განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
17 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - თ----------–-----–---–-
დაცვის მხარე
დამცველები - ნ-----------–---–-, მ--------------–----
ბრალდებული - ი-–-- პ-–----------- ს--–------, დაბადებული - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ნ--–-----------------აიონი, მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა N---–-.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (პირადად ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით და ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2011 წლიდან ი-–-- ს--–------ და ნ----- ვ-------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის აპრილის თვიდან მათ შეწყვიტეს თანაცხოვრება და 2019 წლის იანვრიდან ნ----- ვ-------–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში.
დაშორების შემდგომ, კერძოდ, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მ--------–--- რიცხვებამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ნ--–------------ პლატო, მ--- კვარტალი, კ---------------------ში და პ---------------------------, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს, ასევე, სამსახურში მდებარე - ქ. თბილისი, გ---------- მ--- გასასვლელი, N---ში ყოფნისას, ი-–-- ს--–------ ნ----- ვ-------–---–ის მიმართ ანხორციელებდა ადევნებას. კერძოდ, არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. ი-–-- ს--–------ სისტემატურად ამყარებდა ნ----- ვ-------–---–თან არასასურველ კომუნიკაციას მობილური ტელეფონის საშუალებით და ანხორციელებდა ისეთ ქმედებებს, რამაც ნ----- ვ-------–---–ში გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიში. ყოველივე აღნიშნული კი, ამ უკანასკნელს აიძულებდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. კერძოდ, ნ----- ვ-------–---–ი ი-–-- ს--–------სთან კომუნიკაციისა და მისი გაღიზიანებისაგან თავის ასარიდებლად, თავისუფლად ვერ წარმართავდა პირად ცხოვრებას, თავისი სურვილის შესაბამისად სოციალურ ქსელში ვერ განათავსებდა ფოტოებს, თავს იკავებდა მეგობრებთან ერთად წვეულებასა თუ სასეირნოდ წასვლაზე და ჰქონდა სურვილი მობილური ტელეფონის ნომერის შეცვლის, რასაც მთელი რიგი დამაბრკოლებელი გარემოებების გამო ვერ ახერხებდა.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ი-–-- ს--–------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ი-–-- ს--–------ს ბრალს სდებს მასში, რომ 2011 წლიდან ი-–-- ს--–------ და ნ----- ვ-------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის აპრილის თვიდან მათ შეწყვიტეს თანაცხოვრება და 2019 წლის იანვრიდან ნ----- ვ-------–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. დაშორების შემდგომ, კერძოდ, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მ--------–--- რიცხვებამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ნ--–------------ პლატო, მ--- კვარტალი, კ---------------------ში და პ---------------------------, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს, ასევე, სამსახურში მდებარე - ქ. თბილისი, გ---------- მ--- გასასვლელი, N---ში ყოფნისას, ი-–-- ს--–------ ნ----- ვ-------–---–ის მიმართ ანხორციელებდა ადევნებას. კერძოდ, არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. ი-–-- ს--–------ სისტემატურად ამყარებდა ნ----- ვ-------–---–თან არასასურველ კომუნიკაციას მობილური ტელეფონის საშუალებით და ანხორციელებდა ისეთ ქმედებებს, რამაც ნ----- ვ-------–---–ში გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიში. ყოველივე აღნიშნული კი, ამ უკანასკნელს აიძულებდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. კერძოდ, ნ----- ვ-------–---–ი ი-–-- ს--–------სთან კომუნიკაციისა და მისი გაღიზიანებისაგან თავის ასარიდებლად, თავისუფლად ვერ წარმართავდა პირად ცხოვრებას, თავისი სურვილის შესაბამისად სოციალურ ქსელში ვერ განათავსებდა ფოტოებს, თავს იკავებდა მეგობრებთან ერთად წვეულებასა თუ სასეირნოდ წასვლაზე და ჰქონდა სურვილი მობილური ტელეფონის ნომერის შეცვლის, რასაც მთელი რიგი დამაბრკოლებელი გარემოებების გამო ვერ ახერხებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულის პოზიციაზე, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ბრალდებულის არასასურველი კომუნიკაციის შედეგად ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში და ფსიქიკური ტანჯვა, რაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა, რამდენად დასტურდება უტყუარად სხვა მტკიცებულებებით დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ნ----- ვ-------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე გ----------ასალიას ჩვენებით: მუშაობს ვ---------------–--- სამმართველოს მ--------------–--ის მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე. 2019 წლის 15 მარტს განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ----- ვ-------–---–მა, რომელშიც მიუთითა, რომ ი-–-- ს--–------ ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას და აყენებდა შეურაცხყოფას, რის გამოც უნდოდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. განცხადება შესასრულებლად დაეწერა მას, შეავსებინა მონაცემები დაზარალებულს, რომელზე დაყრდნობითაც გამოსცა შემაკავებელი ორდერი. თუმცა, დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე იკვეთებოდა სისხლის სამართლებრივი გადაცდომის ნიშნები, რის თაობაზეც აცნობა გამომძიებელ მ----------------ეს.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ----------------ემ და დამატებით განმარტა, რომ გ----------ასალიას მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ადევნებისა და მუქარის განხორციელების ფაქტზე. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს ი-–-- ს--–------, რომელსაც ჩააბარა შემაკავებელი ორდერის ასლი და გამოკითხა ბრალდებულის სახით. შეადგინა გასაუბრების ოქმი ნ----- ვ-------–---–თან, დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და დაათვალიერა ე.წ. „სქრინ შოტები“.
მოწმე გ---------------–---–ის ჩვენებით: ი-–-- ს--–------ და ნ----- ვ-------–---–ი არიან მისი მეგობრები. მისთვის ცნობი-–--, რომ ბოლო პერიოდში ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ი-–--სთან საუბრის დეტალებს ნ----- არ უყვებოდა მას, მხოლოდ იმის თაობაზე არის ინფორმირებული, რომ მათი საერთო შვილის საზაფხულო დასვენებასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებოდნენ. ნ-----ს მისთვის არასოდეს უთქვამს, რომ არ უნდოდა ი-–--სთან კომუნიკაცია. სავარაუდოდ ნ-----ს სიამოვნებდა ი-–--სთან კომუნიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაელაპარაკებოდა საერთოდ. მისთვის არ არის ცნობილი ი-–--ს ნ-----სთვის სოციალურ ქსელში ფოტოების ატვირთვა ან სადმე წასვლა აეკრძალოს. პირიქით, სრული თავისუფლება ჰქონდა ნ-----ს ი-–--საგან, სხვა თანამშრომლებზე მეტიც კი.
2019 წლის 16 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ დათვალიერებულ იქნა ნ----- ვ-------–---–ის მობილურ ტელეფონში არსებული მიმოწერა ი-–-- ს--–------სთან. კერძოდ, ი-–-- - „ხვალ 3 საათიდან 9-10 საათამდე მიმყავს ლ--–- რო იცოდე“. ნ----- „კრებაზე 12-ზე რო შევალ არ გაიჩერებ? კაი კვირას მე მეყოლება მაშინ“. ი-–-- „მე არ ვიცოდი, ანუ 12-იდან წავიყვანო? არა, კვირასაც რამდენიმე საათი წავიყვან“. ნ----- - „გითხარი, შეგითანხმე, ეხლა მესიჯები უნდა ვსქრინო სულ რომ დაგიმტკიცო ხოლმე? კვირასაც ვერა, მთელი დღე თუ მიგყავს შაბათს მეც მინდა ლ--–-სთან ერთად სადმე გასვლა. ხო 12-დან წაიყვანე და 8-კენ მომიყვანე ან შეგხვდები და წამოვიყვან. 9-10 გვიანია ძალიან, მოვაკითხავ შენ თუ ვერ შეძლებ და 8-ზე წამოვიყვან“. ი-–-- - „შენ მითხარი კრებაზე მივდივარო, დაიტოვეო არ გითქვამს კრების დროსო, ნუ ეხლა ჩვენ რო გვინდა უკვე ეგრე ვერ იქნება ბევრი რამე, გაასეირნე და მერე წავიყვან“. ნ----- - „რას ნიშნავს ჩვენ რო გვინდა ეგრე ვერ იქნება? წადი და იჩივლე მე კვირასაც ვერ გაგატან ადამიანურად გეუბნები და ისე არ ქნა რო არც ფოთში გამოვუშვა თუ ასე უნდა სპეციალურად მეჯიბრო აი ვაბშე არ გატან და ადექი და იჩივლე“. ი-–-- - „სულაც არაა, გვიანი“. ნ----- „მიდი, მიდი მე გითხარი შაბათს წაიყვან კვირას არა, არ გაწყობს? წადი იჩივლე ადამიანური არ გესმის შენ ძალით მაღიზიანებ ოკ არ მოვდივართ ფოთში“. ი-–-- - „ანუ, მე რო მინდა ეხლა ლ--–- დარჩეს ჩემთან, ან მაგალითად კვირას შენ გინდა, სკოლაში ვერ გავუვლი ვერ წავიყვან. ესეთ რაღაცეებს ნიშნავს“. ნ----- - „ისე იქნება, როგორც დედას უნდა და თუ არ გესმის მიდი იჩივლე“. ი-–-- - „ნუ ჩამოხვალ, კი მივალ და აგერ ვნახოთ 48 საათი თუ არ მექნება უფლება, აგერ მე და აგერაც შენ“. ნ----- - „გინდა წაიყვანე შაბათს თუ უნდა მწერო და მეჯიბრო ეხლა მაშინ მეც იგივეს ვიზამ, მიდი მიდი არც ფოთში მოვდივართ და ვაბშე ვერ ნახავ ლ--–-ს სანამ სასამართლო არ დაადგენს იმიტო, რო შენ ხარ საზიზღარი ადამიანი, სხვანაირად რო ვერ მიდგები და მამწარებ ასეთი გზა იპოვე რო მწერო და მიზეზი გქონდეს ნერვები მიშალო. ოკ, შაბათს წაგეყვანა მთელი დღე კვირას მე მეყოლებოდა , არა? ოკ“. ი-–-- - „კი არ მესმის ვიკითხე და არც ეგრე როგორც დედას უნდა, თუ არ იცი იკითხე შენ და გეტყვიან, მკიდია ვაფშე ყველაფერი, მე შენ ლ--–-ს და ჩემს ურთიერთობას არ შეგაზღუდინებ და ჩარჩოებში არ ჩაგასმევინებ, არ წამსვლელის დედას შევეცი“. ნ----- - „არ მაინტერესებს, შენ თუ გაინტერესებს შენ იკითხე ან მიგყავს ხვალ და 8-ზე გამოვუვლი ან ვაბშე არ მიგყავს. დედაშენი მოიკითხე ვაბშე ვერ ნახავ ლ--–-ს. აი ამ ბოლო სიტყვების მერე გელოდები რო სასამართლოში იჩივლო, კარგად იყავი ნაგავო“. ი-–-- - „კი ბატონო, მირჩევნია ეხლა მოვითმინო და მერე კანონიერად გემრიელად სადაც მინდა იქ წავიყვან, აბა ვნახოთ რამდენი ადამიანი დაგიდგება სასამართლოში და რამდენი მე“. ნ----- - „ოკ, დედაჩემი მოვიკითხო? გინებაზე გადმოხვედი? ყოჩაღ“. ი-–-- - „მე ამას დებილი ვგონივარ ხმას რო არ ვიგებ, მოთმინების ფიალა გადაივსო, აი ვნახოთ მარტო, სულ მარტო ცხოვრება თუ არის მარტივი, ათასი კაცი რას იფიქრებს შენზე, ის რო გირჩევნია ჩემთან ყოფნას, მე არასდროს არ შემიგინებია შენთვის და აგერ პირველი შენ მე, ესეც კიდე დიდი წვეთი მოთმინებას, ელოდე ნეტა კარგს რას ელოდები სასამართლოსგან, სასამართლოს გარეთ კიდე ცხოვრება გრძელდება“. ნ----- - „არ წამსვლელისო, მე მოგწერო აბა? შენ იგინები და მოგიბრუნდეს ეგ შენი გინება შენსკენ. დებილი ხარ აბა რა ხარ მე მაგინებ და მე მეუბნები რო მე მოვიკითხე? ჩაიკითხე წესიერად თუ გინდა დაგიკოპირებ“. ი-–-- - „სასამართლოში წადიო და არ წამსვლელის თქო მიხვდი ეხლა?“. ნ----- - „ ფოთში არ წამოვალ თქო და ეგ მოიწერე, შენ მეაგრესიულები, მიდგენ მოვალ და ასე იქნება ამ დროს იმ დროს ადამიანურად არ გესმის მემუქრები? სასამართლოს გარეთ ცხოვრებაზე? ოკ იმუქრე მიდი მარტო ცხოვრების მეშინოდეს? კაიი კაი“. ი-–-- - „შენ 8 მესიჯი ერთად მომწერე, ხო ხედავ რეებს ამბობ, ჯერ არასდროს შემიგინებია, მერე რა დაგაგინე და წამოხვიდოდი? მიდი, მიდიო და რო არ ვხუმრობდი იმის ნიშნად ვთქვი, არ წამსვლელის დედაც თქო, მიხვდი? გეშინოდეს? სად ნახე ეგეთი რამ, შენ ყველგან მუქარა გეჩვენება და ეგრე არაა, ვკითხულობ და მსგავსი არაფერი მომიწერია, ზღვა ადამიანები მიაწოდებს სასამართლოს აზრს მე რა მამა ვარ და აგერ ვნახოთ გრაფიკი, და ნეტა ვინ გედგება შენ გვერდზე? ჰა მაქ 3 ადამიანი და ლ--–-ს აზრს ნეტა არ კითხავენ? ყველაფერს გაპატიებდი, მაგრამ ამ არასწორ ხალხთან ენის ტანტალს და აჩოტების ჩაბარებას არა, ი-–-- იყო უთავმოყვარეო ეხლა დალაგდა ყველანაირად და მიხვდა რა როგორაა, აგერ ვნახოთ ისე თუ არ იქნება და 48 არ მეყოლება“. ნ----- - „მთელ საქართველოს ფული სთხოვე და აალაპარაკე და მე მეუბნები მაგას? შენ ააალაპარაკე და შენი საქმე თვითონ დაილაგე მე შემეშვი. ყოჩაღ ი-–--, ყოჩაღ. მე შენთვის არაფერი დამიშავებია შენ დამიშავე და შენ თავსაც დაუშავე და აი ეხლა რაც მომწერე ყოჩაღ ლ--–-ს რო ავნებ ამ ყველაფერს მაგას ვერ ხვდები?“. ი-–-- - „არა, საერთოდ არ შეგეშვები, ლ--–-ს გრაფიკზე თუ გინდა ესე შევთანხმდეთ, თუ გინდა სასამართლოთი, გაძლევ არჩევანს“. ნ----- - „და ეს ყველაფერი შენ რას გარგებს? შენი კაცობა ვნახე მე და კიდე უარესებს აკეთებ იმის მაგივრად რო გამოასწორო რამე, როგორ ესე?“. ი-–-- - „შენ ვერ ხვდები, მთელი კვირა რო არ ვრეკავ და შვილს მამასთან დარეკვას არ შეახსენებ და არ დააძალებ თუნდაც, ესე ლ--–-სთვის ვნება, არაფერი დაუშავდება ამაზე მეტი სასამართლოში, პირიქით უფრო დიდი ხნით მიეცემა ჩემთან ურთიერთობის დრო“. ნ----- - „შენ გინდა ლ--–-სთან ურთიერთობა და შენ უნდა მოიკითხო შვილი, გავთიშე როცა დაგირეკავს?? მე არაფერს შევახსენებ, მე რა შუაში ვარ. წესიერად თუ არ გინდა მორიგება და ბავშვის ნახვა ჩემთან შეთანხმებით, მაშინ რაც გინდა ის ქენი“. ი-–-- - „ხო, კაცობაში მე არ შემშლია, აი შენი გადასვლის დღიდან მთელი ჩანაწერებსაც მანდ რო კამერები გაქვს გადავავლებ თვალს მაინც და მერე სასამართლოც, არ დაარეკინო, გააგრძელე ლანძღვა, მე გამოვსწორდები თუ არა აი შენ რა?“. ნ----- - „აღარაფერს მოგცემს გითხარი უკვე და ღმერთი მაღალია. რაც შენ დამიშავე კიდე როგორ იგებ ხმას, არც გრცხვენია“. ი-–-- - „რატო არ მპასუხობ მაგაზე, გამეცი პასუხი აბა“. ნ----- - „და ნახე რა მერე? როგორ მივდივარ სახლში და გამოდივარ. რა უნდა გიპასუხო, მეცინება შენ რა ფიქრებით ხარ და მე რა მაქვს საფიქრალი და რამდენი რამ მაქვს დასალაგებელი რო კარგად ვიცხოვროთ მე და ლ--–-მ“. ი-–-- - „არა, მაინტერესებს სხვა რამე ეგ მე ვიცი, ეკრანზე შუქის ჩაწევაზე ხმას რატო არ იგებ?. ნ----- - „რავი, არ მინდოდა ალბათ დაგენახა ვის ვწერდი და რას ვწერდი. აუცილებელი არაა შეყვარებულს წერდე“. ი-–-- - „კაი, მკიდია, ვიცი მე ჩემი ნაბიჯები, მივხვდები მაგას, არ ეცალა თამაშით დაბინდულ ჩემს გონებას, ეხლა გაწმენდი-–-- ჩემი ტვინი და აზრები, ეხლა მე ვიცი“. ნ----- - „ოკ აბა შენ იცი“. ი-–-- - „მოიფიქრე შენ ლ--–-ს გრაფიკი ჩემთან ნახვის ან სასამართლო, მე ორივეზე თანახმა ვარ“. ნ----- - „მე გითხარი შაბათს ნახეთქო და კვირას მე მეყოლება თქო. მეიაზვები და რავიცი გრაფიკი ვერ ექნება ბავშვია და ასე ვერ დაუდგინდება არადამიანურად. შაბათ-კვირას არ გიშლი ნახვას ამ კვირას მინდოდა მეც მყოლოდა რადგან მთელი დღით მიგყავს შაბათს“. ი-–-- - „ანუ ვერ გაიგე მე რა მინდა, მინდა რასაც ვნატრულობ ყოველღამე, ჩემთან დარჩეს ერთი დღე ხოლმე და პლიუს ერთი სრული დღე“. ნ----- - „კაი, წაიყვანე შაბათობით და კვირას დილამდე დაიტოვე ისე რო კვირას მე მყავდეს, მაგრამ სად მიგყავს უნდა ვიცოდე, სად ტოვებ“. ი-–-- - „და ფოთშიც წამოვა“. ნ----- - „სად ტოვებ სად, აბა თბილისში ჯერ ეს მითხარი. ფოთში მარტო არ ჩამოვა, მეც ვიქნები, ისე ვერსად წამოვა მარტო, მხოლოდ თბილისში“. ი-–-- - „სად და გეტყვი სად დარჩება, ანუ ბილეთებსაც ავიგებ 23-24, კვირას რო ჩავუჯდები ჩანაწერებს მერე გეტყვი მინდა თუ არა სასამართლო“. ნ----- - „ეხლა მისმინე შენ არ ვიცი რის მიღწევას ცდილობ, მაგრამ ერთი იცოდე რომ თუ კი რამე ერთი ბეცო შანსი მაინც გქონდა ჩემთან შერიგების, აი ამ ქცევებით ყველაფერი მოსპე“. ი-–-- - „კი ბატონო, შენი სიტყვებით და შენი დამოკიდებულებით შანსი არ მქონდა, ეხლა გქონდაო ამბობ, ამბობ, აწი მე ვიცი, სულ ერთი არაა ეხლა მე რა კაცი ვიქნები შენს თვალში?“. ნ----- - „წესიერად უნდა წაიკითხო რას გწერ. მე შემეშვი, ეგ იცოდე არ მომიახლოვდე და არ მეკონტაქტო“. ი-–-- - „შენ შეგეშვა რა მხრივ? მიპასუხებ? არც ვაპირებ მოახლოებას. ხვალ ლ--–- ჩემთან დარჩება და იცოდე კრებიდან გამოხვალ და ეგრევე წავიყვან“. ნ----- - „ან წადი სასამართლოში ან მე წავალ პოლიციაში და შემაკავებელზე დავწერ. ერთი კვირა გაქვს მოიფიქრე, სხვანაირად რადგან ვერ ვურთიერთობთ“. ი-–-- - „როგორც გინდა თქო, არ გითხარი?“. ნ----- - „ხო, მითხარი პასუხი სასამართლოში გირჩევნია თუ დავწერო მე?“. ი-–-- - „როგორც გინდა თქო, ჩემთვის სულ ერთია“. ნ-----: „მაშინ გამოდის რომ არ მომიახლოვდები და ხვალ თუ მოხვალ პოლიციას მივმართავ“. ი-–-- - „კი, ბატონო, არ მაქვს პრეტენზია მოახლოებაზე, სხვა მოვა და წამოიყვანს ლ--–-ს“. ნ----- - „სხვა მითუმეტეს ვერ წაიყვანს“. ი-–-- - „აბა ვერ გავიგე რანაირად მიმყავს ლ--–-? ჰა, როგორ თქო?“. ნ----- - „არ მიგყავს და ვერც მე მიახლოვდები, აი ამას მიაღწიე. კარგად იყავი ეხლა“. ი-–-- - „აჰა, კი ბატონო, მაგას სასამართლო გაარკვევს“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-–-- ს--–------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (მოწმეთა: ანდრია კვეზერელის, ლევან ფიცხელაურის და ზინობი კუტალაძის გამოკითხვის ოქმები) მხარეების მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ი-–-- ს--–------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულმა ნ----- ვ-------–---–მა მასთან განხორციელებული არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას და ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც ცხოვრების წესის მნიშვნელოვანად შევლას აიძულებდა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ). სასამართლო სხდომაზე დაკითხული და უდავოდ ცნობილი მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები. რაც შეეხება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის განხორციელებულ მიმოწერას, აღნიშნული ადასტურებს მხოლოდ მხარეებს შორის არსებული უთანხმოება ბავშვის ნახვასა და დასვენებასთან დაკავშირებით. კერძდ, ნ----- ვ-------–---–ი მზადაა ბავშვთან და ი-–--სთან ერთად დაისვენოს ფოთში, შაბათობით ბავშვი გაატანოს კვირა დილამდე, ტელეფონით საუბრისას არასდროს აწყვეტინებს საუბარს და ა.შ. ი-–-- კი, ბავშვთან უფრო მეტი დროის გატარების მიზნით მზადაა იბრძოლოს სამართლებრივად და სასამართლოს მიმართოს. ბრალდების მოწმე გ---------------–---–ი კი, რომელიც ი-–--ს და ნ-----ს მეგობარია, უარყოფს ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ადევნების განხორციელების ფაქტს და აცხადებს, რომ ნ----- ვ-------–---–ი იყო სრულიად თავისუფალი, ი-–-- მას არაფერში ზღუდავდა და არ აწუხებდა.
საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მ--- ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებენ ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფორმალური ხასიათის ჩანაწერი, რადგან აუცილებელია, რომ სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს, რომ ნამდვილად მის მერ გაცემულ ინფორმაციას უთითებენ თავიანთ ჩვენებებში ირიბი მოწმეები. ამ შემთხვევაში კი, დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ვინაობის დადგენა, თუ ვის მიერ გაცემულ ინფორმაციას ყვებიან გამოძიებაში და სასამართლოში მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). რაც შეეხება უდავოდ მიჩნეულ სხვა მტკიცებულებებს, არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ი-–-- ს--–------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვა, ხოლო დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ფსიქოლოგიური ტანჯვის და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რაც ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.
ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების გ----------ასალიას და მ----------------ის ჩვენების და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ნ----- ვ-------–---–ის მიმართ ი-–-- ს--–------მ განახორციელა ადევნება.
საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას - სახეზე არ არის არა თუ მტკიცებულებათა ერთობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი და ობიექტური ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენი-–-- ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: ოჯახში ძალადობაზე ან თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში დანაშაულის პრევენცია, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ანალოგიურ საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).
ამდენად, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა (მინიმუმ ორი), რაც დაადასტურებდა ი-–-- ს--–------ს მიერ ნ----- ვ-------–---–ზე პირადად ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის საშუალებით და ნებისმიერი სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-–-- ს--–------ წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო ი-–-- ს--–------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-–-- ს--–------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-- ს--–------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. ი-–-- ს--–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
3. განემარტოს გამართლებულს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი