გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9489-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე სა---------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი ო----- ჯა----–---
მოპასუხე სს „სა-------------------------–---“
წარმომადგენელი ალ---------- ბრ------
დავის საგანი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 სს „სა-------------------------–---ს“ სა---------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 2930.73 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2018 წლის 15 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #3-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება დაზიანების შემთხვევაში აღედგინა მოსარჩელის ბალანსზე მყოფი ავტომანქანები.
2018 წლის 26 ნოემბერს ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა „ნ-----“ სახ. ნომრით H------. მოსარჩელემ ხელშეკრულების შესაბამისად აცნობა აღნიშნულის შესახებ სს „სა-------------------------–---ს“, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ შს სამინისტროს თანამშრომლის მიერ დარღვეული მოძრაობის წესი იყო უხეში გაუფრთხილებლობა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება, რომ სახეზეა მარტივი გაუფრთხილებლობა, ვინაიდან ბრალეული პირი ცდილობდა აერიდებინა შეჯახება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მანევრირების წესების დარღვევას, რაც არ ექცევა უხეში გაუფრთხილებლობის ფარგლებში. მოპასუხე ცდილობს თავი აარიდოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რითაც არღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.
ამასთანავე, ხელშეკრულების დანართ #4-ში გაწერილია სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, რომლის მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირთაგან ვისი ბრალიც არ უნდა დადგინდეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. შესაბამისად, მოპასუხის უარი უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითებით უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელია, რადგან ამ ურთიერთობას თავად ხელშეკრულება უკვე არეგულირებს. კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სს „სა-------------------------–---მ“ სასარჩელო მოთხოვნა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით არ ცნო.
მოპასუხე ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეებს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიამ იკისრა ავტომანქანების დაზიანების აღდგენის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომელთა ანაზღაურებას ითვალისწინებს ხელშეკრულება და კანონმდებლობა, თუ ხელშეკრულება ან კანონმდებლობა დაზიანების მიზეზს გამონაკლისად მიიჩნევს სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისგან. საპირისპირო ზოლში მოძრაობა არის უხეში გაუფრთხილებლობა, რითაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მძღოლმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ის ფაქტი, რომ მან არ გაასაჩივრა და დროულად გადაიხადა ჯარიმა ადასტურებს, რომ ის დაეთანხმა ქმედების კვალიფიკაციას და სანქციას.
სახელშეკრულებო ჩანაწერი, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე არ ნიშნავს შეთანხმებას ბრალის და მისი ხარისხის მიუხედავად ზიანის ანაზღაურებაზე. ხელშეკრულებაში არ არის პირდაპირი ჩანაწერი, რომელიც შეუზღუდავს სადაზღვევო კომპანიას სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გარანტირებულ უფლებას.
მოპასუხე სადაოდ მიიჩნევს შეფასების აქტში განსაზღვრულ ზიანის ოდენობასაც და აღნიშნავს, რომ ავტომანქანა შეფასდა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი ავტოსერვისის მიერ და მისი აღდგენითი ღირებულება განისაზღვრა შედარებით დაბალი თანხით - 2410 ლარით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 15 მაისს სა---------–----–---------------------------ოს და სს „სა-------------------------–---ს“ შორის დაიდო #3-- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება დაზიანების შემთხვევაში აღედგინა მოსარჩელის ბალანსზე მყოფი ავტომანქანები.
ხელშეკრულების დანართ #4-ში გაწერილია სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, რომლის მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირთაგან ვისი ბრალიც არ უნდა დადგინდეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 19-25)
- დანართი #4 (ს.ფ 28-29)
3.1.2 2018 წლის 26 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სა---------–----–---------------------------ოს ბალანსზე არსებული ავტომობილი „ნ-----“ სახელმწიფო ნომრით H------.
მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანაზე მყოფი მძღოლის გი------ ქსო-----–-- ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს დაახლოებით 11 საათზე სამსახურებრივი მოვალეობას ასრულებდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანით. ბე------------–----–---------- ნომერთან შენიშნა, რომ მის სამოძრაო ზოლში, ღერძულა ხაზთან იდგა ავტომანქანა ფორდი სახელმწიფო ნომრით H------, რომელიც უხვევდა მარცხნივ, გი------ ქს-------–- მოძრაობდა ოპერატიული მანქანით საწინააღმდეგო მიმართულების ზოლში. როდესაც მიუახლოვდა აღნიშნულ მანქანას დაიწყო შემოხვევა და შეეცადა არ შეჯახებოდა მას, რისთვისაც დაიკავა უკიდურესი მარჯვენა მხარე, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა თავიდან არიდებული ვერ იქნა.
ვასილ ბერიძის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს დაახლოებით 11 საათზე გადაადგილდებოდა კუთვნილი ავტომანქანა ფორდით, სახელმწიფო ნომრით H------. ბე------------–----–---------- ნომერში დააპირა მარცხნივ მოხვევა, ჩართული ჰქონდა ციმციმა, რა დროსაც გაატარა საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი ავტომანქანა და დაიწყო მოძრაობა. ვინაიდან არ არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოება, მოხვევისას გადაკვეთა ერთი ზოლი, რა დროსაც ავტომანქანას წინა მარცხენა ფრთაში შეეჯახა „ნ-----ს“ მარკის ავტომობილს სახ. ნომრით H------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტებები (ს.ფ 38-39)
3.1.3. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ავტომანქანა „ნ-----ს“ სახელმწიფო ნომრით H------ მძღოლის გი------ ქსო-----–-- მიერ, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის მე-6, 62, მე-7 და მე-8 ქ/პუნქტების საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ 43)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სა---------–----–---------------------------ოს ბალანსზე არსებულ ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა - 2930.73 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესრულებული სამუშაოების აქტი (ს.ფ 36)
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ 37)
3.2.2. სს „სა-------------------------–---“ სადაზღვევო შემთხვევით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე აცხადებს უარს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გი------ ქს-------–- გადაადგილდებოდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადაჭარბებული სიჩქარით, მისი ქმედება კი წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას.
საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შემთხვევა გამოწვეულია მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის მძღოლის ბრალეულობით, რომელიც დაჯარიმდა ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისგან, იმ შემთხვევაში თუ ზარალი გამოწვეულია დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „სა-------------------------–---ს“ წერილი (ს.ფ 35)
3.2.3. სასამართლოს არ მიაჩნია დადასტურებულად პოზიცია იმის შესახებ, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იქნა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ არგუმენეტებს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მესამე ნაწილის შესაბამისად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას, ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის დამახასიათებელი გარემოებების ერთობლივი და გონივრული შეფასების შედეგად.
მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს იმ წესებისა და მითითებების დარღვევას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 11-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი.
ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, გი------ ქს-------–- დაჯარიმდა 250 ლარით. ადმინისტრაციულ-სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი, ითვალისწინებს მძღოლის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მის მიერ საგზაო წესების დარღვევისათვის, კერძოდ. მე-10 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-6, 62 , მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ ყოფილა გამოწვეული განზრახი მოქმედებით. რაც შეეხება იმ გარემოებას მოქმედებდა თუ არა გი------ ქს-------–- უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას ადგილი არ ჰქონია.
საქმის მასალებით დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ გი------ ქს-------–- მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით (დაშვებული სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი, წარმოდგენილი საჯარიმო ქვითრით არ დგინდება), ასევე უდავო გარემოებაა, რომ იგი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში.
ავტო-საგზაო შემთხვევის დათვალიერების სქემის შესაბამისად, ავტომანქანის მოძრაობის ტრაექტორიის მიხედით დგინდება, რომ გი------ ქს-------–- გადაადგილდებოდა მის სამოძრაო ზოლში, რა დროსაც ღერძულა ხაზთან მოძრაობა დაიწყო ავტომანქანა ფორდმა სახ. ნომრით H------, რომელიც უხვევდა მარცხნივ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედგენილი სქემის მიხედვით, გ. ქს-------–- ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისთვის იმყოფებოდა მისთვის განკუთვნილ სამოძრაო ზოლში და მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას მიმართულება შეცვლილი არ აქვს.
შესაბამისად, არ დასტურდება, რომ სავალ გზაზე შეჯახება გამოწვეულია ავტომანქანა „ნ-----ს“ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლით, თუმცა უდავო გარემოებაა, რომ გი------ ქს-------–- საგზაო წესების დარღვევისათვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. იმ პირობებში, როდესაც დადგინდა, რომ მოსარჩელის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის ფარგლებში ჩადენილ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია, გონივრული ახსნა უნდა მოეძებნოს გ. ქსო-----–-- მოქმედებებს, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსალოდნელი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან არიდების მიზნით, მან დაიკავა უკუდურესი მარჯვენა მხარე, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა თავიდან აცილებული ვერ იქნა.
სასამართლო კვლავ განმეორდება, რომ უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. ხოლო თუ დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულების ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, არ დგინდება, რომ გი------ ქს-------–- გადაადგილდებოდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადაჭარბებული სიჩქარით და სასამართლო ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად თვლის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილის მოქმედებაში უხეში გაუფრთხილებლობის ნიშნები არ იკვეთება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტო-საგზაო შემთხვევის დათვალიერების სქემა (ს.ფ 40)
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ 43)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების გაანალიზების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სა---------–----–---------------------------ოს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 799-ე, 829-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების არსებობაში. კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მხარეები იმყოფებოდნენ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც სადაზღვევო კომპანიას, როგორც მზღვეველს აკისრებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას დამზღვევთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
კერძოდ, სა---------–----–---------------------------ოს და სს „სა-------------------------–---ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შემსყიდველის ბალანსზე არსებული დანართი N2-ით განსაზღვრული შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების და დანართი N1, N2, N3, N4, N5, N6, N7-ის პირობების შესაბამისად.
დადგენილია რომ 2018 წლის 26 ნოემბერს განხორციელებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სა---------–----–---------------------------ოს ბალანსზე რიცხული, დაზღვეული ავტომანქანა „ნ-----“ სახ. ნომრით H------. ასევე მესამე პირის ვასილ ბერიძის სატრანსპორტო საშუალება ფორდი სახ. ნომრით H------. უდავო გარემოებაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ავტომანქანა „ნ-----“ სახელმწიფო ნომრით H------ მძღოლის გი------ ქსო-----–-- მიერ, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 62 , მე-7 და მე-8 ნაწილების საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.
სს „სა-------------------------–---ს“ წინააღმდეგ სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე ემყარება სადაზღვევო კომპანიის მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატა სადაზღვევო კომპანიის მიერ მოსარჩელისთვის სადაზღვევო შემთხვევებიდან გამომდინარე ზიანის აუნაზღაურებლობაში. კერძოდ, მოპასუხე თანხის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ მოსარჩელის ბალანსზე არსებული ავტომანქანის მძღოლის მხრიდან ადგილი ქონდა ბრალეულ ქმედებას, რაც სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავს მზღვეველის ვალდებულებას აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით;
სასამართლო განმარტავს, რომ განხრაზი ან უხეში გაუფრთხილებლობა შეფასებითი კატეგორიაა და მისი დადგენა უნდა მოხდეს კონკრეტული საგზაო მოძრაობის მონაწილის – პირის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, მოქმედებების დადგენით და აღნიშნული მოქმედებებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი დამოკიდებულებით.
პირის რაიმე სახით არსებული უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, რომელსაც ადგილი აქვს მომეტებული საფრთხის შემცველი სატრანპორტო საშუალების მართვისას აღიქმება უხეშ გაუფრთხილებლობად. საგზაო მოძრაობისას კანონით დადგენილი უსაფრთხო მანევრირება, თუ მოძრაობისას შესაბამისი წინდახედულობის გამოჩენა მძღოლის მხრიდან წარმოადგენს სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომლის დაცვა მძღოლის ვალდებულებას წარმოადგენს და შესაბამისად, მისი დარღვევა შესაბამისი სანქციის გამომწვევი გარემოებაა.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე (დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას), როგორც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის კანონისმიერ საფუძველზე და განმარტავს, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცულობაა საჭირო სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვისაც. სწორედ ეს მოსაზრებაა გატარებული სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლში, რომელიც დათქმას აკეთებს ხელშეკრულების პირობებზე, როგორც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების დამდგენ დოკუმენტზე.
ხელშეკრულების დანართ #4-ში გაწერილია სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, რომლის მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირთაგან ვისი ბრალიც არ უნდა დადგინდეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ე.ი მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები ითვალისწინებს ავტოტრანსპორტის სრულ დაზღვევას ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, რაც გამოწვეული იქნება ავტოსაგზაო შემთხვევით. შესაბამისად, იგულისხმება, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლის ბრალეულობის და ბრალეულობის ხარისხის მიუხედავად, მზღვეველმა უნდა აანაზღაუროს სადაზღვეო შემთხვევით გამოწვეული ზიანი. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადგილი ექნებოდა მძღოლის ბრალეულ ქმედებას, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა მძღოლის ბრალით დამდგარი ზიანი და განისაზღვრა ამ წესისაგან საგამონაკლისო შემთხვევები (სადაზღვევო რისკები), რაც უპირობოდ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, დამზღვევის პოზიცია მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობაზე მითითებისა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისას დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მასში მონაწილე არცერთი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული არ ყოფილა, რის გამოც მოპასუხეს ეკისრება დაზღვევის თანხის 2930.73 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1 სა---------–----–---------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. სს „სა-------------------------–---ს“ სა---------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2930.73 ლარი.
3. სს „სა-------------------------–---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე