გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/21225-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - ია-----------ა
წარმომადგენელი - ლა----ა ლი--------–---ი
მოპასუხე - გუ-----------ე
წარმომადგენელი - შა-–---–-----ა, ბე-–---ა ჩი----ე
დავის საგანი - პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხეს 2018 წლის 30 ივნისს ,,ა----’’-ს ფეიქსბუქ გვერდზე მოსარჩელის მისამართით გამოქვეყნებული პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფა და იმავე ფეისბუქ გვერდის, ან ,,ა----’’-ს ფეისბუქვერდგის არ არსებობის შემთხვევაში, ია-----------ასა და გუ-----------ის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით იმ ინფორმაციის გამოქვეყნება რომ შემდეგი განცხადებები:
- ,,რე---------ი ,,ა----’’ გენერალური პროკურატურის პროკურორმა ია-----------ამ და მისმა ქმარმა იო--- შე----–--მ თაღლითური სქემით წამართვეს’’ და
- ,,პირველად წელიწად ნახევრის წინ ჰქონდათ მცდელობა, როდესაც თავისი ნათესავი ციხიდან ახალი გამოსული - ქურდული სამყაროს წევრები გამომიგზავნეს, რომ მათთვის წილი დამეთმო, ბევრი წვალების მერე მოვიგიეთ’’ და
- ,,3 დღის წინ რომ მივედით ,,ა----’’-ში მე და ჩემი ცოლი, დაგვხვდა პროკურორი ია-----------ა, დაცვა და ადვოკატი, რომლებმაც გვითხრეს რომ ჩვენ აქ აღარაფერი გვეკუთვნის და თუ არ დავტოვებთ რე---------ს პოლიციას დაუძახებენ. ყველანაირად ვეცადეთ გაგვეგო რა ხდებოდა, თუმცა საპასუხოდ ადვოკატი გვეუბნება არ მიხვიდეთ პატრულს დაურეკავენ’’ და მოგვიანებით გაკეთებული კომენტარი
- ,,ქალბატო------, ქურდები რომ მოგყავდათ, რას ფიქრობდით, ჩუმად ვიქნებოდი? ან თქვენმა ქმარმა რომ გადაიფორმა თაღლითურად ყველაფერი ?! გრცხვენოდეთ!’’- ა---- ცილისწამება და სინამდვილეს არ შეესაბამება.
1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 20 000 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
შპს ,,ა---- +’’-ს პარტნიორები არინ იო--- შე----–-- ია-----------ას (შემდგომში მოსარჩელე) მეუღლე და თა-------–--ე გო--–---–ი გუ-----------ის (შემდგომში მოპასუხე) მეუღლე, შესაბამისად ისინი ახორციელებენ საწარმოს წარმომადგენლობით და ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას. მოპასუხე არასოდეს არ ყოფილა შპს ,,ა----’’-ს დამფუძნებელი. მოსარჩელის მეუღლე ამასთანავე ა---- შპს ,,გლ----ი’’-ს დამფუძნებელი, მისი 100%-იანი წილის მფლობელი და საწარმოს დირექტორი. თბ--–--ი, სა------------–-ს ქუჩა 7-ში განთავსებული კომერციული ფართი, სადაც შპს ,,ა---- +’’ ფუნქციონირებდა და ამჟამად შპს ,,გლ----ი’’ აწარმოებს საქმიანობას, წარმოადგენს შპს ,,ტე-------’’-ს საკუთრებას. მის საკუთრებას წარმოადგენს ასევე ფართში განთავსებული დანადგარები და მოწყობილობა რაც განკუთვნილია სარესტორნო მომსახურებისათვის. იმის გამო, რომ შპს ,,ა---- +’’-მა თვეების მანძილზე ვერ გადაიხადა საიჯარო ქირა, მეიჯარემ შეწყვიტა მასთან იჯარის ხელშეკრულება და ამის შემდგომ ხელშეკრულება გაფორმდა შპს ,,გლ----ი’’-თან.
2018 წლის 30 ივნისს მოპასუხემ ,,ა----’’-ს ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც ჰყავს 33 440 გამომწერი, გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი: ,,მეგობრებო, მე მქვია გუ-----------ე, ვარ ,,ა----’’-ს დამფუძნებელი და პარტნიორი, 3 წელია რე---------ს შვილივით ვუვლი, რე---------ი ,,ა----’’ გენერალური პროკურატურის პროკურორმა - ია-----------ამ და მისმა ქმარმა იო--- შე----–--მ თაღლითური სქემით წამართვეს. პირველად წელიწად ნახევრის წინ ჰქონდათ მცდელობა, როდესაც თავისი ნათესავი, ციხიდან ახალი გამოსული - ქურდული სამყაროს წევრები გამომიგზავნეს რომ მათთვის წილი დამეთმო, ბევრი წვალების მერე მოვიგერიე. 3 დღის წინ რომ მივედი ,,ა----’’-ში მე და ჩემი ცოლი, დაგვხვდა პროკურორი ია-----------ა, დაცვა და ადვოკატი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ჩვენ აქ აღარაფერი გვეკუთვნის და თუ არ დავტოვებთ რე---------ს პოლიციას დაუძახებენ. ყველანაირად ვეცადეთ, გაგვეგო რა ხდება, თუმცა საპასუხოდ ადვოკატი გვეუბნება არ მიხვიდეთ პატრულს დაურეკავენ. გთხოვთ, ვინც მიცნობ მომეხმარეთ!!! მყავს ოთხი პატარა შვილი და დავრჩი ფაქტიურად გარეთ! გთხოვთ დააშეაროთ ეს პოსტი! უახლოეს მომავალში, პროკურატურასთან საპროტესტო აქციის გამართვას ვფიქრობ! მადლობა!’’.
აღნიშნული პოსტი 2018 წლის 12 ივლისის მდგომარეობით ნახა 1 200-მა ადამიანმა, კომენტარი გააკეთა 662-მა ადამიანმა და გააზიარა 2 350-მა ადამიანმა.
მოპასუხემ აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შელახა მოსარჩელის როგორც პიროვნების და როგორც პროკურორის პატივი და ღირსება და დააბრალა მას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. მოპასუხის მიერ სოციალური ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნებას მოჰყვა მოსარჩელის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გავრცელება. 2018 წლის 30 ივნისის შემდეგაც მოპასუხე სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებდა სხვადასხვა სახის კომენტარებს, მათ შორის შემდეგს - ,,ქალბატო------, ქურდები რომ მოგყავდათ, რას ფიქრობდით, ჩუმად ვიქნებოდი? ან თქვენმა ქმარმა რომ გადაიფორმა თაღლითურად ყველაფერი !? გრცხვენოდეთ’’.
მოპასუხემ 2018 წლის 08 ივლისს ,,ა----’’-ს ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა გადაცემა პოსკრიპტუმის სიუჟეტი, სადაც მან განაცხადა, რომ საწარმოს გაკოტრება ხელოვნურად იქნა გამოწვეული. ამავე სიუჟეტზე გაკეთებული ერთ-ერთი კომენტარის საპასუხოდ მოპასუხემ გააკეთა შემდეგი სახის კომენტარი :,,გადაიფორმა ყველაფერი და დაცვას ხელით გამომაგდო. პოლიციას დაუძახა. სოსომ ჩაიდო 25 000 ლარი, რომელიც (საბუთებით დავადასტურებ დიდი ხანია ამოიღო). მე უნდა მელაპარაკო? აჟიოტაჟი რომ არ ამეტეხა, ყველაფერი ხახვივით შერჩებოდა მას და მის ცოლს’’.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ მართლაც გაკეთდა მოსარჩელის მისამართით ხსენებული განცხადებები, თუმცა აღნიშნული განცხადებები წარმოადგენს მის შეფასებით მსჯელობას და ისინი არ უნდა იქნეს განხილული კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ვინაიდან აღნიშნული განცხადებებით მისი მხრიდან გამოხატულია სუბიექტური დამოკიდებულება მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომელიც ასახულია გავრცელებულ განცხადებაში, კერძოდ, ქურდული სამყაროს წევრების გამოყენებით წილის დათმობის თაობაზე და რესტორნიდან პოლიციაში დარეკვის მუქარით გაძევების თაობაზე. გარდა იმისა, რომ მის მიერ გამოხატულია სუბიექტური აზრი, მოსარჩელეს როგორც საჯარო მოხელეს აქვს თმენის მაღალი ვალდებულება. მის მიერ გაკეთებული განცხადება - ,,3 დღის წინ რომ მივედით ,,ა----’’-ში მე და ჩემი ცოლი, დაგვხვდა პროკურორი ია-----------ა, დაცვა და ადვოკატი, რომლებმაც გვითხრეს რომ ჩვენ აქ აღარაფერი გვეკუთვნის და თუ არ დავტოვებთ რე---------ს პოლიციას დაუძახებენ. ყველანაირად ვეცადეთ გაგვეგო რა ხდებოდა, თუმცა საპასუხოდ ადვოკატი გვეუბნება არ მიხვიდეთ პატრულს დაურეკავენ’’- კი შეესაბამება სიმართლეს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე - საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 23);
- ცნობა (ს.ფ. 117);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მოსარჩელის მეუღლე და მოპასუხის მეუღლე არიან შპს „ა---- +“-ის პარტნიორები. შპს „ა---- +“-სი ბაზარზე მოქმედებდა საფირმო სახელწოდებით „რე---------ი ა----“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ.21);
- მოწმეთა ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2018 წლის ივნისში შპს „ა---- +“-ის პარტნიორებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი რესტორანის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონფლიქტის წარმოშობამდე კომპანიის პარტნიორებს აკავშირებდათ ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება.
3.1.4. შპს „ა---- +“-ის პარტნიორებს შორის ურთიერთობის გართულებას მოჰყვა მოპასუხის შემდეგი შინაარსის ემოციური განცხადება რე--------- ,,ა----’’-ს ფეისბუქ გვერდზე:
,,მეგობრებო, მე მქვია გუ-----------ე, ვარ ,,ა----’’-ს დამფუძნებელი და პარტნიორი, 3 წელია რესტორანს შვილივით ვუვლი, რე---------ი ,,ა----’’ გენერალური პროკურატურის პროკურორმა - ია-----------ამ და მისმა ქმარმა იო--- შე----–--მ თაღლითური სქემით წამართვეს. პირველად წელიწად ნახევრის წინ ჰქონდათ მცდელობა, როდესაც თავისი ნათესავი, ციხიდან ახალი გამოსული - ქურდული სამყაროს წევრები გამომიგზავნეს რომ მათთვის წილი დამეთმო, ბევრი წვალების მერე მოვიგერიე. 3 დღის წინ რომ მივედი ,,ა----’’-ში მე და ჩემი ცოლი, დაგვხვდა პროკურორი ია-----------ა, დაცვა და ადვოკატი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ჩვენ აქ აღარაფერი გვეკუთვნის და თუ არ დავტოვებთ რესტორანს პოლიციას დაუძახებენ. ყველანაირად ვეცადეთ, გაგვეგო რა ხდება, თუმცა საპასუხოდ ადვოკატი გვეუბნება არ მიხვიდეთ პატრულს დაურეკავენ...’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები სოციალური ქსელიდან (ს.ფ.24-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. სოციალურ ქსელში 2018 წლის 30 ივნისის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელის მისამართით გააკეთა შემდეგი კომენტარი:
,,ქალბატო------, ქურდები რომ მოგყავდათ, რას ფიქრობდით, ჩუმად ვიქნებოდი? ან თქვენმა ქმარმა რომ გადაიფორმა თაღლითურად ყველაფერი ?! გრცხვენოდეთ!’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები სოციალური ქსელიდან (ს.ფ.24-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2018 წლის 01 ივლისს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელის მიერ პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტზე. ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა, რის შემდეგაც შეწყდა სამსახურებრივი შემოწმება და მოსარჩელის მიმართ რაიმე დისციპლინური სახელი არ გამოყენებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.117);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო განცხადებებში მოსარჩელის მოხსენიება და მისი თანამდებობისთვის ხაზგასმა განპირობებული იყო მოპასუხის გადაჭარბებული ემოციით და წინასწარ შექმნილი განწყობით (სტერეოტიპით) მოსარჩელის თანამდებობრივი პოზიციის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოპასუხე და მისი მეუღლე პარტნიორებს შორის კონფლიქტის წარმოშობას მოსარჩელის პროკურორობას უკავშირებენ. მეტიც, სადავო განცხადებებშიც იმის წარმოჩენას ცდილობენ, რომ სწორედ პროკურორის ჩართულობაა გადამწყვეტი მიმდინარე კონფლიქტში.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მეუღლის, მოწმის სახით დაკითხულ თა-------–--ე გო--–---–ის ჩვენებაზე. მოსამართლის შეკითხვაზე - მოსარჩელეში, მოწმე ყოველთვის პროკურორს ხედავდა თუ ოჯახის მეგობარს, მოწმემ უპასუხა, რომ მისთვის მოსარჩელის სტატუსი განაპირობებდა ურთიერთობის კონტექსტსაც.
ამავე მოწმის ჩვენებითა და გუ-----------ის განმარტებებიდან ირკვევა, რომ სადავო განცხადება მეუღლეებმა ერთობლივად განათავსეს რე--------- ,,ა----’’-ს ფეისბუქ გვერდზე, ხოლო განცხადების გავრცელების ერთადერთი მიზანი მდგომარეობდა პროკურორის უკანონო, თანამდებობისთვის შეუფერებელი საქმიანობის წარმოჩენაში.
სასამართლო სხდომაზე მოწვეული სხვა მოწმეთა ჩვენებები სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ დადასტურებულიყო ან გაქარწყლებულიყო მოპასუხის მტკიცება სამეწარმეო საქმიანობაში მოსარჩელის (პროკურორის) აქტიური ჩართულობის/მონაწილეობის შესახებ. თუმცა, არგუმენტები, რომლებზეც მიუთითებდნენ მოპასუხის მოწმეები არ ქმნიან სამეწარმეო საქმიანობაში თანამდებობის პირის მონაწილეობის პრეზუმფციას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იძლეოდა გარკვეულ მითითებებს ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით ვერ იქნება მიჩნეული სამეწარმეო საქმიანობად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი; საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი; ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა ერთი მხრივ გამომდინარეობს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით რეგლამენტირებული ცილისწამების შინაარსის განმსაზღვრელი ნორმიდან (როგორც მოთხოვნის სპეციალური საფუძველი მუხლი 14) და მეორე მხრივ, საქართველო სამოქალაქო კოდექსი მე-18 მუხლიდან (მოთხოვნის ზოგადი საფუძველი).
საგულისხმოა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი ,,ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად’’ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუვალობის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის მე-12 მუხლი ადგენს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება კანონის მიერ იყოს დაცული ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან. ანუ, ამ რეგულაციათა მოცემულობა, თანამედროვე კაცობრიობის სოციალური და სამართლებრივი ყოფის მთავარ ქვაკუთხედს გვაძლევს: ადამიანის უფლება (მათ შორის ზემოაღნიშნული მე-12 მუხლით გარანტირებული უფლებანი) ბუნებით გარანტირებულია; მისი ნებისმიერი შეზღუდვა კი უნდა იყოს კანონით დადგენილი და ამავე დროს ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
სასამართლო მიუთითებს, რომ კონვენცია ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ’’ და „შეზღუდვად’’ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებანი კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს.
კონვენციის მე-8 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომლის თანახმადაც, 1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით დაცული ურთიერთობები არ არის განსაზღვრული numerous clauses პრინციპით. ამ მუხლით დაცული სფერო საკმაოდ ფართოა და არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრებას (იხ. საქმე კოსტელო-რობერტსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). მეტიც, ადამიანის პატივი და ღირსება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროს განეკუთვნება (იხ. საქმე მიკულიჩი ხორვატიის წინააღმდეგ). ამასთან, საგულისხმოა, რომ ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული საქმეები არც თუ ისე იშვიათად კონკურირებს ევროპული კონვენციით დაცულ ისეთ უფლებასთან, როგორიცაა მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება, რომელიც თავის მხრივ ასევე ექვემდებარება შეზღუდვას შესაბამისი საფუძვლების არსებობის პირობებში.
,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ამდენად მოცემული დავის ფარგლებში გადასაწყვეტია - სადავო განცხადებები თავსდება თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში და ხომ არ არსებობს ამ გამოხატვის შეზღუდვის ისეთი კანონით დაცული საფუძველი, როგორიცაა ადამიანის პატივი და ღირსება.
უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შეზღუდვის საფუძველზე მსჯელობისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: 1) რამდენად ეხება კონკრეტული გამონათქვამი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს; 2) თუ საკითხი ეხება პატივისა და ღირსების შელახვას, რა კონტექსტში გავრცელდა ინფორმაცია - ეხებოდა თუ არა გამონათქვამი ინდივიდის საჯარო საქმიანობას, საქმე ეხება ფაქტებს თუ შეფასებით მსჯელობას, რა სახის ქმედებამ და რა ფორმით მოახდინა პირის პატივის ან ღირსების შელახვა და სხვა; 3) რამდენად იყო პირის მიმართ გამოთქმული გამონათქვამები გამოწვეული თავად ამ პირის ქმედებით. საგულისხმოა, რომ დასახელებული საფუძვლებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს.
მეტიც, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიმართ გავრცელებული ცნობების უარყოფას იმ საფუძველზე მითითებით, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. აქვე არ არის სადავო ის გარემოება, რომ მოსარჩელე, სადავო განცხადების გავრცელების დროისათვის, თავის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, მიეკუთვნებოდა საჯარო პირს და შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მ-14 მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტი.
მითითებული კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
ამავდროულად, მოპასუხე განმარტავს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაცულია გამოხატვის თავისუფლების უფლებით. სადავო განცხადებში აღწერილი მოვლენები და შეფასებები მოპასუხის აზრია და არ უნდა შეფასდეს, როგორც ცილისწამება.
ამდენად, დავის გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა შეფასდეს სადავო განცხადება ემყარება თუ არა არსებითად მცდარ ფაქტს. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმანეთისგან განასხვავებს ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას. ფაქტის არსებობის დადასტურება შესაძლებელია, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. შეფასების ნამდვილობის დამტკიცების მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და ის არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლების არსს, რაც კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტური ნაწილია. თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, უნდა არსებობდეს ასეთი შეფასების საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი’’ (იხ. ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი № 18925/09).
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სადავო განცხადებების ნაწილის - მაგ: მოსარჩელის მხრიდან თაღლითობის ჩადენის ფაქტის და კანონიერ ქურდებთან კავშირის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France). შეუძლებელია, თუნდაც სამოქალაქო საქმეზე, პირს იმის მტკიცება მოეთხოვებოდეს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და, ამდენად, ამ ინფორმაციის შემცველი განცხადება ცილისმწამებლურია. ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას (იხ. სუსგ, №ას-1011-972-2016).
განცხადებების დარჩენილი ნაწილების კონტექსტში კი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, ისევე როგორც ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და განმარტავს. მოპასუხის მიერ სადავო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილება წარმოდგენილი ჩანაწერი (ს.ფ. 36), რომელიც მხარეთა შეფასებების და მითითებების პარალელურად არსებითად გამოკვლეული იქნა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. მართალია, აღნიშნულით დასტურდება მოსარჩელის კონკრეტულ დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი, რასაც თავადვე არ ხდის სადავოდ, თუმცა არ დასტურდება მოპასუხის განცხადებების რეალობასთან შესაბამისობა.
ცხადია, რომ მოსარჩელის თანამდებობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიმართ მოქმედებს საჯარო პირის ცილისწამებისათვის დადგენილი სტანდარტი, რომელსაც ახასიათებს თმენის მაღალი ვალდებულება. თუმცა, განსახილველი დავის ფარგლებში არსებითია იმის განსაზღვრა, რომ სადავო განცხადებები გაკეთებულია არა უშუალოდ მოსარჩელის საპროკურორო საქმიანობიდან გამომდინარე, არამედ სწორედ მისი საპროკურორო საქმიანობაა უარყოფით კონტექსტში დაკავშირებული მისი მეუღლის ბიზნეს საქმიანობასთან.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო განცხადებები როგორც მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, ისე იზოლირებულად სასამართლოს შეფასებით წარმოადგენენ ,,ფაქტებს’’ და მათზე ვერ გავრცელდება აზრისათვის დამახასიათებელი აბსოლუტური პრივილეგია. სადავო განცხადებები პირდაპირ აკავშირებს მოსარჩელეს, როგორც პროკურორს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნების შემცველ მოვლენებთან და რეპუტაციული ზიანის გამომწვევია მისთვის. ამასთან, განცხადების ტექსტი პირდაპირ იყო მიმართული მოსარჩელის დისკრედიტაციისაკენ. დასახელებული გარემოებები კი, ერთიანობაში, ქმნის საჯარო პირის ცილისწამებისათვის დადგენილ ნორმატიულ შემადგენლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხის განცხადებები წარმოადგენს მოსარჩელის პატივისა და ღირსების დაცულ სფეროში ჩარევას, რის გამოც არსებობს ცილისწამების აღიარებასთან მიმართებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.
მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელებისას ფიზიკური პირის მიმართ ზიანი არაქონებრივი სახით - პირის პატივისა და ღირსებისა შელახვით არის გამოვლენილი. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, და მას არ გააჩნია ღირებულება, ამ ზიანის დამტკიცებისათვის სპეციალური კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია (№ას-1477-1489-2011 3.04. 2012).
კონვენციის მიხედვით, დიფამაციისათვის მინიჭებული ზიანის ანაზღაურება უნდა გულისხმობდეს რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანთან პროპორციულობის გონივრულ ურთიერთკავშირს (Tolstoy Miloslavsky v. the United Kingdom).
შესაბამისად, მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსაზრებით, პატივისა და ღირსების აღიარება საკმარისი რესტიტუცია მოსარჩელისთვის და აღარ არსებობს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების საჭიროება. (იხ. ევროპული სასამართლოს მიდგომა მე-8 მუხლის დარღვევის აღიარების განმცხადებლისთვის საკმარის რესტიტუციად მიჩნევის ნაწილში, მაგ: ეგილ ეინარსონი ისლანდიის წინააღმდეგ, ქრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე უშუალოდ მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ არამატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის წარმოდგენა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მისი აზრით მოპასუხისთვის ზიანის დაკისრება წარმოადგენს მოპასუხის ,,დასჯის’’ ყველაზე ქმედით საშუალებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხის განცხადებები წარმოადგენს პატივისა და ღირსების დაცულ სფეროში ჩარევას, თუმცა არ განაპირობებს მოპასუხისთვის უპირობოდ არამატერიალური ზიანის დაკისრებას, რის გამოც არსებობს წარმოდგენილი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 700 ლარი (ს.ფ.35). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარის ანაზღაურება, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 600 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ია-----------ას სარჩელი მოპასუხე გუ-----------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. დაევალოს მოპასუხე გუ-----------ეს 2018 წლის 30 ივნისს ,,ა----’’-ს ფეიქსბუქ გვერდზე მოსარჩელე ია-----------ას მისამართით გამოქვეყნებული პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფა და იმავე ფეისბუქ გვერდის, ან ,,ა----’’-ს ფეისბუქვერდგის არ არსებობის შემთხვევაში, ია-----------ასა და გუ-----------ის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით იმ ინფორმაციის გამოქვეყნება რომ შემდეგი განცხადებები:
- ,,რე---------ი ,,ა----’’ გენერალური პროკურატურის პროკურორმა ია-----------ამ და მისმა ქმარმა იო--- შე----–--მ თაღლითური სქემით წამართვეს’’ და
- ,,პირველად წელიწად ნახევრის წინ ჰქონდათ მცდელობა, როდესაც თავისი ნათესავი ციხიდან ახალი გამოსული - ქურდული სამყაროს წევრები გამომიგზავნეს, რომ მათთვის წილი დამეთმო, ბევრი წვალების მერე მოვიგიეთ’’ და
- ,,3 დღის წინ რომ მივედით ,,ა----’’-ში მე და ჩემი ცოლი, დაგვხვდა პროკურორი ია-----------ა, დაცვა და ადვოკატი, რომლებმაც გვითხრეს რომ ჩვენ აქ აღარაფერი გვეკუთვნის და თუ არ დავტოვებთ რესტორანს პოლიციას დაუძახებენ. ყველანაირად ვეცადეთ გაგვეგო რა ხდებოდა, თუმცა საპასუხოდ ადვოკატი გვეუბნება არ მიხვიდეთ პატრულს დაურეკავენ’’ და მოგვიანებით გაკეთებული კომენტარი
- ,,ქალბატო------, ქურდები რომ მოგყავდათ, რას ფიქრობდით, ჩუმად ვიქნებოდი? ან თქვენმა ქმარმა რომ გადაიფორმა თაღლითურად ყველაფერი ?! გრცხვენოდეთ!’’- არის ცილისწამება და სინამდვილეს არ შეეფერება.
1.2. ია-----------ას სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყფილდეს;
2. მოპასუხე გუ-----------ეს მოსარჩელე ია-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 600 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია