გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/169-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - რ--------- გ--–-–---–ი;
წარმომადგენელი - ლ---- ჭ--–--ე;
მოპასუხე - ვ-------- კ-------–---–ი;
წარმომადგენელი - ს--–---- მ---------ე;
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხე ვ-------- კ-------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის - ე-----–- კ-------–---–ის (დაბადებული: 2014 წლის 1 დეკემბერს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა (სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა მთავარ სხდომაზე), სარჩელის აღძვრის მომენტიდან მის სრულწლოვანებამდე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: რ--------- გ--–-–---–ი და ვ-------- კ-------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2008 წლიდან 2017 წლამდე და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, ე-----–- კ-------–---–ი (დაბადებული: 2014 წლის 1 დეკემბერს). მოპასუხე და მოსარჩელე მხარეები 2017 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთად, მათ ერთმანეთთან არავითარი საოჯახო ან სხვა სახის ურთიერთობა არ აქვთ. მოპასუხე ვ-------- კ-------–---–ი 2017 წლიდან დღემდე არავითარ ყურადღებას არ იჩენს თავისი არასრულწლოვანი შვილის, ე-----–- კ-------–---–ის მიმართ, ის არ მონაწილეობს მისი შვილის აღზრდა-განვითარების საქმეში. მოსარჩელე მხარე არის დაუსაქმებელი, მას არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, რაც მნიშვნელოვნად აისახება მოსარჩელე მხარის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოპასუხე მხარე არის დასაქმებული, არის საჯარო მოხელე, მას აქვს სტაბილური შემოსავალი, მისი ხელფასი 2000 ლარზე მეტია. ამასთან ვ-------- კ-------–---–ი არ იმყოფება ქორწინებაში და მის კმაყოფაზე არ იმყოფება არავინ საკუთარი თავის გარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს თვეში 150 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ვ-------- კ-------–---–მა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მისი წარმომადგენლის განმარტებით, მისი მარწმუნებელი თანახმაა შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 60 ლარი. გარდა ე-----–- კ-------–---–ისა მას ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი - 2010 წლის 27 ივნისს დაბადებული ბ-------ე კ-------–---–ი, 2012 წლის 17 ივლისს დაბადებული ლ---- კ-------–---–ი და 2003 წლის 24 ნოემბერს დაბადებული ლ---- კ-------–---–ი, რომელთა აღზრდა-განვითარება ასევე მოითხოვს მოპასუხის მხრიდან ყოველთვიურ ფინანსურ სახსრებს. ამასთან ვ-------- კ-------–---–ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, კერძოდ, აქვს სერონეგატიური სპონდილოართრიტი, საკროილიტი სტადია III-I(S-D) HLA-B27 დადებითი, ხერხემლის სვეტის დეფორმაციით და ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით. ის იმყოფება აღრიცხვაზე რევმატოლოგიის ს/პ ცენტრში 2014 წლიდან, უტარდება უწყვეტი მედიკამენტოზური მკურნალობა. დაავადება დღეის მდგომარეობით პროგრესირებს, მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებით, მაღალი ანთებითი აქტივობით, ხერხემლის სვეტის ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით. დაავადების გამწვავების პირობებში საჭიროა ყოველთვიური ექიმის კონსულტაციები, ანალიზებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება ვ-------- კ-------–---–ს სიცოცხლეს. ყოველთვიური მედიკამენტებისათვის მინიმუმ 300 ლარი ჭირდება, ანალიზების ჩატარება მოითხოვს ყოველთვიურად 300 ლარს, ხოლო ექიმის ვიზიტი 60 ლარს. ექიმის მითითებით მკურნალობის პროცესში საჭიროა დამატებით ჩაერთოს ბიოლოგიური პრეპარატი, ინფლიქსიბამი (რემიკეიდი) 100მგ ი/ვ ინფუზია წელიწადში 6 (In flac N18), რომლის ღირებულებაც შეადგენს 45 000 ლარს, რასაც მოპასუხე საკუთარი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს.
გასათვალისწინებელია რომ ვ-------- კ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საჭირო მხოლოდ 5 დღისათვის საკმარისი 3 დასახელების მედიკამენტის ღირებულება 60 ლარს შეადგენს, რომელიც მას სიცოცხლის შენარჩუნებისათვის ესაჭიროება. ამასთან, იგი ცხოვრობს ქირით და ყოველთვიური ქირის თანხა შეადგენს 500 ლარს, ყოველთვიურად კომუნალური გადასახადის გადახდა უწევს 100 ლარის ოდენობით, ამასთან, შპს ,,მისო რ--------------ში“ აქვს სალომბარდე სესხი, აქვს სესხები საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკში, შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი გადახდა შეუძლებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე რ--------- გ--–-–---–ი და მოპასუხე ვ-------- კ-------–---–ი ცხოვრობდნენ ერთად. უთანხმოების გამო მხარეებმა ერთად ცხოვრება შეწყვიტეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. რ--------- გ--–-–---–ს და ვ-------- კ-------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 2014 წლის 1 დეკემბერს დაბადებული ე-----–- კ-------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 21).
3.1.3. რ--------- გ--–-–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.4. ვ-------- კ-------–---–ი მუშაობს საპატრულო პოლიციაში და მისი ყოველთვიური დარიცხული საბიუჯეტო შემოსავალი შეადგენს 2008 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 1574.27 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 15 მარტს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 33);
3.1.5. ვ-------- კ-------–---–ი ყავს 3 არასრულწლოვანი შვილი - 2010 წლის 27 ივნისს დაბადებული ბ-------ე კ-------–---–ი, 2012 წლის 17 ივლისს დაბადებული ლ---- კ-------–---–ი და 2003 წლის 24 ნოემბერს დაბადებული ლ---- კ-------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 55-57);
3.1.6. ვ-------- კ-------–---–ს აქვს სერონეგატიური სპონდილოართრიტი, საკროილიტი სტადია III-I(S-D) HLA-B27 დადებითი, ხერხემლის სვეტის დეფორმაციით და ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 58-59);
3.1.7. ვ-------- კ-------–---–ი ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად იხდის 500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 10 აპრილის ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 61-66);
3.1.8. ვ-------- კ-------–---–ს აქვს საკრედიტო დაწესებულებებში სესხები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 08 აპრილის ცნობა შპს ,,მისო რ------------სიდან“ (ს.ფ. 67);
- ცნობა (ს.ფ. 68).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად - 130 ლარის ოდენობით, 2019 წლის 01 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; „ბავშვის უფლებათა“ კონვენცია;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.
6.2. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე შესაგებელში აცხადებს, რომ თანახმა არის ალიმენტის სახით გადაიხადოს 60 ლარი.
დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ე-----–- კ-------–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობს დედასთან, რ--------- გ--–-–---–თან ერთად. მოპასუხე ვ-------- კ-------–---–ი მუშაობს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ბავშვს სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.
6.3. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
6.4. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით.
6.5. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
6.6. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნის - ე-----–- კ-------–--–ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ბავშვი არის მცირეწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ის გარემოებაც, თუ რამდენად სტაბილური და მყარია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის მაისის თვისათვის - 168,4 ლარს).
6.7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი.
მოპასუხე ვ-------- კ-------–--–ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 60 ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.
6.8. მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 150 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალ----ს საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მცირეწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში - 130 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2019 წლის 01 თებერვლიდან შვილის - ე-----–- კ-------–---–ის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი);
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან რ--------- გ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო შვილის სასარგებლოდ 60 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 25.2 ლარი.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ინფორმაციის გამოთხოვისათვის გადახდილი თანხები - 80 ლარის ოდენობით.
7.2. მოსარჩელე რ--------- გ--–-–---–ი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 700 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ--------- გ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ვ-------- კ-------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის - ე-----–- კ-------–---–ის (დაბ. 2014 წლის 01 დეკემბერს) სარჩოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად - 130 (ასოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 01 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
3. მოპასუხე ვ-------- კ-------–---–ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი - 25,2 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. მოპასუხე ვ-------- კ-------–---–ს მოსარჩელე რ--------- გ--–-–---–ის სასარგებლოდ გადახდეს საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 300 ლარი და ინფორმაციის გამოთხოვისათვის გადახდილი თანხები - 80 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა დიდავა