გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.07.2019
საქმის ნომერი
330310018002407818
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N3/2408-18 21 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - თ---------------–---–ი

წარმომადგენელი - ა---–----–---–ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N8----------2-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------–ის N15---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისში, ზ----------–----ის ქუჩა N39-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (80 კვ.მ საერთო ფართზე) თ---------------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 1994 წლის 23 დეკემბერს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს N45 საბინაო-საექსპლოატაციო ორგანისაზაციის წარმომადგენელსა და თ--------------–---–ს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც თ--------------–---–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი, ქალაქ თბილისში, ბ--------ის ქუჩა N39-ში მდებარე ბინა. ხელშეკრულების მიხედვით, ბინა იყო ორი ოთახი, 41 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, 47 კვ.მ დამხმარე ფართითა და საერთო სარგებლობის ღია აინით.

მტკიცებულება: 1994 წლის 23 დეკემბერის ხელშეკრულება (ს.ფ. 18).

 

3.2. 2018 წლის 16 იანვარს თ---------------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს N8----------2 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ზ----------–----ის ქუჩა N39-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (პრივატიზაციის ხელშეკრულება), შენობა-ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზი და სართულებრივი გეგმა წარედგინა. წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით, რომელიც შპს ,,ლაზერის“ მიერ 2018 წლის 11 იანვარს მომზადდა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ბინის საერთო ფართი იყო 80.00 კვ.მ.

მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება (ს.ფ. 70, 71), ხელშეკრულება (ს.ფ. 72-73), შენობა-ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 74), სართულებრივი გეგმა (ს.ფ. 75).

 

3.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 23 იანვრის N8----------2-03 გადაწყვეტილებით თ---------------–---–ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განმარტა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებით თ---------------–---–ს გადაეცა 2 საცხოვრებელი ოთახი 41 კვ.მ ფართით, წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზისა და სართულებრივი გეგმის (ფართობის მონიშვნით) მიხედვით კი მოთხოვნილი იყო 4 საცხოვრებელი ოთახის რეგისტრაცია. შესაბამისად, თ---------------–---–ს დაევალა უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 23 იანვრის N8----------2-03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 80-81).

 

3.4. 2018 წლის 26 იანვარს თ---------------–---–მა სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ძ---–------------–ოს“ 2018 წლის 23 იანვრის N4 კრების ოქმი წარუდგინა, რომლის მიხედვით, კრებაზე ერთხმად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ლაზერის“ მიერ 2018 წლის 11 იანვარს მომზადებულ ნახაზზე ასახული, ქალაქ თბილისში, ზ. ქვლივიძის ქუჩა N39-ში მდებარე 80.00 კვ.მ ფართობის თ---------------–---–ისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 82), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ძ---–------------–ოს“ 2018 წლის 23 იანვრის N4 კრების ოქმი (ს.ფ. 83-86).

 

3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 26 იანვრის N8----------2-05 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განმარტა, რომ შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 26 იანვრის N8----------2-05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 89).

 

3.6. 2018 წლის 15 თებერვალს თ---------------–---–მა სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2018 წლის 14 თებერვლის N3------------- წერილი წარუდგინა. აღნიშნული წერილის მიხედვით, გამგეობა არ ფლობდა ინფორმაციას შიდა აზომვით ნახაზში მითითებული ოთახები, დანიშნულების მიხედვით, წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართს თუ დამხმარე ფართს, ასევე, გამგეობისათვის უცნობი იყო რომელიმე ოთახის საცხოვრებელი ფონდიდან ჩამოწერის შესახებ ინფორმაციაც. ამავე წერილით საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებულ წესსა და მისი მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განიმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ ან/და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად კანონიერი მოსარგებლის მიერ დაკავებული მომიჯნავე ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზეც, თუკი აღნიშნული მომიჯნავე ფართობის გარეშე საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ ან/და არაიზოლირებულ) ფართობით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლებელი იყო და იგი არ წარმოადგენდა ცალკე უფლების ობიექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობის 2018 წლის 14 თებერვლის N3------------- წერილით აღინიშნა, რომ გამგეობა არ იყო წინააღმდეგი საჯარო რეესტრში თ---------------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირებულიყო მის მიერ მითითებული ფართი.

მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 90), ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2018 წლის 14 თებერვლის N3------------- წერილი (ს.ფ. 100-101).

 

3.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის N8----------2-07 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი და დამატებითი დოკუმენტის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 23 თებერვლამდე.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის N8----------2-07 გადაწყვეტილება (ს.ფ. 103).

 

3.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N8----------2-09 გადაწყვეტილებით თ---------------–---–ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმაზე მითითებით, რომ დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

მტკიცებულება: სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N8----------2-09 გადაწყვეტილება (ს.ფ. 104).

 

3.9. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N8----------2-09 გადაწყვეტილება თ---------------–---–ის წარმომადგენელმა ანა ცეკვაშვილმა 2018 წლის 7 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.

მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 105-108).

 

3.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------–ის N15---- გადაწყვეტილებით თ---------------–---–ის წარმომადგენელს ანა ცეკვაშვილს 2018 წლის 7 მარტის N1-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, იმაზე მითითებით, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებით თ---------------–---–ს გადაეცა 2 საცხოვრებელი ოთახი 41 კვ.მ ფართობით, საჯარო რეესტრისათვის წარდგენილი დოკუმენტებით კი მოთხოვნილი იყო 4 საცხოვრებელ ოთახზე უფლების რეგისტრაცია, რისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიც წარდგენილი არ იყო. მითითებული გადაწყვეტილების მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით (განცხადების ნომერია TT2018009022, თარიღი - 2018 წლის 22 იანვარი), დაინტერესებული პირის მიერ სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი შეესაბამებოდა ოთახს N2-15 ფართით 14,82 კვ.მ, ოთახს N2-10 ფართით 21,23 კვ.მ, ოთახს N2-8 ფართით 11,37 კვ.მ და ოთახს N2-12 ფართით 11,02 კვ.მ, რომლებიც მასალაში წარდგენილი ფართისა და დანიშნულების განმსაზღვრელი ფორმა 5,6-ის მიხედვით წარმოადგენდა საცხოვრებელ ოთახებს, ხოლო დამხმარე ფართის გრაფაში მოქცეული იყო ოთახი N3-14 ფართით 7,20 კვ.მ, ოთახი N3-13 ფართით 3,01 კვ.მ, ოთახი N2-16 ფართით 1,44 კვ.მ. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, სააღრიცხვო მასალაში წარდგენილ ხელშეკრულებებში პრივატიზირებული იყო სხვადასხვა დანიშნულებისა და ოდენობის ფართები, რომელთა იდენტიფიკაცია სართულებრივ გეგმებთან ვერ ხერხდებოდა, მეორე სართულზე მდებარე N10-5 (20,98 კვ.მ), N10-4 (18,26 კვ.მ), 10-9 (9,01 კვ.მ) ოთახები სააღრიცხვო მასალაში დაცული ფართისა და დანიშნულების განმსაზღვრელი ფორმა N5-6-ის მიხედვით აღრიცხული იყო საცხოვრებელი ფართის გრაფაში.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------–ის N15---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 40-45).

 

3.11. საქმის მასალებით არ ირკვევა, რომ თ---------------–---–ის N8----------2 განცხადების განხილვის პროცესში მარეგისტრირებელმა ორგანომ ჯეროვნად გამოიკვლევია და სათანადოდ შეაფასა არსებული მტკიცებულებები.

მარეგისტრირებელ ორგანოსთან N8----------2 განცხადების განხილვის პროცესში წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ თ---------------–---–ს 1994 წლის 23 დეკემბერის პრივატიზაციის ხელშეკრულებით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი, ქალაქ თბილისში, ი. ბ--------ის ქუჩა (ზ----------–----ის ქუჩა) N39-ში მდებარე ბინა, კერძოდ, ორი საცხოვრებელი ოთახი ფართით 41 კვ.მ და დამხმარე ფართი 47 კვ.მ. დადგენილია, რომ შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ბინის საერთო ფართი არის 80.00 კვ.მ, რომლის კონფიგურაცია შესაბამისობაშია სართულებრივი გეგმაზე არსებულ მონიშვნასთან. მოპასუხის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ფართზე მოსარჩელის უფლების დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებად ამ ფართის შემადგენელი ოთახების დანიშნულება და პრივატიზების ხელშეკრულების მონაცემებთან მისი შეუსაბამობა დასახელდა, თუმცა ამგვარი შეხედულების საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მიუხედავად სასამართლოს მხრიდან არაერთი შეთავაზებისა, წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე, არ ყოფილა წარმოდგენილი შეფასება და მოსაზრებები კონკრეტული ოთახების დანიშნულებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა გამორკვეული, პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების დროს თუ რა ფუნქციის ოთახები მიიჩნეოდა დამხმარე ფართად და ამ მხრივ ხომ არ ყოფილა განსხვავებული მიდგომები საინვენტარიზაციო გეგმის შედგენის დროს არსებულ მიდგომებთან მიმართებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N8----------2-09 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------–ის N15---- გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N8----------2-09 გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმ გარემოებების გამოკვლევით, გააჩნდა თუ არა მარეგისტრირებელ ორგანოს თ---------------–---–ის N8----------2 განცხადებაზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი ან/და სარეგისტრაციო წარმოებისას სათანადოდ იქნა თუ არა გამოკვლეული საქმის გარემოებები და შეფასებული არსებული მტკიცებულებები.

საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრავს.

დასახელებული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).

ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი). მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა (მე-3 მუხლის მე-61 პუნქტი).

ამავე კანონის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლებისა და მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით (მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი).

ამავე კანონის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (კანონის მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები). რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე (კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი). სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტები).

ამავე კანონის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:

ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;

ა 1) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური;

ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით;

გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას;

დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;

ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას;

ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას;

ზ) არსებობს ?? ??????? 25-? ?????? განსაზღვრული შემთხვევა;

თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ??????????? დადგენილ მოთხოვნებს;

თ1) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში;

თ 2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, თუმცა წარდგენილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი).

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა წარმოების შეწყვეტის საფუძველია („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტი).

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ---------------–---–ის N8----------2 განცხადებით მოთხოვნილ რეგისტრაციაზე მსჯელობისას მარეგისტრირებელ ორგანოს ჯეროვნად არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ შეუფასებია საქმის მასალები, რამაც თ---------------–---–ს შეუზღუდა კუთვნილ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლება (პუნქტი 3.11).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N8----------2-09 გადაწყვეტილება გამოცემულია რა კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის და სათანადო შეფასების გარეშე და ამგვარად, დაუსაბუთებლად ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–ის N8----------2-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით, ცხადია, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით დადგინდა, რაც საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული აქტის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------–ის N15---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

განსახილველ საქმეზე სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 51-52). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ---------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------–ის N15---- გადაწყვეტილება;

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის N8----------2-09 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოსცეს ახალი აქტი;

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია