განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119002981232
საქმე #1/188-19 (011100219002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
15 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ--- წ----–--- (დაბადებული 2----–-–------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ----–-----–------–---–-----------ში, მცხოვრები გ----–-----–-----–-------------ში)
ადვოკატი - ი----- გ---------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 04:50 საათზე, გ----–--------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ--- წ----–---, სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს ,------------“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოხსნისა და მისი კარის სახრახნისით დაზიანებით, ფარულად დაეუფლა 135 ლარს;
1.2 ამავე წლის 23 თებერვალს, ღამით, გ----–-----------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ--- წ----–---, სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ძალაყინისა და სახრახნისის გამოყენებით ცდილობდა ,--------------“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაღებასა იქ არსებული თანხის ფარულად დაუფლებას, რაც აღკვეთეს პოლიციელებმა;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ქურდობა და ქურდობის მცდელობა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება და დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა კ--- წ----–---მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული გ------- ც-–--ის, გ------- გ--------–---–ის, გ------- მ---------–ის და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაციითა და ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 კ--- წ----–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს კ--- წ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ბრალად შერაცხული ქმედებების აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, მის ასაკს - დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი - 17 წლის. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ--- წ----–--ის მიმართ წინა განაჩენი გამოტანილია განსახილველი ქმედებების ჩადენის შემდეგ - 2019 წლის 26 თებერვალს. აღნიშნული განაჩენით კ--- წ----–---ს განესაზღვრა სასჯელის მინიმალური ზომა, რაც ჩაეთვალა პირობით;
5.2 იმ ვითარებაში, როდესაც წინა განაჩენით კ--- წ----–---ს განესაზღვრა მინიმალური სასჯელი პირობით, მიზანშეუწონელია, ამ შემთხვევაში ნასამართლობამდე ჩადენილი ქმედებებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. ამასთან, ეს სასჯელი უნდა დაინიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების საფუძველზე, შთანთქმის წესის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ--- წ----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს:
- 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდეს ¼-ით, განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჩაეთვალოს პირობით;
- 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდეს ¼-ით, განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით კ--- წ----–---ს განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ სასჯელმა შთანთქას გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - 3 (სამი) წელი, რის შედეგად კ--- წ----–---ს საბოლოდ მიესაჯოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
მსჯავრდებულ კ--- წ----–---ს დაევალოს, გათავისუფლების შემდეგ, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულება - სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ტომარა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - ნაჭრის ქუდი - განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი