გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #611210019002980053
#2/202-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.07.2018 წ. ქ. მ--------–ი
შესავალი ნაწილი
მ--------–ის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა მესხიშვილი
სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე
მოსარჩელე - სს ,,კ-----------–--------------"
მოსარჩელის წარმომადგენელი - ს-------- გ---------
მოპასუხე - ბ------ ს-------–--ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,კ-----------–--------------" ითხოვს ბ------ ს-------–--ის მფლობელობიდან მ--------–ში, სოფელ ს-------–--ში მდებარე უძრავი ქონების (სკ 8-----------) გამოთხოვას და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წლის 20 ივლისის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს #A---------------- განკარგულების საფუძველზე, იძულებითი აღსრულების შედეგად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,კ-----------–--------------"-მ შეიძინა უძრავი ქონება - მის.: მ--------–ის რაიონი, სოფ. ს-------–--, სკ 8-----------, და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა საკუთრების უფლება. მოპასუხე ბ------ ს-------–--ე ცხოვრობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში, უკანონოდ ფლობს მას და უარს აცხადებს ნებაყოფლობით ქოების გათავისუფლებაზე, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება მისი კანონიერი უფლებების რეალიზებაში.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ასევე განმარტა, რომ წლების წინ გაფორმდა შეთანხმება გამოსყიდვის შესახებ, მაგრამ მოპასუხემ ვერ შეძლო გამოსყიდვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ბ------ ს-------–--ემ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მიუთითა, რომ სადავო ქონება იყო მისი საკუთრება. მას მოსარჩელის საფინანსო ორგანიზაციაში აღებული ჰქონდა იპოთეკური სესხი. ვინაიდან ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ შეძლო სესხის გადახდა, მოხდა ქონების რეალიზაცია, და ის შეისყიდა მოსარჩელემ. მას არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, შესაბამისად, უძრავი ქონების გათავისუფლება არ შეუძლია, რათა მისი ოჯახის წევრები არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ. მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი სახლი გახდა მოსარჩელის საკუთრება, ბანკის წარმომადგენელსა და მას შორის მიმდინარებდა მოლაპარაკება, რა დროსაც ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მას უნდა გადაეხადა 7000 აშშ დოლარი და სახლი დაუბრუნდებოდა. ვინაიდან მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვერ მოახერხა დროულად აღნიშნული თანხის მოძიება, რის გამოც შეთანხმება ვერ განხორციელდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ--------–ში, სოფელ ს-------–--ში მდებარე უძრავი ქონება (სკ 8-----------) წარმოადგენდა ბ------ ს-------–--ის საკუთრებას.
მტკიცებულება:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 ივლისის #A---------------- განკარგულება (ს. ფ. 14).
3.1.2. აღნიშნული უძრავი ქონება 2016 წლის 18 ივლისის იძულებით საჯარო აუქციონზე შეიძინა სს ,,კ-----------–--------------"-მ და დღეისათვის წარმოადგენს მის მესაკუთრეს.
მტკიცებულებები:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 ივლისის #A---------------- განკარგულება (ს. ფ.14).
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 15-16).
3.1.3. მ--------–ში, სოფელ ს-------–--ში მდებარე უძრავ ქონებას (სკ 8-----------) ფლობს ბ------ ს-------–--ე.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5, 30-31, 2019 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი, 11:47:13-11:48:29; 11:48:32-11:50:57).
3.1.4. მესაკუთრეს სურს, რომ ბ------ ს-------–--ემ შეწყვიტოს მისი კუთვნილი უძრავი ქონების ფლობა.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5, 30-31, 2019 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი11:47:13-11:48:29; 11:48:32-11:50:57).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სს ,,კ-----------–--------------"-ს მოთხოვნა ბ------ ს-------–--ის მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე სს ,,კ-----------–--------------" - მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
რაც შეეხება ფლობას, საქართველოს სკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
დადგენილია, რომ აღნიშნულ ქონებას ჯერ კიდევ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციამდე ფლობდა და დღესაც ფლობს მისი ძველი მესაკუთრე - მოპასუხე ბ------ ს-------–--ე.
ამასთან, ნორმის თანახმად, მოთხოვნის უფლება უსაფუძვლოა, თუ ნივთის მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. მოვალის მფლობელობის უფლების საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული სანივთო უფლებებიდან ნაწარმოები ნივთის ფლობის უფლება, მაგალითად, უზუფრუქტის (242), გირავნობის (254) საფუძველზე. გარდა ამისა, მფლობელობის უფლება შეიძლება წარმოიშვას ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, როგორც ფარდობითი უფლება, მაგალითად, ქირავნობა (531), იჯარა (581), ასევე, შემნახველის მიერ ნივთის დაკავების უფლება (776) და სხვა (ლ. თოთლაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მ. 172, გვ. 4, .
ბ------ ს-------–--ის ფლობის უფლება ემყარებოდა სადავო ნივთზე მისი საკუთრების უფლებას. თუმცა მას შემდეგ, რაც მან დაჰკარგა ეს უფლება, მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერება დამოკიდებულია მხოლოდ მესაკუთრის ნებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრე ითხოვს მფლობელის გამოსახლებას მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან, ეს ნიშნავს, რომ ბ------ ს-------–--ის მიერ უძრავი ქონების ფლობა მესაკუთრის ნებას არ შეესაბამება და, შესაბამისად, არამართლზომიერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,კ-----------–--------------"-ს სარჩელი ბ------ ს-------–--ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ბ------ ს-------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს სს ,,კ-----------–--------------"-ს კუთვნილი უძრავი ქონება - მის.: მ--------–ის რაიონი, სოფელ ს-------–--, სკ 8-----------, და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს ,,კ-----------–--------------"-ს.
3. მოპასუხე ბ------ ს-------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 60 (სამოცი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, მ--------–ის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.
მოსამართლე მანანა მესხიშვილი