გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/1387-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ივლისი, 2019 წელი ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე
მოსარჩელე - ქ---------------–----–------ის მერია;
წარმომადგენელი - ი-----–- გ--------ე;
მოპასუხე - ი/მ კ---- ჯ--------ა;
წარმომადგენელი - ლ---- ს---------, გ--- ქ-------–-ა;
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
შეგებებული სარჩელი
მოსარჩელე - ი/მ კ---- ჯ--------ა;
წარმომადგენელი - ლ---- ს---------, გ--- ქ-------–-ა;
მოპასუხე - ქ---------------–----–------ის მერია
წარმომადგენელი - ი-----–- გ--------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე ი/მ კ---- ჯ--------ას, ქ. ქუთაისის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟის მიზნით 2016 წლის 28 ნოემბერს მასსა და ქ. ქ---------------–----–------ის მერიას შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულების პირობების დარღვევის/შეუსრულებლობის გამო 38757 ლარის ქ. ქ---------------–----–------ის მერიის სასარგებლოდ გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონისა და პრეზიდენტის, ინდ.მეწარმე „კ---- ჯ--------ას“ სატენდერო წინადადების საფუძველზე, ერთ ეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად, ქალაქ ქუთაისის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისათვის, 2016 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N4-- ქალაქ ქ---------------–----–------ის მერიას, წარმოდგენილი ქალაქ ქ---------------–----–------ის მერის სახით (შემდგომში „შემსყიდველი“) და ი/მ „კ---- ჯ--------ას“ შორის (შემდგომში „მიმწოდებელი“). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, განისაზღვრა 47 777 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით. მიმწოდებელს, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მახასიათებლების მქონე, სათანადო ხარისხის საქონლისა და მომსახურების მიწოდება, საკუთარი ხარჯებით უნდა მოეხდინა ხელშეკრულების დადებიდან (28 ნოემბერი) 24 დეკემბრის ჩათვლით.
2017 წლის 13 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა დანართი შეთანხმება N1, რომლის თანახმადაც მოხდა ხელშეკრულების ღირებულების კორექტირება, კერძოდ, გათვალისწინებული 47 777 ლარის ნაცვლად, კორექტირებული ფასების ცხრილის შესაბამისად შემცირდა 32769.84 ლარამდე. ქ. ქ---------------–----–------ის მერიასა და ი/მ „კ---- ჯ--------ას“ შორის 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის N4977 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი. ზემოაღნიშნული ჯგუფის მიერ, 2016 წლის 28 დეკემბერს მომზადდა მოხსენებითი ბარათი ქალაქ ქ---------------–----–------ის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მ--–---- ბ----–--ის სახელზე. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ი/მ „კ---- ჯ--------ას“ მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს 24 დეკემბრისათვის დასრულება. რის გამოც ხელშეკრულების 12.3 ქვეპუნქტის თანახმად, მას ერიცხება საჯარიმო სანქციის სახით პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებილ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებულ დეკორაციებში გამოყენებული მეტალის კონსტრუქციები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების ფასების ცხრილში მითითებულ წარმოშობის ქვეყანასა და მწარმოებელ კომპანიას.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ორგანიზაციის გაფრთხილება პირველ ეტაპზე მოხდა ზეპირი ფორმით, ხოლო 2016 წლის 29 დეკემბერს ქალაქ ქ---------------–----–------ის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის N0------- წერილობითი მიმართვით. ი/მ „კ---- ჯ--------ას“ ქალაქ ქ---------------–----–------ის მერის N0------ 26.01.2017 წლის წერილით ეცნობა, რომ მის მიერ დროულად არ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, ხოლო გამოყენებული მასალები არ შეესაბამებოდა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ მახასიათებლებს, მას საჯარიმო სანქციის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი 12.1 პუნქტის თანახმად, 2017 წლის 25 იანვარს შეუწყდებოდა ხელშეკრულება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.5 პუნქტის თანახმად: „ხელშეკრულების (სრული ან ცალკეული ნაწილის) შეწყვეტის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ გადაიხდის პირგასამტეხლოს 38200 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ქ. ქ---------------–----–------ის მერის 2017 წლის 1 თებერვლის N2-- ბრძანებით, ქ. ქუთაისისი მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ კ---- ჯ--------ას“ შორის 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული N4-- ხელშეკრულება ჩაითვალა შეწყვეტილად 2017 წლის 11 იანვრიდან, ხოლო ინდ.მეწარმეს სანქციის სახით დაეკისრა ხელშეკრულების 12.3 და 12.5 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა. მიმწოდებელს მოცემული ბრძანება 2017 წლის 7 აპრილს ჩაბარდა პირადად საქართველოს ფოსტის მეშვეობით და განესაზღვრა ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადა, ფინანსური ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად, რაც მის მიერ ამ დრომდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 38757 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
ი/მ ,,კ---- ჯ--------ა“ სარჩელს არ სცნობს. განმარტავს, რომ არ არსებობს ჯარიმის დაკისრების პირობები. ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულდა სრულად და ჯეროვნად და არარსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. შეგებებული სარჩელი:
ი/მ ,,კ---- ჯ--------ა“ შეგებებული სარჩელით მოითხოვს ქ. ქ---------------–----–------ის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 28 ნოემბერს N4-- ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე 2017 წლის 13 იანვრის, დანართი-შეთანხმება N1-ში კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის შედეგად მიღებული თანხის - 32769 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 28 ნოემბერს ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ და ქალაქ ქ---------------–----–------ის მერიას შორის - წარმოდგენილი ქალაქ ქ---------------–----–------ის მერის, შ----- მ---------–იას სახით, დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება N4-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების დადების საფუძველი იყო მისი, როგორც პრეტედენტის სატენდერო წინადადება და გამარჯვება ერთეტაპიან გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქალაქ ქუთაისის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების თანახმად უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 24 იანვარის ჩათვლით.
ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ საწყის ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგინა 47 777 ლარი.
როდესაც სამუშაოების წარმოებას ასრულებდნენ, ქალაქ ქ---------------–----–------ის მერიის შესაბამისმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ საახალწლო მანათობელი ფიგურების განათების ტიპი უნდა ყოფილიყო მუდმივი მანათობელი და არა ციმციმას სახით. აღნიშნული პირობა ხელშეკრულების დადებისას არც ერთ მხარეს არ გაუთვალისწინებია, მაგრამ მიუხედავად ამისა მის მიერ შესრულებულ იქნა აღნიშნული მოთხოვნა და განხორციელდა მანათობელი ფიგურების გადაკეთება, რამაც ბუნებრივია მოითხოვა დამატებითი დრო და ხარჯი, რის გამოც მის მიერ მანათობელი ფიგურების მონტაჟი განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის - 2016 წლის 24 დეკემბრის ნაცვლად, იმავე წლის 30 დეკემბერს.
ზემოაღნიშნულის გარდა, სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოიშვა გარკვეული პრობლემები, კერძოდ, ზოგიერთ ქუჩაზე მანათობელი კონსტრუქციები მათი პარამეტრების გამო ვერ დამონტაჟდა, რის გამო 2017 წლის 03 იანვარს წერილობითი თხოვნით მიმართა ქალაქ ქუთაისის მერს, შ----- მ---------–იას და ითხოვა სამუშაოების წარმოება ცვლილებების გათვალისწინებით კორექტირებულიყო ხარჯთაღრიცხვა, რაც დაკმაყოფილდა და 2017 წლის 13 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა დანართი-შეთანხმება N1, რომლის მე-3 პუნქტის მიხედვითაც, აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და წარმოადგენს 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული N4-- ორმხრივი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის გამო, შემცირდა 32769.84 ლარამდე. როდესაც ქალაქ ქ---------------–----–------ის მერიას მოთხოვა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა და ანგარიშწორების მოხდენა, ორივე ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ი/მ ,,კ---- ჯ--------ამ“ გადააცილა სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას (2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით) და ასევე აღნიშნეს, რომ ქალაქ ქუთაისის ქუჩებში მის მიერ დამონტაჟებულ დეკორაციებში გამოყენებული მასალები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების ტექნიკურ დოკუმენტაციაში წარდგენილ პირობებს, კერძოდ, მეტალის კონსტრუქცია არის არა ჩინური, არამედ ადგილობრივი წარმოების. მისი განმარტებით, მეტალის კონსტრუქციების შესყიდვა და გამოყენება მოხდა თავად ქუთაისის მერიასთან შეთანხმებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაკმაყოფილდეს სარჩელი და ქალაქ ქ---------------–----–------ის მერიას დაეკისროს - 32769 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ.
3.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:
ქ. ქუთაისის მერია შეგებებულ სარჩელს არ ცნობს. განმარტავს რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და ყველა პირობის დაცვით. სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი დებულებების თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. 2016 წლის 28 ნოემბერს ქ. ქ---------------–----–------ის მერიასა და ი/მ „კ---- ჯ--------ას“ შორის გაფორმებული N4-- ხელშეკრულებით განისაზღვრა მომწოდებლისა და შემსყიდველის უფლება-მოვალეობები და ძირითადი სახელშეკრულებო პირობები. ხელშეკრულების თანახმად, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ი/მ „კ---- ჯ--------ას“ უნდა მოეხდინა საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი საკუთარი ხარჯებით 24 დეკემბრის ჩათვლით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვადა. ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილით - ფასების ცხრილით - განისაზღვრა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, მხარის მიერ გამოსაყენებელი კონსტრუქციების ზუსტი მახასიათებლები, კერძოდ: განათების ტიპი, ტექნიკური მახასიათებლები, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია, ვიზუალური მახასიათებლები და სხვა. მიმწოდებლის მიერ არ განხორციელდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული მახასიათებლების მქონე საახალწლო დეკორაციებისა და ფიგურების მონტაჟი. შესაბამისად, მათ მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, როგორც სამუშაოთა შესრულების ვადა, ასევე წარმოდგენილ იქნა ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთი. ქ. ქ---------------–----–------ის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა მიმწოდებელი ორგანიზაციის გაფრთხილება პირველ ეტაპზე ზეპირი, ხოლო შემდგომში წერილობითი ფორმით, არსებული ხარვეზების, მათი აღმოფხვრისა და სავარაუდო სანქციების თაობაზე (ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის 0------- 2016 წლის 29 დეკემბრის მიმართვა). ი/მ „კ---- ჯ--------ამ“ მერიას მიმართა 2017 წლის იანვარში (N4-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების ვადის გასვლის შემდეგ) და მოითხოვა შესრულებული სამუშაოთა წარმოების პროცესში წარმოშობილი პრობლემების, კერძოდ, კონსტრუქციული პარამეტრების გამო მონტაჟთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გათვალისწინებით წარმოდგენილი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. მის მიერ არ ყოფილა სამუშაოთა შესრულების ვადის გადაწევის მოთხოვნა დასმული მერიის წინაშე. მისი მოთხოვნის შესაბამისად 2017 წლის 13 იანვარს შეტანილ იქნა ცვლილება N4-- ხელშეკრულებაში, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შემცირებულიყო 32769,84 ლარამდე. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. გაფრთხილების მიუხედავად, მიმწოდებელი მხარის მიერ არ მომხდარა არსებული ხარვეზების გასწორება, კერძოდ, გამოყენებული მასალები კვლავ არ შეესაბამებოდა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ მახასიათებლებს, როგორც ვიზუალური ისე კონსტრუქციული თვალსაზრისით. 2016 წლის 28 ნოემბრის N4-- ხელშეკრულების თანახმად იმისათვის, რომ შემსყიდველმა მოახდინოს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ქ. ქ---------------–----–------ის მერია უფლებამოსილია მოახდინოს მიღება-ჩაბარება მხოლოდ უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთისა, რომელსაც ექნება ის მახასიათებლები რაც მხარეთა შეთანხმებით იყო განსაზღვრული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ მოთხოვნა ქ. ქ---------------–----–------ის მერიისათვის თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. ქ---------------–----–------ის მერიას და ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ შორის 2016 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №4-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი/მ ,,კ---- ჯ--------ამ“ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ქალაქ ქუთაისის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების აღწერა მოცემულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში (ფასების ცხრილი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს 47 777 ლარს. ხელშეკრულება მოქმედებს 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით, გარდა მე-6 მუხლის 6.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-26).
4.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება) განხორციელდება ქ---------------–----–------ის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ.
4.4. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტრირება) შედეგად გამოვლენი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
5.1. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების მიწოდება და მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე, საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
5.2 პუნქტით, მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი) ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ფასების ცხრილის მიხედვით ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ უნდა დაემონტაჟებინა ჩინეთის (შპს ,,გ---–-“) წარმოების პროდუქცია.
8.1. პუნქტით, ანგარიშწორება განხორციელდება მიმწოდებელის წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) ფაქტიურად მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების დასახელება, რაოდენობა და ღირებულება; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-26).
4.1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახე №4-- ხელშეკრულების 12.3 პუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდას, კერძოდ, თუ მიმწოდებელი გადააცილებს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადას, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. 12.5 პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულების (სრული ან ცალკეული ნაწილის) შეწყვეტის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს 38 200 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-26).
4.1.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულებით გათვალისინწინებული სამუშაოს შესრულების დროს წარმოიშვა პრობლემები, ზოგიერთ ქუჩაზე აღნიშნული კონსტრუქციები პარამეტრების გამო ვერ დამონტაჟდა, რის გამოც მხარეებს შორის გაფორმდა 2017 წლის 13 იანვრის დანართი-შეთანხმება N1, რომლის თანახმად, 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული N4-- ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს 32 769.84 ლარს. დანართი შეთანხმება N1 ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და წარმოადგენს 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული N4-- ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დანართი-შეთანხმება N1 (ს.ფ. 20).
- ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ 2017 წლის 03 იანვრის მიმართვა (ს.ფ. 100).
4.1.5. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ 2016 წლის 24 დეკემბრისათვის უნდა უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, თუმცა, მის მიერ ნაკისრი ვალდებულება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-26).
- ხელშეკრულების ინსპექტირების მიზნით შექმნილი ჯგუფის 2016 წლის 28 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 37).
4.1.6. ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული იყო მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი მასალების ტექნიკური მახასიათებლები. აღნიშნული დანართი წარმოადგენდა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული დეკორაციები ნაწილობრივ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების ფასების ცხრილში მითითებულ წარმოშობის ქვეყანას და მწარმოებელ კომპანიას. 2016 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით ი/მ ,,კ---- ჯ--------ამ“ სამუშაო ვერ დაასრულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების ინსპექტირების მიზნით შექმნილი ჯგუფის 2016 წლის 28 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 37).
4.1.7. 2016 წლის 29 დეკემბერს ქ.ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის N0------- მიმართვით ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 24 დეკემბერს და მის მიერ ვერ განხორციელდა სამუშაოს ვადაში დასრულება, ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, ერიცხება საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა ქალაქ ქუთაისის ქუჩებში დამონტაჟებულ დეკორაციებში გამოყენებული მასალები არ შეესაბამება ხელშეკრულების ტექნიკურ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ პირობებს და ვერ ხერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, 28.12.2016 წლიდან შეწყდა ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 29 დეკემბერს ქ.ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის N0------- მიმართვა (ს.ფ. 35-36).
- ქ.ქუთაისის მერის შ.მ---------–იას 2017 წლის 26 იანვრის N0------ მიმართვა (ს.ფ. 33-34).
4.1.8. 2017 წლის 01 თებერვალს ქ.ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ მიქიაშვილის მიერ გამოცემული იქნა N2-- ბრძანება, რომლის მიხედვითაც 1) ქალაქ ქუთაისის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟის მიზნით 2016 წლის 28 ნოემბერს ქ---------------–----–------ის მერიასა და ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულება, მიმწოდებლის - ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის/შეუსრულებლობის გამო ჩაითვალოს შეწყვეტილად 2017 წლის 11 იანვრიდან.
2) ქ---------------–----–------ის მერიასა და ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების პირობების დარღვევის (შეუსრულებლობის) გამო მიმწოდებელს (ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“) საჯარიმო სანქციის სახით დაეკისროს ხელშეკრულების 12.5 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო 38 200 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12.3 პუნქტით გათვალისწინბეული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
3) ი/მ ,,კ---- ჯ--------ამ“ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული თანხის ჩარიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნ.მიქიაშვილის 2017 წლის 01 თებერვლის N2-- ბრძანება (ს.ფ. 30-32).
4.1.9. 2017 წლის 01 თებერვალს ქ.ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ მიქიაშვილის მიერ გამოცემული იქნა N2-- ბრძანება, რომელიც 2017 წლის 21 მარტის მიმართვით ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ ჩაბარდა პირადად, 2017 წლის 07 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.ქუთაისის მერის, შ----- მ---------–იას 2017 წლის 21 მარტის N01/6479 მიმართვა (ს.ფ. 28).
- ფოსტის უკუგზავნილი (ს.ფ. 29).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:
- ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი.
- ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება.
- დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობა.
4.2.2. ფაქტობრივად, სამუშაოების შესრულებასთან და ხარისხთან დაკავშირებით, მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
4.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სამუშაოების შესრულების მტკიცება ეკისრება მოპასუხეს. ის ამტკიცებს, რომ სადავოდ გამხდარი 32 769 ლარის სამუშაოები შეასრულა. თუ მან სამუშაოები ნამდვილად შეასრულა, მაშინ მას ამის სათანადო მტკიცებულებაც უნდა გააჩნდეს. უნდა წარმოადგინოს სამუშაოთა შესრულების მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის 32 769 ლარის სამუშაოები და მას ერგება შესრულებული სამუშაოს ღირებულების თანხა. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება მიღება-ჩაბარების აქტით, ხელწერილით, ექსპერტიზის დასკვნით ან სხვა ნებისმიერი ისეთი მტკიცებულებით, რომელშიც ასახული იქნება ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ მიერ სამუშაოს შესრულება.
სამუშაოთა არ შესრულების ფაქტს მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს. ფაქტის არარსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით არარსებობს, არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება. ამიტომაც ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ მიერ საუშაოთა შეუსრულებლობის დამტკიცება ქ. ქუთაისის მერიას არ ეკუთვნის.
4.2.4. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ შესრულებული სამუშაოები უხარისხოა და ამიტომ მათი შესრულება არ უნდა იქნას მხედველობაში მიღებული. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკუთვნის. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ შესრულება უხარისხოა. ასევე მან უნდა დაამტკიცოს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საკითხი.
4.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
4.2.6. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის მიერ სამუშაოთა შესრულება უხარისხოა და იგი არ უნდა ჩაითვალოს შესრულებად.
დასახელებული ფაქტის მტკიცებაც ისეთივე რეჟიმში უნდა განვითარდეს, როგორც სხვა ფაქტები. ანუ მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და მისი გამოყენებით დაამტკიცოს სამუშაოთა შესრულების უხარისხობა. მოსარჩელემ ასეთ მტკიცებულებად წარმოადგინა ხელშეკრულების ინსპექტირების მიზნით შექმნილი ჯგუფის 2016 წლის 28 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული იყო მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი მასალების ტექნიკური მახასიათებლები. აღნიშნული დანართი წარმოადგენდა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული დეკორაციები ნაწილობრივ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების ფასების ცხრილში მითითებულ წარმოშობის ქვეყანას და მწარმოებელ კომპანიას. ამიტომ სასამართლო თვლის რომ ი/მ ,,კ---- ჯ--------ამ“ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------- ს-----–--ემ განმარტა, რომ ის იყო ხელშეკრულების ინსპექტრირების მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრი და შემოწმების დროს დადგინდა, რომ ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ მიერ გამოყენებული კონსტრუქციები იყო არა უცხოური წარმოების, არამედ ადგილობრივი წარმოების. ხელშეკრულება შეასრულა ნაწილობრივ, ვერ მოასწრო საახალწლო განათების ყველა ქუჩაში დამონტაჟება (იხ.სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ჯ--------ამ (მოპასუხის ძმა) განმარტა, რომ იმუშავეს მაგრამ ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდა, რადგან ჩინური უნდა ყოფილიყო საახალწლო განათების კონსტრუქცია. კონსტრუქცია მათ დაამზადებინეს ადგილობრივ მწარმოებლებს (იხ.სხდომის ოქმი).
4.2.7. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2016 წლის 24 დეკემბრამდე. ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა. სასამართლოს მიერ ვერ იქნება მისი ზეპირი განმარტება გაზიარებული იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც სამუშაოების წარმოებას ასრულებდნენ, ქალაქ ქ---------------–----–------ის მერიის შესაბამისმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ საახალწლო მანათობელი ფიგურების განათების ტიპი უნდა ყოფილიყო მუდმივი მანათობელი და არა ციმციმას სახით. აღნიშნული პირობა ხელშეკრულების დადებისას არც ერთ მხარეს არ გაუთვალისწინებია, მაგრამ მიუხედავად ამისა მის მიერ შესრულებულ იქნა აღნიშნული მოთხოვნა და განხორციელდა მანათობელი ფიგურების გადაკეთება, რამაც ბუნებრივია მოითხოვა დამატებითი დრო და ხარჯი, რის გამოც მის მიერ მანათობელი ფიგურების მონტაჟი განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის - 2016 წლის 24 დეკემბრის ნაცვლად, იმავე წლის 30 დეკემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ---------------–----–------ის მერიის სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ უნდა დაეკისროს 389,98 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქ---------------–----–------ის მერია ადმინისტრაციული ორგანოა, მაგრამ ის ხშირად გამოდის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. თუ მისი მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, ასეთი მიზნით მის მიერ დადებული ყველა გარიგება სამოქალაქო გარიგებაა და მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნები. სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, ქ---------------–----–------ის მერიას და ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ შორის 2016 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" №4-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი/მ ,,კ---- ჯ--------ამ“ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ქალაქ ქუთაისის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისიწნებული საქონლისა და მომსახურების არწერა მოცემულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში (ფასების ცხრილი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს 47 777 ლარს. ხელშეკრულება მოქმედებს 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით, გარდა მე-6 მუხლის 6.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვისა.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. როგორც ზემოთ აღინიშნა ი/მ კ---- ჯ--------ას ქ---------------–----–------ის მერიასათვის უნდა გადაეცა შესრულება. მერია კი აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. ხელშეკრულების 8.1. პუნქტით, ანგარიშწორება განხორციელდება მიმწოდებელის წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) ფაქტიურად მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების დასახელება, რაოდენობა და ღირებულება; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი. ანგარიშსწორება არ განხორციელებულა, რადგან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ 2016 წლის 24 დეკემბრისათვის უნდა უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, თუმცა, მის მიერ ნაკისრი ვალდებულება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა. ასევე ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული იყო მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი მასალების ტექნიკური მახასიათებლები. აღნიშნული დანართი წარმოადგენდა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული დეკორაციები ნაწილობრივ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების ფასების ცხრილში მითითებულ წარმოშობის ქვეყანას და მწარმოებელ კომპანიას. 2016 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით ი/მ ,,კ---- ჯ--------ამ“ სამუშაო ვერ დაასრულა.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაიდო ქ---------------–----–------ის მერიას და ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ შორის, რომლის საფუძველზეც ი/მ ,,კ---- ჯ--------ამ“ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ქალაქ ქუთაისის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების აღწერა მოცემულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში (ფასების ცხრილი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს).
ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით მიეღო შესრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. ქ---------------–----–------ის მერიას უფლება აქვს მოითხოვოს სრულყოფილი შესრულება ვადაში, მაგრამ ვალდებულია მიიღოს შესრულება და გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება. ი/მ კ---- ჯ--------ას ვალდებულებაა სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების პირობების დაცვით. ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვოს შესრულების მიღება და მისი ღირებულების ანაზღაურება. ორივე მხარე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ი/მ კ---- ჯ--------ამ სამუშაოები ვერ შეასრულა ხელშეკრულების პირობების დაცვით. ქ---------------–----–------ის მერიას უფლებაა ვადის დარღვევის გამო დააკისროს პირგასამტეხლო, რადგან ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება.
7.6. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სსკ მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
7.7. სწორედ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო წარმოეშვა მოსარჩელეს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ამ სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, დადგენილია მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი (361-ე, 400-ე მუხლები), ანუ ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
7.8. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში ი/მ კ---- ჯ--------ას მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება უკვე ვადაგადაცილებაა და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას.
7.9. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
7.10. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.). პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
7.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომელიც ინფორმაციული და არა არსებითია, მით უფრო იმ პირობებში, რომ მისი დარღვევა გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა საერთოდ ვალდებულების შეუსრულებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მერიის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 38 200 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯამური ღირებულების 0.1%-ს დაკისრებას, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს შეუსრულებელი ვალდებულების 32 769.84 ლარის ღირებულების 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ანუ ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 32.76 ლარის ოდენობით, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება 0,07 %-მდე, რაც იქნება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 22.94 ლარი (32 769.84 x 0.07% = 22.94). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი/მ კ---- ჯ--------ას მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 389.98 (22.94 x 17 =389.98) ლარით.
შეგებებული სარჩელის ნაწილი:
7.12. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
7.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებში და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ---------------–----–------ის მერიას და ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ შორის 2016 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №4-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი/მ ,,კ---- ჯ--------ამ“ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ქალაქ ქუთაისის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების აღწერა მოცემულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში (ფასების ცხრილი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს).
7.14. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით გადაცემული ქონების უკან დაბრუნებას, საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლი აკავშირებს ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობასთან. კერძოდ: საქ. სკ-ის 405-ე მუხლი პირველი ნაწილით:
,,თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი”.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს: - ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მხარისათვის გადაცემულის უკან მოთხოვნთვის, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ:
- ხელშეკრულების შესრულების მიზნით ერთმა მხარემ მეორე მხარეს გადასცა შესრულება;
- ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას;
- მას ვალდებულების შესრულებისათვის მეორე მხარის მიერ დაენიშნა დამატებითი ვადა;
- დანიშნული დამატებითი ვადა გავიდა უშედეგოდ.
ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად ქმნის საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შემსრულებელ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესასრულებლად. სასამართლო განმარტავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც დამატებითი ვადის დანიშვნა ან გაფრთხილების გამოყენება არ არის აუცილებელი. ასეთ წესს შეიცავს საქ. სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა სადავო ურთიერთობა, არაა ისეთი შემთხვევა, რომელზეც დამატებითი ვადის დანიშვნა იყოს საჭირო. საქმე ეხება ქალაქ ქუთაისის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობას, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟს. ახალი წელი დგება წლის ბოლოს და საახალწლო დეკორაციები უნდა იყოს მზად პირველი იანვრისათვის. სწორედ ამიტომაც დამატებითი ვადის დანიშვნას აზრი არ აქვს. ის არ ასრულებს თავის ვალდებულებას და მის შესრულებას სამომავლოდ აზრი აღარ აქვს. სწორედ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს დამატებით ვადის დანიშვნის აუცილებლობა. ვალდებულება აღარ სრულდება, ამიტომ ხელშეკრულება უნდა მოშლილიყო. ანუ არსებობს საქ. სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ის შემთხვევა, როდესაც მოსარჩელეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლების შესაბამისად მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესრულებისათვის. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება მოსარჩელემ მოშალა მართლზომიერად, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ხელშეკრულების შესრულების მიზნით გადაცემული სიკეთის უკან დაბრუნება. მოცემულ შემთხვევაში მერიის მიერ თანხის გადახდა არ მომხდარა, შესაბამისად, ი/მ კ---- ჯ--------ას მოთხოვნა თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ქ---------------–----–------ის მერიას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ი/მ კ---- ჯ--------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის ოდენობით.
შეგებებულ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 984 ლარს. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ი/მ ,,კ---- ჯ--------ას“ (ს/კ 2----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებს (ანგარიშის რეკვიზიტები: ,,ლ-------------ი“, ბანკის კოდი: LBRTGE22, ანგარიშსწორების ანგარიში: #G---------------------) 38757 ლარის ფარგლებში. ქუთაისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ---------------–----–------ის მერიას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ი/მ კ---- ჯ--------ას მოსარჩელე ქ---------------–----–------ის მერიას სასარგებლოდ დაეკისროს - 389,98 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე ქ---------------–----–------ის მერიას სარჩელი 38367.02 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. მოპასუხე ი/მ კ---- ჯ--------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე ი/მ კ---- ჯ--------ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6. მოსარჩელე ი/მ კ---- ჯ--------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
8. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა