გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/7298-18 5 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - შპს ,,ი-------"
წარმომადგენელი - ბ--------------ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - ხა----------–--------–ი
მესამე პირი - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
შპს ,,ი-------ს" შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N2--- განკარგულების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის წარმომადგენელი არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე. წარმოდგენილ შესაგებელში მითითებულია, რომ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2017 წლის 11 ივლისს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ №AT1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების (CPV45200000) შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ჭ--–------ის ცენტრიდან ხ----–--ის გავლით თ---–---ის თემის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობისათვის განსახორციელებელი სამუშაოები და ფ--–-ოს ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალურ გზაზე (სოფელ ბ----–--ის მიმართულებით) ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. ტენდერში გამარჯვებულ პირს - შპს ,,ი-------სა" და სენაკის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 21 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით, შპს ,,ი-------მ" იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა ჭ--–------ის ცენტრიდან ხორგიშის გავლით თ---–---ის თემის მიმართულებით ასფალტის საფარის, ასევე, ფ--–-ოს ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალურ გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები (ხელშეკრულების პუნქტი 2). ამავე ხელშეკრულებით შესრულებულ სამუშაოზე გავრცელდა მინიმუმ 3-წლიანი გარანტია - თუ შესრულებული სამუშაო ამ პერიოდის განმავლობაში გამოავლენდა დეფექტებს, მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა (ხელშეკრულების პუნქტი 3.2). მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების ვადა (ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მიხედვით 2017 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით) რამდენჯერმე გაგრძელდა და საბოლოოს 2017 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე დადგინდა.
მტკიცებულება: სატენდერო დოკუმენტები (ს.ფ. 207-218); ხელშეკრულება, ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 219-224, 225-232), შეთანხმებები (ს.ფ. 233, 243, 254, 258).
4.2. 2018 წლის 16 აპრილის წერილით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადასტურა შპს ,,ი-------ს" მიერ 2017 წლის 21 აგვისტოს N1-- ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი და მისცა მას შესაბამისი რეკომენდაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად.
მტკიცებულება: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი (ს.ფ. 206)..
4.3. 2018 წლის 18 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს N1----- შეტყობინებით მიმართა, რომლითაც აცნობა, რომ შპს ,,ი-------მ" №AT1-------- სატენდერო დოკუმენტაციით და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 21 აგვისტოს N1-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით, არაერთი მიმართვის მიუხედავად შპს ,,ი-------მ" არ აღმოფხვრა საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები.
მტკიცებულება: შეტყობინება (ს.ფ. 182).
4.4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 ოქტომბრის N1----- შეტყობინება შპს ,,ი-------ს" 2018 წლის 22 ოქტომბრის წერილით გადაუგზავნა და მიუთითა, რომ მასთან დაკავშირებით პოზიცია 5 დღის ვადაში უნდა ყოფილიყო წარდგენილი. პასუხად, შპს ,,ი-------ს" 2018 წლის 25 ოქტომბრის წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განემარტა, რომ ექსპლუატაციისას გზის საფუძველმა განიცადა ჯდენა და გამოიწვია ასფალტის საფარის დაზიანება, რაც არ წარმოადგენდა მიმწოდებლის ბრალეულობას და აღნიშნულ შემთხვევაზე არ ვრცელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პირობები. აღნიშნულის მიუხედავად შპს ,,ი-------მ" მაინც დაიწყო საფარის აღდგენის სამუშაოები, კერძოდ, მოიფრეზა დაზიანებული გზის საფარი, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ გზის საფუძველი შესაცვლელი იყო და აღნიშნულის გარეშე ასფალტის საფარის დაგება უშედეგო იქნებოდა.
მტკიცებულება: მიმართვები (ს.ფ. 195, 197-199).
4.5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბერს N2--- განკარგულებით შპს ,,ი-------" დარეგისტრირდა შავ სიაში იმ საფუძვლით, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა 2017 წლის 21 აგვისტოს N1-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მტკიცებულება: განკარგულება (ს.ფ. 18-22).
4.6. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 დეკემბრის N0------ წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, რომ შპს „ი-------მ“ აღმოფხვრა 2017 წლის 21 აგვისტოს N1-- ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ხარვეზები, რის გამოც მის მიმართ პრეტენზია აღარ არსებობდა. აღნიშნული წერილის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 8 იანვრის N89 განკარგულებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N2--- განკარგულება შპს ,,ი-------ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
მტკიცებულება: 2019 წლის 8 იანვრის N89 განკარგულება (ს.ფ. 288-289).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები“.
7. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N2--- განკარგულება, მიიჩნევს, რომ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ადგენს. აღნიშნული კანონის მიზნებია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი და მე-2 მუხლები).
მითითებული კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს შავი სიის - შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის წარმოებას („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი).
მითითებული კანონის მიხედვით, შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი).
,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცდა. აღნიშნული წესი განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავ სიაში) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.
,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მიხედვით, შავ სიაში პირის დარეგისტრირების ერთ-ერთი საფუძველია შემთხვევა, როცა მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი).
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი და სააგენტოს წარუდგინოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლი).
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შავ სიაში პირის დარეგისტრირების საკითხს განიხილავს შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. წერილობითი შეტყობინების კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. სააგენტო უფლებამოსილია, შემსყიდველი ორგანიზაციისგან, პრეტენდენტისგან/ მიმწოდებლისგან ან/და სხვა პირებისგან/ ორგანოსგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს (,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-4 და მე-5 მუხლები).
შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი განსაზღვრულია ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით:
1. სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
2. საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი;
3. გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას;
4. სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი:
ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები;
ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები;
5. გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე.
6. შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს - მიმწოდებელს მისცეს გაფრთხილება ან დაარეგისტრიროს იგი შავ სიაში, თუ შემსყიდველის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული მონაცემებით დადასტურდება მის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. ამასთან, მიმწოდებელს გამოეცხადოს გაფრთხილება თუ დარეგისტრირდეს იგი შავ სიაში წყდება დარღვევის სიმძიმისა და მისგან გამომდინარე ზიანის შეფასებითა და მხედველობაში მიღებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებების მიხედვით, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სადავო განკარგულების მიღების პროცესში დადგინდა შპს „ი-------ს“ მიერ ხელშეკრულების დარღვევა შესრულებული სამუშაოს ნაკლისა და მისი გამოსწორების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტების დადასტურებით, თუმცა ამ განკარგულების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მდგომარეობა და გაირკვა, რომ მიმწოდებელმა სრულად შეასრულა ის ვალდებულება, რაზედაც პრეტენზია არსებობდა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, არსებობს საკითხის ხელახლა განხილვა-გადაწყვეტის საფუძველიც, რაც გულისხმობს ახალი გარემოებების გამო უკვე მიღებული აქტის გაბათილებას ან შეცვლას.
მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შეიცვალა რა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N2--- განკარგულების გამოტანის საფუძვლად დადგენილი გარემოება და მიმწოდებელმა სრულად დააკმაყოფილა შემსყიდველის პრეტენზიები, ხელშეკრულების არსებითად შეუსრულებლობის ნაცვლად ადგილი აქვს შესრულების ვადის გადაცდენას, დარღვევის მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე მიმწოდებლის სავ სიაში რეგისტრაცია აღარ წარმოადგენს მისთვის პროპორციულ ზომას. შესაბამისად, სახეზეა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N2--- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
8.1. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 77). აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
8.2. მოსარჩელე მხარე ითხოვს ადვოკატის მომსახურების თანხის ანაზღაურებას 2000 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ წარმოადგინა ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების შესახებ (ს.ფ. 75) და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (ქვითარი) (ს.ფ. 76). თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, დავის მოცულობის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ადვოკატის ხარჯის გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს 100 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ი-------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N2--- განკარგულება;
3. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ი-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ი-------ს“ სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯი 100 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია