გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
330210119002869493
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3923-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ივლისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელეები - ნ-----–-- წ---–-----ი, გ------- წ---–-----ი, ნ---- წ---–-----ი

წარმომადგენელი - მ----- რ-----–--–---–ი

მოპასუხეები - ე-–--- შ---–--ე, მ---- კ-–--–---–ი

წარმომადგენლები - მ--- მ----ა, ა----- ს--------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ე-–--- შ---–--ისა და მ---- კ-–--–---–ისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით 45 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ ნ-----–-- წ---–-----ის მეუღლის, აწ გარდაცვლილ ვ-–- წ---–-----სა და მოპასუხე ე-–--- შ---–--ეს შორის 1995 წლის 16 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე - მდებარე: თბილისში, გ-–----ის მე-7 მიკრორაიონი, კორპ. 23, ბ.1--. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 4000 აშშ დოლარს.

 

მხარეები დააკავშირა მოპასუხე მ---- კ-–--–---–მა, რომელიც იყო შუამავალი და რომელმაც ბეს სახით ვ-–- წ---–-----ს გადასცა 300 აშშ დოლარი, 4000 დოლარის გადახდაზე კი მ---- კ-–--–---–მა ვ-–- წ---–-----ი დაარწმუნა, რომ პასუხისმგებელი თავად იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულება ისე გაფორმდა, რომ ნასყიდობის საგნის საფასური ე-–--- შ---–--ის მიერ გადახდილი არ ყოფილა. მ---- კ-–--–---–მა ვ-–- წ---–-----ის წინაშე თავის თავზე აიღო ე-–--- შ---–--ის ვალდებულების შესრულება, თუმცა მას თანხა არ გადაუხდია. თუმცა მოპასუხე ე-–--- შ---–--ე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისგან არ თავისუფლდებოდა, რის საფუძველზეც წ---–-----ების ოჯახის მხრიდან იმ პერიოდში ბინის დაცლა არ მომხდარა.

 

მოპასუხე ე-–--- შ---–--ემ მიუხედავად იმისა, რომ ვ-–- წ---–-----ისათვის ნასყიდობის საგნის საფასური გადახდილი არ ჰქონდა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ქ. თბილისში, გ-–----ის მე-7 მიკრო რაიონი, კორპ.23, ბ. 1--–ის მესაკუთრე, შეიტანა როგორც კეთილსინდისიერმა მესაკუთრემ სარჩელი ვ-–- წ---–-----ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ, რაზეც 1997 წლის 4 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე-–--- შ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წ---–-----ების ბინიდან გამოსახლების შესახებ, ხოლო საქმეში მესამე პირად ჩართულ მ---- კ-–--–---–ს დაეკისრა 4000 აშშ დოლარის გადახდა ვ-–- წ---–-----ის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რაზეც 1997 წლის 22 ივლისის განჩინებით თბილისის გ-–----ის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება შეწყდა მორიგების გამო იმ პირობით, რომ მ---- კ-–--–---–ი ორი თვის განმავლობაში მოპასუხე ე-–--- შ---–--ეს უყიდდა ოთხოთახიან ბინას გ-–----ის მასივში. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა. ვალდებულება მოპასუხე მ---- კ-–--–---–ს არ შეუსრულებია, მაგრამ ამით ე-–--- შ---–--ე კი არ დაზარალებულა, არამედ წ---–-----ების ოჯახი, რომლებიც მოპასუხე ე-–--- შ---–--ის მიერ იქნა გამოსახლებული (თავად ნასყიდობის საგნის საფასური ე-–--- შ---–--ეს არ ჰქონდა გადახდილი).

 

სადავო ქონება გასხვისდა რამდენჯერმე. უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, გ-–----ის მე-7 მიკრო რაიონი, კორპ. 23, ბ. 1--, საკადასტრო კოდი: 0----------------------, რომელიც შედგება ოთხი ოთახისაგან, ადგილმდებარეობისა და საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, 2--- წლის 4 ნ-----რის №--- აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, შეფასდა 45 000 აშშ დოლარად, რაც მოპასუხეებმა უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელეებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ე-–--- შ---–--ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხეს სრულად აქვს გადახდილი ნასყიდობის თანხა; სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ე-–--- შ---–--ე წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, მას თანხა სრულად აქვს გადახდილი, თანხით უკანონოდ ისარგებლა მ---- კ-–--–---–მა, ვის მიმართაც აქვთ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეებს, გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მ---- კ-–--–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ იგი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, მოთხოვნა კი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ-----–-- წ---–-----ის მეუღლეს, აწ გარდაცვლილ ვ-–- წ---–-----სა და მოპასუხე ე-–--- შ---–--ეს შორის 1995 წლის 16 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე - მდებარე: თბილისში, გ-–----ის მე-7 მიკრორაიონი, კორპ. 23, ბ.1--.

 

ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 4000 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ შუამავალმა მ---- კ-–--–---–მა ბეს სახით ვ-–- წ---–-----ს გადასცა 300 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22).

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 49).

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 51).

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 35-38).

 

3.1.2. 1997 წლის 4 ივლისის თბილისის გ-–----ის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე-–--- შ---–--ის სარჩელი (ვ-–- წ---–-----ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების მოთხოვნით, მესამე პირი - მ---- კ-–--–---–ი) დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვ-–- წ---–-----ისა და მისი ოჯახის წევრების მოსარჩელე ე-–--- შ---–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან ქ. მდებარე თბილისში, გ-–----ის მე-7 მიკრო რაიონში, კორპ.23, 1-- -ე ბინიდან გამოსახლების შესახებ;

 

საქმეში მესამე პირად ჩართულ მ---- კ-–--–---–ს დაეკისრა 4000 აშშ დოლარის გადახდა ვ-–- წ---–-----ის სასარგებლოდ (სასამართლო გადაწყვტილებით დადგინდა, რომ ე-–--- შ---–--ემ ნასყიდობის საფასური 4 000 აშშ დოლარი გადასცა მ---- კ-–--–---–ს).

 

ამავე გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა ვ-–- წ---–-----ის შეგებებული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

- 1997 წლის 4 ივლისის თბილისის გ-–----ის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-30).

 

3.1.3. 1997 წლის 4 ივლისის თბილისის გ-–----ის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ვ-–-, ნ---- და გ------- წ---–-----ების საკასაციო პროტესტის განხილვის შედეგად გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა მორიგების გამო. 1997 წლის 22 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის №--- განჩინებით დამტკიცდა მორიგება, რომ მ---- კ-–--–---–ი ორი თვის ვადაში შეუძენდა ე-–--- შ---–--ეს ოთხოთახიან ბინას გ-–----ის მასივში.

 

აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

- 1997 წლის 22 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის №--- განჩინება (ს.ფ. 31-33).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 144-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მხარე ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს ნასყიდობის ხელშეკრულებასა და სასამართლო განჩინებით დადასტურებული მორიგებიდან წარმოშობილ უფლება-მოვალეობებზე.

 

როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ნ-----–-- წ---–-----ის მეუღლეს, აწ გარდაცვლილ ვ-–- წ---–-----სა და მოპასუხე ე-–--- შ---–--ეს შორის 1995 წლის 16 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე. 1997 წლის 4 ივლისის თბილისის გ-–----ის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე-–--- შ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვ-–- წ---–-----ისა და მისი ოჯახის წევრების მოსარჩელე ე-–--- შ---–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან გამოსახლების შესახებ; გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო პროტესტის განხილვის შედეგად 1997 წლის 22 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება, რომ მ---- კ-–--–---–ი ორი თვის ვადაში შეუძენდა ე-–--- შ---–--ეს ოთხოთახიან ბინას გ-–----ის მასივში. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა.

 

მოპასუხე მხარეებმა მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მნიშვნელოვანია განისაზღვროს ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით ე-–--- შ---–--ემ არ გადაიხადა ნასყიდობის თანხა. ხანდაზმულობის ვადის დენა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე ე-–--- შ---–--ის მიმართ უნდა დაიწყოს 1995 წლის 16 ივნისიდან, როდესაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მყიდველმა არ გადასცა თანხა გამყიდველს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ექვს წლიანი ვადა ამოიწურა 2001 წლის 16 ივნისს. ამ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია 2019 წლის 26 თებერვალს.

 

სსკ-ის 142.1 მუხლის დანაწესით - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

 

რაც შეეხება მოსარჩელეთა აპელირებას 1997 წლის 22 ივლისის განჩინებაზე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული განჩინებით არ განსაზღვრულა მოსარჩელეთა უფლება-მოვალეობები და არ გადაწყვეტილა მათი საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. მორიგების პირობები ეხება მხოლოდ მ---- კ-–--–---–ისა და ე-–--- შ---–--ის უფლება-მოვალეობებს. მოსარჩელეთა მხრიდან განჩინება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების აღსრულების მიმართ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი დაუსაბუთებელია და არ დგინდება აღნიშნული განჩინების აღუსრულებლობით მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება. მიუხედავად ამისა, თუ დავუშვებთ, რომ განჩინების აღსრულების მიმართ მათ ჰქონდათ იურიდიული ინტერესი, ამ შემთხვევაში უნდა გავრცელდეს სსკ-ის 142.1 მუხლით გათვალისწინებული 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ამგვარ შემთხვევაშიც კი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

რაც შეეხება მ---- კ-–--–---–ის მიმართ მოთხოვნას, სასამართლო მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში უნდა გავრცელდეს 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მოთხოვნა ეფუძნება უსაფუძლო გამდიდრებას. მოსარჩელის განმარტებით მ---- კ-–--–---–მა მიიღო ნასყიდობის თანხა და არ გადასცა გამყიდველს. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უნდა განვიხილოთ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის, გამდიდრებულისა, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. სამართალურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის ასევე ყურადღების მიღმა რჩება ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლწინააღმდეგობა. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე ხდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხე მ---- კ-–--–---–ის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია კონდიქციური ვალდებულება. კონდიქციური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა გამოიყენება, რადგანაც ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომელიც არ ითვალისწინებს სპეციალურ ვადას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 1995 წელს და გამყიდველს ნასყიდობის თანხა არ მიუღია და მოსარჩელის განმარტებით თანხა მიიღო მ---- კ-–--–---–მა, ხანდაზმულობის ვადაც უნდა აითვალოს 1995 წლიდან და იგი ამოიწურა 2005 წელს. უკიდურეს შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რომ ავითვალოთ 1997 წლის 22 ივლისის განჩინების თარიღიდან, მაინც ხანდაზმულია ვინაიდან 10 წლიანი ვადა ამოიწურა 2007 წელს, სარჩელი კი აღძრულია 2019 წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).

 

ამდენად, სარჩელი სასამრთლოში წარდგენის დროისათვის ხანდაზმულია, რაც მოპასუხეებს შესაძლებლობას აძლევთ უარი თქვან მოქმედების შესრულებაზე. ამასთან, მხარეებს არ მიუთითებიათ ათწლიანი ხანდაზმულობის ვადაში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სარჩელის წარდგენის ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელების შესახებ, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას (იხ. ამონაწერები სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, ს.ფ. 59).

 

სსსკ-ის 55.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა, ამდენად, მოპასუხეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ-----–--, გ------- და ნ---- წ---–-----ების სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ე-–--- შ---–--ეს (პ/ნ N-----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების: მცხეთა, სოფელი მუხრანი, საკადასტრო კოდი - 7-----------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე