გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2019
საქმის ნომერი
150210019003030134
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #150210019003030134

#2/132-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 ივლისი, 2019 წ. ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე არარატ ესოიან

სხდომის მდივანი არმენ ქოსიან

მოსარჩელე _ ნ--–-–- პ--------იან (პ/ნ 3----------);

წარმომადგენელი - ვ----– ბ--–---ძე;

მოპასუხე _ ო--- პ--------იან (პ/ნ 4----------);

წარმომადგენლი - მ------ ჩ----–---–-;

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ო--- პ--------იანს მოსარჩელე ნ--–-–- პ--------იანის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–---------–--ს დაბადებული ლ-------- პ--------იანის და 2----–-–----------ს დაბადებული კ----- პ--------იანის რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ნ--–-–- თოფუზიანი 2015 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ო--- პ--------იანთან, ხოლო მათი ქორწინების რეგისტრაცია მოხდა 2----–-–----------ს და ქორწინების შემდეგ მიეკუთვნა გვარი პ--------იან.

აღნიშნული ქორწინებიდან შეეძინათ ორი შვილი 2----–-–---------–--ს დაბადებული ლ-------- პ--------იანი და 2----–-–----------ს დაბადებული კ----- პ--------იანი. მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მათი ერთად ცხოვრების არანაირი შანსი არ არსებობს.

მათ არასრულწლოვან შვილებს ზრდის მარტო დედა, რომელიც არის სოციალურად დაუცველი, მას (მოსარჩელეს) ეკონომიკურად ძალიან უჭირს და არა აქვს არანაირი შემოსავალი. ასევე არის ფეხმძიმედ და აგვისტოს თვეში ელოდება ბავშვის დაბადებას, რის გამოც ვერ შეძლებს ფიზიკურ შრომას, ამიტომ მარტო ვერ შეძლებს შვილების გაზრდას. აქედან გამომდინარე ითხოვს ალიმენტის სახით, თითოეულ ბავშვზე 200 ლარის გადახდას.

მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს გააჩნია სტაბილური შემოსავალი, მის ოჯახს საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები, ასევე ის მუშაობს დროებით სამუშაოებზე საიდანაც იღებენ დიდ შემოსავალს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ო--- პ--------იანმა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით ცხოვრობს მის მშობელთან და ძმასთან ერთად, არსად არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. ამასთან სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა გადაიხადოს ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე ნ--–-–- პ--------იანსა და მოპასუხე ო--- პ--------იანს ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–---------–--ს დაბადებული ლ-------- პ--------იანი და 2----–-–----------ს დაბადებული კ----- პ--------იანი. ამჟამად მეუღლეები განქორწინებული არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან ნ--–-–- პ--------იანთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-დაბადების მოწმობები #5---------- (ს.ფ. 15) და #5---------- (ს.ფ. 16);

3.1.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ ბავშვების მოვლის გამო დასაქმებული არ არის და მას არ აქვს შემოსავალი ხელფასის სახით, ის სოციალურად დაუცველია და ამჟამად არის მშობლების კმაყოფაზე. ასევე არის ფეხმძიმედ და აგვისტოს თვეში ელოდება ბავშვის დაბადებას, რის გამოც ვერ შეძლებს ფიზიკურ შრომას. რაც არ უარყო მოპასუხემ.

შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე უვლის მცირეწლოვან ბავშვებს, რის გამოც დასაქმებული არ არის და მას არ აქვს შემოსავალი ხელფასის სახით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოსარჩელემ განაცხადა, რომ მოპასუხეს გააჩნია საკმარისი შემოსავალი, აქვს მიწის ნაკვეთი საიდანაც გააჩნია შემოსავალი, შესაბამისად აქვს მოთხოვნილი ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა. თუმცა მოპასუხემ განმარტა, რომ არ აქვს შესაბამისი შემოსავალი, თითოეულ ბავშვზე 100 ლარზე მეტი ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა არა აქვს.

მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის თაობაზე დადგენილია:

წარმოდგენილი საარქივო ცნობით და საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ მოპასუხეს, როგორც ახალციხის რაიონის სოფელ წ-------ში მცხოვრები ლ---- პ--------იანის კომლის წევრი თანასაკუთრებაში (1/3 წილით) გააჩნია უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი 0,53 ჰა და 80 კვ.მ. ფართით საცხოვრებელი სახლი. მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- პ--------იანმა დაადასტურა, რომ ჰქონდათ 53 მეასედი მიწის ნაკვეთი, საიდანაც 12 მეასედი ბაღია, დანარჩენი სახნავია.

შესაბამისად დადგენილია, რომ მოპასუხეს სოფლის მეურნეობიდან გააჩნია გარკვეული სეზონურო შემოსავალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საარქივო ცნობა და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 72-77);

- მოწმე ლ---- პ--------იანის ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.2.2. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სხვა ქორწინებიდან ჰყავს კიდევ ერთი შვილი ლ---- პ--------იანი, დაბადებული 2----–-–-------------ს, რომლისთვისაც საჭიროა დახმარება. წარმოადგინა ლ---- პ--------იანის დაბადების მოწმობა.

აღნიშნული ვერ უარყო მოსარჩელე მხარემ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 79).

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ--–-–- პ--------იანის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენცია.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები. იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლით მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

6.3. აღნიშნულიდან გამომდინარე ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას საყურადღებოა ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.

სამოქალაქო კოდექსი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილის მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

შესაბამისად მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს ბავშვის რჩენა და აღზრდა - განვითარება.

6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ ჰყავთ საერთო შვილები. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები მოპასუხე ო--- პ--------იანთან არ იცხოვრებენ, მას შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ნ--–-–- პ--------იანს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც ბავშვების აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ორივე მშობელს შვილების მიმართ გააჩნიათ თანაბარი უფლებები და მოვალეობები. კანონი არ ცნობს რომელიმე მათგანის უპირატესობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. როგორც მოსარჩელე მხარე, ისე მოპასუხე ვალდებულია თავისი არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გაიღოს ის თანხები, რაც მათი ნორმალური რჩენისათვისაა საჭირო.

შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ასევე მხედველობაში იღებს მშობლების მატერიალურ მდგომარეობას და შესაძლებლობას. ანუ გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე.

ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ლ-------- პ--------იანი და კ----- პ--------იანი არიან მცირეწლოვანი და მათი ასაკის შესაბამისად ესაჭიროებათ სათანადო მზრუნველობა. არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისათვის აუცილებელ ყოველთვიურ ხარჯს.

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა თუ სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს არა მხოლოდ სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობას, ანუ არა მხოლოდ ბავშვის გაზრდაში მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ რაც შეიძლება ბავშვისათვის კარგი პირობების შექმნას.

თუმცა გასათვალისწინებელია მშობლების მატერიალური მდგომარეობა, ასევე ისეთი გარემოებები, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ალიმენტის ოდენობაზე, როგორიცაა მოცემულ შემთხვევაში, ის რომ ახლო მომავალში მხარეებს უნდა შეეძინოთ მესამე ბავშვი და ის რომ მოპასუხეს სხვა ქორწინებიდან ჰყავს კიდევ ერთი შვილი. აღნიშნული გარემოებების იგნორირების შემთხვევაში შეიძლება გამოწვეულ იქნას საალიმენტო ვალდებულებების სათანადო შეუსრულებლობა, როგორც მოცემული ალიმენტის მიმართ, ასევე დანარჩენი შვილების მიმართაც. ანუ გასათვალისწინებელია მშობლის ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა ყველა შვილის მიმართ თანაბრად.

დადგენილია, რომ მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი ხელფასის სახით, ვინაიდან უვლის მცირეწლოვან ბავშვებს, ასევე არის ფეხმძიმედ და აგვისტოს თვეში ელოდება ბავშვის დაბადებას, რის გამოც ვერ შეძლებს ფიზიკურ შრომას. მაშინ ამით (ვინაიდან უვლის მცირეწლოვან ბავშვებს) ბავშვების სათანადო მზრუნველობაში აქვს წონადი მონაწილეობა, თუ ეს გადათვლილ იქნება ყოველთვიურ ხარჯზე თანხობრივად, გამოდის საკმაოდ დიდი თანხა.

ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხეც არ არის დასაქმებული და არა აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა გააჩნია სეზონური შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან (იხ. 3.2.1.).

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ არის იმდენად კარგი, რათა დაეკისროს მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა (200 ლარი თითოეულ ბავშვზე).

ამასთან სასამართლო მხედველობაში იღებს რომ მოპასუხე ჯანმრთელი და შრომისუნარიანი მამაკაცია, რომელსაც აქვს მუშაობის საშუალება, თავისი ბავშვების რჩენისა და განვითარებისთვის, შესაბამისად უნდა გადაიხადოს მის მიერ შემოთავაზებული 100 ლარზე მეტი ალიმენტი.

აქედან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 150 ლარის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში იქნება ადეკვატური.

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ბავშვები მოსარჩელესთან ცხოვრობდნენ. შესაბამისად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 05 ივნისიდან, (სარჩელის აღძვრის დღიდან), ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ--–-–- პ--------იანის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ო--- პ--------იანს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე ნ--–-–- პ--------იანის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–---------–--ს დაბადებული ლ-------- პ--------იანის (პ/ნ 4----------) და 2----–-–----------ს დაბადებული კ----- პ--------იანის (პ/ნ 4----------) რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, თითოეულ ბავშვზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან - 2019 წლის 05 ივნისიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე;

3. მოპასუხე ო--- პ--------იანს (პ/ნ 4----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე არარატ ესოიან