გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2019
საქმის ნომერი
340310017001878982
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340310017001878982

საქმე #3/72-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი):

19 ივლისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

განხილვის ფორმა - საქმის ზეპირი მოსმენა, მხარეების მონაწილეობით

მოსარჩელე - გი--------------–-–--ლი (შემდეგ - ”მოსარჩელე”);

წარმომადგენლები - მა---------–--ლი (ორდერით) და ნო------------–-–--ლი (რწმუნებულებით);

მოპასუხე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგ - „მერია“);

წარმომადგენლები - ნა----------ძე და ლე-–----------–--ლი;

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სანართლებრივი აქტის გამოცემა;

ნაწილი II (აღწერილობითი):

1. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1.1. 2017 წლის 07 აპრილს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა:

· ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის მიერ 2017 წლის 17 იანვარს გამოცემული #-- ბრძანება, მშენებლობის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის ნაწილში;

· დაევალოს მოპასუხეს გააგრძელოს მშენებლობის ვადა 12 თვით;

1.2. სასარჩელო მოთხოვნები ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

მხარეებს შორის 2014 წლის 21 აგვისტოს 49 წლის ვადით გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება ქ. გურჯაანში, ს---------------------დებარე 512 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;

ამ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენებულიყო საცურაო აუზი, კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო 100000,00 ლარის ინვესტიცია, ხოლო ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო კეთილმოწყობის სამუშაოები. მოსარჩელე აცხადებს, რომ ინვესტიციის სახით დახარჯა 112690,00 ლარი;

მოპასუხემ თავიდანვე დაარღვია ხელშეკრულების პირობა და მოსარჩელეს ჩააბარა არა 512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, არამედ გაცილებით ნაკლები, რადგან მიწის ნაწილი გადადიოდა ხევზე, სადაც მშენებლობა ვერ განხორციელდებოდა. მერია დაპირდა ამ დანაკლისის შევსებას სხვა მიწის ნაკვეთის ხარჯზე, საამისოდ გაამზადეს და დაარეგისტრირეს კიდეც მიწა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს ამ მიწია გადაცემა, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მშენებლობა თავდაპირველ მიწის ნაკვეთზე დაეწყო;

მოპასუხემ შეაცვლევინა პროექტი, რამაც მოსარჩელეს დააკარგვინა დიდი დრო. ასევე მოსარჩელემ 2016 წლის მაისის თვეში მერიისგან ითხოვა მშენებლობის ვადის გაგრძელება, პასუხი კი მხოლოდ 5 სექტემბერს მიიღო. ამ მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მშენებლობის დასრულება განსაზღვრულ ვადაში, მშენებლობის დასრულების გარეშე კი კეთილმოწყობის სამუშაოების ვერ განხორციელდება. მოსარჩელე მშენებლობის დამაბრკოლებელ გარემოებად ასევე ასახალებს სავალუტო კრიზისსა და შემოდგომის ნალექიან ამინდებს;

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ 2017 წლის 04 მაისს წარმოადგინა შესაგებელი, რითაც სარჩელი არ ცნო;

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელეს იმასთან დაკავშირებით, რომ მან განახორციელა 112690,00 ლარის ინვესტიცია, რადგან აუდიტის დასკვნაში ღირებულება დათვლილია არა ნაწარმოები მშენებლობიდან, არამედ მშენებლობისათვის შეძენილი მასალების ღირებულებიდან. ამით კი არ დასტურდება სამუშაოების შესრულების ფაქტი. ეს მასალები არ გამოყენებულა მშენებლობისათვის და შეუძლებელია განხილულ იქნეს, როგორც ინვესტიცია;

მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ აღნაგობით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი გადადიოდა ხევზე, თუმცა არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ მშენებლობას მსვლელობა არ მიეცა მერიის მიზეზით. მერიამ მოსარჩელეს გამოუყო მიწის ნაკვეთი, თუმცა იმის გამო, რომ ახლად გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მერიას დასჭირდა სხვა პროექტისათვის, მოსარჩელეს დარჩა მიწის პირვანდელი კონფიგურაცია. პროექტის მიხედვით, აუზის განაშენიანების ფართობია 352 კვ.მ. შესაბამისად, ხევის მხარეს არსებული მდგომარეობა მშენებლობისათვის გადამწყვეტი არ ყოფილა;

3. სასამართლოს მირ დადგენილი საქმის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მხარეთა შორის არსებობდა მიწის ნაკვეთის აღნაგობასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობა;

- 2014 წლის 21 აგვისტოს მათ შორის დაიდო აღნაგობის ხელშეკრულება (შემდეგ - „ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც მერიამ მოსარჩელეს სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა ქ. გურჯაანში, ს---------------------დებარე 512 კვ.მ. ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის ს/კოდი 51.01.60.3-.5--. ხელშეკრულების ვადა (3.1 პუნქტის მიხედვით) განისაზღვრა 49 წლით. იმავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს აღნაგობის საგანზე უნდა აეშენებინა დახურული ტიპის საცურაო აუზი, 1 წლის განმავლობაში უნდა მოეხდინა 100000,00 ლარის ინვესტიციის განხორციელება, ხოლო (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კი - კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2 წლის განმავლობაში;

- ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2014 წლის 27 აგვისტოს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან)

3.1.2. აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მერიამ გასცა მშენებლობის ნებართვა;

- 2015 წლის 09 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა (დღეს უკვე მერმა) გამოსცა #825 ბრძანება, რითაც შეთანხმებულად იქნა ცნობილი ღია აუზის დახურულ აუზად რეკონსტრუქციის პროექტი და მერიის შესაბამის სამსახურს დაევალა მშენებლობის ნებართვის გაცემა;

- იმავე დღეს გაიცა #000087 მშენებლობის ნებართვის მოწმობა. ამ მოწმობის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი იყო 12.06.2015წ., ხოლო მშენებლობის დასრულებისა - 13.06.2016წ. შესაბამისად, ნებრთვა ძალაში იყო ამ თარიღამდე;

3.1.3. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა მოსარჩელეს ერთხელ უკვე გაუგრძელდა;

- მშენებლობის ნებართვის თავდაპირველი მოქმედების ვადის გასვლამდე - 2016 წლის 08 ივნისს მოსარჩელემ მიმართა მერიას და ითხოვა მისი ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება (განცხადებაში მითითებული იყო, რომ „...მშენებლობა დაწყებულია და შესრულებულია სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ქვეყანაში განვითარებული სავალუტო კრიზისის გამო შეფერხდა ობიექტის დასრულება. გთხოვთ, ...გაგვიგრძელოთ მშენებლობის დასრულების ვადა ხელშეკრულებაში მითითებული მე-2 მუხლის 2.1 ბ პუნქტის თანახმად, სადაც მშენებლობის და კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრულია ორი წლით“;

- მერის 2016 წლის 22 ივლისის #--- ბრძანებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2016 წლის 21 აგვისტომდე;

3.1.4. ხელშეკრულებით განსაზღვრული კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 01 იავრამდე;

- მხარეებს შორის 2016 წლის 05 სექტემბერს დაიდო შეთანხმება და ხელშეკრულების 2.1 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით „კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდეს 2017 წლის 01 იანვრამდე“;

3.1.5. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2017 წლის 18 იანვარს, მოპასუხის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე;

- ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.3 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მერიას შეეძლო ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი მოსარჩელე უხეშად დაარღვევდა ხელშეკრულების პირობებს;

- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში ვკითხულობთ: (პ.1) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი #- და გაუქმდა აუქციონის შედეგი; (პ.2) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გამგებლის 2014 წლის 30 ივლისის #1164 ბრძანება ქონების გადაცემის შესახებ: (პ.3) ვადამდე იქნა შეწყვეტილი 2014 წლის 21 აგვისტოს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება; (პ.4) მოსარჩელეს დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის დავალიანება 1320,00 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,01%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; (პ.5) წარედგინოს ბრძანება საჯარო რეესტრს აღნაგობის უფლების გაუქმების მიზნით; (პ.6) მშენებარე ობიექტი დარჩა მუნიციპალიტეტს საკუთრებაში; (პ.7) მოსარჩელის განცხადებები (ვადის გაგრძელებისა და ნო------------–-–--ლის ხელშეკრულებაში სრულად შემოყვანის თაობაზე) არ დაკმაყოფილდა; (პ.8) ბრძანება ძალაშია 2017 წლის 18 იანვრიდან;

- შეწყვეტამდე, 2016 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა განცხადებით და ითხოვა მშენებლობის ვადის გაგრძელება 2017 წლის ივნისამდე (სწორედ ეს განცხადება არ დაკმაყოფილდა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით;

- აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 25 იანვარს (ის ჩაიბარა ადრესატის მეუღლემ - მა-------------–-–---–მა);

- შეწყვეტას წინ უძღოდა მერის 2016 წლის 01 დეკემბრის #---- გაფრთხილების წერილი, რომელშიც მერი მოსარჩელეს მოუწოდებდა კეთილმოწყობის სამუშაოების ვადაში დასრულებას, რადგან ამ სამუშაოების დასრულების ვადა აღარ გაგრძელდებოდა და მოხდებოდა მისი შეწყვეტა. მერი ასევე სთხოვდა მოსარჩელეს აღნაგობის წლიური საფასურის გადახდას, რომელიც შეადგენდა 1320,00 ლარს;

- მერმა 2017 წლის 17 იანვრის ბრძანებას საფუძვლად დაუდო მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების უხეში დარღვევა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული აუზის მშენებლობა

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის დავას იწვევს ის გარემოება, თუ რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელა მოსარჩელემ საცურაო აუზის რეაბილიტაციის საქმეში (სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამშენებლო მასალები, რაც მოსარჩელემ შეიძინა, წარმოადგენს თუ არა ინვესტიციას), მიწის ნაკვეთის ფართობთან დაკავშირებული საკითხი და საკითხი, რომელიც ეხება წარმოებული სამუშაოების მოცულობას;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს სასამართლოს გააჩნია იმის ვალდებულება, რომ დეტალური პასუხი გაეცეს თითოეულ არგუმენტს (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk vs Netherlands, par.61, Garcia Ruiz vs Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble vs. France (dec.); Perez v France [GC], par. 81);

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი;

სასამართლოს მიაჩნია, რომ 3.2.1 პუნქტში მითითებულ გარემოებებს არ აქვთ მნიშვნელობა მოცემული საქმისათვის, რადგან დავის საგნის მთავარი და ერთადერთი ფოკუსი მიმართულია იქითკენ, რამდენად სწორად უთხრა მოპასუხემ მოსარჩელეს უარი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე (ამავე დროს, ეს არის დავის საკვანძო საკითხი) იმ პირობებში, როცა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა უკვე გასული იყო;

ამასთან გასათვალისწინებელია ის კონტექსტიც, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია, რაც თავისთავად წარმოადგენს სამართლებრივ ბარიერს მხარეთა შორის ურთიერთობის გაგრძელების თავლსაზრისით, არათუ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის;

ნაწილი III (სამოტივაციო):

4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა:

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფლდეს;

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგ - „სზაკ”) მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით;

· საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სასკ”) 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სსსკ”) 3--ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

· საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #-7 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (შემდეგ - „მთავრობის დადგენილება“) 57-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით;

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. მთავრობის დადგენილების 57-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას;

იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, მიმართვას უნდა დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა;

იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად კი, დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად გადახდილი მოსაკრებლის ახალი ქვითარი.

· მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ერთხელ უკვე გაუგრძელდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა - 2016 წლის 08 ივნისის ბრძანებით, იმავე წლის 21 აგვისტომდე. ამ ვადის გასვლამდე მოსარჩელეს არ მიუმართავს მერიისათვის ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელების მოთხოვნით;

· მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნა მერიაში წარადგინა მხოლოდ 2016 წლის 19 დეკემბერს, როცა მშენებლობის ნებართვის მოქმდების ვადა (ერთხელ უკვე გაგრძელების კვალობაზე) იყო გასული. ამიტომ, მას შეეძლო მოეთხოვა მხოლოდ ახალი ნებართვის გაცემა;

6.2. სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება;

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს;

სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ...ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება;

სასკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ;

იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას;

· კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც არის სზაკ-ით განმტკიცებული ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი (სზაკ, მ.5), რომელიც ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას გასდევდეს ლაიტმოტივად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს რამე მოქმედება განახორციელოს კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. ასეთ შემთხვევაში (ანუ კანონის დარღვევის დროს) ქმედებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. ეს კი მისი ბათილობის ანუ სამართლებრივი „მოკვდინების“ საფუძველია, თუმცა იგივე მატერიალური კანონი ხაზს უსვამს კანონდარღვევის ხასიათს, რა დროსაც შეიძლება სადავო აქტი არც კი იქნას ცნობილი ბათილად (ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის არარსებობის პირობებში, განსხვავებული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული);

· მოცემული საქმის დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მერიამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როცა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე მოსარჩელეს უთხრა უარი;

პასუხი საკვანძო კითხვას:

მოსარჩელის მოთხოვნას, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, არ გააჩნია სამართლებრივი (კანონიერი) საფუძველი;

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი;

სსსკ-ის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;

იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს;

სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

· მოსარჩელემ 2017 წლის 07 აპრილს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით (მა---------–--ლი) სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი“; საგადახდო დავალება: #1, სახაზინო კოდი #30050315--. გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არც მოპასუხეს ეკისრება და არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ექვემდებარება დაბრუნებას;

ნაწილი IV (სარეზოლუციო):

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გი--------------–-–--ლის ადმინისტრაციული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;

3. განემარტოს მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია;

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან მეორე დღეს. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანი, სანაპიროს ქ. #24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/