ლარს, ხოლო 2019 წლის 5 იანვრისთვის 500 ლარს.
4. შეგებებული სარჩელის საფუძვლები
მოპასუხე განმარტავს რომ, ხელწერილი ნამდვილად არის მისი ხელით შედგენილი, თუმცა გარიგება დადებულია იძულებით. აღნიშნავს რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულად და ხარისხიანად და ამავე დროს ისეთი საშუალებით (უშუალოდ ფიზიკურად ხელით), რასაც მორიგება არ ითვალისწინებდა და პირიქით მოპასუხეს დარჩა მის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება გადასახდელი თანხის სახით.
5. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაგებელში განმარტავს, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და არ გააჩნია ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
6. ფაქტობრივი გარემოებები
6.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
6.1.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თ-----------–---–სა და გ---------–-----–---–ს შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა რომლის ძალითაც თ-----------–---–ი ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (იხ. ს.ფ 56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
6.1.2. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ხელწერილი ნამდვილად შედგენილია მოპასუხე თ-----------–---–ის მიერ, რომელშიც მოპასუხე ადასტურებს, რომ მასსა და გ---------–-----–---–ს შორის არსებობს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა; ხელწერილის თანახმად, მან აღო ვალდებულება გარკვეულ პერიოდებში დაებრუნებინა თანხა.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (იხ. ს.ფ 56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
7. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთ შეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მიიჩნია, რომ გ---------–-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ-----------–---–ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე, 86-ე, 87-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ გ---------–-----–---–სა და თ-----------–---–ს შორის არსებობდა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც თ-----------–---–ს გარკვეული თანხის სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა, გ---------–-----–---–ისთვის სამშენებლო სამუშაოები. საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი სადაც მოპასუხე, ადასტურებს ხელმოწერით, რომ მან მოსარჩელისგან აიღო 2500 ლარის ოდენობით თანხა, რომლის შესაბამისი სამუშაოების შესრულებაც ვერ შეძლო და კისრულობდა ამ თანხის დაბრუნების ვალდებულებას, კერძოდ 2000 ლარს დააბრუნებდა 2019 წლის 26 დეკემბერს, ხოლო დარჩენილ თანხას 500 ლარს - 2019 წლის 5 იანვარს. მოპასუხე ასევე ხელს აწერდა იმ გარემოებაზე რომ ხელწერილი შედგენილი იყო ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნებაყოფლობით. თუმცა მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ხელწერილის ბათილობა იმ საფუძვლით, რომ გარიგება დადებული იყო იძულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით, პპირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიწებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას.
ამავე კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად, იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, იძულება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს, რაც შეიძლება გამოიხატოს ძალადობასა და მუქარაში, რა დროსაც აშკარა უნდა იყოს გარიგების მხარის მხრიდან ან მესამე პირისაგან ისეთი მოქმედება, რომლის ზეგავლენითაც გარიგების დადება ხდება. ძალადობაში იგულისხმება ფიზიკური იძულება, ხოლო მუქარის დროს კი იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს თავისუფალი ნების გარეშე, რაიმეს შიშით, დადოს გარიგება.
სასამართლოს განმარტებით, ყველანაირი მუქარა არ შეიძლება გახდეს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. იძულება უნდა იყოს ისეთი სახის, რომ შეეძლოს გავლენის მოხდენა პირზე. იძულების შედეგად პირმა უნდა იფიქროს, რომ მის პიროვნებას ან მის ახლო ნათესავს რეალური საფრთხე ემუქრება. ამ დროს მხედველობაშია მისაღები იმ პირის ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლის მიმართაც ხორციელდება იძულება. სასამართლოს მითითებით, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მოსალოდნელი საფრთხე, თუ იგი მოჩვენებითი და არარეალურია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა ისეთი სახის მტკიცებულებები რომლებიც დაადასტურებდა მის მიმართ განხორციელებული მუქარის ან რაიმე სახის იძულების ფაქტს.
განსახილველ საქმეში, სასამართლოს შეფასებით მოსარჩელის მხრიდან ვერ მოხდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მართლაც ჰქონდა ადგილი მუქარას მოპასუხის მხრიდან რომელიც იქნებოდა რეალურად აღქმადი და ზეგავლენას მოახდენდა თ-----------–---–ის ნების გამოვლენაზე, ასევე ეჭვქვეშ დააყენებდა მისი - ხელწერილში გამოვლენილი ნების ნამდვილობას. სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ვერ წარმოაჩინეს ისეთი ფაქტები, რომელიც ზემოაღნიშნული ნორმების მისადაგებულ რეალობას შექმნიდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს არ ექმნება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.2. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამდენად, ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ ასრულებს.
განსახილველ საქმეში როგორც ხელწერილიდან ირკვევა თ-----------–---–ის მიერ ვალდებულების შესრულება - 2500 ლარის დაბრუნება უნდა მომხდარიყო ორ ეტაპად, 2000 ლარი უნდა დაებრუნებინა 2019 წლის 26 დეკემბერს, ხოლო დარჩენილი თანხა 500 ლარი - 2019 წლის 5 იანვარს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ თ-----------–---–ის მიერ ხელწერილში აღნიშნული თანხის დაბრუნება არ მომხდარა. ვინაიდან შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, გარიგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს, უნდა დაკმაყოფილდეს თავდაპირველი სარჩელი და მოპასუხე თ-----------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2500 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. გ---------–-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე თ-----------–---–ს გ---------–-----–---–ის სასარგებლოდ 2500 ლარის გადახდა.
3. თ-----------–---–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. დაეკისროს მოპასუხე თ-----------–---–ს გ---------–-----–---–ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
5. გ---------–-----–---–ს დაუბრუნდეს 16/04/2019 წელს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარის) ნახევარი - 50 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღები ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22; საგადასახადო დავალება №0.
6. თ-----------–---–ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი