განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2019
საქმის ნომერი
190100119002927069
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-246-19

(№012170319004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

25 ივლისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე,ბრალდებული: ზ---------------–---–ი

პირადი ნომერი: №3----------;

დაბადებული: 11.06.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: მქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, მე-6--------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 08 იანვრიდან ზ---------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება კ-----------------თან. 2019 წლის 17 მარტს ქ. რუსთავში, მე-6--------------------------ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, ზ---------------–---–სა და კ-----------------ს შორის წარმოშობილი დავის დროს, ზ---------------–---–მა კ-----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც კ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ნაჭდევების სახით.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ---------------–---–მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 8 წელია დაქორწინებულია კ-----------------თან. საერთო შვილი არ ჰყავთ. 2019 წლის 17 მარტს, დილით მეგობართან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი. საღამოს სახლში დაბრუნებისას მეუღლემ უსაყვედურა სიმთვრალის გამო, რაზეც შელაპარაკდნენ. კ-----ე ნერვებს ვერ თოკავს და დაიწყო წივილ-კივილი. კივილის შეწყვეტის მიზნით დაბალფეხებიან მაგიდასთან მჯდომ კ-----ეს პირზე ხელი ააფარა. ამ უკანასკნელმა ხელი ჰკრა, რის გამოც კ-----ეს 2-3-ჯერ შემოარტყა ხელი თავის არეში. პოლიციელები რომ მივიდნენ, სიტუაცია დაწყნარებული იყო. მისივე განმარტებით, მეზობელს რომ არ დაერეკა პოლიციაში, მაშინვე შერიგდებოდნენ(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული კ-----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 17 მარტს მას და მის მეუღლეს ოჯახში კამათი მოუვიდათ. მას ფსიქიური პრობლემები აქვს, ისტერიკაში ვარდება. კამათისას დაიწყო წივილ-კივილი, ამის გამო მეუღლემ სახეში დაარტყა ხელი, მძიმე ხელი აქვს და ეტკინა. მეუღლემ ძეხვის დასაჭრელად დანა რომ გამოიტანა, ეგონა მისთვის უნდა დაერტყა. მერე აღარ ახსოვს რა მოხდა, ახსოვს რომ კარი გააღო და პოლიცია შევიდა სახლში. ბრალდებულს დააჩხაპნა თუ არა, ამჟამად აღარ ახსოვს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ე---------------–-----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ზ---------------–---–ის მეზობელი. ოჯახი კონფლიქტურია, ხშირად ესმის მეუღლეთა ჩხუბი. 2019 წლის 17 მარტს, საღამოს საათებში, გ-------–---–ის ბინიდან შემოესმა ჩხუბის და ყვირილის ხმა, კ-----ეს კივილი - მიშველეთ, მახრჩობსო. აღნიშნულის გამო გამოიძახა პატრული. მას პირადად მათი ჩხუბი არ უნახავს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N001846519 დასკვნის თანახმად, კ-----------------ს გარეგანი დათვალიერებით 18.03.19 წ. აღენიშნება ნაჭდევები კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (ტ.1. ს.ფ. 131-134) .

 

2.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს2019 წლის 20 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N001846419 დასკვნის თანახმად, ზ---------------–---–ს გარეგანი დათვალიერებით 18.03.2019 წ. აღენიშნება ნაჭდევები მუცლის წინა ზედაპირზე, რომლებიც განცითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს(ტ.1. ს.ფ. 127-130).

 

სასამართლო სხდომაზე აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სამედიცინო ექსპერტმა მ--------–----------ემ.

გამოძიების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცეს გამომძიებლებმა მ------------–---–მა, ზ---------–---ემ და ნ-----------–---ემ, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

 

ბრალდების მხარემ დარჩენილი მოწმეები მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან.

 

ბრალდებულმა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები გახადა უდავოდ, შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია. ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამ დანაშაულის ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია და მსხვერპლი - ერთი ოჯახის წევრები არიან.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა-სისტემატურ შეურაცხყოფა-შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს ცემა და სხვაგვარი ძალადობა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ადგილი ჰქონდა თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---------------–---–მა 2019 წლის 2019 წლის 17 მარტს კ-----------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლო თვლის, რომ ზ---------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით, რის გამოც იგი აღნიშნული მუხლის კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და მის შესაბამისად განესაზღვროს სასჯელი.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზ---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება - საქმეში არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---------------–---–ს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. სასამართლო ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპების და პრევენციის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, მის მიმართ უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ზ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული დანა უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდეს ზ---------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 05.02.2016 წლის №1/81-16 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 05.02.2016 წლის №1/81-16 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ზ---------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ზ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 17 მარტიდან;

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული დანა - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი