გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
190210018002259506
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/122-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "ა-–--ო"

წარმომადგენელი თამთა სანდოძე

მოპასუხე შ---- შ-------ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

შ---- შ-------ისათვის 5099 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2017 წლის 31 ოქტომბერს შპს ელკოსა და შ---- შ-------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N1989-19401, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 10 100 ლარი. სესხის გაცემის ვადაა 1 დღე. სესხის სარგებელია 5% ყოველდღიურად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლის 3%-ს. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა სარგებლის გადახდის მიხედვით. საკრედიტო ვალდებულება უზრუნველყოფილის გირავნობით, 2017 წლის 31 ოქტომბერს შპს ა-–--ოსა და შ---- შ-------ს შორის დადებული ხელშეკრულებით დაგირავდა შ---- შ-------ის საკუთრებაში არსებული ავტომობილი მერსედეს ბენცი ცლს 550 სახელმწიფო ნომერი Q--------. ავტომობილზე გირავნობის უფლება დარეგისტრირდა შსს მომსახურების სააგენტოში.

 

მსესხებელს არცერთი თვის სარგებელი არ გადაუხდია. 2018 წლის 13 იანვრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 10 100 ლარი, სარგებელი 1010 ლარი და საურავი 848 ლარი. სულ დავალიანებაა 11 958 ლარი. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარგებელი 505 ლარი სესხის ძირითადი თანხის სრულად დაფარვამდე. მსესხებელმა ეს ვალდებულება დაარღვია. 2017 წლის 30 ნოემბერიდან მას დაერიცხა დავალიანება - ორი თვის გადაუხდელი სარგებელი 1010 ლარი, პირგასამტეხლო 848 ლარი გაანგარიშებულია 2 თვეზე.

 

მოპასუხეს გაეგზავნა მოთხოვნა დავალიანების შესახებ და კრედიტორმა მას მოსთხოვა ავტომანქანის გადაცემა, რაც არ შესრულდა. სესხის გადახდევინების მიზნით მოსარჩელემ გასწია ხარჯები - მიიღო გირავნობის მოწმობა, რაშიც გადაიხადა საფასური 51 ლარი. მიმართა ექსპერტთა ჯგუფს ავტომობილის შეფასებისათვის, რაშიც გადაიხადა 50 ლარი. მიმართა აღსრულების ბიუროს გირავნობის საგნის გადმოცემის მოთხოვნით და გადაიხადა აღსრულების საფასური 201 ლარი. ჯამში აღსრულების მიზნით გაწეული ხარჯია 302 ლარი. ამ ხარჯის მოვალისათვის დაკისრება გათვალისწინებულია ხელშეკრულების 6.5.7 მუხლით.

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალის ვალდებულება დაზღვეული იყო სს სადაზღვევო კომპანია ალდაგში, რომელმაც 2018 წლის 13 მარტს შპს ა-–--ოს აუნაზღაურა ზარალი 10 099,99 ლარის ოდენობით. ამ გარემოების გამო მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ აღარ მოითხოვს ძირითადი თანხის დაკისრებას. მოპასუხის დავალიანებაა 2017 წლის 30 ნოემბრიდან 2018 წლის 13 მარტამდე გადასახდელია სარგებელი 2525 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 2272 ლარი (დღიური პირგასამტეხლო 15,15 ლარი).

 

მოსარჩელე მოითხოვს 5099 ლარის დაკისრებას, საიდანაც 2525 ლარი არის სესხის სარგებელი, 2272 ლარი პირგასამტეხლო, ხოლო იძულებითი აღსრულების ხარჯი 302 ლარი.

(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 57-58 )

(25.06.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 31 ოქტომბერს შპს ა-–--ოსა და შ---- შ-------ს შორის წერილობთ დაიდო სესხის ხელშეკრულება N1989-19401, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 10 100 ლარი. სესხის გაცემის ვადაა 1 დღე. სესხის სარგებელია 5% ყოველდღიურად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლის 3%-ს. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა სარგებლის გადახდის მიხედვით. საკრედიტო ვალდებულება უზრუნველყოფილის გირავნობით, 2017 წლის 31 ოქტომბერს შპს ა-–--ოსა და შ---- შ-------ს შორის დადებული ხელშეკრულებით დაგირავდა შ---- შ-------ის საკუთრებაში არსებული ავტომობილი მერსედეს ბენცი ცლს 550 სახელმწიფო ნომერი Q--------. ავტომობილზე გირავნობის უფლება დარეგისტრირდა შსს მომსახურების სააგენტოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის და გირავნობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 16-23. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-7. ტომი 1)

