გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210016001641944
2-605-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 ივლისი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელეები - ნ------–---------------------ლი
წარმომადგენელი - მანანა გელაშვილი
მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
,,---------------------------------------------''
წარმომადგენლები - ოლეგ გრძელიძე, მარიამ რუსაძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 37 973 ლარის და 3 თეთრის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელეთა საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–-, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 37 973 ლარი და 3 თეთრი - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანისათვის ჩასატარებელი გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოებისათვის საჭირო თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით, მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ------–--------------------------–-ს საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–- მდებარე უძრავ ნივთზე - 697.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.19);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელეთა კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმად, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა შენობა ექვემდებარება გამაგრება-გაძლიერებას დასკვნაზე თანდართული პროექტის მიხედვით, რის შემდეგაც ვარგისი იქნება ექსპლუატაციისათვის. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 37 973.03 ლარს. სოფელ ქ--–----–- მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება;
მოპასუხე მხარემ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელეთა სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელეთათვის მიყენებულ ზიანში. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების და სახლის გამაგრება-გაძლიერების პროექტში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 30 000 ლარის გადახდა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 992-ე, 1008-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიზეზით.
ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 37 973 ლარი და 3 თეთრი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია სახლის ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა 37 973.03 ლარი. დაზიანება გამოწვეულია სოფელ ქ--–----–- რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად;
მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელეთა სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს, მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი და შესაბამისად, დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის და 2018 წლის 19 დეკემბრის დასკვნები კი შედგენილია ვიზუალური შესწავლის შედეგად;
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ, - დაზიანება, გამოწვეულია სოფელ ქ--–----–- რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. აღწერილი დაზიანებების და გამაგრება-გაძლიერების პროექტში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს 30 000 ლარი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოში საქმე აღძრეს 2016 წლის 14 დეკემბერს, მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე მხარემ ზიანის შესახებ იცოდა სასამართლოსათვის მომართვამდე სამ წელზე მეტი ხნის წინ. გარდა ამისა, სახლის დაზიანების გამო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, მოსარჩელე მხარემ შეიტყო ლევან სამხარაულის ექსპერტზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რომელიც 2016 წლის 12 სექტემბერს არის მომზადებული - მასში აღნიშნულია, რომ დაზიანება გამოიწვია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა, გვირაბის მშენებლობას კი მოპასუხე აწარმოებს და ეს გარემოება სადავო არ არის.
ამდენად, მოსარჩელე მხარემ საქმე აღძრა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში და არა - ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, - როგორც მოპასუხე მიუთითებს..
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება,, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეებს გადახდილი აქვთ: სახელმწიფო ბაჟი 1156 ლარი (ერთხელ - 660 ლარი (ს.ფ.55) და მეორედ - 496 ლარი) ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი (ს.ფ.54); საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის - 450 ლარი (ს.ფ.53); მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრებას. სარჩელის ფასი არის 37 973.03 ლარი, მისი შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი - 1139 ლარი. შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 17 ლარი უნდა დაუბრუნდეს ნ------–------ს;
ხარჯების განაწილებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 37 973.03 ლარის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' უნდა დაეკისროს პროცესის ხარჯები: მოსარჩელეების სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის თანხა - 900 ლარი, ექსპერტიზის ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 395 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის 450 ლარის ნაწილი - 355 ლარი;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' ნ------–--------------------------–-ს სასარგებლოდ გადახდეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
2. ნ------–------ს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 17 (ჩვიდმეტი ლარი).
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' გადახდეს ნ------–--------------------------–-ს სასარგებლოდ 900 (ცხრაასი) ლარი სახელმწიფო სახელმწიფო ბაჟის თანხა, ექსპერტიზის ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 395 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის 450 ლარის ნაწილი - 355 ლარი;
3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი