განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
010100119003029871
დავის ტიპი
260 3 ა
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003029871

საქმე #1-449/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა-–-------------------ის

ბრალდებულის - ი-----–- უ----–--ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170060519001 საქმე,ბრალდებულ ი-----–- თ-----------ს ძე უ----–--ის მიმართ

დაბადებული: 1--------- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: მქონე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ------------–---–---–----------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ი-----–- უ----–--ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდეობით - 0,523 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და დიდი ოდენობით - 0,88 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილი), რაც 2019 წლის 06 მაისს, ქ. ბათუმში, ე----- მ----–--ის ქ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა :

 

2. მოწმე გ---–----–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ არის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2019 წლის 6 მაისს პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ი-----–- უ----–--ე ეწევა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვას და მოხმარებას. ის "ტოიოტა-ქამრის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდება სოფ. ახალსოფლიდან ქ. ბათუმის მიმართულებით და შესაძლოა პირადად და ავტომანქანაში ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებებს. ოპერატიული ინფორმაციის მიღების თაობაზე მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

3. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---–--------------ემ მოწმედ დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ სამმართველოში შესული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და პოლიციის თანამშრომლებთან - გ-------------ესთან და გ------ი ნ---–--ესთან ერთად გავიდა ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული მიმართულებით, სოფ. ახალსოფლისკენ. გადაადგილებისას შენიშნეს ბათუმისკენ მომავალი, ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული ავტომანქანა, მოაბრუნეს თავისი ავტომობილი და უკან გამოჰყვნენ ბათუმის მიმართულებით მიმავალს. ხმოვანი საძახისით მოუწოდეს გაეჩერებინა ავტომანქანა, რასაც მძღოლი დაემორჩილა და მანქანა მ----–--ის ქუჩის შესახვევში გააჩერა. მძღოლი აღმოჩნდა ი-----–- უ----–--ე, რომელსაც კ--------ემ პირადად გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რის შემდეგაც მისცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც უ----–--ემ განაცხადა თანხმობა და განმარტა, რომ პირადად ნამდვილად ინახავდა ნარკოტიკებს, რის შემდეგაც შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან წარმოადგინა კონვალუტის ორი მონაჭერი შიგ არსებული აბებით, ამავე ჯიბიდან წარმოადგინა თეთრი ფერის ნაჭერი, მასში არსებული მოყავისფრო ფხვიერი მასით. მარცხენა ჯიბიდან წარმოადგინა ორი შენაფუთი, რომელშიც აღმოჩნდა კონვალუტა ათი აბით და კონვალუტის ნაჭერი ხუთი აბით, პაკეტი მოყავისფრო ფხვნილით, შენაფუთები მოყავისფრო ფხვიერი მასით. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, ლუქებზე ხელი მოაწერეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა, მათ შორის თავად უ----–--ემ. ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია ან საჩივარი არ გამოუთქვამს. აღნიშნულის შემდეგ ის დააკავეს და გადაიყვანეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

4. ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით, ანალოგიური განმარტებები გააკეთა მოწმედ დაკითხვისას იმავე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გ-------------ემ.

 

5. გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა, ბრალდებულმა ი-----–- უ----–--ემ საქმის არსებითი განხილვისას სადავოდ არ ცნო არც ერთი სხვა მტკიცებულება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- უ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

8. მოწმეების - გ---–----–-–---–ის, გ------ი ნ---–--ის, გ-------------ის, გ---–--------------ის ჩვენებები, 2019 წლის 06 მაისს ჩატარებული ი-----–- უ----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკის დაწყებამდე, ი-----–- უ----–--ეს წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რის შემდეგაც უ----–--ეს განემარტა უფლებები და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალება. ი-----–- უ----–--ე გაეცნო დადგენილებას და ნებაყოფლობით, შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან წარმოადგინა კონვალუტის ორი მონაჭერი შიგ არსებული აბებით, ამავე ჯიბიდან წარმოადგინა თეთრი ფერის ნაჭერი, მასში არსებული მოყავისფრო ფხვიერი მასით. მარცხენა ჯიბიდან წარმოადგინა ორი შენაფუთი, რომელშიც აღმოჩნდა კონვალუტა ათი აბით და კონვალუტის ნაჭერი ხუთი აბით, პაკეტი მოყავისფრო ფხვნილით, შენაფუთები მოყავისფრო ფხვიერი მასით; ჩხრეკის მინდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით, უ----–--ეს განცხადება, ან საჩივარი არ დაუფიქსირებია, ხელმოწერით დაადასტურა ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 07 მაისის ქიმიური ექსპერტიზის №ქ/237 დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2019 წლის 06 მაისს, ი-----–- უ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფხვნილი წონით - 7,841 გრამი - შეიცავს 0.523 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, ხოლო 22 ცალი აბი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) – 0,88 გრამის ოდეობით.

 

9. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის: ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

10. ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ხოლო ჰ13 ნაწილის მიხედვით, მისი შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

11. ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, №181 რეგისტრაციით, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

12. ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი მოხმარება საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.

 

13. ასეთი ნებართვა ბრალდებულ ი-----–- უ----–--ეს არ ჰქონია.

 

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- უ----–--ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები ”მეტადონი” (მარილი) და „ჰეროინი“.

 

ქმედების ჩადენა დიდი ოდენობით :

 

15. საქმეში წარმოდგენილი, 2019 წლის 06 მაისს ჩატარებული ი-----–- უ----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ი-----–- უ----–--ემ მისი შარვლის წინა მარჯვენა და წინა მარცხენა ჯიბეებიდან ნებაყოფლობით წარადგინა კონვალუტები - აბებით და შენაფუთები - მოყავისფრო ფერის ფხვიერი მასით.

 

16. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 07 მაისის ქიმიური ექსპერტიზის №ქ/237 დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2019 წლის 06 მაისს, ი-----–- უ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფხვნილი წონით - 7,841 გრამი - შეიცავს 0,523 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, ხოლო 22 ცალი აბი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) – 0,88 გრამის ოდეობით.

 

17. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” შეტანილია №189 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”ჰეროინი” 0,523 გრამის ოდენობით ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების დიდ ოდენობას.

 

18. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”მეთადონი” შეტანილია №94 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”მეთადონი” (მარილი) 0,88 გრამის ოდენობით ასევე ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების დიდ ოდენობას.

 

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- უ----–--ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები- ”ჰეროინი” და „მეთადონი“ (მარილი).

 

20. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

21. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

22. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

23. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-----–- უ----–--ის ბრალდების დადასტურება.

 

24. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

26. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

27. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

28. მოწმეთა ჩვენებები საქმისთვის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

29. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

30. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

32. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითს ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-----–- უ----–--ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,523 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” და 0,88 გრამი - ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ (მარილი), რაც 2019 წლის 06 მაისს, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ი-----–- უ----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, ანუ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

33. ი-----–- უ----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

34. ი-----–- უ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

35. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

36. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

37. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

38. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

39. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

40. საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი-----–- უ----–--ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის. სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

41. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- უ----–--ეს, სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

42. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-----–- უ----–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

43. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

44. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ი-----–- უ----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები, ქაღალდის შენაფუთები ფხვიერი მასით და მწებავი ლენტით, რაც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელ გ---–--------------ესთან - უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ი-----–- უ----–--ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ავტომანქანის გასაღები და ტექნიკური პასპორტი, ასევე „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით S--------, რომელიც გაჩერებულია აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ეზოში - უნდა დაუბრუნდეს ი-----–- უ----–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწუვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ი-----–- თ-----------ს ძე უ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–- უ----–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის `გ~ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.

 

აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 06 მაისიდან

 

ი-----–- უ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთმტკიცებები - ი-----–- უ----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები, ქაღალდის შენაფუთები ფხვიერი მასით და მწებავი ლენტით, რომლებიც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელ გ---–--------------ესთან - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ი-----–- უ----–--ის მფლობელობაში არსებული ავტომნქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ავტომანქანის გასაღები და ტექნიკური პასპორტი (ინახება გამოძიების ორგანოში), ასევე „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით S--------, რომელიც გაჩერებულია აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ეზოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი