გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
190210118002692590
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2892-18

(საქმე N190210118002692590)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ივლისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე - სს ,,თ-----------”

წარმომადგენელი - ს--–---- ი-–----–---–ი

მოპასუხეები - ი----- ხ-----ე, გ------- ნ---------ე, მ--–---- ნ---------ე, ნ-----–- ბ-------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ი----- ხ-----ეს, გ------- ნ---------ეს, მ--–---- ნ---------ეს და ნ-----–- ბ-------–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

 

1.1. 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 14111.32 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 11726.95 ლარი, პროცენტი - 1603.22 ლარი, ჯარიმა - 747.29 ლარი და დაზღვევა - 33.86 ლარი.

 

1.2. 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 11726.95 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 26% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 254.08 ლარს.

 

1.3. 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 11726.95 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდრიური 0.5 %-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 58.63 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

1.4. თავდებების - გ------- ნ---------ის, მ--–---- ნ---------ის და ნ-----–- ბ-------–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა თითოეული მათგანისთვის განისაზღვროს 16900 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს, რომ თანახმა არიან გადაიხადონ 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 14111.32 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 11726.95 ლარი, პროცენტი - 1603.22 ლარი, ჯარიმა - 747.29 ლარი და დაზღვევა - 33.86 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში მათ სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სს „თიბისი ბანკსა“ და ი----- ხ-----ეს შორის 2017 წლის 13 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის #3566748-9318784 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 13 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე (2020 წლის 13 ნოემბრამდე). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 13 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებები:

- 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3566748-9318784 ხელშეკრულება.

 

3.1.2. #3566748-9318784 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდიანრე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს“თიბისი ბანკსა და გ------- ნ---------ეს შორის 2017 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის #1231231911195 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------- ნ---------ემ ძირითად მსესხებელ - ი----- ხ-----ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის #3566748-9318784 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 16 900 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.

მტკიცებულებები:

- 2017 წლის 13 ნოემბრის თავდებობის #1231231911195 ხელშეკრულება.

 

3.1.3. #3566748-9318784 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდიანრე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს“თიბისი ბანკსა და მ--–---- ნ---------ეს შორის 2017 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის #1231231916129 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ--–---- ნ---------ემ ძირითად მსესხებელ - ი----- ხ-----ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის #3566748-9318784 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 16 900 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.

 

მტკიცებულებები:

- 2017 წლის 13 ნოემბრის თავდებობის #1231231916129 ხელშეკრულება.

 

3.1.4. #3566748-9318784 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდიანრე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს“თიბისი ბანკსა და ნ-----–- ბ-------–---–ს შორის 2017 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის #1231231911275 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ-----–- ბ-------–---–მა ძირითად მსესხებელ - ი----- ხ-----ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის #3566748-9318784 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 16 900 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.

მტკიცებულებები:

- 2017 წლის 13 ნოემბრის თავდებობის #1231231911275 ხელშეკრულება.

 

3.1.5. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 13 მაისს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას, სულ მცირე 2-ჯერ გადააცილეს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალეთათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

მტკიცებულებები:

- გადახდების ისტორია.

3.1.6. 2018 წლის 23 ოქტომბერს გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით 2018 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3566748-9318784 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 14111.32 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 11726.95 ლარი, პროცენტი - 1603.22 ლარი, ჯარიმა - 747.29 ლარი და დაზღვევა - 33.86 ლარი.

მტკიცებულებები:

- დავალიანების ცნობა.

3.1.7. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი 26%-ის ოდენობით. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა , თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდიანრე, არსებობს პრეზუმცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს. რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

მტკიცებულებები:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

-

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეებს არ აქვთ შესრულებული სს ,,თ-----------ს’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-287-ე, 268-ე, 301-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 412-ე, 394-ე, 417-420-ე 463-ე, 464-ე, , 867-ე, 873-ე 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 14111.32 ლარის ნაწილში, ამდენად, სასამართლომ მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში (1.1. სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეების მიერ მისი ცნობის გამო და მათ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ აღნიშნული ხელშეკრულებით გათავალისწინებული თანხა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ''თ-----------ს'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის გრაფიკი ( ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდებოდა 2020 წლის 13 ნოემბერს) მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე ი----- ხ-----ემ სრულად მიიღო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის პროცენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. ამასთან, წლიური 36% სარგებელი არ არის მაღალი და არ უნდა შემცირდეს.

 

6.3. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს მოპასუხეებმა გ------- ნ---------ემ, მ--–---- ნ---------ემ და ნ-----–- ბ-------–---–მა , რის გამოც მოპასუხეთა ვალდებულება სოლიდარულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ ი----- ხ-----ემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ი----- ხ-----ესთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ.

 

ამდენად, ი----- ხ-----ის მიერ დადებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობები ჯეროვნად შესრულებული არ არის, გადაცილებულია სესხის დაბრუნების ვადა და კრედიტი სრულად დაბრუნებული არ არის.

 

მსესხებელი და თავდები პირები მხოლოდ კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის სასამართლოსთვის მომართვის პერიოდამდე ვალდებულების შესრულებაზე არიან თანახმა, თუმცა მომავალი დროისთვის სარგებლის დავალიანების დაკისრების საწინააღმდეგო კონკრეტული გარემოება არ მიუთითებიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. საკრედიტო ურთიერთობაში კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც. ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ როგორც კრედიტის ძირითადი თანხის , ისე სარგებლის სოლიდარულად გადახდა.

ამდენად, მოპასუხეების მიერ საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 14 111,32 ლარის , საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 11 726,95 ლარი, პროცენტი 1603,22 ლარი, ჯარიმა 747,29 ლარი, დაზღვევა 33.86 ლარი;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.

 

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში კრედიტი გაიცა 36 თვის ვადით, რის გამო მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად სარგებლის დაკისრება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ( სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრულია მხარეთა შეთანხმებით 2020 წლის 13 ნოემბერი).

 

მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან სესხის ძირ თანხაზე 11 726,95 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 26% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 254.08 ლარს

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს, რაც ყოველდღიურად შეადგენს 58,63 ლარს.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანების 0,5%-ის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრა არა უმეტეს 2000 ლარისა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგსამტეხლო არაგონივრულად მაღალია და იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა შემცირდეს ( 0,05 %-მდე).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლო არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრათ 2018 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდისთვის პირგასამტეხლის სახით 747,29 ლარი (რა ნაწილშიც მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი), ამ პერიოდის შემდგომ 2000 ლარის პირგასამტეხლოს მოპაუხეებზე დაკისრების მოთხოვნა არაგონივრულია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის (ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილობრივ დარღვევას) გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 200 ლარით.

 

6.3. 7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ი----- ხ-----ეს, გ------- ნ---------ეს, მ--–---- ნ---------ეს და ნ-----–- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს „თ-----------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 280,41 ლარის ოდენობით, დანარჩენი ბაჟის ნაწილი 54 ლარი და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ასევე მათ უნდა დაეკისროთ იურიდიული მომსახურების საფასურის 500 ლარის გადახდა.

ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 423,33 ლარის ოდენობით მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო უნდა დაუბრუნდეს სს ,,თიბისი ბანკს".

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ-----------“-ს სარჩელი ი----- ხ-----ის, გ------- ნ---------ის, მ--–---- ნ---------ის და ნ-----–- ბ-------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ი----- ხ-----ეს, გ------- ნ---------ეს, მ--–---- ნ---------ეს და ნ-----–- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 14 111,32 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 11 726,95 ლარი, პროცენტი 1603,22 ლარი, ჯარიმა 747,29 ლარი, დაზღვევა 33.86 ლარი;

მათვე დაეკისროთ სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან სესხის ძირ თანხაზე 11 726,95 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 26% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 254.08 ლარს.

მათვე დაეკისროთ სს „თ-----------ს" სასარგებლოდ 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე 11 726,95 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,05 %-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 5.86 ლარს), მაგრამ არა უმეტეს 200 ლარისა.

თავდებების გ------- ნ---------ის, მ--–---- ნ---------ის და ნ-----–- ბ-------–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა თითოეული მათგანისთვის განისაზღვროს 16 900 ლარის ოდენობით,3. ი----- ხ-----ეს, გ------- ნ---------ეს, მ--–---- ნ---------ეს და ნ-----–- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს „თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 280,41 ლარის ოდენობით, დანარჩენი ბაჟის ნაწილი 54 ლარი და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მათვე დაეკისროთ იურიდიული მომსახურების საფასურის 500 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 423,33 ლარის ოდენობით, რაც გადახდილია საგადახდო დავალება #2, 2018 წლის 23 ოქტომბერს, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300063150.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი