გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/29524-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით - შპს ,,სპ---------’’
წარმომადგენელი - ირ---–ი ჭრ---–---–ი, ვა–------------ე
მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით - თა-------------ი
წარმომადგენელი - და---------–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4 130 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
2. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა (იხ. დაზუსტებული შეგებებული სარჩელი):
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 29 მაისის ხელშეკრულების დანართებით #5-- განსაზღვრული ე.წ. ,,მობილიზაციის’’ პირობა;
2.2. შეწყვეტილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის 2018 წლის 29 მაისს დადებული გარიგება;
2.3. დაეკისროს მოპასუხეს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 2 500 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2018 წლის 29 მაისს შპს ,,სპ---------’’-სა (შემდგომში მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით, შემსრულებელი) და თა-------------ს (შემდგომში მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით, დამკვეთი) დაიდო შეთანხმება საპროექტო სამუშაოების შესრულების შესახებ, კერძოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შექმნასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, პროექტი დაიყო რამდენიმე ფაზად, კერძოდ: 1. სქემატური პროექტირება, 2. მუშა სტაფია/სამშენებლო ნახაზები, 3.დეტალური ხარჯთაღრიცხვა. ანაზღაურება განისაზღვრა შემდეგნაირად : 1. მობილიზაცია - 2 250 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში; 2. სქემატური ფაზის დასრულება - 2 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; 3. მუშა სტადია/სამშენებლო ნახაზები - 2 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; 4. დეტალური ხარჯთაღრიცხვა - 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
პროექტის მიმდინარეობის დროს, მოსარჩელემ დამკვეთის მოთხოვნებისამებრ რამდენჯერმე შეცალა არქიტექტურული პროექტი. ამასთანავე, სამუშაო წარმოების პარალელურად წინსწრებით მიაწოდა დამკვეთს დეტალური ხარჯთაღრიცხვის პირველადი ვარიანტი, რაც შემდგომში უნდა დაკონკრეტებულიყო საბოლოო პროექტის მოცულობიდან გამომდინარე. პროექტის მიმდინარეობისას დამკვეთს მიერ ორჯერ მოხდა ანგარიშსწორება - მის მიერ გადახდილია მობილიზაციისა და სქემატური ფაზის ანაზღაურება.
2018 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელემ სრულად შეასრულა მისი ვალდებულება, კერძოდ, გადასცა მოპასუხეს მუშა სტადიისა და სამშენებლო ნახაზების სრული დოკუმენტაცია, რაც თავდაპირველად მოპასუხემ გამოთქვა გაუგებარი სახის პრეტენზიები, ხოლო შემდგომ, მას შემდეგ რაც სრულად მიიღო შესრულებული სამუშაოები, მისივე განცხადებით უარი განაცხადა შეთანხმებით განსაზღვრული მუშა სტადია სამშენებლო ნახაზებისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის ღირებულების გადახდაზე,შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელე თავადვე მიუთითებს, რომ მას გადახდილი აქვს შეთანხმებით გათვალისწინებულ ე.წ. ,,მობილიზაციის’’ თანხა, თუმცა მის მიერ თანხის გადახდას შემსრულებლის მხრიდან არ მოჰყოლია საპასუხო ვალდებულების შესრულება და ასეთის თაობაზე არც რაიმე გარიგება არ დადებულა სათანადო ფორმით და წესით. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მხრიდან მის მიერვე მითითებული ვალდებულებების შესრულებას, რადან მის მიერვე ბუნდოვანი და გაუგებარი შინაარსის ე.წ. ,,მობილიზაციის’’ გადასახდელი 2 250 აშშ დოლარის მიღების საფუძვლიანობა არ დასტურდება და არც სათანადოდ არ არის ხელშეკრულებით დეფინიცირებული (განმარტებული), როგორც ცალკე ასანაზღაურებელი ვალდებულება და, როგორც ჩანს, მოსარჩელე მას არც მისი რეალური საპროექტო სამუშაოების ანგარიშში თვლის მას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე ფაზის მიღმა დანართ 5---ში ე.წ. ,,მობილიზება’’ ნახსენებია უშუალოდ მშენებლობასთან დაკავშირებულ მოქმედებებთან მიმართებით, როგორიცაა მაგ: მოსამზადებელი სამუშაოები, ფუნდამენტი, ტერიტორიის მოწყობა, მაშინ როდესაც მოსარჩელეც აღიარებს რომ მშენებლობის თაობაზე სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეთა შორის არ დამყარებულა და ამ თანხას მოიაზრებს როგორც ავანსს. საპასუხო ვალდებულების შესრულების გარეშე თანხის მიღება კი განაპირობებს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე თა-------------ის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მის უსაფუძვლობაზე. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მხრიდან მის მიერვე მითითებული ვალდებულებების (საპროექტო სამუშაოების) შესრულებას, ხოლო მის მიერვე აღიარებული ბუნდოვანი და გაუგებარი ,,მობილიზაციის’’ და ,,სქემატური გაზის’’ შესრულებაში 2 250 და 2 750 აშშ დოლარის მიღება, არაა გათვალისწინებული გარიგებით როგორც ცალკე ასანაზღაურებელი ვალდებულება. აღნიშნულის ფონზე კი, ცხადია, ვერ დასტურდება მისი მხრიდან კვლავ დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულება. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა და შეუსრულებლობის გამო, მან არაერთგზის გამოთქვა და შეატყობინა მოსარჩელეს დასაბუთებული პრეტენზიები, რის გამოც, მისთვის ინტერესი დაკარგა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებამ და გავიდა ხელშეკრულებიდან, რაც დადასტურდა კიდევაც მოსარჩელის მიერ.
2.2.მოპასუხე შპს ,,სპ---------’’-ის პოზიცია შეგებებულ სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა მის უსაფუძვლობაზე. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა შეგნებულად არ მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტებს მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღების მიუხედავად. ამასთან, დამკვეთისათვის ხელშეკრულების ჯამური თანხის ოდენობა თავიდანვე იყო ცნობილი და ამავე ხელშეკრულებით ანაზღაურების გადახდა განისაზღვრა რამდენიმე ეტაპად. იმისთვის რომ მას დაეწყო სამუშაოების წარმოება, ესაჭიროებოდა გარკვეული მობილიზება როგორც მატერიალური ისე, სამუშაოს განმახორციელებელი თანამშრომლების სახით. სწორედ ამ საჭიროების გამოა მითითებული ხელშეკრულებაში აღნიშნული ტერმინი -,,მობილიზება’’. დამკვეთმა მიიღო სქემატური პროექტირების ფაზა როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და დამკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი გახდა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 29 მაისს მხარეთა შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება რომლის თანახმადაც მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო მოპასუხისთვის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მუშა ნახაზების პროექტის შემუშავება.
ხელშეკრულების დანართი N4-ის თანახმად, პროექტის შესრულება დაიყო სამ ფაზად: 1 ფაზა - სქემატური პროექტირება, მე-2 ფაზა - მუშა სტადია/სამშენებლო ნახაზები, მე-3 ფაზა - დეტალური ხარჯთაღრიცხვა.
ხელშეკრულების დანართი N5-ის თანახმად, პროექტირების დისციპლინები იქნება გამოცემული ეტაპობრივად რომ შესაძლებელი გახადოს მშენებლობის სწრაფი მობილიზება (მოსამზადებელი სამუშაოები, ფუნდამენტი, ტერიტორიის მოწყობა).
ხელშეკრულების დანართი N6-ის თანახმად, პროექტის ანაზღაურება განისაზღვრა 8 500 აშშ დოლარით. ამასთანავე განისაზღვრა, რომ გადახდა მოხდებოდა ეტაპობრივად, შესაბამისი ფაზის დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის საფუძველზე. აღნიშნული დანართის თანახმად, გადახდის ფაზები და შესაბამისი ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: 1. მობილიზაცია - 2 250 აშშ დოლარი; 2. სქემატური ფაზის დასრულება - 2 750 აშშ დოლარი; 3. მუშა სტადია/სამშენებლო ნახაზები - 2 500 აშშ დოლარი; 4. დეტალური ხარჯთაღრიცხვა - 1 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.15-26; 71-82; 88-99);
- საქმის დანართი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2018 წლის 29 მაისის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილია მობილიზაციის ფაზის ანაზღაურება - 2 250 აშშ დოლარი და სქემატური ფაზის ანაზღაურება - 2 750 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები (ტომი 1, ს.ფ.83-84);
- საქმის დანართი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 04 სექტემბერს მოპასუხის ინიციატივით შეწყდა მხარეთა შორის 2018 წლის 29 მაისის მომსახურების ხელშეკრულება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-3 - ,,ხარჯთაღრიცხვის სამუშაოების წარმოების’’ ფაზიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა მიმოწერა (ტომი 1, ს.ფ. 187-188; 30-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ 2018 წლის 29 მაისის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-2 ფაზის - მუშა სტადია/სამშენებლო ნახაზების შესრულებისა და მოპასუხის მიერ მისი მიღების ფაქტი.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-2 ფაზის - მუშა სტადია/სამშენებლო ნახაზები - შესრულების (იხ. წარმოდგენილი დანართი) და მოპასუხის მიერ ამ მომსახურების მიღების ფაქტზე. აღნიშნულს არ ეთანხმება მოპასუხე და მიუთითებს, რომ აღნიშნულ სტადიაზე შესრულებული სამუშაოები ფაქტობრივად იდენტური იყო წინა სტადიაზე შესრულებული სამუშაოებისა. შესაბამისად, განხორციელებული შედავებიდან გამომდინარე სწორედ მოსარჩელეს, როგორც შემსრულებელს, ეკისრება მის მიერ სამუშაოს შესრულებისა და ამ სამუშაოს მოპასუხის მიერ მიღების ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, შემკვეთის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიღების სადავოობის გახდის შემთხვევაში, მოსარჩელეზე არსებული მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება სამუშაოს შესრულების მიღების თაობაზე ვერ განიხილება ფაქტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. ასეთად ვერ განიხილება ასევე წარმოდგენილი მიმოწერა მხარეთა შორის, რომლითაც არ დასტურდება მოპასუხის მიერ უშუალოდ ამ ფაზაში შესასრულებელი მომსახურების მიღებისა და მიღების დადასტურების ფაქტი. მართალია მოსარჩელის მიერ დანართის სახით წარმოდგენილია დოკუმენტების სწორედ მუშა ფაზის სათაურით, თუმცა აღნიშნულის სასამართლოსთვის წარმოდგენა არ განაპირობებს შემკვეთის მიერ სამუშაოს მიღებულად ცნობის დადგენას.
ამასთან, სასამართლო აღნიშნულზე მსჯელობისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ ას-67-64-2016). განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე მსჯელობას განაპირობებს არა მოსარჩელის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის წარმოუდგენლობა, არამედ სწორედ ის გარემოება, რომ საქმის მასალებით ზოგადად არ დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი, ისევე როგორც შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 361-ე, 400-ე, 319-ე, 327-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მხარეები არ დავობენ, რომ მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2018 წლის 29 მაისის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის საცხოვრებელი სახლის მუშა ნახაზების პროექტის შემუშავება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მენარდის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის - 4 130 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული თანხიდან 1 180 აშშ დოლარი წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო ფაზის - დეტალური ხარჯთაღრიცხვის საფასურს, ხოლო დარჩენილი თანხა - 2 950 აშშ დოლარი წარმოადგენს მოპასუხის მიერ აუნაზღაურებელი სამუშაოს - მე-2 ფაზის - მუშა სტადია/სამშენებლო ნახაზების შესაბამის ღირებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს მოპასუხის ინიციატივით შეწყდა მხარეთა შორის 2018 წლის 29 მაისის მომსახურების ხელშეკრულება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-3 - ,,ხარჯთაღრიცხვის სამუშაოების წარმოების’’ ფაზიდან. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ 2018 წლის 29 მაისის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-2 ფაზის - მუშა სტადია/სამშენებლო ნახაზების შესრულებისა და მოპასუხის მიერ მისი მიღების ფაქტი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით გათვალისწინებული არსებითი წინაპირობის - მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, შესაბამისად სასამართლო თვლის რომ არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ხელშეკრულების დანართი N5-ის თანახმად, პროექტირების დისციპლინები იქნება გამოცემული ეტაპობრივად რომ შესაძლებელი გახადოს მშენებლობის სწრაფი მობილიზება (მოსამზადებელი სამუშაოები, ფუნდამენტი, ტერიტორიის მოწყობა). ასევე დასტურდება, რომ ხელშეკრულების დანართი N6-ის თანახმად, პროექტის ანაზღაურება განისაზღვრა 8 500 აშშ დოლარით. ამასთანავე განისაზღვრა, რომ გადახდა მოხდებოდა ეტაპობრივად. აღნიშნული დანართის თანახმად, გადახდის ფაზები და შესაბამისი ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: 1. მობილიზაცია - 2 250 აშშ დოლარი; 2. სქემატური ფაზის დასრულება - 2 750 აშშ დოლარი; 3. მუშა სტადია/სამშენებლო ნახაზები - 2 500 აშშ დოლარი; 4. დეტალური ხარჯთაღრიცხვა - 1 000 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
აღნიშნული მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის გამსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. ამასთანავე, მუხლის ფორმულირება ზოგადია და ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი კანონის, საჯარო წესრიგის ან ზნეობის რომელი ნორმების დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას, ამ გაგებით ითვლება, რომ ნორმა შეიცავს განმარტების წესს კანონის ნორმის დაკონკრეტების გარეშე.
უდავოა, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მობილიზაციის ეტაპის თანხის - 2 250 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. წარმოდგენილი სარჩელით, შეგებებული სარჩელის ავტორი მოითხოვს ხელშეკრულების აღნიშნული დათქმების ბათილობას გარიგების კონტრაჰენტის მიერ მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის საფუძვლით.
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
უდავოა, რომ მხარეებმა შესასრულებელი სამუშაოების ერთ-ერთ ეტაპად განსაზღვრეს მობილიზაციის ეტაპი, რომელიც დამკვეთის განმარტებით გულისხმობდა სამუშაოს შემსრულებლების მოზიდვას და სხვა ტექნიკურ დეტალებს რისთვის აუცილებელი იყო დამკვეთის მიერ თანხის გადახდა და აღნიშნულზე ინფორმირებული იყო მოპასუხე. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორი მოითხოვს ხელშეკრულების შესაბამისი დათქმის ბათილად ცნობას, ისე რომ არ განუხორციელებია აღნიშნული ბათილობის საფუძვლად მითითებული მატერიალური ნორმებით (მაგ: სსკ-ის 72-ე ან/და 82-ე მუხლები) გათვალისწინებული შემადგენლობისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცება. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მითითება ზოგადი კეთილსინდისიერების პრინციპსა და უფლების მართლზომიერად განხორციელების აუცილებლობაზე კი, არ წარმოადგენს გარიგების ნაწილის ბათილად ცნობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, იმ ფონზე როდესაც საქმის მასალებით არ იკვეთება აღნიშნული დათქმის ბათილობის ვარგისი სამართლებრივი საფუძველი. გარიგების ნაწილის ბათილობის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლოდ მიჩნევა კი, თავისთავად ასევე გამორიცხავს თანხის უსაფუძვლო გამდიდრებით დაბრუნების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი თავად შეგებებული სარჩელის ავტორის ინიციატივით. აღნიშნული გარემოების დადასტურების პირობებში, კი საერთოდ არ იკვეთება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წარმოდგენილი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის რელევანტურობისა და მასზე არსებითად მსჯელობის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 325.30 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 38), ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 200 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 118-119). ვინაიდან არ დაკმაყოფილდა არც სარჩელი და არც შეგებებული სარჩელი, მხარეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული სარჩელისა თუ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებასთან. ვიანიდან არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, არ არსებობს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკმაყოფილების თაობაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,სპ---------’’- ის სარჩელი მოპასუხე თა-------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე თა-------------ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,სპ---------’’-ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
3. მხარეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია