გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1891-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე თ---------–--ე
მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი თ------------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 თებერვლის MES 6------------ გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 21 ნოემბერს თ---------–--ემ №MES 9 18 0------- განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს და უკრაინაში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ---------–--ის 2018 წლის 21 ნოემბრის №MES 9 18 0------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 44-54).
3.1.2. „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ“ 2018 წლის 20 დეკემბრის MES 0 18 0------- გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა მიიჩნია, რომ თ---------–--ისათვის უკრაინაში მინიჭებული კვალიფიკაცია შეესაბამებოდა საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოთი გათვალისწინებულ მედიცინის დოქტორის კვალიფიკაციას. ამავე გადაწყვეტილებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის საპირისპირო გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 20 დეკემბრის №MES 0 18 0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 59).
3.1.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა 2018 წლის 20 დეკემბერს MES 5 18 0------- წერილით მიმართა უკრაინის აკადემიური მობილობის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრს და თ---------–--ის საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა 2018 წლის 20 დეკემბერს №MES 5 18 0------- წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 55-58).
3.1.4. უკრაინის აკადემიური მობილობის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 8 თებერვლის MES 3 19 0------- კორესპონდენციით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ეცნობა, რომ მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი ДД №0-----, 18.04.2018 თ---------–--ის სახელზე არის ყალბი, ისევე როგორც აპოსტილი დოკუმენტზე ბათილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უკრაინის აკადემიური მობილობის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 8 თებერვლის №MES 3 19 0------- კორესპონდენცია (ს.ფ. 65-68; 96-97);
- CD დისკი (ს.ფ. 94).
3.1.5. ევროპის ქვეყნების მიერ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია თ---------–--ის სახელზე გაცემული ДД №0----- დიპლომის თაობაზე არ იძებნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 27.06.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი);
- CD დისკი (ს.ფ. 94).
3.1.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 თებერვლის №MES 6------------ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 20 დეკემბრის №1------ გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ და არსებული დოკუმენტაცია შესაბამისი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გაეგზავნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 თებერვლის №MES 6------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 69-70).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 თებერვლის MES 6------------ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა - ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ - ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას; მე-2 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში შეიძლება წარდგენილ იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი ასლი; ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე. ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 დეკემბრის №MES 0 18 0------- გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა მიიჩნია, რომ თ---------–--ისათვის უკრაინაში მინიჭებული კვალიფიკაცია შეესაბამებოდა საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოთი გათვალისწინებულ მედიცინის დოქტორის კვალიფიკაციას. ამავე გადაწყვეტილებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის საპირისპირო გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 თებერვლის №MES 6------------ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 20 დეკემბრის №1------ გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ და არსებული დოკუმენტაცია შესაბამისი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გაეგზავნა.
6.3. განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის 20 დეკემბრის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და შესაბამისად, თ---------–--ის მიერ უკრაინაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ უკრაინის აკადემიური მობილობის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი ДД №0-----, 18.04.2018 თ---------–--ის სახელზე არის ყალბი, ისევე როგორც აპოსტილი დოკუმენტზე ბათილია. ამასთან, ევროპის ქვეყნების მიერ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია თ---------–--ის სახელზე გაცემული ДД №0----- დიპლომის თაობაზე არ იძებნება.
სასამართლო კვლავ მოიხმობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). ამავე სამართლებრივი ნორმის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისათვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი უცხოეთში მიღებული განათების აღიარების მიზნით უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. ცენტრს მართებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ცენტრმა ისარგებლა მისთვის ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოსარჩელის მიერ უკრაინაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით დაუკავშირდა უკრაინის აკადემიური მობილობის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრს, რომელმაც 2018 წლის 8 თებერვლის №MES 3 19 0------- კორესპონდენციით ცენტრს ცალსახად აცნობა, რომ მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი ДД №0-----, 18.04.2018 თ---------–--ის სახელზე არის ყალბი და არ დაადასტურა მასზე არსებული აპოსტილის ნამდვილობა. დადგენილია ასევე, რომ ცენტრმა დამატებით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონულ ბაზაში გადაამოწმა ინფორმაცია თ---------–--ის სახელზე გაცემული ДД №0----- დიპლომის თაობაზე, თუმცა ინფორმაცია არ მოიძებნა.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას პირისადმი საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის ფაქტის არსებობა წარმოადგენს, ხოლო საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის სახელზე უკრაინაში მიღებული განათლების შედეგად მის სახელზე ДД №0----- დიპლომის გაცემის და აღნიშნული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ფაქტი, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არსებობდა თ---------–--ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ 2018 წლის 20 დეკემბრის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი,მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა დარასელია