განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119003101177
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/397-19 30 ივლისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი მ---------–--------–-
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ა-–-----------------------------------------–-------–-–------------------------–----------–------------------------------------------–--------------–-----------------------------------–-----------------------–----------–--------------–---------------------------------------------–------------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ა-–-----------------მ 2019 წლის მაისიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით ქ. ფოთში განახორციელა ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 3000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
სამეწარმეო საქმიანობა განსაზღვრულ კონტროლს ექვემდებარება, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი უშიშროების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ბუნებისა და კულტურულ ფასეულობათა დასაცავად. ამ მიზნით აკრძალულია სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე ან სხვადასხვა ხასიათის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვებია დაწესებული. კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე აუცილებელია ასევე მეწარმეთა დასაბეგრად, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. სწორედ ამ მიზნების მიღწევას ემსახურება მეწარმეთა რეგისტრაციის დადგენილი წესი და ამა თუ იმ სახის სამეწარმეო საქმიანობაზე სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) მიღების აუცილებლობა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევს მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას და რამდენადაც რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ზუსტად განსაზღვრავს რეგისტრაციის პირობებს. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია წარმოადგენს დანაშაულს.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით, კერძოდ, ი-–----------ს, კ-------–--ს, დ-------------ს, ი-----–----------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, საკონტროლო შესყიდვის ოქმებით, ამოღებული კუპიურებით, ეროვნული ბანკის მომართვით ირკვევა, რომ ა-–-----------------მ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ა-–-----------------მ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე.
2.2. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებამ რომ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით, მოწმეების: ი-–----------ს, კ-------–--ს, დ-------------ს, ი-----–----------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, საკონტროლო შესყიდვის ოქმით, ამოღებული კუპიურებით, ეროვნული ბანკის მომართვით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ქმედებებმა გამოიწვია მნიშნელოვანი ზიანი.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფოს ფინანსური ინტერესები, რადგანაც იგი ვერ ღებულობს სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს. დანაშაული დამთავრებულად ითვლება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომენტიდან.
დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა რეგისტრაციის გარეშე, რაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება იყო და მაინც ახორციელებდა მას, რითიც იღებდა სარგებელს და ზიანს აყენებდა სახელმწიფოს შესაბამისი მოსაკრებლის გადაუხდელობით, რისი სურვილიც გააჩნდა.
პრეიუდიციულად ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-–----------------- ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ა-–-----------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ა-–----------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ა-–-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
ა-–-----------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მიზანს (მეტი შემოსავლის მიღების სურვილი), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (რეგისტრაციის გვერდის ავლით სამეწარმეო საქმიანობა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარებს ჩადენილს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული, ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელისგანსაზღვრა.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა უკავშირდება უფრო მეტი ოდენობით მოგების სურვილს, ე.წ. ჩრდილოვან, აღურიცხავ შემოსავლებს, რაც ზიანს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს, არღვევს კონკურენციის პრინციპს და ბაზარზე მოქმედ პირებს შორის კანონიერ და სამართლიან ეკონომიკურ ურთიერთობებს უშლის ხელს. ამ ტიპის დანაშაულის განმეორებისა და გავრცელების გამორიცხვა შესაძლებელია დანაშაულის სუბიექტთათვის დიდი ოდენობით მატერიალური შემოსავლების დაკარგვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში. რისკის ჯგუფში მყოფი საზოგადოების ყველა წევრი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკანონო ეკონომიკური საქმიანობით საკუთარი თავისათვის უფრო მეტი მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხე არსებობს, ვიდრე იმ შემოსავლების ოდენობაა, რის მიღებასაც ელოდება ასეთი საქმიანობით. ამდენად, ამ ტიპის დანაშაულების კერძო და ზოგადი პრევენცია შესაძლებელია დიდი მატერიალური ხასიათის სასჯელის გამოყენებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელთა ურთიერთთანაფარდობის, ამ სპეციფიკური დანაშაულით გამოწვეული საფრთხეების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულების (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელის - ჯარიმის განსაზღვრა, რომელიც უნდა იყოს შემაკავებელი მომავალი დანაშაულებისა როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირებისთვის, რის გამოც ის არ უნდა იყოს მცირე ან სიმბოლური ოდენობის, არამედ ბრალდებულს მძიმედ უნდა დააწვეს მისი გადახდის ტვირთი და სწორედ ამან უნდა გამოიწვიოს ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, რის გამოც ჯარიმა უნდა განისაზღვროს 18 000 ლარით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია თანხა, საიდანაც 150 აშშ დოლარი და 131 ლარი ეკუთვნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს და ის გამოყენებულ იქნა დანაშაულის გამოსავლენად, რის გამოც ის უნდა დაუბრუნდეს აღნიშნულ ორგანოს, ხოლო 300 ლარი ეკუთვნის ბრალდებულს, არ დასტურდება მისი დანაშაულებრივი გზით მოპოვება, რის გამოც ის უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 18 000 ლარის ოდენობით.
საქმეზე საბოლოო გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება: 150 აშშ დოლარი და 131 ლარი დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს, 300 ლარი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია