გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/7392-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - გ---------------–---–-
წარმომადგენელი - რ-----------–---–ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ--------------–-–---–ი
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ს----------------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილება;
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №--- ბრძანება №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.3. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ;
მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის 19 აპრილს №--------- განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №----------------), ერთ ბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასადგენად. მისივე განმარტებით, არქიტექტურის სამსახური ვალდებული იყო განეხილა და გადაეწყვიტა განცხადება ,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში არაუმეტეს 10 დღისა. მიუხედავად ამისა, სამსახურმა №----------- გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადების განხილვის ვადა გააგრძელა 2018 წლის 8 მაისის ჩათვლით, მაგრამ არც ამ გაგრძელებული ვადის განმავლობაში მიიღო გადაწყვეტილება და არ გამოსცა ადმინისტრაციული აქტი. 2018 წლის 28 ივნისს კი ყოველგვარი ვადის დარღვევით, არქიტექტურის სამსახურმა გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება №------- და უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურს უფლება არ ჰქონდა საქართველოს მთავრობის №57-ე დადგენილების შესაბამისად 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის დარღვევის შემდეგ (არაუმეტეს 10 დღისა) გამოეტანა განცხადებაზე უარყოფითი პასუხი, ვინაიდან ამავე დადგენილების 45-ე მუხლის 12-ე პუნქტის შესაბამისად: ,,თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, განაცხადით მოთხოვნილი პირობები დამტკიცებულად ჩაითვლება შესაბამისი ობიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით’’. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან არქიტექტურის სამსახურმა არც მის მიერ განცხადების წარდგენიდან (2018 წლის 19 აპრილი) გათვალისწინებულ და არც თავად არქიტექტურის სამსახურის მიერ საქმის წარმოების ვადის გაგრძელების პერიოდში (2018 წლის 08 მაისის ჩათვლით) არ მიიღო გადაწყვეტილება, იგი ვალდებული იყო მთავრობის დადგენილების 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, გამოეცა პირდაპირ დადებითი გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადებაზე.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ასევე უსაფუძვლოა მოპასუხეთა მითითება, რომ მოცემული და მიმდებარე ტერიტორია არის გაუნაშენიანებელი და საჭიროა მისი სამშენებლოდ განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ფარგლებში, რადგან არქიტექტურის სამსახურის მიერ ზუსტად ნაკვეთის მომიჯნავედ და მეზობლად გაცემული აქვს უკვე ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობები და აშენებულია შენობა-ნაგებობები, აღნიშნულით კი სამსახურმა დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლი და იდენტურ მდგომარეობაში მყოფ პირებთან დაკავშირებით მიიღო სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მას ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ----–------, ე.წ. „ნ--–--------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკვ. №--) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ---------------–---–-ს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 600.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - 12.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 27.09.2017 (ს.ფ. 14-15)
3. 2. 2018 წლის 19 აპრილს გ---------------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №----------------) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის.
3.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 მაისის №----------- გადაწყვეტილებით, 2018 წლის 19 აპრილის №--------- განცხადების ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით.
3.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან მოცემული და მიმდებარე ტერიტორია გაუნაშენიანებელია, საჭიროა მისი სამშენებლოდ განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნული ტერიტორიისთვის სამშენებლოდ განვითარების პირობებს და საჭირო ინფრასტრუქტურას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა 2018 წლის 19 აპრილის №--------- განცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 მაისის №----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 27);
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 54-55).
3.1.5. 2018 წლის 06 ივნისს გ---------------–---–მა №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2018 წლის 05 ივლისს გ---------------–---–-ს წარმომადგენელმა რ-----------–---–მა №---------------- დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და საბოლოოდ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ---------------–---–-ს 2018 წლის 06 ივნისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 57-61);
- გ---------------–---–-ს წარმომადგენლის რ-----------–---–ის 2018 წლის 05 ივლისის №---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 62-63).
3.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ნოემბრის №-------------- წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსს ეცნობა სამსახურის პოზიცია ქ. თბილისში, დ----–-----ში, ე.წ. ,,ვ-–-–--------ს’’ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით: №----------------) დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული წერილით ირკვევა, რომ №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში, თუმცა მოცემულ არეალში არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობები და წარმოადგენს დაუსახლებელ ტერიტორიას, აგრეთვე არ არის უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურით და სატრანსპორტო მისასვლელით. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: №----------------) წარმოადგენს გაუნაშენიანებელ ტერიტორიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ნოემბრის №-------------- წერილი (ს.ფ. 146-147).
3.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ---------------–---–-ს 2018 წლის 06 ივნისის №-----------------, გ---------------–---–-ს წარმომადგენლის რ-----------–---–ის 2018 წლის 05 ივლისის №---------------- და 2018 წლის 07 ნოემბრის №--------------- ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- და 2018 წლის 16 ოქტომბრის №------- გადაწყვეტილებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №--- ბრძანება გ---------------–---–-სა და მისი წარმომადგენლის რ-----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 308-314).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---------------–---–-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №--- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
6.3. სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე’’, რომელიც არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.
აღნიშნული წესების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დედაქალაქის ქალაქგანვითარების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, და განაშენიანების რეგულირების წესების მესამე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება სავალდებულოა, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოება მაინც: ა) მიწის ნაკვეთებისათვის სხვაგვარად შეუძლებელია გამოყენებისა და განაშენიანების რეგლამენტების დადგენა; ბ) ხორციელდება გაუნაშენიანებელი ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება; გ) ხორციელდება 7000 მ2 (0.7 ჰა) და მეტი ფართობის მქონე ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება; დ) მშენებლობა ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში იწვევს არსებით, საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათის ცვლილებებს (იცვლება ინფრასტრუქტურული მოწყობა, განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა, ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენების ჩამოყალიბებული/დაგეგმილი ბალანსი და განაშენიანების სხვა მსგავსი მახასიათებლები).
,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: ა.ა) II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის - არაუმეტეს 10 დღისა.
ამავე დადგენილების 45-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი დამკვეთს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კი, თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, განაცხადით მოთხოვნილი პირობები დამტკიცებულად ჩაითვლება შესაბამისი ობიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილს გ---------------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №----------------) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის.
დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 მაისის №----------- გადაწყვეტილებით, 2018 წლის 19 აპრილის №--------- განცხადების ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით, თუმცა უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ არც ამ გაგრძელებული ვადის განმავლობაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება არქიტექტურის სამსახურის მიერ. სადავო 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილებით კი განმცხადებელს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან მოცემული და მიმდებარე ტერიტორია გაუნაშენიანებელია, საჭიროა მისი სამშენებლოდ განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნული ტერიტორიისთვის სამშენებლოდ განვითარების პირობებს და საჭირო ინფრასტრუქტურას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა 2018 წლის 19 აპრილის №--------- განცხადება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით, არქიტექტურის სამსახურმა უგულებელყო ,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 45-ე მუხლის მე-12 პუნქტი, რომელიც ცალსახად უთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, განაცხადით მოთხოვნილი პირობები ითვლება დამტკიცებულად. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, მოსარჩელის მიერ ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ 2018 წლის 19 აპრილის №--------- განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რაც ავტომატურად გულისხმობდა იმას, რომ მოსარჩელის მიერ განაცხადით მოთხოვნილი პირობები ითვლებოდა დამტკიცებულად, ხოლო აღნიშნული თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ არქიტექტურის სამსახურს აღარ ქონდა უფლება, ვადის დარღვევით (28.06.2018წ.) მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილებაში და არც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №--- ბრძანებაში, არ არის საუბარი ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევაზე და სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და მიმდებარე ტერიტორია არის გაუნაშენიანებელი, აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად კი მოპასუხე უთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ნოემბრის №-------------- წერილზე, საიდანაც ირკვევა, რომ №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში, თუმცა მოცემულ არეალში არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობები და წარმოადგენს დაუსახლებელ ტერიტორიას, აგრეთვე არ არის უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურით და სატრანსპორტო მისასვლელით. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: №----------------) წარმოადგენს გაუნაშენიანებელ ტერიტორიას. აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული არაერთი ბრძანება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე და მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან თუ მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 248-263), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არც არქიტექტურის სამსახურს და არც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, არ გამოუკვლევია აღნიშნული გარემოება და გადაწყვეტილებები მიღებული იქნა მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე არ გვექნებოდა სადავო - 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილება, რაც შემდგომში, თავისთავად, გამორიცხავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №--- ბრძანების (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებასაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას. ამდენად, იმ პირობებში როდესაც გ---------------–---–-ს კუთვნილი მიწი ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაცემულია ბრძანებები სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია თუ რის საფუძველზე განხორციელდა მის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, შესაბამისად მან ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილება, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №--- ბრძანების ბათილად ცნობა №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და ის მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №--- ბრძანება, №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გ---------------–---–-ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილება, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №--- ბრძანება №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, მოსარჩელე გ---------------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №------- გადაწყვეტილება;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №--- ბრძანება, №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ;
4. მოპასუხეებს, მოსარჩელე - გ---------------–---–-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი