გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2019
საქმის ნომერი
330310018002420133
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
28.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3/2584-18

 

28 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელე - გე-–---------–---–-

წარმომადგენელი - ნი----–------------–---–ი

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნუ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საჯარო ინფორმაციის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მოსარჩელისათვის 2018 წლის 15 მარტის წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემა, კერძოდ, დაევალოს მოსარჩელისათვის იმ დოკუმენტების გადაცემა, რომელშიც ასახულია 2016 წელს მეტროსადგურების „----------–-- და „ა-------–------------- შესრულებული მოცულობით სამუშაოებზე შპს „რე--–-----------ა“ და შპს „ს--–-----–-----------------“ ბიუროს დასკვნები. ასევე, ყველა იმ დოკუმენტის მიწოდება, რომელიც ამ ორი მეტროსადგურის გარემონტებისას მოცულობით სამუშაოებთან დაკავშირებით არსებობს.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №-------------- წერილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 15 მარტს გე-–---------–---–მა №5---- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა იმ დოკუმენტების გადაცემა, რომელშიც ასახულია 2016 წელს მეტროსადგურების „----------–-- და „ა-------–------------- შესრულებული მოცულობით სამუშაოებზე შპს „რე--–-----------ა“ და შპს „ს--–-----–-----------------“ ბიუროს დასკვნები. ასევე, ყველა იმ დოკუმენტის მიწოდება, რომელიც ამ ორი მეტროსადგურის გარემონტებისას მოცულობით სამუშაოებთან დაკავშირებით არსებობდა.

 

ზემოაღნიშნული წერილის პასუხად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №-------------- წერილით გე-–---------–---–ს ეცნობა, რომ შპს „თბი-–-----------------------------------ან“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „თბ--–--------------------------------ა“ წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მასზე არ ვრცელდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონით დადგენილი ნორმები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 15 მარტის №5---- განცხადება (ს.ფ. 13);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №-------------- წერილი (ს.ფ. 12).

 

3.1.2. 2018 წლის 11 სექტემბრის საოქმო განჩინების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 08 ნოემბრის მომართვით დგინდება, რომ გე-–---------–---–-ს მიერ 2018 წლის 15 მარტის №5---- განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია შპს „თბ--–--------------------------------ის“ მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაგზავნილ იქნა 2018 წლის 26 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 08 ნოემბრის მომართვა (ს.ფ. 53).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №-------------- წერილის სახით, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას. კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში გე-–---------–---–-ს მიერ სასამართლოში სარჩელი, ასევე, აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მხარის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს დაევალოს 2018 წლის 15 მარტის წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემა.

 

6.2. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

 

საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურად დაცულ სიკეთეს, ვინაიდან კონსტიტუციითვე განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფარგლები, კერძოდ, 41-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა. სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან ინფორმაციის მიღება ექვემდებარება კანონისმიერ მოწესრიგებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის №ბ--------------) გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს აღნიშნული კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ხოლო ამავე კოდექსის 42-ე მუხლში მოცემულია ჩამონათვალი იმ ინფორმაციებისა, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „ნ“ პუნქტში მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უკავშირდება საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესს. იმისათვის, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესი იყოს გამჭირვალე, აუცილებელია სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ინფორმაციის ღიაობა აქტუალური ხდება ასევე, როდესაც სუბიექტი არ ახორციელებს მმართველობით ფუნქციას, მაგრამ მისი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში. სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საჯარო მმართველობას არის ადმინისტრაციული ორგანო. ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციულ ორგანოზე. ოფიციალური დოკუმენტი ანუ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია არის საჯარო. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ორ შემთხვევაში შეიძლება თქვას უარი: 1. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და 2. ინფორმაცია მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის №ბ---------------ადაწყვეტილება).

 

განსახილველი დავის არსებითად გადაწყვეტის მიზნით უნდა დადგინდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს თუ არა საჯარო ინფორმაციას და რამდენად არის მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო.

 

საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

 

როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ. საჯარო ინფორმაციის ამგვარი სახით არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მის მომთხოვნზე გასცეს იგი სრულყოფილი სახით, მის მიერ არჩეული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმით.

 

ამასთან, ტერმინი „საჯარო დაწესებულება“ ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისათვის განმარტებულია მითითებული საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლში, რომლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს კოდექსის მოქმედების გავრცელებას ყველა იმ სახელმწიფო ორგანოს საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამდენად, მოპასუხე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელზეც ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, მათ შორის III თავით დადგენილი რეგულაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.

 

6.3 სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №----------- გადაწყვეტილებაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა სახის ინფორმაცია დაცულია ოფიციალურ წყაროებში, მაგრამ შეიძლება ამ ინფორმაციის დაყოფა რამოდენიმე ჯგუფად. ამ ჯგუფებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია მათში შემავალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველს არ შეეხება, მაგრამ მათი მიღებაც, ასევე, შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის დაცვით. მესამე ჯგუფში შედის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე დახურული ინფორმაცია და მისი მიღება ნებისმიერი მსურველი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის შეუძლებელია. თუმცა, ავტომატურად ინფორმაციის გასაიდუმლოებას 41-ე მუხლის პირველი პუნქტი არ გულისხმობს. ინფორმაციის მეოთხე ჯგუფი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით. ეს არის ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, რომლებიც შეეხება ისეთ კერძო საკითხებს, როგორიცაა ჯანმრთელობა, ფინანსები და ა.შ. ეს ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია და კონსტიტუციით დადგენილია მისი განსაიდუმლოების წესი და კონკრეტული შემთხვევები. განსაიდუმლოება შესაძლებელია, თუ არსებობს თავად იმ პირის თანხმობა, ვისაც ინფორმაცია შეეხება. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სხვა შემთხვევები კანონით უნდა იყოს დადგენილი და აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. როგორც ვხედავთ, ინფორმაციის ზემოთმოყვანილი ჯგუფები და მათი კონსტიტუციურსამართლებრივი რეჟიმები განსხვავდება ერთმანეთისაგან. გასარკვევია, კონკრეტულად რომელ ჯგუფში შედის, მისი საერთო მახასიათებლებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 15 მარტის №5---- განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია შპს „თბ--–--------------------------------ის“ მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილ იქნა 2018 წლის 26 მარტს. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო აქტის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №-------------- წერილი) გამოცემისას მოთხოვნილი დოკუმენტაცია უკვე გადაცემული იყო მოპასუხე მხარისათვის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციას და იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ ინფორმაციას მხოლოდ ამ ნაწილში უნდა დაიხუროს.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ ვინაიდან შპს ,------–----------------------------------- წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს, მასზე არ ვრცელდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონით დადგენილი ნორმები. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე თბილისის მერიას განცხადებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან მიმართებით უნდა შეეფასებინა წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნილი ინფორმაცია ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციას და რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პერსონალურ საიდუმლოებას, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ განხორციელებულა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ილდირიმი თურქეთის წინააღმდეგ განმარტა, რომ მე-10 მუხლი ქმნის გამოხატვის თავისუფლების გარანტიას „ყველასთვის“. მნიშვნელობა არ აქვს დასახული მიზნის ბუნებას, ან იმ როლს რასაც ფიზიკური ან იურიდიული პირები ასრულებენ ამ თავისუფლებით სარგებლობისას (იხილეთ ჩეთინი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Çetin and Others v. Turkey), #. 40153/98 და 40160/98, § 57, ECHR 2003-III (ამონარიდები)). მე-10 მუხლი ვრცელდება არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსზე, არამედ ასევე გავრცელების საშუალებებზე, ვინაიდან ამ უკანასკნელთან მიმართებით გამოყენებული ნებისმიერი შეზღუდვით აუცილებლად ხორციელდება ჩარევა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაში (იხილეთ, mutatis mutandis, უტრონიკ AG შვეიცარიის წინააღმდეგ (Autronic AG v. Switzerland), 22 მაისი, 1990, § 47, სერია A #. 178). შესაბამისად, სასამართლო გამუდმებით იმეორებს, რომ მე-10 მუხლი არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების უფლების გარანტია, არამედ ასევე საზოგადოების უფლების, მიიღოს ინფორმაცია (იხილეთ Observer-ი და Guardian- ი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Observer and Guardian v. the United Kingdom), 26 ნოემბერი, 1991, § 59(b), სერია A #. 216, და გუერა და სხვები იტალიის წინააღმდეგ (Guerra and Others v. Italy), 19 თებერვალი, 1998, § 53, გადაწყვეტილებათა და განჩნებათა ანგარიშები 1998-I).

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება მოპასუხე მხარის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია მასთან ინახება. შესაბამისად, მის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს სწორედაც რომ მოპასუხე მხარე - ქ. თბილისის მერია წარმოადგენს.

 

6.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის

 

დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №-------------- წერილი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №-------------- გადაწყვეტილება და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს, მოსარჩელისათვის 2018 წლის 15 მარტის წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემა, კერძოდ, დაევალოს მოსარჩელისათვის იმ დოკუმენტების გადაცემა, რომელშიც ასახულია 2016 წელს მეტროსადგურების „----------–-- და „ა-------–------------- შესრულებული მოცულობით სამუშაოებზე შპს „რე--–-----------ა“ და შპს „ს--–-----–-----------------“ ბიუროს დასკვნები. ასევე, ყველა იმ დოკუმენტის მიწოდება, რომელიც ამ ორი მეტროსადგურის გარემონტებისას მოცულობით სამუშაოებთან დაკავშირებით არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე სასგანთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი, რაც მითითებული ნორმის საფუძველზე, უნდა გადახდეს მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის არგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გე-–---------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მოსარჩელისათვის 2018 წლის 15 მარტის წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემა, კერძოდ, დაევალოს მოსარჩელისათვის იმ დოკუმენტების გადაცემა, რომელშიც ასახულია 2016 წელს მეტროსადგურების „----------–-- და „ა-------–------------- შესრულებული მოცულობით სამუშაოებზე შპს „რე--–-----------ა“ და შპს „ს--–-----–-----------------“ ბიუროს დასკვნები. ასევე, ყველა იმ დოკუმენტის მიწოდება, რომელიც ამ ორი მეტროსადგურის გარემონტებისას მოცულობით სამუშაოებთან დაკავშირებით არსებობს.

 

3. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №-------------- გადაწყვეტილება.

 

4. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა აფციაური