განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1964-15 (№-------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივლისი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ
თამარ შუბითიძის მდივნობით
პროკურორ გ---–--–---–-–---–ის,ადვოკატ ი---- ი--------ის მონაწილეობით,განსასჯელ ი----- ნ---–---–ის დაუსწრებლად,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი---------------ის ძე ნ---–---–ის (დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, მცხოვრები: ა-------------------------–----------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ი----- ნ---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რომელიც ჩადენილია 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:
1995 წლის 23 ივლისს, თბილისში, მ---–--------------- სახლის წინ, დაახლოებით 19 საათზე, ი---------------ის ძე ნ---–---–მა, ურთიერთშელაპარაკების და უსიამოვნების ნიადაგზე, დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ზ--------ის ასულ ა-------ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის თანახმად, ი----- ნ---–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).
შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად, 1995 წლის 23 ივლისს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ნანახი იქნა თბილისში, ნ----–-----ის რაიონში მ---–--------------- სახლის წინ გულდაღმა მდგომარეობაში სხეულის მარცხენა გვერდითი ზედაპირით ასვენია მდედრობითი სქესის გვამი, ისე რომ ქვემო კიდურები მოხრილი აქვს მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში, მარცხენა ზემო კიდურები გაშლილი აქვს და სხეულის გასწვრივ მდებარეობს, მარჯვენა მოხრილი აქვს იდაყვის სახსარი და წინა მხრის. წინა ზედაპირით ებჯინება მიწას. პირისახით ჩამხობილი მიწაზე დაფენილ ზეწარში, მთელ სხეულზე გადაფარებული აქვს თეთრი ფერის ზეწარი. გვამის თავიდან დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით, მიწაზე აგდია ხისტარიანი დანის სახელური, იზოლაცია შერჩენილი აქვს აღნიშნული დანის მოტეხილი ნაწილი, დაახლოებით 1,5 სმ სიგრძის. გვამს აღენიშნება დაზიანება, გულმკერდის უკანა ზედაპირზე მე-12-11 მალების დონეზე სხეულში ჩარჭობილია დანის მოტეხილი პირის ნაწილი. ზურგზე არსებული ჭრილობის ზომაა 1,5X0,3 სმ-ზე. გვამს ასევე აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის წინა ზედაპირზე წინ მარცხნივ ძუძუსა და მკერდის ხაზებს შორის, მეორე მესამე ნეკნების დონეზე ოდნავ ირიბად მდებარე სწორკიდეებიანი ჭრილობა, ზომით 1,8X0,3 სმ. ასეთივე ჭრილობები აღენიშნება: მარცხენა ფერდქვეშა არეში და მუცლის მარჯვენა ნახევარში ზემო მესამედში ზომებით 2X0,3 სმ და 1,8X0,2 სმ. გვამიდან 60 მეტრის დაშორებით №-- სახლთან აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც მიემართება ქვევით კიბეები---ენ, სადაც იწყება გვირაბი.
მოწმე ლ------ ქ------–---–ის ჩვენებით, თბილისში, მ---–---ის ქუჩაზე აქვს სახლი და აქირავებს ოთახებს. 1995 წელს, პირველ სართულზე მდებარე პატარა ოთახი მისგან იქირავეს არაოფიციალურმა მეუღლეებმა: ი------ და ზ--- ა-------მა. დაახლოებით 1 კვირაში ზ--- მოსკოვში წავიდა სამუშაოდ და მეუღლესთან დაბრუნდა რამდენიმე თვეში. ზ.ა-------ის დაბრუნებიდან დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ, ზაფხულში (მოწმის განმარტებით, საუბარია მკვლელობის დღეზე), შემოესმა ყვირილისა და ჩხუბის ხმა. ოთახიდან გამოვიდა ზ.ა-------ი, რომელიც იყო აღელვებული. მოწმემ სთხოვა დამშვიდებულიყო და ეამბო მისთვის ჩხუბის მიზეზი. როგორც აღმოჩნდა ზ------- აპროტესტებდა ი.ნ---–---–ის უსაქმოდ ყოფნას, მეუღლის მის ხარჯზე ცხოვრებას და აღარ სურდა ურთიერთობის ამ ფორმით გაგრძელება. მალევე ბრალდებულის დაძახების საფუძველზე, ზ--- ჩავიდა ოთახში მასთან, რამდენიმე წუთში კი ოთახიდან ეზოში გავიდა. მას უკან გაჰყვა ი.ნ---–---–იც, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, დაახლოებით 30-35 სმ სიგრძის, დანის პირი მიმართული ჰქონდა იდაყვი---ენ და ხელი ეკიდა სახელურზე, სავარაუდოდ მალავდა. ეზოდან ი-----ს გასვლას, მოჰყვა ქალის განწირული კივილი, რის გამოც ლ.ქ------–---–იც ეზოდან გაიქცა და დაინახა ი-----, რომელიც უკვე მორბოდა და ხელიდან გასდიოდა სისხლის წვეთები. აღელვებული ლ.ქ------–---–ის კითხვაზე, თუ რა ჩაიდინა, ი------ ვითომ გაიკვირვა „რა, რა ვქენიო?“ მოწმის განმარტებით, ი------ ისე გააგრძელა გზა, რომ სახლში აღარ შესულა. აღნიშნულის შემდეგ, ლ.ქ------–---–მა ნახა ძირს დაგდებული, მომაკვდავი ზ---, რომელიც იყო უგონოდ. ლ.ქ------–---–მა დაჭრილი ზ.ა-------ის ზურგში შენიშნა დანის პირი, რომელიც იყო ჩატეხილი სხეულში, დანის ტარი კი ეგდო მარჯვნივ, გზის მეორე მხარეს.
მოწმე ფ-–------ კ----------–---ას ჩვენებით, მის მიერ მ---–---ის ქუჩაზე ნაქირავები ოთახის გვერდით მდებარე ოთახი ჰქონდა ნაქირვები მეუღლეებს: ი----- ნ---–---–სა და ზ--- ა-------ს. ზ--- ა-------ი რამდენიმე თვით სამუშაოდ გაემგზავრა მოსკოვში, ი----- კი ბინაში მარტო ცხოვრობდა.
ზ---ს დაბრუნების შემდეგ მეუღლეებმა განაგრძეს თანაცხოვრება. თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, იქნებოდა დღის მეორე ნახევარი, ზ---სა და ი-----ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რამაც ოთახიდან გადაინაცვლა ეზოშიც, თუმცა ი----- არ აღიქვამდა ჩხუბს სერიოზულად და ხუმრობით უბრუნებდა პასუხებს. ზ.ა-------მა მეუღლეს უთხრა, რომ აპირებდა სახლიდან წასვლას და გავიდა ეზოდან. მას უკან გაყვა ბრალდებულიც, რომელსაც ხელში ეჭირა დანა პირით უკან და მალავდა. ამ ფაქტიდან მალევე შემოესმა სახლის მესაკუთრის (ლ.ქ------–---–ის) ყვირილის ხმა, გარეთ გასვლისას კი ნახა, რომ გარდაცვლილი იყო ქალი. ზ.ა-------ის გვამთან მისვლამდე, მას გზად შეხვდა ი-----, რომელსაც ხელი ჰქონდა სისხლიანი. ფ.კ----------–---ას კითხვაზე, თუ რა ჩაიდინა, ბრალდებულმა უპასუხა, არაფერიო და წავიდა. აღნიშნულის შემდეგ, მოწმემ ნახა მიწაზე მუხლებით დაგდებული ზ---ს ცხედარი, რომელსაც ზურგში დანა ჰქონდა გაჭედილი, როგორც ახსოვს, დანას ტარი არ ჰქონდა. მოწმის ვარაუდით, ეს იყო სწორედ ის დანა, რომელიც ი-----ს ეზოდან გასვლისას ეჭირა ხელში, გარდა ამისა, სახლიდან მკვლელობის ადგილამდე მანძილი იყო სულ ოცი მეტრი, რის გამოც მოწმე გამორიცხავს ი-----ს მიერ სხვა დანის აღების შესაძლებლობას.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე მ---- ჩ------–---–ის 2-----1995წ ჩვენების თანახმად, 1995 წლის 23 ივლისს, 19 საათისათვის იმყოფებოდა სახლში (მ---–---ის ქუჩა №---ში), რა დროსაც შემოესმა ქალის ხმამაღალი კივილი. ქუჩაში გასულს დახვდა ხალხმრავლობა და მეზობელი ლ------ ქ------–---–ი, რომელიც იყო აღელვებული და ყვიროდა, ითხოვდა შველას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას. ახლოს მისვლისას დაინახა ზურგში დანაჩარტყმული ზ--- და მამაკაცი, რომელიც გარბოდა. რომელიც როგორც აღმოჩნდა იყო მკვლელი ი----- და მირბოდა მ---–---ის ქუჩის დასაწყისი---ენ.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ე--------- კ--–-–---ის 07.08.1995წ დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ--------ის ასული ა-------ი იყო მისი ცოლის - გ---–-- ა-------ის და. როდესაც ზ--- გაიცნო, მას ჰყავდა ერთი შვილი და დაშორებული იყო მეუღლესთან. მოწმე მას იცნობდა ხუთი წელიწადი და ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ზ--- ა-------ი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, მისი შვილი კი - ბებიასთან და ბაბუასთან. ე.კ--–-–---ისათვის უცნობია, ვინმესთან ერთად ცხოვრობდა თუ არა გარდაცვლილი. მოწმე არ იცნობს ი----- ნ---–---–ს და არასდროს უნახავს, არც ზ---საგანაც არ სმენია ბრალდებულის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე გ---–---- ა-------ის 15.08.1995წ დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ--------ის ასული ა-------ი იყო მისი და. ბრალდებული ნანახი ყავდა, მაგრამ არ იცოდა გვარი, გაიცნო როგორც ი-----. გ.ა-------მა ბრალდებული პირველად ნახა დაკითხვამდე ექვსი თვით ადრე. როგორც დისაგან იცის, ი----- გაიცნო დ------ის ბაზარში, სადაც ორივე ვაჭრობდა. მოწმეს ი----- ნანახი ყავს ხუთჯერ და ყოველთვის ბაზრობაზე. ბრალდებული არის მელოტი, აქვს ყავისფერი თმები, მოგრძო, წითური სახე და გრძელი ცხვირი, ტუჩთან ლოყაზე ორი ღარი. როგორც მოწმემ ზ--- ა-------ისაგან შეიტყო, ი----- ნასამართლევი იყო რუსეთში, დედინაცვლის მკვლელობის გამო და მოხდილი ჰქონდა სასჯელიც. მოწმის ჩვენებით, ზ--- ბოლოს ცხოვრობდა მ---–---ის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში. გ.ა-------ისათვის უცნობია მარტო ცხოვრობდა, თუ არა მისი და. მოწმის ჩვენებით, ზ--- ა-------ი ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა რუსეთში, ჩამოვიდა გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე და აპირებდა საცხოვრებლად დასთან გადასვლას. ბოლოს მოწმემ ზ--- ნახა 23 ივლისს, გარდაცვალების დღეს. ზ.ა-------ი იყო შეშინებული და სთხოვა დას და ე.კ--–-–---ს გაყოლოდნენ ბინაში ნივთების წამოსაღებად. 23 ივლისს, საღამოს გ.ა-------ს დედამ შეატყობინა ზ.ა-------ის გარდაცვალების ამბავი.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე გ------–- ა-------ის 29.03.2008წ დაკითხვის ოქმის თანახმად, არის ზ--- ა-------ის და. სს საქმეში დაზარალებულად ცნობილია მამა ი---- ა-------ი, რომელიც გარდაიცვალა 2000 წელს. მისი გარდაცვალება არ არის დარეგისტრირებული და არ არსებობს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ ტ------ ა-------ის 23.04.2015წ დაკითხვის ოქმის თანახმად, 1995 წლის 23 ივლისს, თბილისში, მ---–---ის ქუჩაზე ცხოვრობდა მისი ქალიშვილი ზ------- ა-------ი, მეუღლესთან ი----- ნ---–---–თან ერთად. მოწმისათვის უცნობია გარდაცვლილისა და ბრალდებულს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ, უცნობია ჰქონდათ თუ არა კონფლიქტები. მოწმემ მეუღლისაგან ი.ა-------ისაგან შეიტყო, რომ 23 ივლისს შელაპარაკება მოსვლიათ ი-----ს და ზ---ს, რის გამოც ი----- ნ---–---–ს საოჯახო დანით მოუკლავს ზ------- ა-------ი. მოწმის ჩვენებით, ბრალდებული არის კახეთიდან, სხვა ინფორმაციას მის შესახებ არ ფლობს.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის თანახმად:
· ზ--- ა-------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული სხეულის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებიდან სისხლდენის შედეგად შინაგანი ორგანოების დაზიანების შედეგად.
· ზ--- ა-------ის გვამს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები: ა) გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ მეორე მესამე ნეკნების დონეზე, რომელიც შემავალი იყო გულმკერდის ღრუში და აზიანებდა გულის კუნთსა და მარცხენა ფილტვის ქსოვილს; ბ) მარცხენა ფერდქვეშა არეში, დაზიანებული იყო ელენთა; გ) მარჯვენა ფერდქვეშა არეში, დაზიანებული იყო ღვიძლის ქსოვილი; დ) გულმკერდის უკანა ზედაპირზე, დაზიანებული იყო მარჯვენა თირკმლის ქსოვილი.
· ყველა ეს დაზიანება მიყენებულია, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე აღებულნი ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
· გვამიდან აღებული სისხლის სასამართლო ქიმი----- გამოკვლევით მასში ეთილის ალკოჰოლი არ აღმოჩნდა (ექსპერტი პ.ჯიბლაძე).
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ზ--------ის ასულ ა-------ის ტანსაცმელზე, კერძოდ, მაისურზე აღენიშნება ოთხი დაზიანება ობიექტები №1,2,3,4 რომლებიც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი მჭრელი ცალმხრივლესული საგნის მოქმედებით, შესაძლებელია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანით მის გადატეხვამდე.
იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების რესპუბლიკური არქივის 1995 წლის 11 აგვისტოს ცნობის თანახმად, ი---------------ის ძე ნ---–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერი ჩ----–-----------------------------------ის რესპუბლიკურ არქივში, 1952-1954 წლების წიგნებში შენახული არ არის.
ა-----ის შს რაიონული განყოფილების საპასპორტო სამსახურის უფროსის ო.ოტიაშვილის 1995 წლის 21 სექტემბრის №----- წერილის თანახმად, ა-----ის შს რაიონის განყოფილების საპასპორტო სამსახურში, მოქალაქე ი---------------ის ძე ნ---–---–ის ფორმა №1 არ აღმოჩნდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 23 მარტის №-------- წერილის თანახმად, ი---------------ის ძე ნ---–---–ის შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კართოტეკაში და ერთიან ფორმირებულ ბაზაში მონაცემები არ მოიძებნა. ბაზაში არის 03.10.1995 წლის გ-–----ი ნ----–-----ის სამმართველოს ძებნა.
საქართველოს შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ა-----ის რაიონული სამმართველოს უფროსის ბ-------ის 2015 წლის 31 მარტის №------------------ წერილის თანახმად, ა-----ის რაიონული სამმართველოს წარმოებაშია თბილისიდან ტერიტორიული ქვემდებარეობით გადაგზავნილი სამძებრო საქმე №--------- ა-----ის რაიონ სოფელ კ--------ში მცხოვრები, ი---------------ის ძე ნ---–---–ის მიმართ, ზ------- ა-------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. ბ-------ის განმარტებით, სამძებრო საქმეში არ მოიპოვება ი.ნ---–---–ის პიროვნების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია. არსებული ინფორმაციით, ი.ნ---–---–ი დანაშაულის ჩადენის დღიდან ცხოვრობდა ჩრდილო ოსეთში, კერძოდ, ქ.ორჯონიკიძეში, სადაც გარდაიცვალა და ამჟამად დაკრძალული უნდა იყოს აღნიშნულ მისამართზე.
საქართველოს სსკ-ის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას.
საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 22-ე და 25-ე მუხლების თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე და ბრალეული პასუხისმგებლობის, პირადი პასუხისმგებლობის, პასუხისმგებლობის გარდუვალობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ დანაშაული, სს პასუხისმგებლობა კი შესაძლოა დაეკისროს მხოლოდ იმ პირს, რომლის ქმედებაც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, გარდა ქმედების ობიექტური შემადგენლობის არსებობისა, აუცილებელია სახეზე იყოს სუბიექტური შემადგენლობაც, მათ შორის, სავალდებულოა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩამდენი პირი ე.წ. სუბიექტი. სუბიექტის იდენტიფიცირება გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია, რათა უზრუნველყოფილი იქნას ნორმის სწორად გამოყენება, ბრალეულობისა და მართლწინააღმდეგობის გამოკვეთა, სამართლიანობის აღდგენა ადეკვატური სასჯელის შეფარდებით ან უდანაშაულო პირის მსჯავრდების გამორიცხვით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა წერილობითი დოკუმენტები) დგინდება ფაქტობრივი გარემოება, რომ 1995 წლის 23 ივლისს, თბილისში, მ---–--------------- სახლის წინ, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ზ--- ა-------ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მისმა მეუღლემ, რის შედეგადაც ზ.ა-------ი გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა; თუმცა იმავე მტკიცებულებებით შეუძლებელია დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება, კერძოდ, მოწმეები ან საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას ზ.ა-------ის მეუღლის თაობაზე ან საუკეთესო შემთხვევაში იციან მხოლოდ მისი სახელი „ი-----“ ან სახელი და გვარი - „ი----- ნ---–---–ი“, დაბადების თარიღისა და მამის სახელის მითითების გარეშე. ოფიციალური სახელმწიფო უწყებების წერილებით კი დგინდება, რომ ი---------------ის ძე ნ---–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერი და ფორმა №1 არ არსებობს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კართოტეკაში და ერთიან ფორმირებულ ბაზაში კი მონაცემები არ მოიძებნა. შესაბამისად, არც სს საქმეში და არც სამძებრო საქმეში (იხ. საქართველოს შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ა-----ის რაიონული სამმართველოს უფროსის ბ-------ის 2015 წლის 31 მარტის №------------------ წერილი) ი---------------ის ძე ნ---–---–ის პიროვნების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია არ მოიპოვება (ამდენად, საკითხავია ვის მიმართ მიმდინარეობს ძებნა და ხომ არ აქვს ფორმალური ხასიათი დაუდგენელი პირის მიმართ ძებნის გამოცხადებას, რაც საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 75-ე მუხლის მე-4-5 ნაწილების შესაბამისად, პირდაპირ არის დაკავშირებული ბრალდებულად ყოფნის ხანდაზმულობის ვადასთან და ამ ვადის გასვლის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან). სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სს საქმის მასალების მიხედვით, ი---------------ის ძე ნ---–---–ის დაბადების თარიღი - 1---------წ პირველად ჩნდება 2007 წლის 22 მარტით დათარიღებულ ფორმა №----ში ს.ფ. 75-ზე (შემდეგ კი საბრალდებო დასკვნაში), თუმცა დაუდგენელია ხსენებული ინფორმაციის წყარო და წარმომავლობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში კი გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ მოხდა დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი სუბიექტის იდენტიფიცირება, დადგენა იმისა, რომ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ჩადენილი იქნა სწორედ 1--------- წელს დაბადებული ი---------------ის ძე ნ---–---–ის მიერ.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საბრალდებო დასკვნაში მითითებული, 1--------- წელს დაბადებული ი---------------ის ძე ნ---–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498-ე, 504-ე, 510-ე, 511-ე, 512-ე, 513-ე, 523-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----- ნ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960წ რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა~ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ი----- ნ---–---–ის მიმართ 1995 წლის 22 სექტემბრის დადგენილებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ი----- ნ---–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია