გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2080-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - შპს "ყ--------------------–--ი"
წარმომადგენელი - თ-----------------
მოპასუხე - ზ-----ი ჯ--------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ-----ი ჯ--------ეს მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1072.06 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ,,ყ--------------------–--ის“ ბუნებრივი აირის მომხმარებელს წარმოადგენს მოპასუხე ზ-----ი ჯ--------ე. მოსარჩელე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებდა მისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას, ასევე სათანადო დოკუმენტაციის (ქვითრების) წარდგენას. მომხმარებელი ბუნებრივი გაზის რაოდენობები ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით აღირიცხება კომპანიის მონაცემთა ბაზაში - აბობენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის მომენტისთვის აბონენტს კომპანიის წინაშე დავალიანების სახით ერიცხება მოხმარებული ბუნებრივი აირის მიმდინარე ბალანსი 1067.16 ლარი, ბუნებრივი აირის ქსელთან მიერთების გადასახადი - 4.90 ლარი, ჯამში აბონენტის დავალიანება კომპანიის მიმართ შეადგენს 1072.06 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ-----ი ჯ--------ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს ,,ყ--------------------–--ის“ აბონენტის ბარათის მიხედვით, აბონენტს წარმოადგენს ზ. ჯ--------ე, თუმცა ეს ქონება არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში, შესაბამისად გაურკვეველია ამ უძრავი ქონების მესაკუთრის, შესაბამისად აბონენტის საკითხი, ვინაიდან კანონმდებლობის შესაბამისად აბონენტად მოიაზრება უძრავი ქონების მესაკუთრე. ასევე ზ. ჯ--------ე უკვე წლებია არ ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში და არ მოიხმარს ბუნებრივ აირს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბარათის მიხედვით, აბონენტის ზ. ჯ--------ის სახელზე ირიცხება დავალიანება 29.07.2009 წლიდან 03.01.2019 წლამდე პერიოდისათვის 1067.16 ლარი.
მოსარჩელე ითხოვს მოხმარებული ბუნებრივი აირის და ქსელთან მიერთების გადასახადის დაკისრებას 2009 წლის 29 ივლისიდან 2019 წლის 03 იანვრამდე პერიოდისათვის, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2019 წლის 31 იანვარს, შესაბამისად აღნიშნული თანხის 1067.16 ლარის ნაწილზე მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან აღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 საქმეზე წარმოდგენილი აბონენტის ბარათის შესაბამისად, მისამართზე: ქ. თბილისი, ც----------ის შეს. 2-2, ბინა 146, აბონენტის ნომრად #2----- რეგისტრირებულია - ზ. ჯ--------ე. აბონენტის (პიროვნების) ცვლილება არსებულ მომენტამდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, მონაცემები უცვლელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი - ს.ფ. 17-22;
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები;
3.1.2. მხარეთა განმარტებით დადგენილია და სადავო არ გამხდარა, რომ 2018 წლის 27 პარილს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა სარჩელი ამავე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოპასუხ რ----- ჯ--------ის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ყ--------------------–--ს“ რ----- ჯ--------ის მიმართ აღძრულ სარჩელზე, რომლის საფუძველზეც ითხოვდა რ----- ჯ--------ისთვის 1074.49 ლარის დაკისრებას, არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ყ--------------------–--ს“ და რ----- ჯ--------ეს შორის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, რის გამოც რ----- ჯ--------ე არ არის ვალდებული გადაიხადოს სადავო სააბონენტო ნომერზე მიწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უცილოდ არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების და ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება - ს.ფ. 25-26;
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები.
3.1.3. შპს ,,ყ--------------------–--“-მა ზ-----ი ჯ--------ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელი 2019 წლის 07 თებერვალს წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი - ს.ფ. 02-14;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე, 144-ე, 316-317-ე, 477-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დადგენილია, რომ ზ-----ი ჯ--------ე წარმოადგენს შპს ,,ყ--------------------–--ის“ აბონენტს, რომლის მიმართაც მოსარჩელე კომპანია კანონმდებლობის დაცვით ახორციელებს ბუნებრივი აირის მიწოდებას. მოხმარებული ბუნებრივი აირის რაოდენობები ბ/გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით აღირიცხება კომპანიის მონაცემთა ბაზაში - აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე. მოცემულ შემთხვევაში კანონირ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ უძრავ ქონებაზე ბინის ორდერი გაცემული სწორედ ზ-----ი ჯ--------ეზე. მიუხედავად ცხოვრების და ბუნებრივი გაზის მოხმარების ფაქტისა, მოსარჩელე და მოპასუხეს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც ფულადი ვალდებულების შესრულების სამართლებრივ ვალდებულებას წარმოდგენს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს ,,ყ--------------------–--ის“ სააბონენტო ბარათზე არსებული დავალიანება წარმოშობილია 2014 წლის 31 დეკემბრიდან, როლის გადახდაც არ განუხორციელებია აბონენტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ,,ყ--------------------–--ი“ ითხოვს 2014 წლის 31 დეკემბრიდან, დავალიანების თანხის მოპასუხე ზ----- ჯ--------ისთვის, როგორც აბონენტისთვის დაკისრებას. შპს ,,ყ--------------------–--მა“ აღნიშნული სარჩელით სასამართლოს მომართა 2019 წლის 07 თებერვალს. სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ხანდაზმულია, კერძოდ, მოთხოვნა, რომელიც დავალიანების მოცულობა 2016 წლის 28 იანვრამდე - 407.99 ლარის ოდენობით. მეტიც, აღნიშნული ოდენობის დავალიანება ხანდაზმული იყო 2018 წლის 27 პარილის მდგომარეობით წარდგენილი სარჩელის შემთხვევაშიც კი რ----- ჯ--------ის მიმართ, ვიანიდან მითითებული დავალიანების მოცულობა უცვლელია და ერიცხება აბონენტს 2015 წლის მარტის თვიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ყ--------------------–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ზ----- ჯ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების სახით 664.07 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება და უნდა დარჩეს გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს "ყ--------------------–--ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ზ-----ი ჯ--------ეს მოსარჩელე შპს "ყ--------------------–--ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 664.07 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ზ-----ი ჯ--------ეს მოსარჩელე შპს "ყ--------------------–--ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 30.97 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე