განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100119002795791
№1/02-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
28 ივნისი 2019 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე:
პროკურორი ა-–---------- კ-------
დაცვის მხარე:
ადვოკატი რ---- ბ---------–---–-
ბრალდებული: მ------ ს---------
მამის სახელი: ზ-------
დაბადებული: 2--------- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
პირადი ნომერი: 4----------
ნასამართლეობა: ნასამართლევი
მცხოვრები: საქართველო, ქ.ფ------ ბ-------–---–-ს ქ.N----
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების შემადგენლობა: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ.ფ----–-- ნ---------–---–-ს ქუჩა N-----ში მდებარე მ------ ს---------ს საცხოვრებელ სახლში, ეს უკანასკნელი პოლიციის მუშაკს - კ---- კ-----–-----ს მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით სწვდა ყელში და შემოახია სამსახურებრივი უნიფორმა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
2.1. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ მ------ ს---------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. რაც საფუძვლად უნდა დაედოს დასკვნას, ჩადენილია თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, მიზანი და შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ ან უარყოფენ ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ყოველი მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ჩვენების, როგორც მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანა და მისი უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის დაინტერესებულ მოწმეს ეკუთვნის იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის მხარე.
2019 წლის 14 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ მიჩნეულ იქნა სადავოდ.
3.1. მოწმე დ--–- ა-–----ს განმარტებით, იგი არის მ------ ს---------ს დედა. 2018 წლის 15 დეკემბერს ის განმარტავს, რომ აღნიშნულ დღეს ზუსტად არ ახსოვს თვე დარიცხვი, მ------ ნასვამ მდგომარეობაში, რომ მოვიდა სახლში და მოითხოვა მაისური, რაზეც მან ის დაწყევლა მ----------- გაბრაზება და ფეხი კრა საყვავილე ვაზას და დაამტვრია, ტელევიზორი კი თვითონ მას ეკავა ხელში და დაუვარდა. ამის შემდგომ ის გავიდა სახლიდან, უნდოდა დასთან წასულიყო და სახლში შვილის დამშვიდების შემდეგ დაბრუნებულიყო. თავისი საცხოვრებელი ბინიდან ცოტა მოშორებით, რომ მირბოდა გაჩერდა მანქანა, სადაც მსხდომმა კითხა თუ რა ხდებოდა. მას ისინი მ------ს მეგობრები ეგონა და უთხრა, რომ მ------ ნასვამი იყო და გაბრაზებული ამიტომ მიდიოდა თავის დასთან. ის ჩაისვეს მანქანაში და წამოიყვანეს თავისი ბინისაკენ, მაშინ დაინახა, რომ პოლიციელები იყვნენ, რომლებიც შევარდნენ სახლში, თვითონ არ შეუშვეს, გარეთ ბინის კარებთან რომ იდგა ესმოდა შვილის ყვირილი, თავში ნუ მირტყამთო. მასზე მ-----------ს არ უძალადია, უბრალოდ გაბრაზებულმა სიტყვიერად უთხრა რაღაცეები, არ ახსოვს პოლიციელები ფორმით იყვნენ თუ არა.
3.2. მოწმე კ---- კ-----–-----ს განმარტებით, იგი მუშაობს ფ------------–-----------------–--–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 15 დეკემბერს იყო მორიგე ჯგუფში გ------- ლ-------სთან და ლ----- კ--–------სთან ერთად ისინი მოძრაობდნენ სამსახურეობრივი მანქანით ქალაქის ტერიტორიაზე, რა დროსაც ისინი გააჩერა ქალბატონმა, რომელიც როგორც შემდგომში გაირკვა იყო მ------ ს---------ს დედა დ--–- ა-–----, რომელმაც მათ უთხრა, რომ მისის შვილი იყო ნასვამ მდგომარეობაში, აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას, ამტვრევდა სახლში ყველაფერს და სთხოვა მათ, რომ გაყოლოდნენ სახლში. სახლში, რომ მივიდნენ დ--–- ა-–---- მათ არ შეყვა სახლში, რადგანაც მისი შვილის ეშინოდა. სახლში შესულებს დახვდათ შემდეგი სურათი: ავეჯით დაწყებული საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული ყველაფერი იყო დალეწილი, მ------ იყო ოთახში, რომელიც მათ დანახვაზე გახდა აგრესიული, ეცა მას, წვდა საყელოზე, აგინებდა მათ და აფურთხებდა სახეში, ისინი ცდილობდნენ დაემშვიდებინათ ს--------- მაგრა ვერაფერს გახდნენ და აქედან გამომდინარე იძულებულები გახდნენ დაეკავებინათ, დაკავებით დააკავეს დერეფანში, ხელბორკილიც დერეფანში დაადეს, ოქმი კი შეადგინეს სამმართველოში. სამსახურეობრივი ფორმა ეცვა სამივეს. მას ს--------- საყელოზე, რომ წვდა მაშინ შემოახია სამსახურეობრივი ფორმა. მ------ ს--------- მათ დაკავების შემდეგაც უწევდა წინააღმდეგობა, აგინებდა და აფურთხებდა მათ.
3.3. მოწმე ნ--- რ-------ს განმარტებით, იგი მუშაობს ქ. ფ----–-- მდებარე დ---------------------------–-------–- ექიმად, სადაც მ------ ს--------- შემოყვანილია 2018 წლის 16 დეკემბერს, ხოლო გაყვანილია 2019 წლის 18 დეკემბერს, როცა თვითონ იყო მორიგე და მის მიერ მოხდა მ------ ს---------ს დათვალიერება, რა დროსაც მას ნაკაწრი ჭრილობა ეტყობოდა ცერა თითზე, იგივე რაც დაფიქსირებულია შემოყვანის დროს. მასთან მ------ ს---------ს არავის მიმართ უკმაყოფილება არ გამოუთქვამს, ხოლო შემოყვანის დროს არ იცის, რადგანაც მაშინ მორიგე იყო ექიმი ნ---- ს-------.
3.4. მოწმე ლ---- კ--–------ს განმარტებით, იგი მუშაობს ფ------------–-----------------–-------–------------------–---–-. 2018 წლის 15 დეკემბერს იყო მორიგე ჯგუფში გ------- ლ-------სთან და კ---- კ-----–-----სთან ერთად, რომლებთანაც ერთად მოძრაობდა სამსახურეობრივი მანქანით, რა დროსაც ბ-------–---–-ს ქუჩის თავში შეამჩნიეს ქალბატონი, რომელიც უქნევდა მათ ხელს. აღნიშნული ქალბატონი, რომელიც შემდგომ გაირკვა იყო დ--–- ა-–---- მ------ ს---------ს დედა, რომელიც იყო შეშინებული, რომ კითხეს თუ რა ხდებოდა მან უპასუხა, რომ მისი შვილი მ------ ს--------- იყო მთვრალი, მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა და გამოაგდო სახლიდან. მათ ჩაისვეს ის მანქანაში და წაიყვანეს აღნიშნულ მისამართზე, სადაც დახვდათ შემდეგი სურათ: მ------ ს--------- იყო ოთახში, ომელიც მათ დანახვაზე გახდა აგრესიული, დაუწყო მათ ლანძღვა-გინება, ეცა კ---- კ-----–-----ს საყელოზე და ჩამოაგლიჯა სამსახურეობრივი ფორმა, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება და ფ------------–-----------------–--–- გადაყვანა.
3.5. მოწმე ვ------- ბ-----ს განმარტებით, იგი მუშაობს ფ------------–-----------------–--–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ 2018 წლის 16 დეკემბერს მოხდა შემთხვევის ადგილის, ქ. ფ------ ბ-------–---–-ს ქუჩა N---ში მდებარე მ------ ს---------ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერება. მასთან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მ------ ს---------ს მეუღლე ც---- გ-----, რომლის თანხმობითაც ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. მისი განმარტებით ყველა ოთახში იყო არეულობა, კერძოდ: საძინებელ ოთახში გარდერობიდან გადმოყრილი იყო ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი, მისაღებ ოთახში წაქცეული იყო სკამები, სამზარეულო ოთახში არსებული ფანჯრის შუშა იყო ჩამსხვრეული, თეფშები და ჭიქები იყო დამსხვრეული. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება.
3.6. მოწმე ნ---- ს-------ს განმარტებით, იგი მუშაობს ს--–-------------------------------–- ექიმად, რომელიც 2018 წელს, თვე და რიცხვი არ ახსოვს გამოძახებულ იქნა ფოთის დ---------------------------–-------–- პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად. მის მიერ მოხდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ------ ს---------ს გასინჯვა, რომელიც ცერა თითზე უჩიოდა ტკივილს, თითი შეხვეული ქონდა, ასევე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა მაჯის არეში ნახეთქი ჭრილობა, სისხლნაჟღენთი მარცხენა მხარზე და მარცხენა წვივზე ნაკაწრი, როცა კითხა თუა საიდან ქონდა აღნიშნული დაზიანებები, მან განუმარტა რომ დაზიანებები მიიღო საკუთარ სახლში ჩხუბის შედეგად, რომ დაამტვრია ტელეფონი, ტელევიზორი, გადმოატრიალა მაგიდა და ოჯახის წევრები, რომ აკავებდნენ. მან კითხა თუ ქონდა ვინმეს მიმართ პრეტენზიები, რაზეც მ-----------მ განუმარტა, რომ დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა, უჯიკავეს და ათრიეს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია მასთან, რომ აღნიშნული დაზიანებები დაკავებისას ქონდა მიღებული.
3.7. მოწმე გ------- ლ-------ს განმარტებით, იგი მუშაობს ქ----------------------–-------–-------------------------–---- უფროსის მოადგილის თანმდებობაზე. 2018 წლის 15 დეკემბერს სამსახურეობრივი მანქანით უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებთან კ---- კ-----–----- და ლ---- კ--–------სთან ერთად აწარმოებდა შემოვლას რ---------–-ს რ---–---, რა დროსაც ბ-------–---–-ს ქუჩის თავზე შენიშნა დ--–- ა-–----, რომელიც იყო აღელვებული. მან რომ კითხა აღელვების მიზეზი, დ--–- ა-–----მ განუმარტა, რომ მისი შვილი მ------ ს--------- იყო მთვრალი, სახლში ლეწავდა ყველაფერს და სთხოვა მათ დახმარება. დ--–- ა-–---- ჩაისვეს მანქანაში და წავიდნენ ბ-------–---–-ს ქუჩაზე მდებარე მ------ ს---------ს საცხოვრებელ ბინაში. დ--–- ა-–---- იმდენად იყო შეშინებული, რომ ბინაში ასვლაზე უარი თქვა და სადარბაზოში დარჩა. ის კ---- კ-----–-----სთან და ლ---- კ--–------სთან ერთად ავიდა მ------ ს---------ს ბინაში, სადაც კარი შეღებული, შიგნით იყო საშინელი მდგომარეობა, დალეწილი იყო საყოფაცხოვრებო ნივთები და იყო არეულობა. მ------ ს--------- მათ დანახვაზე გახდა აგრესიული, წვდა საყელოზე კ---- კ-----–-----ს და ჩამოახია სამსახურეობრივი ფორმა, ისინი მიეშველნენ კ---- კ-----–-----ს, სცადეს მ-----------ს დაწყნარება მაგრამ ის მათ მიმართაც აგრესიული იყო, აფურთხებდა სამივეს, აქედან გამომდინარე სხვა გზა არ იყო გარდა დაკავებისა და სამმართველოში გადაყვანისა. ბრალდებული იმდენად უწვდა მათ წინააღმდეგობას, რომ იძულებული გახდნენ დაეწვინათ სადარბაზოში და გამოეძახებინათ დამხმარე ჯგუფი, რომელთა მოსვლის შემდეგ მოხდა მისი დაკავება და სამმართველოში გადაყვანა. მან უფლებები კი განუმარტა მ------ ს---------ს მაგრამ, დაკავების ოქმის შედგენა ადგილზე ვერ მოხერხდა მდგომარეობიდან გამომდინარე, და აღნიშნული ოქმი შედგენილ იქნა გამომძიებლის მიერ სამმართველოში. კ---- კ-----–----- და ლ---- კ--–------ იყვნენ სამსახურეობრივ ფორმაში.
3.8. მოწმე ი-----–- მ-------ს განმარტებით, იგი მუშაობს ფ------------–-----------------–--–- დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მისი განმარტებით 2018 წლის 16 დეკემბერს ღამის საათებში დაახლოებით პირველ საათამდე შემოვიდა შეტყობინება მ------ ს---------ს მიერ პოლიციის თანამშრომლის მიმართ, წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე. მის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება, გამოკითხულ იქნა მოწმეები, დანიშნულ იქნა ექსპერტიზები, გააცნო ბრალდებულ მ------ ს---------ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება, მიღებულ იქნა დადგენილება კ---- კ-----–-----ს დაზარალებულად ცნობის შესახებ, ამოღებულ იქნა ნივთმტკიცება სამსახურეობრივი პერანგი რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა. მის მიერ იქნა შედგენილი სამმართველოში ბრალდებულ მ------ ს---------ს დაკავების ოქმი.
3.9. მოწმე ზ---- მ----–---–-ს განმარტებით, იგი არის მ------ ს---------ს მეზობელი. აღნიშნულ საღამოს ის სადარბაზოსთან შეხვდა მ------ ს---------ს, მათ ცოტა ხანი ისაუბრეს, რის შემდეგაც ის ეზოში დარჩა მ------ კი სახლში ავიდა. მას ეზოდან ესმოდა მ------ ხმამაღლა, რომ საუბრობდა თავის ბინაში. ცოტა ხნის მერე სხვაგან მოუწია წასვლა და რომ დაბრუნდა დახვდა პოლიციის ორი მანქანა ეზოში. მან დაინახა როგორ ჩამოყავდათ ბინიდან ხელბორკილ დადებული მ------ ს--------- სამ პოლიციის თანამშრომელს და თუ როგორ ჩასვეს მანქანაში. ის მ------ ს---------ს ახასიათებს დადებითად.
3.10. მოწმე ნ----–- გ--------ს განმარტებით, იგი არის მ------ ს---------ს მეზობელი, რომელმაც აღნიშნულ საღამოს გაიგო ხმაური სადარბაზოში. მას სადარბაზოში ჩამოსვლისას მ------ ს---------ს ბინის შესასვლელ კარებთან დახვდა დ--–- ა-–----, რომელიც მის ბინაში შიგნით მყოფებს სთხოვდა ბინაში შეშვებას. ბინის კარები იყო ცოტა შეღებული, რომელიც მერე შიგნით მყოფმა დაკეტა. კარებთან დ--–- ა-–----სთან ანუ მ------ ს---------ს დედასთან ერთად მას დახვდა მ--- ქ-------- და სხვა პიროვნებები, რომელთა სახელები არ ახსოვს. მას და იქ მყოფებს ესმოდათ მ------ს ხმა, რომელიც იძახდა მტკივაო. შიგნით მყოფი პიროვნებები მას არ დაუნახავს და არც ის იცის რა ხდებოდა შიგნით. ის დაახლოებით 10 წუთი დარჩა, რის შემდეგაც ავიდა თავის ბინაში, რადგანაც ბავშვი ყავდა მარტო დატოვებული. მან მოგვიანებით დაინახა თავისი ბინიდან როგორ ჩასვეს მ------ პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში.
3.11. მოწმე მ--- ქ--------ს განმარტებით, იგი არის მ------ ს---------ს მეზობელი. მან 2018 წლის 15 დეკემბერს დაახლოებით 23:30 საათზე ქალის კივილი მ------ ს---------ს სადარბაზოდან, სადაც მისულს კარებთან დახვდა მ------ს მეუღლე ც---- გ-----, რომელიც ცდილობდა შიგნით შესვლას მაგრამ არ უშვებდნენ. კარები იყო ოდნავ ღია და მან მოკრა თვალი როგორ ყავდათ რამდენიმე პიროვნებას იატაკზე პირქვე დაწოლილი მ------, რომელიც ყვიროდა ნუ მირტყამთო, ეს დაინახა მომენტალურად რის შემდეგაც შიგნით მყოფმა პიროვნებამ კარები მოხურა. ის იქ დიდი ხანი არ დარჩენილა, რადგანაც ბავშვები ყავდა მარტო დატოვებული და დაბრუნდა თავის ბინაში. ეზოში მან დაინახა პოლიციის მანქანა. მან არ იცის შიგნით მ------ს გარდა რამდენი პიროვნება იყო და ეცვათ თუ არა მათ პოლიციის ფორმა.
4. მხარეთა პოზიციები:
4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებებში.
4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში.
5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის შეჯიბრებითობა, თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში შეკრებილია ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას.
მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
6. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ მ------ ს---------ს მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ დგინდება მ------ ს---------ს მიერ დანაშაულის ჩადენა:
დ--–- ა-–----მ, მიიყვანა პოლიცია იმ ადგილზე, სადაც მ----------- იმყოფებოდა.
ვერ იქნება გაზიარებული ის, რომ დედამ ვერ გაარჩია პოლიციის მუშაკები მ-----------ს მეგობრებისაგან, რადგან სამი პოლიციის მუშაკიდან 2-ს ეცვა პოლიციის ფორმა და პოლიციის მანქანაში იჯდა, სადაც ციმციმები იყო ჩართული. პოლიციის ციმციმებიანი მანქანის არსებობას თავად დაცვის მხარის მოწმე აღნიშნავს.
ნიშანდობლივია, რომ დედამ მათ (პოლიციის მუშაკებს) მოუყვა მის ოჯახში მ-----------ს სიმთვრალის გამო არსებული ვითარება, ამიტომ პოლიციის მუშაკებმა მ-----------ს დედისგან მიღებული ინფორმაციით, იცოდნენ სად მიდიოდნენ, რომ მ----------- იყო ნასვამი და ოთახში იყო ნივთები გადმოყრილი.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვა პოლიციის ფუნქციაა.
ამასთან, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს თანაბარზომიერების პრინციპს. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელს მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.
ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები, საკუთარი თავის ან/და პირთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ არაძალისმიერი მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს პოლიციელის მიერ მისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----------ს დედისაგან მიღებული ინფორმაციის შედეგად, პოლიციის მუშაკები, შესაძლო მართლწესრიგის დარღვევის ადგილზე, ვალდებულნი იყვნენ შესულიყვნენ იმ ბინაში (კერძო საკუთრებაში), სადაც მ----------- იმყოფებოდა. ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ადამიანის პატივისა და ღირსების, ასევე, საკუთრების უფლების ხელყოფას.
პოლიციელების მიერ ბინაში შესვლისას, ისინი ვალდებულნი იყვნენ სწორად შეეფასებინათ ვითარება და საპოლიციო ღონისძიებებიდან ყველაზე მისაღები (თანაზომიერების პრინციპი) ღონისძიება შეერჩიათ.
აქ განვითარდა ისეთი სიტუაცია, რამაც მ-----------ს მხრიდან პოლიციელის სხეულის დაზიანება, კერძოდ, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე კ---- კ-----–-----ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით და ფორმის დაზიანება გამოიწვია, ამასთან, სხეულის დაზიანებები მ-----------საც გააჩნია.
მოწმის განმარტებით, მან ნაწილობრივ ღია კარებში დაინახა მ----------- იატაკზე პირქვე დაწოლილი, შემდეგ კარები შიგნიდან დაიკეტა და ვეღარ აღებდნენ გარედან.
როგორც მხარეები აღნიშნავენ მ-----------ს განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა თუ აღძრულია საქმე, მისთვის პოლიციის მუშაკების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.
კონკრეტულ საქმეზე სახეზეა დაზარალებული პოლიციის მუშაკი კ---- კ-----–-----, რომელსაც გააჩნია სხეულის დაზიანებები და გახეული ფორმა, რომლის თვითდაზიანების და თავის თავზე ფორმის დახევის ფაქტობრივი მხარე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგიდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას წარმოადგენენ, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ-----------ს მიერ თავის მხრივ, პოლიციის მუშაკის მიმართ, წინააღმდეგობას საზოგადოებრივი (მართლწესრიგის) წესრიგის დაცვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის (მოქმედების) შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. სასამართლოზე გამოკვლეული ზეპირი, წერილობითი მტკიცებულებები, ფორმის დათვალიერების ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N008931118 დასკვნა, კისრის არეში მიყენებულ დაზიანებებზე, მიუთითებს მის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება გულისხმობს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ მ------ ს---------მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ------ ს---------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ------ ს--------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------ ს---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები მასალებით არ გამოკვეთილა.
მ------ ს---------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის საკმარისია ჯარიმის გამოყენება.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული 2018 წლის 15 დეკემბრის 23:50 საათიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, რის გამოც ეს პერიოდი უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
მ------ ს---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო რომლის უზრუნველსაყოფადაც ყადაღა დაედო დ--–- ა-–----ს (პ.ნ 4----------) კუთვნილ წილს, დ--–- ა-–----ს და მ------ ს---------ს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.ფ------ ბ-------–---–-ს ქ.N--, ს.კ. 0-----------------, 8000 ლარის წილს, ყადაღა მოეხსნას და გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, - გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე დართული ნივთმტკიცება: კ---- კ-----–-----საგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმა (1ცალი პერანგი), რომელიც ინახება შსს ქ.ფ------------–-----------------–--–-, შენახულ იქნას საქმის შენახვის (მომდევნო განკარგვამდე) ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:
მ------ ს--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, მ------ ს---------ს პატიმრობაში გატარებული დროის (2018 წლის 15 დეკემბრის 23:50 საათიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
მ------ ს---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო რომლის უზრუნველსაყოფადაც ყადაღა დაედო დ--–- ა-–----ს (პ.ნ 4----------) კუთვნილ წილს, დ--–- ა-–----ს და მ------ ს---------ს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.ფ------ ბ-------–---–-ს ქ.N--, ს.კ. 0-----------------, 8000 ლარის წილს, ყადაღა მოეხსნას და გაუქმდეს.
საქმეზე დართული ნივთმტკიცება: კ---- კ-----–-----საგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმა (1ცალი პერანგი), რომელიც ინახება შსს ქ.ფ------------–-----------------–--–-, შენახულ იქნას საქმის შენახვის (მომდევნო განკარგვამდე) ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე