გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/612-19
22 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ირაკლი სოფრომაძე
წარმომადგენელი - დავით მეტრეველი
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თამთა ანთია
მესამე პირი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ერ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის MES 019 00006744 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს GELI N000030 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება
კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა (მხარეს სხდომის დღე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით).
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის 1995 წლის 20 ივნისის №473გ განკარგულებით „ცეკავშირის თბილისის კოოპერაციული კოლეჯის“ ბაზაზე შეიქმნა „ცეკავშირის თბილისის კოოპერაციული ინსტიტუტი“.
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 5 მაისის №175 ბრძანებულებით „ცეკავშირის თბილისის კოოპერაციულ ინსტიტუტს“ მიენიჭა სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსი და ეწოდა „საქართველოს სახელმწიფო კოოპერაციული ინსტიტუტი“.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №2-19/176 გადაწყვეტილებით, საქართველოს სა---–-–----------------–----–-----------ტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2006 წლის 09 თებერვლის №1-19/410 გადაწყვეტილებით საქართველოს სა---–-–----------------–----–-----------ტს გაუუქმდა აკრედიტაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 15 მარტის №3--------------- ბრძანებით, აღნიშნულ დაწესებულებას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს საქართველოს კოოპერაციული ინსტიტუტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2006 წლის 14 ივნისს, შპს საქართველოს კოოპერაციულ ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0612041 ლიცენზია. იმ დროისათვის მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის თანახმად, შპს საქართველოს კოოპერაციული ინსტიტუტი ჩაითვალა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად 5 წლის ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 4 აგვისტოს №6860/006-5ა/4-84 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №788 ბრძანებით, ცვლილება შევიდა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. კერძოდ, შპს საქართველოს კოოპერაციულ ინსტიტუტს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №34 ბრძანების თანახმად, 2009 წლის 23 დეკემბრიდან შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი (ს/კ 211356824).
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ნოემბრის №346 დადგენილებით, შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი შეუერთდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №MES 0 18 01657319 სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 62-63).
4.1.2. დადგენილია, რომ ირაკლი სოფრომაძე 2003-2004 სასწავლო წელს, 2003 წლის 05 აგვისტოს №48/ს ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო კოოპერაციული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტზე, სპეციალობით სამართალმცოდნეობა. საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტის 2007 წლის 20 ივლისის ოქმი №10 გადაწყვეტილებით ირაკლი სოფრომაძეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ბრძანება №15/ს, 20.07.2007) და მის სახელზე 2007 წლის 24 დეკემბერს გაიცა GELI №000030 დიპლომი (სარეგისტრაციო №000030).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 28 დეკემბრის №21343/01-03-40 წერილი (ს.ფ. 68);
- GELI №000030 დიპლომი (ს.ფ. 17);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის MES 019 00006744 გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-22).
4.1.3. 2018 წლის 18 დეკემბერს ირაკლი სოფრომაძემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 18 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 55-56).
4.1.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის MES 019 00006744 გადაწყვეტილებით ირაკლი სოფრომაძეს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული ბაკალავრის GELI №000030 დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პირიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2006 წლის 09 თებერვლის №1-19/410 გადაწყვეტილებით გაუუქმდა აკრედიტაცია და მხოლოდ 2006 წლის 14 ივნისს მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. შესაბამისად, არ არსებობდა შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მიერ 2006 წლის 09 თებერვლიდან 2006 წლის 14 ივნისამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის MES 019 00006744 გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-22).
4.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 18 იანვრის №MIA 1 19 00135999 ცნობით დგინდება, რომ პოლიციის კაპიტანი ირაკლი სოფრომაძე (პირადი №18001017030) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს I----------------------–---------------–---------------------–-------------–--------------.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 18 იანვრის №MIA 1 19 00135999 ცნობა (ს.ფ. 23).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება;
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის MES 019 00006744 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ
შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ხოლო მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
7.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობები და პროცედურა.
ხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან
გათანაბრების საკითხს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტის 2007 წლის 20 ივლისის ოქმი №10 გადაწყვეტილებით ირაკლი სოფრომაძეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ბრძანება №15/ს, 20.07.2007) და მის სახელზე 2007 წლის 24 დეკემბერს გაიცა GELI №000030 დიპლომი (სარეგისტრაციო №000030).
მოპასუხე მოსარჩელის კვალიფიკაციის აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2006 წლის 09 თებერვლის №1-19/410 გადაწყვეტილებით გაუუქმდა აკრედიტაცია და მხოლოდ 2006 წლის 14 ივნისს მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შესაბამისად, არ არსებობდა შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მიერ 2006 წლის 09 თებერვლიდან 2006 წლის 14 ივნისამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2006 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელახალი ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებისა. ხოლო რაც შეეხება ამავე მუხლის მე-3 პუნქტს, აღნიშნული პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალა აკრედიტებულად.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №2-19/176 გადაწყვეტილებით, საქართველოს სა---–-–----------------–----–-----------ტს (შემდგომში - საქართველოს კოოპერაციული ინსტიტუტი, დიპლომის გაცემის დროისათვის - საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი) მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2006 წლის 09 თებერვლის №1-19/410 გადაწყვეტილებით საქართველოს სა---–-–----------------–----–-----------ტს გაუუქმდა აკრედიტაცია. ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2006 წლის 14 ივნისს, შპს საქართველოს კოოპერაციულ ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0612041 ლიცენზია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2006 წლის 09 თებერვლიდან 2006 წლის 14 ივნისამდე პერიოდში აკრედიტაციის გაუქმების მიუხედავად, 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებამდე ინსტიტუტის პროგრამა, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, ითვლებოდა აკრედიტებულად, რაც მას ამ პერიოდში აძლევდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები, შესაბამისად უარის თქმით, ფაქტობრივად ხდება წარსულში მიღებული სწავლების შედეგების გაბათილება.
7.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ირაკლი სოფრომაძეს კანონიერი ნდობა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე (CASE OF CATAN AND OTHERS v. MOLDOVA AND RUSSIA): იმისათვის, რომ უფლება ქმედითი იყოს, აუცილებელია, მათ შორის, რომ, უფლებით მოსარგებლე ინდივიდს გააჩნდეს მიღებული განათლებიდან სარგებლობის მიღების შესაძლებლობა, ანუ უფლება, სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოიპოვოს ოფიციალური აღიარება განათლებისა, რომლის მიღება დაასრულა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში სწავლება და სრული კურსის დამთავრება წარმოადგენდა საკმარის საფუძველს, რათა ადმინისტრაციულ ორგანოს მიეჩნია, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელდა ყველა საჭირო მოქმედება კვალიფიკაციის დამადასტურებლად შესაბამისი დიპლომის მისაღებად. დიპლომის გაცემას საფუძვლად არ უდევს მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული პირის, უკანონო ქმედება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ მის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის საფუძველზე, განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 18 იანვრის №MIA 1 19 00135999 ცნობით დგინდება, რომ ირაკლი სოფრომაძე (პირადი №18001017030) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს I----------------------–---------------–---------------------–-------------–--------------.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახისდარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის MES 019 00006744 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის MES 019 00006744 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ირაკლი სოფრომაძის სასარგებლოდ GELI N000030 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 1-- ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - ირაკლი სოფრომაძის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 1-- ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ირაკლი სოფრომაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის MES 019 00006744 გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მიერ ირაკლი სოფრომაძის სახელზე 2007 წლის 24 დეკემბერს გაცემული GELI N000030 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
4. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს ირაკლი სოფრომაძის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 1-- (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა აფციაური