 

3.1.2. შ---- შ-------მა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. მსესხებელს არცერთი თვის სარგებელი არ გადაუხდია. 2018 წლის 13 იანვრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 10 100 ლარი, სარგებელი 1010 ლარი და საურავი 848 ლარი. სულ დავალიანებაა 11 958 ლარი. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარგებელი 505 ლარი სესხის ძირითადი თანხის სულად დაფარვამდე, რაც არ შეასრულა. 2017 წლის 30 ნოემბერიდან მას დაერიცხა დავალიანება - ორი თვის გადაუხდელი სარგებელი 1010 ლარი, პირგასამტეხლო 848 ლარი გაანგარიშებულია ასევე 2 თვეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სარჩელი (ს.ფ. 3-7. ტომი1)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ.26. ტომი 1)

- მოსარჩელის განმარტება (25.06.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.2. მოპასუხე შ---- შ-------ს გაეგზავნა მოთხოვა დავალიანების შესახებ და კრედიტორმა მას მოსთხოვა ავტომანქანის გადაცემა, რაც არ შესრულდა. სესხის გადახდევინების მიზნით მოსარჩელემ გასწია ხარჯები - მიიღო გირავნობის მოწმობა, რაშიც გადაიხადა საფასური 51 ლარი. მიმართ ექსპერტთა ჯგუფს ავტომობილის შეფასებისათვის, რაშიც გადაიხადა 50 ლარი. მიმართა აღსრულების ბიუროს გირავნობის საგნის გადმოცემის მოთხოვნით და გადაიხადა აღსრულების საფასური 201 ლარი. ჯამში აღსრულების მიზნით გაწეული ხარჯია 302 ლარი. ამ ხარჯის მოვალისათვის დაკისრება გათვალისწინებულია ხელშეკრულების 6,5,7 მუხლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი1)

- გირავნობის მოწმობის და საფასურის ქვითრის ასლი (ს.ფ. 31-32. ტომი 1)

- ექსპერტიზის დასკვნის ასლი (ს.ფ. 33. ტომი 1)

- აღსრულების ბიუროში განცხადების წარდგენის ბარათის და საფასურის ქვითარი (ს.ფ. 35-36. ტომი 1)

- მოსარჩელის განმარტება (25.06.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.4. გირავნობის ხელშეკრულებით დაზღვეული ავტომობილი დაზღვეული იყო სს სადაზღვევო კომპანია ალდაგში, რომელმაც 2018 წლის 13 მარტს შპს ა-–--ოს აუნაზღაურა ზარალი 10 099,99 ლარის ოდენობით. ამ გარემოების გამო მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ აღარ მოითხოვს ძირითადი თანხის დაკისრებას. მოპასუხის დავალიანებაა 2017 წლის 30 ნოემბრიდან 2018 წლის 13 მარტამდე გადასახდელია სარგებელი 2525 ლარი, ხოლო პირგასმატეხლო 2272 ლარი (დღიური პირგასამტეხლო 15,15 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 57-58. ტომი1)

- სადაზღვევო შემთხვევის აქტის და თანხის გადახის ქვითრსი ასლი (ს.ფ. 59-61. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ამ ნორმის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არსაპატიო მიზეზით გამუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მოპასუხე შ---- შ-------ს სასამართლო უწყება ჩაბარდა პირადად 2019 წლის 15 ივნისს, ხოლო სარჩელი პოლიციის მეშვეობით ჩაბარდა 2019 წლის 30 მარტს. სსსკ 230-ე მუხლის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სესხის ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების პირობების შეთანხმების და სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, დამტკიცებულად ითვლება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარგებლის დავალიანების გადახდა, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება. ამავე კოდექსის 625–ე მუხლის მიხედვით (2017 წლის 15 იანვრიდან მოქმედი რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

2017 წლის 31 ოქტომბერს წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 10 100 ლარი. სესხი სარგებლიანია და სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად 505 ლარს, სესხის თანხის 5%-ს. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა ყოველთვიურად 505 ლარის გადახდით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი გარემოებები საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს იმ პირობების ზუსტი დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება ვალდებულების, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა.

 

მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორმა მოსარჩელე შპს ა-–--ომ მიიღო შესრულება, თუმცა ვალდებულება მოვალემ არ შეასრულა. ვალდებულების შესასრულებლად მოსარჩელემ მიმართა სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც მოსარჩელეს გადაუხადა სადაზღვევო ანაზღაურება დაგირავებული ავტომობილის გაუჩინარების გამო 10 099,99 ლარის ოდენობით. ამდენად, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორს მიღებული აქვს სესხის ძირითადი თანხა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით სარგებლის გადახდა შემდეგი საფუძვლების გამო:

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ძირითად თანხასთან ერთად სარგებლის გადახდა, რის გამოც სარგებლის გადახდა მსესხებლის მთავარი ვალდებულებაა, რაც მან უპირობოდ უნდა შეასრულოს. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის პერიოდული გადახდებით დაბრუნება. დადგენილი პერიოდულობით კრედიტის დაბრუნება არის გამსესხებლისათვის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რადგან იგი გრაფიკით დადგენილ ვადაში იღებს სარგებელს. აქედან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვალდებულება თავისი არსით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რადგან კრედიტორს უფლება აქვს მხოლოდ გრაფიკით დადგენილი პერიოდულობით მოითხოვოს კრედიტის დაბრუნება, შესაბამისად მოვალემ უნდა დაიცვას გრაფიკით დადგენილი გადახდის წესი.

 

მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, მას არ გადაუხდია არცერთი თვის სარგებელი, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალეს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი დამტკიცებულად ითვლება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ ქმნის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობას შემდეგი სამართლის ნორმებიდან გამომდინარე:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი სესხის სარგებლის 3%-ს, რაც შეადგენს ყოველდღიურად 15,5 ლარს. სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლო 2272 ლარი, რაც არის 2017 წლის 30 ნოემბრიდან 2018 წლის 13 მარტამდე დარიცხული თანხა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

კანონში გამოყენებულია ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემცირების საფუძველია არა მარტი თანხის დიდი ოდენობა, არამედ მოთხოვნილი თანხის შეუსაბამობა სადაო ურთიერთობის გარემოებებთან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია გასესხებული თანხის ოდენობის და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის თანაფარდობის აშკარა შეუსაბამობის გამო.

 

სესხის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

 

ამ ნორმის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველგვარი პროცენტის, ფინანსური ხარჯის და პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს. ეს ნორმა აწესებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველგვარი პროცენტის ზღვრულ ოდენობას და იგი არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ანუ სესხის გადაუხდელი ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს. ეს ნორმა სესხის ხელშეკრულების მხარეებს ავალდებულებს ხელშეკრულების დადების დროს იმგვარად განსაზღვრონ პროცენტების ოდენობა, რომ მათი ჯამი გაცემული სესხის ძირითადი თანხის 150%-ს არ აღემატებოდეს, რადგან შესაძლებელია მოვალემ სესხის დაბრუნების ვალდებულება საერთოდ არ შეასრულოს და ასეთ შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა ზუსტად გაცემული სესხის ოდენობის იქნება, ხოლო 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით არ დაიშვება სესხის ძირითად თანხის 150%-ზე მეტი ოდენობის თანხის დაკისრება.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის სარგებელი ყოველთვიურად 5%, ხოლო პირგასამტეხლო შეადგენს ყოევლდღიურად სესხის სარგებლის თანხის 3%-ს. პროცენტული მაჩვენებლით სესხის სარგებელია წლიური 60%, ხოლო პირგასამტეხლოს პროცენტი არის თვეში 90%. პირგასამტეხლო იანგარიშება გადაუხდელი სარგებლის თანხიდან, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელი სარგებელია 505 ლარი. სარჩელით მოთხოვნილია 5 თვის პირგასამტეხლო, რაც არის 150 ვადაგადაცილებული დღე, ხოლო პროცენტული მაჩვენებლით მოთხოვნილია სესხის სარგებლის 450%.

 

სასამართლოს ამ გარემოებების გამო მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ჯამური საპროცენტო მაჩვენებლის და ყოველდღიურად მოთხოვნილი თანხის ოდენობის გამო არაგონივრულად მაღალია და იგი უნდა შემცირდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ უხეშად დაარღვია სესხის დაბრუნების ვალდებულება, საერთოდ არ გადაიხადა გამსესხებელს თანხა, პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის სარგებლის 1%-ის ოდენობით, რაც მოთხოვნილ პერიოდში შეადგენს 757,5 ლარს.

 

მოპასუხემ სესხი საერთოდ არ დააბრუნა, არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი თვის შენატანი, მაგრამ კრედიტორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება მიიღო სადაზღვევო კომპანიისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

გონივრულობის პრინციპის დაცვით პირგასმატეხლოს დაკისრების მიზანია დაცული იქნას მხარეთა თანასწორუფლებიანობის, პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.

 

მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არაგინივრულად მაღალია და მოვალისათვის მისი დაკისრება მეტისმეტად მძიმე ტვირთი იქნება და ვალდებულების შესრულებას გაართულებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ მოვალეს კრედიტორის მიმართ ძირითადი თანხის დავალიანება აღარ გააჩნია, რომ მას არ უნდა დაეკისროს იმ ოდენობის პირგასმატეხლო, რაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანების არსებობის პირობებში დაეკისრებოდა. მართალია ძირითადი თანხა მოვალემ არ გადაიხადა, მაგრამ ეს თანხა კრედიტორმა სადაზღვევო კომპანიისაგან მიიღო, რის გამო გონივრული არ არის კრედიტორმა მიიღოს ვადაგადაცილების 5 თვეში სესხის სარგებლის 450%-ის ოდენობით თანხა. სასამართლოს მიაჩნია, რომ 757,5 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას, ამავე დროს ვალდებულების დამრღვევი მოპასუხისათვის საკმარისი ფინანსური სანქციაა იმის გათვალისწინებით, რომ მოვალეს დაეკისრა ამავე პერიოდში სარგებლის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების ხარჯების დაკისრების შესახებ,მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების 6.5.7 მუხლის მიხედვით, მსესხებელი უფლებამოსილია გამსესხებელს ყველა ის ხარჯი, რომელიც ამ უკანასკნელმა გასწია მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების იძულებით შესრულებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაგალითად როგორიცაა საფოსტო მომსახურების ხარჯი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ეს პირობა ითვალისწინებს მოვალისათვის იმ ხარჯების დაკისრებას, რაც მან გასწია მოთხოვნის შესრულებისათვის და ამ ხარჯებში მხოლოდ საფოსტო ხარჯი არ იგულისხმება. საფოსტო ხარჯი ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც გაწეული ხარჯის მაგალითი და არა როგორც მხოლოდ საფოსტო ხარჯის დაკისრების შესახებ სახელშეკრულებო პირობა.

 

შპს ა-–--ომ მოპასუხესთან დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მისაღებად გასწია აღსრულების ხარჯი. კერძოდ, მიიღო დაგირავებული ავტომობილის შესახებ გირავნობის მოწმობა (მოწმობის მიღების საფასურია 50 ლარი), მიმართა აღსრულების ბიუროს დაგირავებული ავტომობილის მოძიების მიზნით, რის გამოც გადაიხადა აღსრულების საფასური 201 ლარი, დაგირავებული ავტომობილის შეფასებისათვის გასწირა ხარჯი 51 ლარი. ჯამში გადახდილია 302 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელებიდან რაც საკმარისი არ არის მთელი ვადამოსული ვალის გადასახდელად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით დადგენილია პრინციპი რომლის მიხედვით, ვალდებულების შესრულებისას პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა, ხოლო სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ხარჯს არ გულისხმობს და მასში იგულისხმება მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილებისათვის გაწეული ხარჯები.

 

მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მსესხებელმა გამსესხებელს უნდა გადაუხადოს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის გაწეული ხარჯები, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 302 ლარის გადახდა.

 

საერთო ჯამში მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხაა სესხის სარგებელი 2525 ლარი, პირგასამტეხლო 757,5 ლარი, აღსრულების ხარჯი 302 ლარი, რაც ჯამურად შეადგენს 3584,5 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვდა 12 260 ლარის დაკისრებას, რაც შემცირდა და საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა 5099 ლარის დაკისრება, რაც არის სასარჩელო მოთხოვნის 41%. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის 368 ლარი, რომლის 41% მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სსსკ 53-ე მუხლით დადგენილი წესით და შეადგენს 150,88 ლარს, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 217,12 ლარი.

 

მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნაა 5099 ლარი, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 3584,5 ლარი, რაც არის სასარჩელო მოთხოვნის 70,4%. სახელმწიფო ბაჟის 150,88 ლარის 70,4% არის 106,21 ლარი, რაც სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ა-–--ოს სარჩელი;

 

1.1. შ---- შ-------ს დაეკისროს შპს ა-–--ოსათვის 3584,5 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს შპს ა-–--ოს სარჩელი 1514,5 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

2. შ---- შ-------ს დაეკისროს შპს ა-–--ოსათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 106,21 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი