გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110310017002135670
№3/137-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26.07.2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: შემოსავლების სამსახური,წარმომადგენელი: ა--------–---–-;
მოპასუხეები: ი---------------–----–---, კ-------------–----–---, ბ----------–----–---;
მოპასუხეების წარმომადგენელი: ნ----------–---–-;
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. კ-------------–----–--- და ბ----------–----–--- ცნობილ იქნან ი.მ. კ----------–----–---- ცრუმაგიერ პირებად;
მოსარჩელის პოზიცია:
ი.მ. კ----------–----–---ს 2017 წლის 07 სექტემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 134219.04 ლარის ოდენობით. 2013 წლის 25 ივნისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს - 2013 წლის 25 ივნისს. 2014 წლის 12 აგვისტოს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N047-152 ბრძანება ი.მ. კ----------–----–---- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა ხელზე 2014 წლის 20 აგვისტოს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ი.მ. კ----------–----–---- საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციები მიმდინარე პერიოდისათვის არ გააჩნია. ი.მ. კ----------–----–---- საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შერეული საქონლით ვაჭრობა, მათ შორის, სურსათით. საქმიანობის განხორციელების ადგილია ზესტაფონი, რ---------–-- ქ. N1. ი.მ. კ----------–----–---- საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია სასაქონლო მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად (17.05.2013 წლის N 20999 ბრძანება, დარიცხული თანხა 95907.15ლარი), ასევე თემატური შემოწმების შედეგად (05.07.2013 წლის N 30973 ბრძანება, დარიცხვა 55460 ლარი). 2013 წლის 28 მაისს და 07 ივნისს ი.მ. კ----------–----–---მ, მას შემდეგ, რაც ჩაბარდა ბრძანება სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ, გადააფორმა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები - N------------, სახ. ნომრით R------ და V--------------, სახ.ნომრით W------ - კ-------------–----–---- სახელზე, ხოლო უძრავი ქონებები - საკადასტრო კოდით 3------------ და 3----------- - ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადააფორმა ბ----------–----–---- სახელზე. კ----------–----–--- და კ-------------–----–--- არიან ძმები, ხოლო ბ----------–----–--- არის მათი მამა. ჩუქების ხელშეკრულებით ქონების გადაფორმება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ი.მ კ----------–----–---მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქონება, რომელიც მან მამასა და ძმას დაუბრუნა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ისედაც წარმოადგენდა მათ საკუთრებას, რომელიც მართვისათვის ჰქონდა მინდობილი. მან მოპასუხე კ-------------–----–---სა და ბ----------–----–---ს ქონება დაუბრუნა მანამდე, ვიდრე საგადასახადო სამსახური ი.მ კ----------–----–---ს დააკისრებდა საჯარიმო სანქციებს.
2.2. მოპასუხე კ---------–----–---- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.3. მოპასუხე ბ-----------–----–---- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელი დაეთანხმა შესაგებელს და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ი.მ. კ----------–----–---ს 2017 წლის 07 სექტემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 134219.04 ლარის ოდენობით. 2013 წლის 25 ივნისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს - 2013 წლის 25 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შედარების აქტი;
- ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან გირავნობა–იპოთეკის შეტყობინების ჩაბარების შესახებ;
3.2. 2014 წლის 12 აგვისტოს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N047-152 ბრძანება ი.მ. კ----------–----–---- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა ხელზე 2014 წლის 20 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2014 წლის 12 აგვისტოს N047–152 ბრძანება.
3.3. ი.მ. კ----------–----–---- საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შერეული საქონლით ვაჭრობა, მათ შორის, სურსათით. საქმიანობის განხორციელების ადგილია ზესტაფონი, რ---------–-- ქ. N 1.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.4. ი.მ. კ----------–----–---- საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია სასაქონლო მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაციისა და (17.05.2013 წლის N 20999 ბრძანება, დარიცხული თანხა 95907.15ლარი) თემატური შემოწმების შედეგად (05.07.2013 წლის N 30973 ბრძანება, დარიცხვა 55460 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 17 მაისის N20999 ბრძანება სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ.
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 5 ივლისის N30973 ბრძანება.
- შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 მარტის N47–7 საგადასახადო მოთხოვნა.
3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 17 მაისის N20999 ბრძანება ი.მ კ----------–----–---- კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ი.მ კ----------–----–---ს ჩაბარდა პირადად 2013 წლის 17 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 17 მაისის N20999 ბრძანება სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ.
3.6. უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) და 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) 2013 წლის 17 მაისამდე წარმოადგენდა მოპასუხე ი.მ კ-----------–----–---- საკუთრებას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
3.7. კ----------–----–--- და კ-------------–----–--- არიან ძმები, ხოლო ბ----------–----–--- არის მათი მამა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს N01/220169 მიმართვა;
3.8. სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდეგ, 2013 წლის 28 მაისსა და 2013 წლის 7 ივნისს ი.მ. კ----------–----–---მ მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები - N------------, სახ. ნომრით R------ და V--------------, სახ.ნომრით W------ - გადააფორმა ძმის - კ-------------–----–---- სახელზე, ხოლო უძრავი ქონებები - საკადასტრო კოდით 3------------ და 3----------- - ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადააფორმა მამის - ბ----------–----–---- სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 სექტემბრის N MIA7 17 02252779 მიმართვის წერილი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს .
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,საქართველოს საგადასახადო კოდექსი,,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, კ-------------–----–----ა და ბ----------–----–---- ი.მ. კ----------–----–---- ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.
სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზანი ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.
ამავე კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.
დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.
ამდენად, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელისაგან ეს სხვა პირი გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიიჩნევიან ის პირები, რომელთა შორისაც განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობას შეუძლია გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე და ეკონომიკურ შედეგებზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.
6.3. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, ი.მ კ----------–----–--- არის კ-------------–----–---- ძმა და ბ----------–----–---- შვილი. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 17 მაისის N20999 ბრძანებით განისაზღვრა, რომ ი.მ კ----------–----–---- კუთვნილ ობიექტში ჩატარდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ბრძანება მოპასუხე ი.მ კ----------–----–---ს ჩაბარდა პირადად 2013 წლის 17 მაისს. რამდენიმე დღის შემდეგ, ი.მ კ----------–----–---მ, ივარაუდა რა მოსალოდნელი სანქციები და ვალდებულების შესრულების აუცილებლობა სახელმწიფოს სასარგებლოდ, მასზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები - საკადასტრო კოდებით 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) და 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) - ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აჩუქა მამას - ბ----------–----–---ს. საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები - N------------, სახ. ნომრით R------ და V--------------, სახ.ნომრით W------ - ასევე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 28 მაისსა და 2013 წლის 7 ივნისს გადააფორმა ძმის - კ-------------–----–---- სახელზე. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არც თვით მოპასუხე ი.მ კ----------–----–--- უარყოფს, თუმცა დამაჯერებლობასაა მოკლებული მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებული ქონებები მას მხოლოდ სამართავად ჰქონდა გადაცემული და რომ, მოპასუხე ბ---- და კ-------------–----–---ები იყვნენ ზემოთ მითითებული უძრავი და მოძრავი ქონების მესაკუთრეები.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ რა თქმა უნდა კანონმდებლობით არ არის აკრძალული ჩუქება. თუმცა განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ჩუქების ხელშეკრულებას წინ უსწრებდა ი.მ კ----------–----–---- კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დანიშვნა, რომლის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა გადასახადები, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ჩუქება მიზნად ისახავდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით ქონების გარიდებას.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებს ი.მ კ----------–----–---ს, კ-------------–----–---სა და ბ----------–----–---ს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, ი.მ კ----------–----–--- და კ-------------–----–---ები არიან ძმები, ხოლო ბ----------–----–--- არის ი.მ კ----------–----–---- მამა. ყოველივე აღნიშნულს კი სასამართლო მიჰყავს დასკვნამდე, რომ ი.მ კ----------–----–---- მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეთანხმებულ ქმედებებს, რათა თავი აერიდებინათ სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის.
6.5. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე №ბს-837(კ-18)(5 თებერვალი, 2019 წელი)განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები.
6.6. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე №ბს-408-408(კ-18) (2018 წლის 16 ოქტომბერი) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომ ,,გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, როგორც წესი არ უკავშირდება საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემას, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ, მის საკუთრებაში არსებული აქტივების ნებისმიერი, თუნდაც კანონით დადგენილი წესით განკარგვა, მას შემდეგ რაც შეიტყო საგადასახადო ორგანოს მიერ მისი საქმიანობის მოსალოდნელი შემოწმების შესახებ, უკვე წარმოშობს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენის საფუძველს“. შესაბამისად, ლოგიკასაა მოკლებული მოპასუხეების წარმომადგენლის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეების - კ------- და ბ---- მ----–----–----------ვის არ იყო ცნობილი ი.მ კ----------–----–---- დავალიანების შესახებ და რომ მათ შორის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს - ვინაიდან, ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ერთი პირის (განსახილველ შემთხვევაში კ------- და ბ----------–----–---ების) ამ სხვა პირის მხრიდან (ი.მ კ----------–----–----) ანუ დავალიანების მქონე პირის მხრიდან გამოყენება გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რისთვისაც სულაც არაა საჭირო ,,გამოყენებული პირების“ ინფორმირება დავალიანების ფაქტთან დაკავშირებით. მთავარია, რომ მოვალის მოქმედების მიზანი იყოს გადასახადის გადახდევინებისათვის თავის არიდება და ამ მიზნით ურთიერთდამოკიდებული პირების გამოყენება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სრულად იზიარებს მოსარჩელის დასაბუთებას, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულება.
კონკრეტულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს გააჩნდა შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით განახორციელა ისეთი მოქმედება, რომ საგადასახადო ორგანოსთვის შეუძლებელი გახდა გადასახადის ადმინისტრირება. ცხადია, რომ „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 17 მაისის N20999 ბრძანების ი.მ კ----------–----–--------ის ჩაბარებისას - 2013 წლის 17 მაისს, მისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რის შემდეგ - მან შესაძლო მოთხოვნებისგან თავის არიდების მიზნით მის სახელზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონების იზოლაცია განახორციელა ურთიერთდამოკიდებულ პირზე, კერძოდ: უძრავი ქონებები „ჩუქების ხელშეკრულების“ საფუძველზე გააფორმა მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ბ----------–----–---ზე (მამა) და გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) და 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------), ხოლო სატრანსპორტო საშუალებები - N------------, სახ. ნომრით R------ და V--------------, სახ.ნომრით W------ - გადააფორმა ასევე მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ - კ-------------–----–---- (ძმა) სახელზე, რომელზეც შესაძლოა, გავრცელებულიყო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 12 აგვისტოს N047-152 ბრძანებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება. მოცემულ შემთხვევაში ი.მ კ----------–----–--------ის 2013 წლის 17 მაისს ცნობილი გახდა მის მიერ საგადასახადო კოდექსის 43-ე და 136-ე მუხლებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების შესრულების კონტროლის ღონისძიებების დაწყების შესახებ და გადასახადის გადამხდელს გააჩნდა მოლოდინი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რის შემდეგაც ეტაპობრივად განახორციელა მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელის - ი.მ კ----------–----–---- მხრიდან მოპასუხეების - კ------- და ბ----------–----–---ების გამოყენება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ხოლო მათ შორის ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, მხოლოდ ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რომელიც საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევის თავიდან არიდებას ემსახურება, რაც მოპასუხეთა ცრუმაგიერობაზე მიუთითებს.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კ-------------–----–--- და ბ----------–----–--- ცნობილ უნდა იქნან ი.მ. კ----------–----–---- ცრუმაგიერ პირებად;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ი.მ. კ----------–----–---ს, კ-------------–----–---სა და ბ----------–----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა (100 ლარი სარჩელისათვის, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის).
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო კ------- მაღაკელიძის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას N------------, სახ. ნომრით RRS044; ბ----------–----–---- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს.კ. 3----------- და ს.კ. 3----------- - უნდა დარჩეს ძალაში;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. კ-------------–----–--- (პ.ნ 1----------) და ბ----------–----–--- (პ.ნ 1----------) ცნობილ იქნან ი.მ. კ----------–----–---- (პ.ნ 1----------) ცრუმაგიერ პირებად;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში;
4. ი.მ. კ----------–----–---ს (პ.ნ 1----------), კ-------------–----–---სა (პ.ნ 1----------) და ბ----------–----–---ს (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს შემდეგ კოდზე - 3--------.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე