განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/43-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
23 ივლისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----–----–---------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------–---, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო-ტექნიკური განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თეთრიწყარო, დ---------–-------–--------------------------, მცხოვრები: თეთრიწყარო, დ---------–---------------–------------.
ადვოკატი - ჯ-----------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 27 მაისს, თეთრიწყაროს რაიონში, დ---------–--–---------------------–-------------–- მდებარე ო---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მ-----–---------- იმის გამო, თუ რატომ არ მიდიოდა სახლიდან დაზარალებული, დანის დემონსტრირებით და სიტყვით „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის შვილს ნ-----–-----------, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
2. 2019 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში, დ---------–--–---------------------–-------------–- მდებარე ო---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მ-----–---------- იმის გამო, თუ რატომ არ მიდიოდა სახლიდან დაზარალებული, დანის დემონსტრირებით და სიტყვით „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის შვილს ნ-----–-----------, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ მ-----–----------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ორივე ეპიზოდთან მიმართებით - ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის - მ-----–----------ს, ნ-----–------------, ნ-----–------------- გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, ალკოტესტი და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ-----–----------ს მიერ იმ დანაშაულების ჩადენას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ და მე-2 პუნქტებში.
სამართლებრივი შეფასება:
5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან მამა და შვილი.
6. სასამართლოს შეფასებით, დასტურდება მ-----–----------ს მიერ შვილზე ნ-----–------------- სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (აღსანიშნავია, რომ მუქარას წინ უძღვოდა დანის დემონსტრირება და სიტყვა მოგკლავ, რამაც, სასამართლოს შეფასებით, შექმნა რეალური გარემო დაზარალებულისათვის, ჰქონოდა ბრალდებულის მიერ მუქარის განხორციელების რეალურობის საკმარისი საფუძველი).
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----–----------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ნ-----–------------ მიმართ ჩაიდინა სსკ-ის მე-111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ-----–----------ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც მ-----–----------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ ორივე ეპიზოდში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8. მ-----–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და გულწრფელად ინანიებს მის ჩადენას, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მასთან, სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას. მ-----–----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან შვილზე მუქარა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში განახორციელა. აგრეთვე, სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებით მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
11. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
13. ორივე დანაშაულთან მიმართებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მ-----–---------- სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ ჯარიმის ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის განსაზღვრა, ასევე მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ხასიათიც. გარდა ამისა, მხოლოდ ამ სასჯელების გავლენა მ-----–------------ სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე და იმავე დროს ნაკლებად ეფექტური იქნება. მ-----–---------- უმუშევარია და მას სასჯელად გამასწორებელი სამუშაო ვერ დაენიშნება. აღსრულების მექანიზმისა და მისი შინაარსის ასევე საქმის გარემოებების (სახლის პირობებში) გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–----------ს მიმართ სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენება სრულიად არაეფექტური ღონისძიებაა, ორივე შემთხვევაში. ამიტომ, ჩადენილი ძალადობრივი ქმედების - თითოეულ შემთხვევაში, გათვალისწინებით, ამ ქმედებების აღსრულების ხერხისა და სახის მხედველობაში მიღებით, მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
14. მ-----–----------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული არ არის, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მის მიმართ, ასევე დამამძიმებელ გარემოებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სანქციის მაქსიმუმი 1 წელია, ხოლო სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, მას ამ მუხლით ორივე შემთხვევაში უნდა განესაზღვროს სანქციის მაქსიმუმი 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
15. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - მ-----–----------- აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: მ-----–----------- გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, წუხს მომხდარის გამო და პირობას დებს, რომ მომავალში მსგავსი ქმედება არ განხორციელდება, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ასევე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
16. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო მ-----–---------- ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ყველაზე მკაცრმა უნდა შთანთქას დანარჩენი სასჯელები. ამასთან, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ([...] გამოსაცდელი ვადა [...] უნდა იყოს [...] დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა, რაც არ ვრცელდება შთანთქმის შემთხვევაში და გამოიყენება ძირითადი რეგულაცია) სასამართლოს მიაჩნია, რომ 1-წლიანი გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია მ-----–----------ს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2019 წლის 27 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
2. მ-----–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2019 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----–---------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 წელი.
4. მ-----–----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
5. მ-----–---------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 6 ივნისიდან 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით.
6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
7. ნივთმტკიცება - დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი