განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1079-18 (№041251018003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ივლისი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ------- უ-----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ზ------ი ფ------–--ა
მამის სახელი: დ-----ო
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: N4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ტექნიკური
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ჩ-------–----------------------–-------------------------
ადვოკატი - მადონა არჯევანიძე
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სხდომის ტიპი - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევი ზ------ი ფ------–--ა იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა, ქ---------–------------------------------------ში მდებარე აფთიაქ შ--------------ის“ თანამშრომლებს, ნ--------------ეს, ფ------------–---–ს და ც-–--------------ეს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით აშკარად დაეუფლა შ--------------ის“ კუთვნილ 272 (ორას სამოცდათორმეტ) ლარს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.
მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ზ------ი ფ------–--ას აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მოწმეების: ვ-–------------------ას, ზ------ი ბ------ის, ნ--------------ის, ფ------------–---–ის, თემურ ყურაშვილის, თამაზ აბაზაძის, ც-–--------------ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ზ------ი ფ------–--ას გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთები, ამოცნობის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დაკავების ოქმი, ნასამართლობის ცნობა, 2017 წლის 06 მარტის განაჩენი და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა) ზ------ი ფ------–--ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი - სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ი ფ------–--ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.
საქმის არსებითი განხილვის დროს ზ------ი ფ------–--ამ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის ნ--------------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ---------–--------------------ს ქუჩაზე მდებარე შ--------------ის“ აფთიაქში მენეჯერის თანმდებობაზე. 2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათისთვის იმყოებოდა სამსახურში, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ფარმაცევტები: ფ------------–---–ი და ც-–--------------ე, ამ დროს აფთიაქში შევიდა ახალგაზრდა, მაღალი აღნაგობის, წვერ-ულვაშიანი, შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც თავზე ეხურა ასევე შავი ქუდი. მამაკაცმა შეიძინა ერთი ტაბლეტი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ,,აქსენ-ფორტე“ და გავიდა აფთიაქიდან. დაახლოებით 15 წუთში იგი ისევ დაბრუნდა აფთიაქში, ხელებზე ეცვა თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანები და ხელში ეჭირა შავი ფერის მოკლელულიანი იარაღი. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელი იარაღს უმიზნებდა პირადად მას და სთხოვდა თანხას. ნ--------------ემ მიუთითა დახლის უჯრაზე, რომელში ინახებოდა ნავაჭრი თანხა და რომელიც იყო მიხურულ მდგომარეობაში. ბრალდებულმა გააღო უჯრა, საიდანაც დაეუფლა ფულად თანხას 272 ლარის ოდენობით, რომელიც იყო, როგორც ქაღალდის კუპიურები, ასევე მონეტები. დაზარალებულის განმარტებით, იარაღი, რომლითაც ბრალდებული მათ ემუქრებოდათ, აღიქვა აბსოლუტურად ნამდვილად და ძალიან დიდი შიში განიცადა, რადგან თავდამსხმელს იარაღი მიმართული ქონდა უშუალოდ მისი შუბლის მიმართულებით. თანხის დაუფლების შემდეგ ბრალდებულმა დატოვა აფთიაქი და გაიქცა მარჯვენა მხარეს. ფარმაცევტმა ფ------------–---–მა, რომელიც იმყოფებოდა საწყობის ოთახში და ესმოდა წინა ოთახში არსებული დიალოგი, დარეკა საპატრულო პოლიციაში. ნ--------------ის განმარტებით, მან მიიღო მონაწილეობა პირის ამოცნობაში, მალევე ამოიცნო ბრალდებული და გაიგო, რომ ის იყო ზ------ი ფ------–--ა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის ფ------------–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ---------–--------------------ს ქუჩაზე მდებარე შ--------------ის“ აფთიაქში ფარმაცევტად. 2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათისთვის აფთიაქში შევიდა მომხმარებელი - მამაკაცი, რომელიც ჩაცმული იყო შავი ფერის ტანსაცმელში. შეიძინა ერთი ტაბლეტი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ,,აქსენ - ფორტე“ და გავიდა აფთიაქიდან, დაახლოებით 15-20 წუთში აღნიშნული მამაკაცი ისევ შემობრუნდა აფთიაქში, ამ დროისათვის მოწმე იმყოფებოდა აფთიაქის სასაწყობე ოთახში, საიდანაც ხედავდა თუ როგორ უმიზნებდა მამაკაცი შავი ფერის იარაღს აფთიაქის მენეჯერს - ნ--------------ეს და სთხოვდა ფულს, თან ეუბნებოდა რომ ჩუმად ყოფილიყო. მოწმემ შეხედა, რომ თავდამსხმელმა გააღო უჯრა და ამოიღო თანხა, იმ დღის ნავაჭრი, რომელიც იქნებოდა დაახლოებით სამას ლარამდე. ფ------------–---–მა განმარტა, რომ მის მიმართ ბრალდებულს არანაირი მუქარა და ძალადობა არ განუხორციელებია, თუმცა იარაღი, რომელიც ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა, აღიქვა ნამდვილად და ძალიან შეეშინდა. ფულის დაუფლების შემდეგ ბრალდებულმა დატოვა აფთიაქი, ხოლო მოწმემ დარეკა საპატრულო პოლიციაში.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ზ------ი ფ------–--ას მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის ჩადენა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევი ზ------ი ფ------–--ა იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა, ქ---------–------------------------------------ში მდებარე აფთიაქ შ--------------ის“ თანამშრომლებს ნ--------------ეს, ფ------------–---–ს და ც-–--------------ეს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით აშკარად დაეუფლა შ--------------ის“ კუთვნილ 272 (ორას სამოცდათორმეტ) ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ზ------ი ფ------–--ას მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ზ------ი ფ------–--ა ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ------ი ფ------–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - რვიდან - თორმეტ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს დაზარალებულებისთვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ სტრესს, ასევე იმ ფაქტს, რომ ზ------ი ფ------–--ა გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ,,ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი...“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------ი ფ------–--ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მიმიმალური ზომა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მის მიმართ გამოყენებული იქნას სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო ღონისძიება, დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობით მსჯავრად ჩათვლის სახით, ვინაიდან სახეზეა ამ მუხლის გამოყენების ყველა წინაპირობა: ბრალდებული თავიდანვე სრულად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართმლმსაჯულების განხორციელებას, დანაშაული ჩადენილია თანამონაწილის გარეშე და მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------ი ფ------–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზ------ი ფ------–--ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, ზ------ი ფ------–--ას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
ზ------ი ფ------–--ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან.
ზ------ ფ------–--ას პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან, რა დროსაც მის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: აფთიაქის შესასვლელი კარების გარე და შიდა სახელურები, ფეხსაწმენდი, ხურდაფულის დასადები,სალაროს უჯრის სახელური, ხურდა ფული - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
დახლის ანაწმენდი, სალაროს უჯრის ანაწმენდი, სიგარეტი „სობრანიეს“ ნამწვი, სიგარეტი „პარლამენტის“ ნამწვი, დახლის წინა და უკანა იატაკიდან ამოღებული სუნის კვლები, ზ------ ფ------–--ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პლასტმასის პისტოლეტი, სამედიცინო პირბადე, ერთი ცალი აქსელფორტეს აბი - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, ზ------ ფ------–--ას საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, ვიდეოკამერის ჩანაწერი DVD დისკზე - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
ზ------ი ფ------–--ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული პლასტიკური ბარათი, ფულადი თანხა, სპორტული მოსაცმელი და ნაჭრის ქუდი - დაუბრუნდეს ზ------ი ფ------–--ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შ--------------იდან“ გამოთხოვილი სამეთვალყურეო ჩანაწერები, ჩაწერილი მეხსიერების ბარათზე, რომელიც ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე