გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10501-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - სსიპ ს--------------------–----------------------ი
წარმომადგენლები - ბ-------------–---–------–------–---–-–---–---------------------
მოპასუხე - შპს ,,ა---------ი‘’
წარმომადგენელი - ზ---------------–-------------–----------
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს “ა---------ი“-ს მოსარჩელის სსიპ ს--------------------–----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1944,8 ლარის გადახდა;
1.2. შპს “ა---------ი“-ს მოსარჩელის სსიპ ს--------------------–----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის (ექსპერტიზის ხარჯების) ანაზღაურება 4000 ლარის ოდენობით;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 31 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც, მისი გაფორმებიდან 35 კალენდარული დღის ვადაში მოპასუხეს უნდა მოემზადებინა ს--------------------–----------------------ის ლ--–--ს ა------ს საპროექტო დოკუმენტაცია. საპროექტო დოკუმენტაცია ხელშეკრულების ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო. ამასთან, პროექტის მიღება მოხდებოდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან პროექტთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემის შემდგომ.
მიმწოდებელმა 2017 წლის 26 აპრილს მიმართა მოსარჩელეს და ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მოითხოვა იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც ხელშეკრულების შესრულების ხელშემშლელ გარემოებას არ წარმოადგენდა და მათ შესახებ მისთვის ხელშეკრულების დადებამდეც იყო ცნობილი. აღნიშნულის საფუძველზე შემსყიდველმა 2017 წლის 2 მაისის წერილით უარი განუცხადა ვადის გაგრძელებაზე და ამავე დროს გააფრთხილა, ხელშეკრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
2017 წლის 8 ივნისს კომპანიამ, 34 დღის დაგვიანებით, წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია, რაც იმავე დღეს გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ბიუროს 2017 წლის 13 ივლისისა და 18 ივლისის დასკვნებით ირკვევა, რომ გეოლოგიური კვლევა არ შეესაბამებოდა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს და საჭიროებდა შესწორების შეტანას.
მოპასუხეს ეცნობა აღნიშნული დასკვნების შესახებ, რის საფუძველზეც მან 2017 წლის 18 აგვისტოს წარმოადგინა კორექტირებული პროექტი, თუმცა დამატებით გაკეთებული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებით ირკვევა, რომ ხარვეზი არ იყო გამოსწორებული (ბოლო დასკვნა მომზადდა 2017 წლის 15 დეკემბერს). აღნიშნულიდან გამომდინარე დ-------------მა შეწყვიტა ხელშეკრულება და აცნობა მოპასუხეს. ამასთან, მოსთხოვა ვალდებულების შეუსრულებლობისა და ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს 1944,8 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, რომელიც დ-------------ს მიადგა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდით, ჯამში 4000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ მათთვის ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების დადებამდე რამოდენიმე დღით ადრე სამშენებლო მიწის ნაკვეთები გაერთიანდა და ამ გაერთიანების გამო მათზე სამშენებლო ნაკვეთის გამოყენების პირობების მისაღებად საჭირო გახდა დამატებითი 18 სამუშაო დღის დახარჯვა. ვადის გაგრძელებაზე კი მოსარჩელემ უარი განაცხადა. გარდა ამისა, სატენედრო პირობებში საპროექტო შენობის ფართი არის დაახლოებით 840 კვ.მ. საკადასტრო გეგმისა და საჯარო რეესტრის მონაცემებით, მითითებულია 1 ერთსართულიანი შენობა 775,75 კვ.მ. ფართით. რეალურად კი მიწის ნაკვეთზე უკვე იდგა ექსპლუატაციაში მიუღებელი მიშენება, საერთო ფართით 360,65 კვ.მ. რომლის დაპროექტებასაც მოითხოვდა მოსარჩელე ახალი კონტრაქტის პირობებით, რაზეც უარი ეთქვა. რეალურად 840 კვ.მ შენობის დასაპროექტებლად ამ პერიოდისთვის არც მიწის ნაკვეთის ფართი იყო საკმარისი და აღარც სამშენებლო კოეფიციენტები, რაც კონტრაქტისა და სატენდერო პირობების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
გარდა ამისა, პროექტირებისა და ექსპერტიზის ჩატარებისას წარმოიშვა კონდიცირების სისტემის პროექტირებასთან არსებული შენიშვნები, თუმცა მისი პროექტირება საერთოდ არ იყო მოცემული ტექნიკურ დავალებაში და არც საკონტრაქტო პირობებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ ს--------------------–----------------------ს (შემსყიდველი) და შპს „ა---------“-ს (მიმწოდებელი) შორის 2017 წლის 31 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, სადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ერთსართულიანი, სარდაფის გარეშე, დაახლოებით 840 კვ.მ. (30X28მ2) ს-------ო შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების გარდა მუშა პროექტი უნდა შეიცავდეს:
- შიდა ელექტრომომარაგების პროექტს;
- გათბობისა და ვენტილაციის სისტემების მოწყობის პროექტს;
- ძველი და ახალი შენობების (მოქალაქეების საპირფარეშოს) წყალმომარაგება-კანალიზაციის პროექტს;
- ტერიტორიაზე მეხამრიდის მოწყობის პროექტს;
- სახანძრო სიგნალიზაციისა და ვიდეომეთვალყურეობის პროექტებს;
- ხარჯთაღრიცხვას და სატენდეროდ საჭირო დეფექტურ აქტს;
- ტოპო-საინჟინრო გეოლოგიურ კვლევას.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარული დღით, თავად ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 4400 ლარს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების N1 დანართი.
3.1.2. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღების წესზე, კერძოდ: მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის სრულად შესრულებისთანავე მხარეთა შორის თავდაპირველად დგებოდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი. წარდგენილი დოკუმენტები ექსპერტიზისა და შესაბამისი ნებართვების მისაღებად ეგზავნებოდა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და შესაბამისი ადმინისტრაციულ ორგანოს (დანიშნულების მიხედით).
შესრულება დადასტურდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც შედგებოდა განხორციელებულ მომსახურებაზე სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დადებითი დასკვნის ან/და ექსპერტიზის მიერ გამოთქმული შენიშვნების სრულად გამოსწორების შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
3.1.3. ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს პირობაზეც, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისთვის და ოდენობა წარმოადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,2%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
3.1.4. ობიექტის მიწოდების ვადაში, შპს „ა---------ი“-მ ითხოვა ხელშეკრულების ვადის დამატებით 18 სამუშაო დღით გაგრძელება, რაზეც 2017 წლის 2 მაისის წერილით უარი ეთქვა. ვადის გაგრძელების შუამდგომლობა მიმწოდებელმა მოსარჩელეს ობიექტის მიწოდებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე 9 დღით ადრე, 2017 წლის 26 აპრილს გაუგზავნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.04.2017 წლის წერილი;
- 02.05.2017 წლის წერილი.
3.1.5. შპს „ა---------ი“-ს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების შესრულებისთვის გათვალისწინებულ 35 დღის ვადაში არ შეუსრულებია. მხარეებს შორის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი ობიექტის მიწოდების ვადის გასვლიდან ერთი თვის შემდგომ, 2017 წლის 8 ივნისს შედგა. წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, შესაბამისი დასკვნის მისაღებად, შემსყიდველმა იმავე დღეს გაუგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- ექსპერტის დასკვნა.
3.1.6. წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადა ექვსი დასკვნა: 2017 წლის 12 ივლისის დასკვნაში აღინიშნა, რომ წარდგენილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავს ხარვეზებს და სრულად ვერ პასუხობს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს. დოკუმენტაცია საჭიროებს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებას და ტექნიკურ ანგარიშში შესაბამისი კორექტივების შეტანას.
იმავე რიცხვში გაცემულ მეორე დასკვნაში აღინიშნა, რომ შპს „ა---------ი“-ს მიერ მომზადებული დამატებითი საცავის ვენტილაციის პროექტი დამუშავებულია თბოტექნიკური გათვლების გარეშე, მნიშვნელოვანი ხარვეზებით და არაკვალიფიციურად. წარდგენილი სახით პროექტი არ არის რეკომენდირებული რეალიზაციისთვის.
ხოლო 2017 წლის 18 ივლისის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ დამატებითი საცავის შენობის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს. საჭიროებს მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების კორექტირებას, როგორც ანგარიშის, ასევე კონსტრუირების მხრივ.
ხოლო 2017 წლის 13 სექტემბრის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ დამატებითი საცავის შენობის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი მოითხოვს საფუძვლიან გადამუშავებას. იგი საჭიროა შესრულდეს ლითონ-კონსტრუქციების მცოდნე ინჟინერ-კონსტრუქტორის მიერ.
ხოლო 2017 წლის 03 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ დამატებითი საცავის სამშენებლო მოედანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაციის კორექტირებული ვარიანტი ძირითადად პასუხობს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს და კვლევით ნაწილში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ შესაძლებელია საფუძვლად დაედოს პროექტს გეოლოგიურ ნაწილში.
ხოლო 2017 წლის 15 დეკემბრის დასკვნაში დადგენილია, რომ დამატებითი საცავის გათბობა-ვენტილაცია კონდიცირების პროექტის კორექტირებული ვარიანტი დამუშავებულია ხარვეზებით. წარდგენილი სახით კორექტირებული პროექტი არ არის რეკომენდირებული რეალიზაციისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტის დასკვნები.
3.1.7. ექსპერტიზის დასკვნებში მოცემული ხარვეზების გამოსწორების მიზნით მოპასუხეს დაევალა პროექტის კორექტირება. თავის მხრივ, დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია კვლავ გადაეგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის მიერ მომზადდა დამატებითი დასკვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- პასუხები ექსპერტიზის შენიშვნებზე.
- ექსპერტის დასკვნები.
3.1.8. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების საფუძველით სსიპ ს--------------------–----------------------მა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება შეწყვიტა 2017 წლის 11 დეკემბერს, რის შესახებაც აცნობა მოპასუხეს, იმავე რიცხვის წერილით.
ამავე წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ, რაც დაანგარიშებული იქნა ვალდებულების შესრულებისთვის დადგენილი ვადის გადაცილებიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე 221 დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 11.12.2017 წლის წერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვადის გადაცილებასთან ერთად მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების შეუსრულებლობასაც.
უდავოა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია მოპასუხეს ხელშეკრულების შესრულების 35 დღიან ვადაში არ წარუდგენია. შესრულება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან (31.03.2017 წელი) 35 დღის ვადაში, შესაბამისად 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით. საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებასთან დაკავშირებით შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი კი ამ ვადის გასვლის შემდგომ, 2017 წლის 8 ივნისს შედგა.
ვინაიდან შესრულება მიღებულად მხოლოდ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დადებითი დასკვნის შემდეგ ითვლებოდა, წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია 2017 წლის 8 ივნისსვე გაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს, რომელმაც გაცემულ დასკვნებში აღნიშნა, რომ რამოდენიმე ასპექტში დოკუმენტაცია შეიცავდა ხარვეზებს: ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია სრულად ვერ პასუხობს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს; ბ) ვენტილაციის პროექტი დამუშავებულია თბოტექნიკური გათვლების გარეშე, მნიშვნელოვანი ხარვეზებით და არაკვალიფიციურად და არ არის რეკომენდირებული რეალიზაციისთვის და გ) პროექტის კონსტრუქციული ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, საჭიროებს მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების კორექტირებას, როგორც ანგარიშის, ასევე კონსტრუირების მხრივ.
პირველ ეტაპზე შედგენილი დასკვნების საფუძველზე, მათში მოცემული ხარვეზების გამოსწორების მიზნით მოპასუხეს დაევალა პროექტის კორექტირება, რაც ჯეროვნად კვლავ არ შესრულდა, კერძოდ: ა) 2017 წლის 13 სექტემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროექტის კონსტრუქციული ნაწილი მოითხოვს საფუძვლიან გადამუშავებას. იგი საჭიროა შესრულდეს ლითონ-კონსტრუქციების მცოდნე ინჟინერ-კონსტრუქტორის მიერ. ამასთან, კვლევით ნაწილში განმარტებულია, რომ მიმწოდებლის მხრიდან რეალურად პროექტში არავითარი შესწორება არ ყოფილა შეტანილი; ბ) 2017 წლის 3 ოქტომბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაციის კორექტირებული ვარიანტი ძირითადად პასუხობს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნას, თუმცა კვლევით ნაწილში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ შესაძლებელია საფუძვლად დაედოს პროექტს გეოლოგიურ ნაწილში, ხოლო გ) 2017 წლის 15 დეკემბრის დასკვნით ირკვევა, რომ საცავის გათბობა-ვენტილაცია კონდიცირების პროექტის კორექტირებული ვარიანტი დამუშავებულია ხარვეზებით და ამ სახით პროექტი არ არის რეკომენდირებული რეალიზაციისთვის.
ამდენად, დგინდება, რომ მიუხედავად პროექტის კორექტირებისა, მასში ხარვეზები კვლავ არსებობს და საჭიროებს დამატებით ცვლილებებს. აღნიშნული დასკვნების საპირისპიროდ კი მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება, რაც მისი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ხარვეზი ძირითადად ეხებოდა კონდიცირება-ვენტილაციის სისტემის გამართულობას. აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნების იმ შინაარსზე, სადაც საუბარია პროექტის კონსტრუქციული ნაწილის საფუძვლიან გადამუშავების აუცილებლობაზე და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ნაწილში დამატებითი რეკომენდაციების გათვალისწინებაზე.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის განმარტებაზე, რაც ეხება რამოდენიმე მიწის ნაკვეთის გაერთიანებისა და ამ საფუძვლით მერიის შესაბამისი სამსახურიდან სამშენებლო გამოყენების პირობების გამოთხოვას, საქმის მასალებით არ ირკვევა, მოხდა თუ არა სამშენებლო გამოყენების პირობების განსაზღვრის მიზნით ქალაქმშენებლობით კოეფიციენტის დადგენა. უფრო მეტიც, არ ირკვევა, რომ სწორედ ეს გარემოება გახდა სამშენებლო პროექტის ვადის გადაცილებით, 2017 წლის 8 ივნისს წარდგენის საფუძველი. სასამართლო მოიშველიებს მოსარჩელის მიერ 2017 წლის 2 მაისს გაგზავნილ წერილში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, საიდანაც დგინდება, რომ ორი დამოუკიდებელი ნაკვეთის გაერთიანების შესახებ ახალი ამონაწერი მზად ელექტრონული ტენდერის ვაჭრობის მომენტისთვის უკვე არსებობდა, რაც შემსრულებლისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 24 აპრილისთვის უკვე გაცემული ჰქონდა შუალედური გადაწყვეტილება. აღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ კი მოპასუხეს რაიმე მტკიცებულებაზე არ მიუთითება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებენ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება, ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა, ხოლო მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს ვალდებულების შეუსრულებლობის ობიექტური გარემოებების არსებობა, რომლებიც გამორიცხავდნენ მის მიერ ვალდებულების შესრულებას. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ შეძლო აღნიშნული ტვირთის რეალიზება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ექსპერტის დასკვნები;
- წერილები.
3.2.2. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შემსყიდველს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლო ღირებულებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულება. წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია რამოდენიმეჯერ გაეგზავნა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის მიერ ჯამში გაიცა 6 დასკვნა, სადაც საექსპერტო მომსახურების ღირებულება ერთიანობაში განისაზღვრა 4000 ლარით.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხესთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის გამოყენება დ-------------ის მხრიდან არ მომხდარა, რადგან ხარვეზიანი საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება მოპასუხის მხრიდან ვერ განხორციელდა და საჭირო გახდა ახალი პროექტის მომზადება. აღნიშნული განხორციელდა სხვა კომპანიის მიერ, მასთან გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ხოლო არსებული ექსპერტიზის დასკვნები უკვე გამოუსადეგარი იყო.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ რადგან შენობა უკვე მიღებულია, ეს გარემოება გამორიცხავს მოსარჩელის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, სსიპ ს--------------------–----------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქმის მასალებით დადგენილია რომ მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, მოპასუხეს უნდა მოეზადებინა სსიპ ს--------------------–----------------------ის ცენტრალური ა------ს დამატებითი საცავის საპროექტო დოკუმენტაცია. თავისი შინაარსით მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება ნარდობის ხელშეკრულებაა, სადაც მენარდე (მიმწოდებელი) ვალდებულებას კისრულობს შემკვეთის სასარგებლოდ შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, შესაბამისი ანაზღაურების გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო მომსახურების ხარისხი, რომლის შემოწმებაც ხდებოდა პროექტთან დაკავშირებით მიღებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ვალდებულება მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა, საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების მიუხედავად ექსპერტიზის მიერ მოწონებული არ იქნა და არ გაიცა დადებითი დასკვნა მისი რეალიზაციისთვის. უფრო მეტიც, სხვა კომპანიის მიერ შემუშავდა ახალი პროექტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა შემდგომში ცენტრალური ა------ს მშენებლობა.
ამასთან, მიმწოდებლის მხრიდან ადგილი აქვს შესრულების ვადის გადაცილებასაც. ვალდებულების ჯეროვან შესრულებას მხარეებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლიც ავალდებულებს, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება პირგასამტეხლო მოსარჩელის წინაშე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.2% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, სულ 1944,8 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი არ არის გადაცილებულ დღეებთან მიმართებაში, ვინაიდან ხელშეკრულება საერთოდ არ შესრულდა, შესაბამისად მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სრულად, დადგენილი ოდენობით.
5.2. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით 4000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორის შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულებულა, ექსპერტიზის ბიუროს მიერ არ მოხდა დადებითი დასკვნის გაცემა ან/და მიმწოდებლის მხრიდან ექსპერტის მიერ გამოთქმული შენიშვნების სრულად გამოსწორება. შესაბამისად, შესრულების მიღება შემსყიდველს არ დაუდასტურებია. უფრო მეტიც, არც არსებული დასკვნების გამოყენებას ჰქონია ადგილი, ვინაიდან სხვა კომპანიის მიერ მომზადდა ახალი საპროექტო დოკუმენტაცია.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მოპასუხისთვის 4000 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 178,35 ლარი, რომლის ანაზღაურება სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ს--------------------–----------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,ა---------ი‘’-ს მოსარჩელე სსიპ ს--------------------–----------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1944.8 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე შპს ,,ა---------ი‘’-ს მოსარჩელე სსიპ ს--------------------–----------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 4000 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხე შპს ,,ა---------ი‘’-ს მოსარჩელე სსიპ ს--------------------–----------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 178.35 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე