გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2019
საქმის ნომერი
190210018002770758
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-3230-18

(საქმე N190210018002770758)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - ჯ----–- ც---–---ე

წარმომადგენელი - ზ--–--- გ------ა

 

მოპასუხე - ე-–--- ა------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე - ე-–--- ა------–-–---–ს მოსარჩელე ჯ----–- ც---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 5500 აშშ დოლარის (14630 ექვივალენტი ლარი), ასევე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 440 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - ე-–--- ა------–-–---–მა, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათ შორის არ დადებულა სესხის ხელშეკრულება და თუნდაც ხელშეკრულება დადებული ყოფილიყო ერთი წლით, მაშინ იგი ხანდაზმულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მხარეებმა ყველა ფაქტობრივი გარემოება მიიჩნიეს სადავოდ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2009 წლის 07 დეკემბერს ლ------ (ე-–---) ა------–-–---–ის მიერ შედგა ხელშეკრულება (ხელწერილი), სადაც მითითებულია, რომ მან ჯ----– ც---–---ისაგან ისესხა 8000 აშშ დოლარი 5%-ის დარიცხვით. სესხი უნდა დაფარულიყო ერთი წლის განმავლობაში. 2011 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხემ გადაიხადა სესხის ძირი თანხის ნაწილი 3000 აშშ დოლარი , ხოლო პროცენტი არ გადაუხდია. იმავე დღეს , 2011 წლის 15 ოქტომბერს შედგა მხარეებს შორის ახალი ხელწერილი, უვადოდ, სადაც შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე დარჩენილ პროცენტს და ძირ თანხას 5500 აშშ დოლარს გადაუხდიდა ჯ----– ც---–---ეს ურთიერთშეთანხმებით.

მტკიცებულება: ა) ხელწერილი, ს.ფ. 16; ბ) ახსნა- განმარტება.

 

მოპასუხე ე-–--- ა------–-–---–მა დაადასტურა, რომ მან ჯ----– ც---–---ისგან 2009 წელს ისესხა 8000 დოლარი, თუმც სადავოდ გახადა 2009 წლის 7 დეკემბერს შედგენილი ხელწერილის ნამდვილობა, ასევე 2011 წლის 15 ოქტომბრის ხელწერილზეც განაცხადა, რომ ხელმოწერას ამსგავსებს, მაგრამ შინაარსი სადავოდ მიაჩნია, არ ახსოვს ხელწერილში მითითებული დეტალები, ამიტომ არ ეთანხმება შინაარსს. მოპასუხემ ასევე სადავოდ გახადა ხანდაზმულობის მომენტიც, ხელწერილის შინაარსი, რომ ნამდვილიც იყოს, გასულია ხანდაზმულობის ვადა.

 

ამდენად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის სესხის ურთიერთობა და არის თუ არა მოთხოვნა ხანდაზმული.

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების შინაარსის ნამდვილობა , როდესაც მხარეები მას სადავოდ ხდიან, არ შეიძლება დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას მხარეთა განმარტებით და დასტურდება მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულებით. მხარეები წერილობითი ხელშეკრულების შედგენით ქმნიან მათი უფლებების დაცვის მეტ გარანტიას და მაღალ სტანდარტს. სწორედ, ე-–--- ა------–-–---–ის მიერ შედგენილი ხელშეკრულება ადასტურებს მხარეთა შორის ვალის არსებობის ფაქტს და აღნიშნულის უარყოფა არ შეიძლება მოხდეს მოპასუხის განმარტების საფუძველზე.

რაც შეეხება ხანდაზმულობას, სასამართლო განმარტავს ს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას.

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოპსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ასევე ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულეებიდან, სამი წელია, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

სასამართლო განმარტავს , რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი).

 

სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის რეგულაცია განსაზღვრავს, ვალდებულების შესრულების წესს შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არარსებობისას :

თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

 

მხარეთა შორის დადებული 2011 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული ვალის დაბრუნების კონკრეტული დრო, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალი დაბრუნდებოდა ურთიერთშეთანხმებით, სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით.

 

ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა ვერ დაიწყება ხელწერილის შედგენიდან ერთი წლის გასვლის შემდგომ, როგორც მიიჩნევს მოპასუხე, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო , ხოლო კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, მოსარჩელემ შეძლო დადასტურება იმის, რომ მას ე-–--- ა------–-–---–ისაგან მისაღები აქვს სესხის სახით გაცემული თანხა პროცენტით - 5500 აშშ დოლარი, ვალდებულების შესრულების და მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტის დადასტურება კი მოპასუხემ ვერ შეძლო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 365-ე, 623-ე, 625-ე, 626-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 15 ოქტომბერსს, მოპასუხის მიერ გაფორმებულ იქნა სესხის ხელწერილი, რომლის თანახმადაც მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 5500 აშშ დოლარს, რომელიც მოიცავს ასევე პროცენტის სახით გადასახდელ თანხასაც.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ჯ----– ც---–---ის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებული არ არის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ოდენობით და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 440 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ჯ----– ც---–---ის სარჩელი ე-–--- ა------–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ე-–--- ა------–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელე ჯ----– ც---–---ის სასარგებლოდ 5500 აშშ დოლარის (ექვივალენტის ლარში 14630 ლარის) გადახდა.

3. ე-–--- ა------–-–---–ს ჯ----– ც---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 440 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 500 ლარის ანაზღაურება (გადახდა).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი