გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210118002773530
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.07.2019 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე - სს „კრ----- ბანკი“
წარმომადგენელი - თ----------------–-
მოპასუხე ლი- მი-----–---–ი, ალ---------- მა----–---–ი, თე------ წი-----–---–ი
წარმომადგენელი ნ-------------–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს: ლი- მი-----–---–ს, ალ---------- მა----–---–ს და თე------ წი-----–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----- ბანკი“ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ: 8574.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5650.00 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 1670,55 ლარი, დაზღვევა 142.45 ლარი, ჯარიმა 1111,31 ლარი; თავდების - ალ---------- მა----–---–ის და თე------ წი-----–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს 7500 ლარით;
1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ პროცესის ხარჯების ანაზღაურება
1.3. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, სარჩელს დაეთანხმნენ მხოლოდ ძირი თანხის - 5650.00 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ .
მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ 2018 წლის დეკემბერში მოპასუხეებს სურდათ ვალის ნებაყოფლობით გადახდა, ამიტომ გამოცხადდნენ სს ,კრ----- ბანკში“ და შესთავაზეს 6000 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი თანხის გადანაწილება ითხოვეს, მაგრამ ბანკის წარმომადგენელმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე და არც დარჩენილი თანხის გადანაწილებას დათანხმდა, ამიტომ მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ მათ მხოლოდ ძირი თანხის გადახდა უნდა დაეკისროთ, ხოლო პროცენტის, პირგასამტეხლოს და დაზღვევის თანხის დაკისრებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი. მოპასუხეები ასევე არ დაეთანხმნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას .
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 30 ნოემბერს სს "კრ----- ბანკს“ შემდგომ ,,ბანკი" კრედიტორი, გამსესხებელი) და ლი- მი-----–---–ს (მსესხებელი, სოლიდარული მოვალე) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5650.00 ლარი 11 თვის ვადით-2018 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით, 32.80% წლიური საპროცენტო სარგებლით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო, დარჩენილი სრული ძირი თანხის 0,41 % -ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი .
3.1.2 მსესხებელთან გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და ალ---------- მა----–---–ს და თე------ წი-----–---–ს შორის 2017 წლის 30 ნოემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რითაც თავდებებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 7500 ლარით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდების განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები .
3.1.3. მსესხებელს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხა უნდა გადაეხადა გრაფიკის შესაბამისად, იმგვარად, რომ 05.10.2018 წელს უნდა შეეტანა 3698.37 ლარი , 05.11.2018 წელს- 3764,63 ლარი , ე.ი. სულ 7463.00 ლარი, საიდანაც 5650 ლარით იფარება ძირი თანხა, 1670,55 ლარით პროცენტი, ხოლო 142,45 ლარით-დაზღვევა, რითაც ვალდებულება სრულად იქნებოდა შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი .
3.1.4. მსესხებელმა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდების ისტორია და ცნობა დავალიანების შესახებ
3.1.5. ვალდებულების დარღვევის თაობაზე მსესხებელი და თავდებები გაფრთხილებულები იქნენ როგორც ზეპირად, ასევე გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები .
3.1.6. დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, მოპასუხეთა დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 8574.31 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 5650.00 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 1670,55 ლარი, დაზღვევა 142.45 ლარი, ჯარიმა 1111,31 ლარი, რის ანაზღაურებასაც მოითხოვს მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდების ისტორია და ცნობა დავალიანების შესახებ
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის 5650.00 ლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ძირი თანხის 5650 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნეს, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნა სესხზე დარიცხული პროცენტის - 1670.55 ლარის და დაზღვევის თანხის - 142,45 ლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხე მსესხებელს შორის 2017 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რითაც მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია და მხარეებიც არ დავობენ, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მსესხებელზე გასცა სესხი შეთანხმებული ოდენობით და პირობებით.
დადგენილია, რომ მხარეებმა სესხისთვის გაითვალისწინეს პროცენტი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას კი მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების 5.2 მუხლის თანახმად, გამსესხებლის და მსესხებლის რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. ხელშეკრულების 5.3. მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.
სესხის ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა სესხის ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის მიხედვით, გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას; ამდენად, სიცოცხლის დაზღვევის თანხაზე შეთანხმება მოხდა სესხის ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის შესბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და ეთხოვათ დავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის პროცენტზე და სადაზღვევო პრემიაზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, რაც აისახა სესხის გადახდის გრაფიკში, რაც მსესხებელს ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის ვალდებულება და გაფრთხილების მიუხედავად, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადეს, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ მოითხოვს დავალიანების დაფარვა, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ძირი თანხა, სარგებელი და დაზღვევის თანხა, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხზე დარიცხული პროცენტის 1670.55 ლარის და დაზღვევის თანხის 142,45 ლარის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 1111,31 ლარის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს პირგასამტეხლოს განსაზღვრის თავისუფლებას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
აღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამიტომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. განსახილველ საქმეში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სესხი სარგებლიანია და მოსარჩელე პირგასამტეხლოსთან ერთად ითხოვს სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებლის დაკისრებას. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია, რომ მართალია გრაფიკის დარღვევით, (დაგვიანებით) თუმცა 2018 წლის დეკემბერში მსესხებელმა ბანკს შესთავაზა 6000 ლარის დაფარვა, რაც სხდომაზე კრედიტორის წარმომადგენელმაც დაადასტურა, ამდენად, ბანკმა 2018 წლის დეკემბერში მსესხებელს უარი უთხრა სესხის ძირითადი თანხის დაფარვაზე და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მსესხებელს დაარიცხა პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,41 % -ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 275 დღის განმავლობაში .
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალქო კოდექსის 115. მუხლით,სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს ერთჯერადად დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო- 111 ლარის ოდენობით, ხოლო 1000,31 ლარის დაკისრებაზე უნდა ეთქვას უარი .
6.4. მოსარჩელის მოთხოვნა თავდები პირებისთვის თავდებობის ზღვრულ ფარგლებში თანხის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდებობის ყველა არსებითი პირობა, მათ შორის თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა, ამიტომ თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებელთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში სადაზღვევო პრემიის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა. ასევე მოსარჩელემ მოპასუხე თავდებებთან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები დადო, რომლის საფუძველზეც თავდებებმა მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდებები თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის -7500 ლარის ფარგლებში მსესხებელთან ერთად პასუხისმგებელები არიან ვალდებულების შესრულებაზე.
6.5. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელით დავის საგანია 8574,31 ლარის მოპასუხეებისთვის დაკისრება. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე- 257,23 ლარი, მოსარჩელეებმა სარჩელი აღიარეს 5650 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა 1000,31 ლარის მოთხოვნაზე, ამიტომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 257,23 ლარიდან 169,5 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად 57.73 ლარი. მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლებისთვის გაწეული და შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი 64 ლარის ანაზღაურება. დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი-30 ლარი რჩება ხაზინაში
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სსს კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვიდ, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე სს ,,კრ----- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს ლი- მი-----–---–ს, ალ---------- მა----–---–ს და თე------ წი-----–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის -7574 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 5650 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 1670,55 ლარი, დაზღვევა- 142,45 ლარი, და ჯარიმა - 111 ლარი ;
1.2. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული თანხა მოპასუხეებს ალ---------- მა----–---–ს და თე------ წი-----–---–ს დაეკისროთ თავდების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის -7500 ლარის ფარგლებში.
2. მოსარჩელე სს ,,კრ----- ბანკის“ სარჩელი პირგასამტეხლოს- 1000,31 ლარის დაკისრებაზე, არ დაკმაყოფილდეს
3. სს ,,კრ----- ბანკს“ ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-257.23 ლარის ნაწილი - 169,5 ლარი (გადახდის თარიღი- 17/12/2018, საგადახდო დავალება 475616 , სახაზინო კოდი- 300503150)
4. მოპასუხეებს ლი- მი-----–---–ს, ალ---------- მა----–---–ს, თე------ წი-----–---–ს სს ,,კრ----- ბანკი“ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის - 57,73 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახ. ბაჟის- 50 ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლებისთვის და შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი ხარჯების - 64 ლარის ანაზღაურება .
5. ძალაში დარჩეს ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინება;
6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი