გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3023-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივლისი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელეები შპს მისო ე-------------ი"
წარმომადგენელი ნინო დათუკიშვილი
შპს ფ---–------------ი
წარმომადგენელი ირაკლი მარჯანიშვილი
მოპასუხე ლია მ-----–---–ი
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
შპს ე-------------ის სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლია მ-----–---–ისათვის 1050 ლარის დაკისრება;
1.2.
შპს ფ---–------------ის სასარჩელო მოთხოვნა
1.3. ლია მ-----–---–ისათვის 722 ლარის დაკისრება;
შპს ე-------------ის სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 30 მაისს შპს მისო ე-------------სა და ლია მ-----–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N362649, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 350 ლარი 30 დღის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 105 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1,5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი.
მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მას 2016 წლის 30 ივნისიდან დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხის 1050 ლარი, საიდანაც 350 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 105 ლარი პროცენტი, პირგასამტეხლო 575 ლარი, რაც არის 110 დღის მანძილზე დარიცხული თანხა.
შპს ფ---–------------ის სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 4 მაისს შპს „ფ---–------------თან“ ლია მ-----–---–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N930712, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 400 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით 2016 წლის 3 ივნისამდე, სესხის სარგებელი შეადგენს 56 ლარს. ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის და სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ძირითადი თანხის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, სესხი და სარგებელი არ გადაიხადა. ვადის გადაცილება შეადგენს 503 დღეს. ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოა 2515 ლარი, საიდანაც მოსარჩელე მოითხოვს 133 ლარს.
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს ზიანი მიადგა, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მოპასუხისთვის სავარაუდო იყო მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის შედეგად ზიანის მიყენება. ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით არის ყოველდღიურად 1,8 ლარი (55 ლარი გაყოფილი სესხის სარგებლობის ვადაზე 30 დღეზე). ვადის გადაცილების პერიოდში შეადგენს 905 ლარს. სარჩელით მოთხოვნილია ზიანის თანხა 133 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო წარდგენილი სარჩელები და განმარტა, რომ მან მოსარჩელეებისაგან ისესხა სარჩელში მითითებული თანხები. მას მოსარჩელეებისგან სხვა კრედიტებიც ჰქონდა აღებული, რასაც აბრუნებდა პერიოდულად, შესაბამისად, მას გადახდილი აქვს სადაო სესხის თანხებიც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 30 მაისს შპს მისო ე-------------სა და ლია მ-----–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N362649, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 350 ლარი 30 დღის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 105 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1,5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-23. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (10.07.2019წ სხდომის ოქმი)
- შესაგებელი (ს.ფ. 61-65. ტომი 2)
3.1.2. 2016 წლის 4 მაისს შპს „ფ---–------------თან“ ლია მ-----–---–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N930712, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 400 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით 2016 წლის 3 ივნისამდე, სესხის სარგებელი შეადგენს 56 ლარს. ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის და სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ძირითადი თანხის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
– სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-29. ტომი 2)
– მოპასუხის განმარტება (10.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- შესაგებელი (ს.ფ. 52-58. ტომი 2)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლია მ-----–---–ს შპს ფ---–------------ის და შპს ე-------------ისათვის არ დაუბრუნებია სესხად მიღებული თანხა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებელი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.
შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი, რაც იმაში გვლინდება, რომ ვერ დამტკიცდება მის მიერ მითითებული ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ შეასრულა სესხის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ამ ნორმის მიხედვით, 1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია; 3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.
„მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვნაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა უცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. (უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმე №ას-570-541-2015).
უზენაესი სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით.
ამ პრინციპიდან გამომდინარე მოვალისათვის საჭირო მტკიცებულებას წარმოადგენს კრედიტორისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია შპს „ე-------------ის“ და შპს „ფ---–------------ისათვის“ სესხის დაბრუნების მიზნით თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოსარჩელის წარმომადგენლებმა სხდომაზე დაადასტურეს, რომ მოპასუხეს მათთან რამდენიმე სესხის ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. ამავე დროს ორივე მხარემ დაადასტურა, რომ სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხე პერიოდულად იხდიდა, წინა სესხის სრულად დაფარვის შემთხვევაში გაიცემოდა ახალი სესხი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მოპასუხეს უნდა წარმოედგინა სადაო სესხების დაბრუნების შესახებ მტკიცებულება, რაც არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებების შესრულების ფაქტი არ დასტურდება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „ფ---–------------ის“ მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეს სესხი არ დაუბრუნებია, ამით მან მოსარჩელეს ზიანი მიაყენა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლო, რაც მოთხოვნილი გონივრული ოდენობით.
შპს „ე-------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასესხო ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება. ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
2017 წლის 30 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 300 ლარი 21 დღის ვადით. სესხი სარგებლიანია და სარგებელი შეადგენს 63 ლარს. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა შპს „ე-------------ის“ მიმართ 2016 წლის 30 ივნისამდე, ხოლო შპს „ფულიჯის ფინანსის“ მიმართ 2016 წლის 3 ივნისამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი გარემოებები საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო ვადის გადაცილების მიზეზები, რაც მის ბრალეულობას გამორიცხავს, არ მიუთითებია.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება ვალდებულების, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ე-------------ის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, ხოლო შპს „ფ---–------------ის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მოპასუხეს მისი სრულად გადახდა უნდა დაეკისროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
შპს ემას კრედიტთან დადებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1,5%-ს, ასევე გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის ფიქსირებულ თანხას 20 ლარს.
საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანების 1,5%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 5,5 ლარს. პირგასამტეხლო დარიცხულია 110 ვადაგადაცილე დღეზე ჯამში 575 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. ამავე დროს მითითებულია, რომ შემცირება შესაძლებელია საქმის გარემოებისადმი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს თანხის. ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“ იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ მაღალი თანხის მოთხოვნა პირგასამტეხლოს არაგონივრულობას არ ნიშნავს და უნდა შეფასდეს ხელშეკრულების შესრულების გარემოებები - ხელშეკრულების დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა, შესასრულებელი ვალდებულების არსი, ვალდებულების დარღვევის არსი, გადაცილების ხანგრძლივობა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია გასესხებული თანხის ოდენობის და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის თანაფარდობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სესხი საერთოდ არ დააბრუნება, ეს კრედიტორს არ წარმოუშობს უფლებას მოითხოვოს არაგონივრულად მაღალი თანხის პირგასამტეხლო და ამით დასაჯოს მოვალე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. თავის მხრივ, სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.
შპს ე-------------ი მოითხოვს ყოველდღიურად 5,5 ლარის დაკისრებას, ხოლო ჯამში მოთხოვნილი თანხა არის სესხის თანხის თითქმის 163%. გაცემული სესხის თანხა არის მცირე - 350 ლარი, რისი გათვალისწინებით ყოველდღიურად 5,5 ლარის დაკისრება აშკარად არაგონივრულია, რაც იწვევს ჯამურად მოთხოვნილი თანხის აშკარად მაღარ ოდენობასაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, სესხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და უნდა განისაზღვროს ყოველდღიურად სესხის გადაუხდელი ნაწილის 0,2%-ის ოდენობით, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 0,7 ლარს, ხოლო 110 ვადაგადაცილებული დღისათვის 77 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს თანხა საკმარისად უზრუნველყოფს მოსარჩელის მიერ განცდილი ფულადი დანაკლისის მინიმალურად ანაზღაურებას, ამავე დროს არის მოპასუხის მიერ გადასახდელი გონივრული სანქცია.
მოპასუხის მიერ შპს ე-------------ისათვის ასანაზღაურებელი თანხაა 532 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 350 ლარი, პროცენტი 105 ლარი, პირგასამტეხლო 77 ლარი.
შპს „ფ---–------------ის“ მოთხოვნები პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი საფუძვლების გამო:
420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გონივრულობა ნიშნავს იმ ფარგლებს, როცა პირგასამტეხლოს თანხა მის დანიშნულებას - ვალდებულების დარღვევის პრევენციას და შესაძლო ზიანის ანაზღაურებას ამართლებს. პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო არ უნდა იქცეს მხოლოდ მოვალის დასჯის ინსტრუმენტად და პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.
პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების მიზანი არ არის მოვალისათვის შეღავათის გაწევა, მისთვის სიმბოლური თანხის დაკისრება. პირგასამტეხლოს გონივრულობა უნდა შეფასდეს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვით და გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ინტერესი.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 400 ლარი, გადაუხდელი სარგებელია 56 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 133 ლარი, რაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი ფინანსური სანქციაა. მოპასუხემ სესხის თანხა მიიღო 2016 წლის 4 მაისს და სარგებელთან ერთად უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 3 ივნისამდე. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევიდან სარჩელის შემოტანამდე გასულია 1 წელი და 6 თვე. მოპასუხემ საერთოდ არ შეასრულა ვალდებულება, სრულად გადაუხდელია სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შესასრულებელი სასესხო ვალდებულებაა 456 ლარი, რაც ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაშია საერთოდ შეუსრულებელია, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდის გათვალისწინებით 133 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო გონივრული საჯარიმო სანქციაა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გამო თანაზომიერი ფინანსური პასუხისმგებლობაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს შემდეგი საფუძვლების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის საფუძველზე მხარეებს შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელე არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა რეგულირებულია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა მიკროკრედიტის გაცემა. ამ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.
ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, 1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. 3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
სარგებლიანი სესხის ფარგლებში კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც. ამ შემთხვევაში სასესხო ურთიერთობა არსებობს მიკოსაფინანსო ორგანიზაციასთან, რომლის მიერ სესხის გაცემის მიზანია ეკონომიკური სარგებლის მიღება. კრედიტის დაუბრუნებლობის გამო კრედიტორი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა ამ თანხის კვლავ გასესხებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში.
მხარეებს შორის მოკლევადიანი სასესხო ურთიერთობა დამყარდა, ხელშეკრულება ითვალისწინებს 20 დღით სესხის გაცემას და შესაბამისად, ამ ვადაში კრედიტორისათვის სარგებლის დარიცხვას. სესხის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს ექნებოდა ამ თანხის კვლავ გასესხების შესაძლებლობა, რის შედეგად მიიღებდა შემოსავალს სესხის სარგებლის დარიცხვის შედეგად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავალის ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის სესხის დროულად დაუბრუნებლობის გამო 133 ლარი არის სახელშეკრულებო რისკის ფარგლებში მოსალოდნელი ზიანი, კრედიტორის მიუღებელი შემოსავალი, სარგებელი რაც მან ვერ მიიღოს სესხად გაცემული თანხის კვლავ სარგებლიანი სესხის გაცემის შედეგად. მხარეებს შორის არსებობდა მოკლევადიანი სესხის ხელშეკრულება, რის გამოც მოპასუხისათვის მოსალოდნელი იყო, რომ სესხად მიღებული თანხას კვლავ მცირევადიანი სესხის სახით გასცემდა და შედეგად მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს 133 ლარს 2 თვით სესხის გაცემის შემთხვევაში.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე შპს „ე-------------ი“ სარჩელით მოითხოვს 1050 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 532 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 50,7%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 50,7% არის 25,35 ლარი, რაც სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს დაკისრებული თანხიდან, რადგან სსკს 53-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლო ხარჯების ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. დაკისრებულია 532 ლარი, რომლის 4%-ია 21,28 ლარი. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებას ამ საქმეზე უწევს შპს ჯი ელ ესი, რომლისთვისაც 2017 წლის 18 სექტემბერს გადახდილია 42 ლარი, საიდანაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 21.28 ლარი.
სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს შპს „ფ---–------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად ანაზღაურება, რადგან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 230-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს მისო "ე-------------ის" სარჩელი;
1.1. ლია მ-----–---–ს დაეკისროს შპს მისო ე-------------ისათვის 532 ლარის გადახდა;
2. დაკმაყოფილდეს შპს ფ---–------------ის სარჩელი;
2.1. ლია მ-----–---–ს დაეკისროს შპს ფ---–------------ისათვის 722 ლარის გადახდა;
3. ლია მ-----–---–ს დაეკისროს შპს მისო ე-------------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 25,35 ლარის, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 21,28 ლარის გადახდა;
4. ლია მ-----–---–ს დაეკისროს შპს ფ---–------------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი