გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2019
საქმის ნომერი
330210119002914130
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6325-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ი-----–--–-----–-ა

წარმომადგენელი - ნ---------–--ა

 

მოპასუხე - შპს ,,ა---------"

წარმომადგენელი - ვ-----------–-–---–ი

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2019 წლის 7 მარტს გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვროს შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 33500 ლარი, პროცენტი - 1525 ლარი, პირგასამტეხლო - 428,8 ლარი.

 

(მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა მოსამზადებელ ეტაპზე. იხ. 19.06.2019 წლის სხდომის ოქმი).

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

მხარეებს შორის 2017 წლის 27 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, გაიცა სესხი 38000 ლარი, ერთი წლის ვადით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით. უზრუნველყოფის მიზნით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.

 

2018 წლის 3 მაისს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, მსესხებლის მიერ გადახდილი 14545 ლარის გათვალისწინებით სესხის ძირითადი თანხა 38000 ლარი შემცირდა 23455 ლარამდე, ამასთან, სესხი გაიზარდა 10045 ლარით და სესხის საერთო ოდენობა განისაზღვრა 33500 ლარით. წლიური პროცენტი კვლავ 30%-ს შეადგენდა. ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელად.

 

კრედიტორის მოთხოვნით 2019 წლის 7 მარტს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელით სესხის ძირითადი თანხაა 33500 ლარი, წლიური 30% - 4952,14 ლარი, პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე - 8241 ლარი, აღსრულების ფურცლის გაცემის ხარჯი - 126,72 ლარი. სააღსრულებო ფურცლით უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

სააღსრულებო ფურცელში არაა სწორად დაფიქსირებული დავალიანების ოდენობა, არაა გათვალისწინებული გადახდილი 3500 ლარი, რის გამოც უნდა შემცირდეს პროცენტის ოდენობა 1525 ლარამდე, ხოლო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ნაცვლად უნდა დაეკისროს 0,01%, საბოლოო ჯამში 4288 ლარის ნაცვლად - 428,8 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო მთავარ სხდომაზე მოთხოვნა ცნო სარგებლის ნაწილში. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით განმარტა, რომ კრედიტორი ისედაც ამცირებდა მოთხოვნას, სააღსრულებო ფურცელში მითითებული 8241 ლარის ნაცვლად აპირებდა მის ნახევარის - 4120,5 ლარის მოთხოვნას, რომელსაც კიდევ ამცირებდა 3000 ლარამდე. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული და არ უნდა შემცირებულიყო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი-----–--–-----–-ასა და შპს „ა---------ს“ შორის 2017 წლის 27 ოქტომბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს სესხის სახით გადაეცა 38000 ლარი, ერთი წლის ვადით, წლიური 30% სარგებლის, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,1%-ის დარიცხვის გათვალისწინებით.

 

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, შემდეგი მახასიათებლებით: თბილისი, გლდანი, მ-----“ მ/რ, კორპუსი N--, ს--------------, სართული 1, ბინა N---. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-----------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 27.10.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დასაშვებია სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების ვადაზე ადრე დაბრუნება, ასევე ეტაპობრივად. სესხის დაფარვის კონკრეტული გრაფიკი წერილობით მხარეთა შორის არ გაფორმებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 27.10.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში 2018 წლის 3 მაისს შევიდა ცვლილება, შემდეგი ფორმით: „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხა - 38000 ლარი, საიდანაც მხარეთა განცხადებით დაბრუნებულია 14545 ლარი და ამჟამად შეადგენს 23455 ლარს, გაიზარდოს 10045 ლარით და სესხის საერთო თანხად განისაზღვროს 33500 ლარი.

 

შპს „ა---------“-მა, რომელიც ამ ხელშეკრულებაში წოდებულია, როგორც იპოთეკარი, ი-----–--–-----–-ას, რომელიც ამ ხელშეკრულებაში წოდებულია, როგორც მესაკუთრე, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა 33500 ლარი, ყოველწლიური 30%-ის დარიცხვით და გადახდით, მხარეთა განცხადებით, მესაკუთრეს ეკისრება საკომისიოს გადახდა 2%-ის ოდენობით“

 

ხელშეკრულების დანარჩენი პირობები უცვლელი დარჩა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ 03.05.2018 წლის შეთანხმება.

 

3.1.4. კრედიტორის, შპს „ა---------ის“ მოთხოვნით, ნოტარიუსმა ე-–-----–----–---–მა 2019 წლის 7 მარტს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა მისი გაცემის დროისთვის განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 33500 ლარი, წლიური 30% (გადაუხდელი თანხა - 4952,14 ლარი), პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე - 8241 ლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.

 

სააღსრულებო ფურცლით დადგინდა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 07.03.2019 წლის სააღსრულებო ფურცელი.

 

3.1.5. სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებელთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილი;

- ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.

 

3.1.6. მოსარჩელე ადასტურებს, რომ მის მიერ გადასახდელია ძირითადი თანხა 33500 ლარი, სარგებელი - 1525 ლარი. კრედიტორ შპს „ა---------ის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სარგებლის ოდენობა 1525 ლარს შეადგენდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (19.06.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოება საქმეში არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ითხოვს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, საიდანაც მოპასუხემ მოთხოვნა სრულად ცნო პროცენტთან მიმართებით და დაეთანხმა მის შემცირებას 1525 ლარამდე. აღნიშნული გარემოება საკმარისი საფუძველია მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განსაზღვრეს ძირი თანხის 0,1%-ით. მოსარჩელემ (მოვალემ) მოითხოვა მისი შემცირება, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც მოპასუხის მიერ შედავებული იქნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მართალია, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ანიჭებთ თავისუფალ ნებას, თავად განსაზღვრო პირგასამტეხლოს ოდენობა, უფრო მეტიც, შესაძლოა იგი აღემატებოდეს ზიანის ოდენობასაც, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია შეამციროს მისი ოდენობა, თუკი მიიჩნევს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია.

 

კრედიტორი განმარტავს, რომ მართალია სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ოდენობად მითითებულია 8241 ლარი, თუმცა იგი აპირებდა მოეთხოვა მისი ნახევარი. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მისი ოდენობა და აღნიშნა, რომ თანახმა იყო მოვალეს დაკისრებოდა 3000 ლარი. მიუხედავად ამისა, პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს 0,01%-მდე, კერძოდ 428,8 ლარამდე.

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 444,8 ლარს. მოთხოვნის დაზუსტების საფუძველზე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა 107,62 ლარი, ხოლო სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს დარჩენილი 337,18 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სასამართლოს 01.04.2019 წლის განჩინებით შეჩერდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულება. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–--–-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2019 წლის 7 მარტს გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 33500 ლარი, პროცენტი - 1525 ლარი, პირგასამტეხლო 428.8 ლარი, დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩეს ძალში.

 

3. ი-----–--–-----–-ას (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 26.03.2019 წელს სს ,,თიბისი ბანკში” (საგადასახადო დავალება N0) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 444.80 ლარიდან, (გადამხდელი - ნ---------–--ა პ/ნ 6----------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) - 107.62 (ასშვიდი ლარი და 62 თეთრი) ლარი.

 

4. შპს ,,ა---------"-ს (ს/ნ 4--------) ი-----–--–-----–-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 337.18+50=387.18 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე